Home რუბრიკები საზოგადოება “ლიმონათის ქვეყნიდან” “ბარიგების” ქვეყნამდე

“ლიმონათის ქვეყნიდან” “ბარიგების” ქვეყნამდე

პირი, რომელსაც ერთი დღის ნორმა ნარკოტიკი ექნება, დამნაშავედ აღარ ჩაითვლება

3363
არა ნარკოტიკს

ბოროტმოქმედება კაცის ბედია და მეტი არაფერი. რა ეშველებოდა ადამიანს, მხოლოდ კარგ და მშვიდ ცხოვრებაში რომ ყოფილიყო, ხომ გადაირეოდა დარდით? სულ თავისი სიკვდილის რიგზე იფიქრებდა ძალაუნებურად.

ადამიანის ყველა ცხოვრებისეული ფიქრის დაბოლოება ხომ ეს არის…”  _ ეს არის ამონარიდიკანონიერი ქურდის”, პარლამენტარის, მწერლის, ამჟამად დიდუბის პანთეონში განსვენებული ჯაბა იოსელიანის ნაწარმოებიდანლიმონათის ქვეყანა”. ერთი დღის დოზა ნარკოტიკის გამო საქართველოში ადრე კლავდნენ, აყაჩაღებდნენ, სადარბაზოებში ხვდებოდნენ, საყურეს ყურის ბიბილოებთან ერთად გლეჯდნენ, ტანსაცმელს ხდიდნენთითქოს ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარებოდა, აღარ უნდა გაგვხსენებოდა, თუნდაც იმავე ჯაბა იოსელიანის საფლავზე ორიოდე კვირის წინათ ვიღაცის მიერ მიტანილი უთომაგრამ, ნურას უკაცრავად, ჩვენ ხომ გენიალური ერი ვართ, ჩვენ ხომკანონიერ ქურდებსადა პოლიტიკოსებს ერთნაირად ვეთაყვანებით და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთი _ უკანონოდ, მეორე კი კანონის ძალით გვატერორებს. ჰოდა, ასე მივედითლიმონათის ქვეყნიდან” “ბარიგებისქვეყნამდეროგორ?! ახლავე მოგახსენებთ.

საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მორიგი პაკეტის განხილვას იწყებს. თუ აქამდე მარიხუანის ლეგალიზება დააკანონეს და “ერთი ცელოფანი” მარიხუანის ქონა დანაშაულად აღარ ითვლება, ახლა ყველანაირ ნარკოტიკზე აპირებენ კანონის შერბილებას.

პირი, რომელსაც ერთი დღის ნორმა ნარკოტიკი ექნება, დამნაშავედ აღარ ჩაითვლება, ანუ ნებისმიერს შეუძლია, “ერთი ზახოდი” წამალი ჰქონდეს და ვერავინ ვერაფერს ეტყვის. რაღა თქმა უნდა, იმავე პირს თამამად შეუძლია, ნარკოტიკით გაბრუებულმა ქუჩაში თავისუფლად იაროს. სავარაუდოდ, მას ნარკოტიკის გაკეთება საჯაროდაც შეეძლება უბანში, სადარბაზოში, სახლში, ავტომობილში, სუპერმარკეტში… _ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რადგან ამისთვის აღარ დაისჯება და მერე რა, თუ ჩვენი შვილები დაინახავენ, როგორ გაიშიშვლებს ვინმე მკლავს, როგორ გაიკეთებს ნემსს და როგორ აერევა სახე. და ეს ყველაფერი მოხდება იმის ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს.

ხომ არის დემოკრატიის შუქურა ამერიკა? ჰოდა, სწორედ ეს ამერიკა ამკაცრებს ნარკოპოლიტიკას. ტრამპის განცხადებით, მომავალ თაობას გაფრთხილება სჭირდება, რადგან ლიბერალურმა მიდგომამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და “კაიფში გაპარული” ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა. თუმცა, ჩვენ ამ ამერიკული გამოცდილების გამოყენება ხელს არ გვაძლევს, რადგან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხმალამოღებული იბრძვიან ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის, დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ და დასავლეთიდან წამოსულ გრანტებს ვეღარ ჩაიჯიბავენ.

და მაინც, რას ნიშნავს და რა საფრთხის შემცვლელია ერთი დღის დოზის ლეგალიზება?! პირველ რიგში, ეს არის ნარკორეალიზატორთა წახალისება, ანუბარიგებინარკოტიკს ოფიციალურად გაყიდიან. როგორ?! მარტივად, ბატონებო _ ჩაიდებს ერთი დღის დოზას ჯიბეში, წავა კლიენტთან, მიუტანს და, თუ შემთხვევით სამართალდამცველები გააჩერებენ, ვერაფერს ეტყვიან, რადგან მას თან მხოლოდ ერთი დღის დოზა, ანუ კანონით დაშვებული რაოდენობა ექნება. და რა მოხდება, თუ კლიენტს, ერთი დღის კი არა, 3-4 დღის დოზა უნდა?! არც არაფერი, გაიყოლებს ნარკორეალიზატორი 2-3 უსაქმურს, მისცემს ამ გაყოლაში 10-10 ლარს და, კლიენტს გული რომ არ დასწყდეს, 3-4 დღის დოზასაც მარტივად მიუტანს. შესაბამისად, ერთი დღის “ზახოდის” ლეგალიზებით ნარკორეალიზატორებსაც დავუკანონებთ ნარკოტიკების რეალიზაციის უფლებას. მზესუმზირასთან ერთად გაყიდიან ნარკოტიკსბარიგები”, დახლზე დადებენ და, რადგან ეს ერთი დღის დოზა იქნება, ვერავინ ვერაფერს ეტყვის.

დღესაც ასეა. ბარიგები მცორე დოზით იკეთებენ წამალს, შემდეგ კი მიდიან და ყიდიან. თუ სამართალდამცველები დააკავებენ, ერთ ამბავს ატეხენ, მომხმარებელი ვარ, აგერ სისხლის ანალიზი, წამალს ვიკეთებ და არ ვყიდიო, დაურეკავენ არასამთავრობოებს დადამიჯერეთ, ამ გზით არაერთი ნარკორეალიზატორი გამოუშვეს გარეთ. რაც შეეხება ფონიჭალაში ბოლო დროს გახშირებულ სპეცოპერაციებს, ეს ხალხის თვალის ასახვევად ტარდება. იჭერენ იმათ, ვინც მსხვილ ბარიგებს უშლის ხელს, თორემ რეალურ ნარკობარონებს არავინ ეხება. მიზეზი მარტივია _ “ფონიჭალელი ესკობარებიხელშეუხებლობაში დიდძალ ფულს იხდიან”, _ გვითხრა ერთ-ერთმა ფონიჭალელმა, რომელიც ნარკოტიკის არა მხოლოდ გაყიდვის, არამედ შემოტანის სქემასა და ფასებზეც გვესაუბრა.

“მაგალითად, ერთი აბი სუბოტექსი საქართველოში 700 ლარი ღირს, ევროპაში კი _ ერთი ევრო, ანუ ათასი აბი სუბოტექსი ათასი ევრო ჯდება ევროპაში, აქ კი _ 700 ათასი ლარი. ათი აბის გაყიდვით გზის ფულსაც ინაზღაურებ და 1000 აბში გადახდილ თანხასაც. შესაბამისად, გრჩება 990 აბი და თითოს 700 ლარად ყიდი. ხომ ხვდებით, რა თანხებზეა საუბარი?! თანაც, მსხვილი “ბარიგები” უცხოებს არ ენდობიან, მათ უბანში ჰყავთ ე.წ. განეცები, რომლებიც სულ გარეთ არიან. მოდის ნარკომანი, სწორედ ამ “განეცს” აძლევს ფულს და სწორედ ის ყიდულობს ნარკოტიკს “ბარიგისგან”. შესაბამისად, ჩუმი გადაღება ან ფაქტზე დაჭერა გამორიცხულია. წამალი კი სადახლოს გავლით აზერბაიჯანიდან შემოდის და მას როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს სამართალდამცავთა შორის ჰყავს “კრიშა…”

სხვათა შორის, როცა “ნაციონალური მოძრაობა” ქუჩაში კრიმინალის მომატებაზე აპელირებს, არ ცრუობს. ქუჩის კრიმინალმა, ანუ ერთი შეხედვით მსუბუქმა დანაშაულმა (ყელსაბამის ჩამოგლეჯვა, სადარბაზოში მოხუცებისთვის პენსიის ფულის წართმევა, მანქანიდან აკუმულატორების მოპარვა) აშკარად მოიმატა და ეს სწორედ ნარკოპოლიტიკისადმი ლოიალურ მიდგომას უკავშირდება. პენსიონერისთვის პენსიის წართმევასა და აკუმულატორის მოპარვას სერიოზული კრიმინალები არ კადრულობენ. მეტიც, მოხუცისთვის საარსებოდ აუცილებელი თანხის წაგლეჯვა ქურდულად “ზა პადლოა”, მაგრამ ნარკომანს, რომელსაც ერთი დღის “ზახოდს უპრავებენ”, სულ არ აინტერესებს, მოხუცი მშიერი იქნება თუ მაძღარი, მთავარია, იმ დღეს გასაკეთებელი წამლის ფული იშოვოს და მეორე დღეს ისევ იშოვოს, მერე ისევ და ასე დაუსრულებლად, სანამ ან კაიფში გაიპარება, ან ჰეპატიტით მოკვდება. რაც შეეხება აკუმულატორების ქურდობას, ჰკითხეთ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, რამდენს დახვდა აკუმულატორი მანქანიდან მოპარული და გადით ელიავას ბაზრობაზე, რა მარტივად იბარებენ ე.წ. მეორადებში მოპარულ ნივთებს…

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ერთგვაროვანი პოზიცია არ არის და პარლამენტარების არცთუ მცირე ჯგუფი ლეგალიზების წინააღმდეგია, მაგრამ ხელისუფლების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაა და უნდა შესრულდეს. ამ კანონის მიღების შემდეგ აზრს დაკარგავს კიდევ ერთი კანონი _ სამსახურში მიღებისას დასაქმების მსურველს დამსაქმებელი ნარკოლოგიურ ცნობას ვეღარ მოსთხოვს, რადგან ნარკოტიკი ლეგალიზებული იქნება და რას ეტყვის, შენს სისხლში ნარკოტიკია და სამსახურში ვერ მიგიღებო?! დამსაქმებელი ვერც იმ დასაქმებულს ეტყვის რამეს, რომელიც შუა მუშაობისას იმ ერთი დღის “ზახოდს” ამოიღებს, რომელიც ლეგალიზებული იქნება, და ისე გაიკეთებს, ხელიც არ აუკანკალდება. ვინმეს თუ უფიქრია იმაზე, რომ რომელიმე მასწავლებელს წამლის გაკეთება პირდაპირ შუა გაკვეთილზე შეეძლება, ან იმაზე, რომგაგლეჯილ კაიფშიმყოფი მასწავლებელი ბავშვებთან შევა გაკვეთილზე?

კანონი დაიცავს მასაც და იმ ერთი დღის დოზასაც, რომელსაც ასეთი სწრაფი ტემპით მიიღებს. კიდევ ერთი საინტერესო და საჭირბოროტო საკითხი _ დამწყებ ნარკომანს კაიფისთვის დღეში შეიძლება ერთი გრამი ეყოს, სტაჟიან ნარკომანს კი ხუთი გრამი დასჭირდეს. ვინ და როგორ უნდა აკონტროლოს, ვის რა დოზა სჭირდება და ვის რამდენი დღისზახოდიუდევს ჯიბეში?! ესეც ნარკორეალიზატორების წისქვილზე ასხამს წყალს და, გვერწმუნეთ, ისინი ამ კანონს სათავისოდ მარტივად გამოიყენებენ, რაც მთავარია, ხელსაც ვერავინ ახლებს _ მათ კანონი დაიცავს.

იქნებ იმაზე გვეფიქრა, რომ, ლიბერალიზაციის ნაცვლად, კანონი გავამკაცროთ და სწორედ რომ არარეალური სასჯელი შევუფარდოთ დამნაშავეებს. მით უმეტეს, ამის პრაქტიკა უკვე გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში და… ქუჩის დანაშაულიც აღარ არსებობდა და “ბარიგებიც” შარშანდელი თოვლივით გაქრნენ თითქოს.

სხვაგვარად კი მივიღებთ თაობას, რომლისთვისაც ნარკომანობა სირცხვილი არ იქნება და რომელიც პრობლემას, მის მოგვარებაზე ფიქრის ნაცვლად, ვენაში ნემსის კეთებით გადაწყვეტს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here