Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე განსაცვიფრებელი ისტორიული აღმოჩენები მსოფლიოს ცნობილი ადგილების შესახებ

განსაცვიფრებელი ისტორიული აღმოჩენები მსოფლიოს ცნობილი ადგილების შესახებ

218

ბუნებრივი სილამაზითა და ისტორიებით სახელგანთქმული ადგილები ადამიანებს, საუკუნეებია, ხიბლავს, მაგრამ ცნობილი ფაქტებისა და დიდებულების გარდა, ისინი საიდუმლოებებსაც ინახავს.

ბელიზის ცისფერი ღრმული მაიას ცივილიზაციის დაღუპვის გასაღებია

შტორმების შესახებ სამეცნიერო მონაცემების მოპოვება დაახლოებით 100 წლის წინათ დაიწყეს. ბუნებას კი თავის გაცილებით დიდი ხნის მონაცემებს ინახავს ქვიშასა და ქვებში.

ზოგიერთი საიდუმლო ბელიზის ცნობილი ცისფერი ღრმულის ფსკერზეც ინახება. მის და მის მსგავს წყლის კრისტალურ ძაბრებში ფენებად არის დალექილი ქანები. და, როცა ბობოქრობს შტორმი, ეს დალექილი ქანები სხვა უბნებზეც იფანტება ხოლმე. მეცნიერებმა ცისფერი ღრმულის გულიდან ამოიღეს 8,5 მ სიგრძის ნაწილი, რომელიც გეოლოგიური ისტორიის 2000-წლიან მონაცემებს ინახავს. ის აჩვენებს, რომ შტორმების აქტიურობა ჩვენს ერამდე დაახლოებით 900 წლის წინათ დაიწყო, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა მაიას ცივილიზაცია დაიღუპა.

5 ფენა, რომლებმაც მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ჩამოყალიბდა ჩვენს ერამდე 700-1150 წლებში. ისინი 15-30 სმ-ს სისქისაა და საშინელ მოვლენებზე მიუთითებენ იმის გათვალისწინებით, რომ მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა “ჰეთიმ” მხოლოდ 3,81 სმ სისქის ფენა შექმნა.

მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა, ამ მოვლენებმა ბოლო ლურსმანი ჩაარჭო მაიას ცივილიზაციის კუბოში.

ალჰამბრა სავსეა საიდუმლო გზავნილებით

ალჰამბრა გრანადაში ტიპური ესპანური არქიტექტრულ-ისტორიული ძეგლია. სასახლე აშენდა რომაული დასახლების ნანგრევების ადგილას 889 წელს. ააგეს მავრმა დამპყრობლებმა. შემდეგ კი, 1491 წელს, ესპანეთმა დაიბრუნა. ალჰამბრას ბევრი კოლონა, გეომეტრიული ორნამენტი და შადრევანი ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. შენობაში სხვადასხვა ადგილას არის 10 ათასი წარწერა არაბულ ენაზე, მათი 10 პროცენტი ციტატებია ყურანიდან, დანარჩენი _ დევიზები, ლექსები და რჩევები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, “მოზომე სიტყვა და იცხოვრებ თანხმობით”.

ყველაზე გავრცელებულია ნასრიდების დინასტიის ქება-დიდება. ნასრიდები უკანასკნელი დინასტიაა, რომელიც იბერიელებს მართავდა 260 წლის განმავლობაში. მათი დევიზი “არ არსებობს გამარჯვებული, ალაჰის გარდა” ყველაზე გავრცელებული წარწერაა სასახლეში.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაიბრუნეს გრანადა, კასტილიის მეფე ფერდინანდ II-მ და მისმა მეუღლე იზაბელამ დააფასეს ალჰამბრას სილამაზე და გადაწყვიტეს, შეენარჩუნებინათ არაბული წარწერები.

გლადიატორების პაბი (მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად) პომპეიში

გაფურჩქვნის ხანიდან 2000 წლის შემდეგ პომპეი განაგრძობს მეცნიერების განცვიფრებას ახალ-ახალი აღმოჩენებით, პროექტ “დიდი პომპეის” ფარგლებში სპეციალისტებმა წარმოადგინეს ფრესკა, რომელზეც ასახულია რომაელების ცხოვრება.

ფრესკა ზომით 0,9X1,4 მ-ზე ოდესღაც ამშვენებდა ტავერნის ან საროსკიპოს სარდაფის კედელს. ამ ტავერნასა თუ საროსკიპოში გლადიატორები იკრიბებოდნენ ლუდის დასალევად და დროის გასატარებლად. სარდაფს ზევით განლაგებულ ოთახებში დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალები მსოფლიოში უძველესი ხელობით იყვნენ დაკავებულნი და გლადიატორებს საბრძოლო ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ.

ამ ფრესკაზე გამოსახულია მურმილონი (გლადიატორი, რომელიც აღჭურვილი იყო გლადიუსითა (ხმლით) და მართკუთხედის ფორმის ფარით), რომელიც ამარცხებს ფრაკიელ გლადიატორს. მურმილონის მიერ დამარცხებული ფრაკიელი თითს მაღლა სწევს და ლოცულობს, რომ მოწინააღმდეგემ დაინდოს.

პართენონს, შესაძლოა, სხვა სახელი ერქვა

ჩვენს ერამდე 430 წელს აგებული და ათენის მფარველ ქალღმერთ ათენასადმი მიძღვნილი პართენონი მსოფლიოში ცნობილი ნაგებობაა, მაგრამ ჩვენ მას, შესაძლოა, არასწორად მოვიხსენიებთ.

პართენონი ნიშნავს “ქალწულთა სახლს”, მაგრამ არ არსებობს თვალსაზრისი იმაზე, სახელდობრ ამ ნაგებობას ეწოდებოდა თუ არა ეს სახელი. ძველი ტექსტებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, ბერძნებს თავიანთი ძეგლისთვის შეიძლება ეწოდებინათ ჰეკატომპედონი (Hekatompedon) _ “ასფეხიანი ტაძარი”. ეს ტერმინი გვხვდება აღწერილობაში, რომელიც 2500-ზე მეტი წლისაა.

ნაგებობას აღწერენ, როგორც ათენასთვის დამზადებული ოქროს ნივთების საცავს, ამ ნივთებს შორის იყო ოქროს 10-მეტრიანი სტატუა. სახელწოდება “პართენონიც” გვხვდება, მაგრამ ის ეკუთვნის აკროპოლის კომპლექსში მდებარე, უფრო მცირე ზომის საცავს. არსებობს თვალსაზრისი, რომ სწორედ ეს მცირე ზომის საცავი, რომელშიც სამხედრო ნადავლი, ავეჯი და სხვა ნივთები ინახებოდა, იყო ნამდვილი პართენონი. მით უმეტეს, რომ ამ შენობას ამშვენებენ კარპატიდები _ ქალის (ქალწულის) ფორმის ბოძები, ამიტომ სწორედ ამ შენობის სახელი უნდა ყოფილიყო “ქალწულთა სახლი”.

სტოუნჰენჯი შეიძლება ღორის ქონის გამოყენებით ააგეს

სტოუნჰენჯის მეგალითები 30 ტონას იწონის და მოტანილია 29 კმ-ის დაშორებული ადგილიდან. მოცისფრო-მონაცრისფრო რამდენიმე ქვა მომცრო ზომისაა და 2-5 ტონას იწონის. ეს ქვები კი თითქმის 145 კმ-დან არის მოტანილი პრესელის (უელსი) ბორცვებიდან, შესაძლოა, მოულოდნელი მოკავშირის, ღორების, დახმარებით, უფრო ზუსტად კი, ღორის ქონის დახმარებით, თუ დარინგტონ-უილსსიდან 3 კმ მოშორებით არსებულ დასახლებაში ნაპოვნი კერამიკული ქოთნებით ვიმსჯელებთ. ამ დასახლებაში, როგორც ვარაუდობენ, სტოუნჰენჯის მშენებლები ცხოვრობდნენ, ქოთნებს კი იმისთვის იყენებდნენ, რომ მასში ღორის გამდნარი ქონი ჩაესხათ. შემდეგ ამ ქონით პოხავდნენ მორებს, რომლებზეც მიასრიალებდნენ სტოუნჰენჯის უზარმაზარ მეგალითებს.

ჩინეთის დიდ კედელს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა

ჩინეთის დიდ კედელს ყოველთვის არ აშენებდნენ, როგორც თავდაცვით ნაგებობას. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთის ხაზი, თითქმის 805 კმ-ის სიგრძის, რომელსაც ჩინგისხანის კედელს უწოდებენ, არ იყო აგებული იმისთვის, რომ მონღოლთა იმპერიის წარმომადგენლების სასტიკი შემოსევებისგან დაეცვათ თავი.

კედელი ძალიან დაბალია _ სულ 1,8 მ სიმიღლის, თხრილიც 1,9 მ სიღრმისაა, ამიტომ კედელი მიუდგომელი არ იყო მომხდურისთვის; მეორე ის აგებულია არა მტკიცე აგურისგან, როგორც კედლის სხვა უბნები, არამედ დატკეპნილი მიწით. ამასთანავე, კელის ეს ნაწილი აგებულია ბილიკებს შორის და მათ გასწვრივ არის 72 დიდი ნაგებობა, რომლებიც ადმინისტრაციული შენობის ფუნქციას ასრულებდნენ. ეს ყველაფერი საჭირო იყო ადამიანებისა და შინაური ცხროველების მასობრივი გადაადგილებების რეგულირებისთვის. კედელი ლიაოს იმპერიას მიგრაციის გაკონტროლებისა და გადასახადების ამოსაღებად სჭირდებოდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here