Home ახალი ამბები საქართველო ზურაბ კვარაცხელია: მეგრული ენის დასაცავად კანონები, მექანიზმები და ბერკეტებია შესაქმნელი. პრობლემა არსებობს...

ზურაბ კვარაცხელია: მეგრული ენის დასაცავად კანონები, მექანიზმები და ბერკეტებია შესაქმნელი. პრობლემა არსებობს ლაზური და სვანური ენების მიმართაც

,,სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენასაც კი ემუქრება საფრთხე და ხომ გასაგებია გლობალიზაციის პერიოდში რა პრობლემის წინაშე დაგანან სრულიად დაუცველი ენები?!”

504

,,ნაციონალური მოძრაობისდეპუტატმა ანა წითლიძემ რამდენიმე დღის წინათ  პარლამენტში გამოსვლისას მეგრულად ისაუბრა, მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურდა, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.

,,გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, ამიტომ მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია, ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვათუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაცმივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვათუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“- განაცხადა ანა წითლიძემ და აღნიშნულ თემაზე სატელევიზიო დისკუსიებიც დაიწყო. ანი წითლიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც.

მეგრულსვანურლაზური ენის გადასარჩენად, ათეული წლებია, იბრძვის სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელო”, მისი წევრები წერილს წერილზე გზავნიდნენ ამჟამინდელ თუ წინა მთავრობის სახელზე, მაგრამ მათ ძალისხმევას რეაგირება არ მოჰყოლია, მეტიც, გარკვეულ წრეებში სეპარატიზმი დასწამეს. ანი წითლიძემ კი საპარლამეტო ტრიბუნიდან მეგრულად ლაპარაკით შეძლო ყინულის დაძვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მეგრულსვანურლაზური ენის გადასარჩენად წლებია, იბრძვიან, ანი წითლიძისადმი ნდობა დიდი არ აქვთ, ყველა ფიქრობს, რომ ,,სადღაც ძაღლის თავია დამარხულიდა ფრთხილად უნდა იყვნენ

გვესაუბრება სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოსწევრი ზურაბ კვარაცხელია:

_ მივესალმები ნებისმიერ პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის ზოგადაეროვნულ, ზოგადსახელმწიფოებრივ კონტექსტში მოსაგვაფრებლად. ცოტა შორიდან დავიწყებ, თუმცა ახალს და ისეთს, რომელიც აქამდე არ მითქვამს, არაფერს ვიტყვი.

 მეგრული ენა რომ იკარგება, ვხედავთ და გვინდა, ამ პრობლემას ყველა კარგად დაუფიქრდეს. რაღაც უნდა ვიღონოთ, ის დიდი საგანძური რომ არ დავკარგოთ, რომელსაც მეგრული ენა ჰქვია. ფაქტია, რომ მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზე პრობლემა არ მოგვარდება. გაქრობის პირას მყოფ ენას პატრონობა უნდა სახელმწიფოს მხრიდან. მეგრული ენის დასაცავად კანონები, მექანიზმები და ბერკეტებია შესაქმნელი. სხვათა შორის, ეს პრობლემა არსებობს ლაზური და სვანური ენების მიმართაც. უფრო მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენასაც ემუქრება საფრთხე და, ხომ გასაგებია, ამ გლობალიზაციის პერიოდში რა პრობლემის წინაშე არიან სრულიად დაუცველი ენები?!

_ სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელო,” ათეული წლებია, იბრძვის მეგრული ენის დასაცავად. თქვენ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რომ მეგრულსვანურლაზურ ენებზე სახელწიფოს მეტად ეზრუნა. რა გზებს მიმართავდით და რა პასუხებს იღებდით ხელისუფლებისგან?

_ წლების განმავლობაში ჩვენ მართლა არ დაგვიკლია ძალისხმევა და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით გაქრობის ზღვარზე მყოფი კოლხურ-იბერიული ენების პოპულარიზაციას. ამისათვის ვიყენებდით ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერ ლეგიტიმურ საშუალებას. სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს” ჰქონდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო უაღრესად პოპულარული გაზეთის, ,,ილორის” სახით, რომელსც უდიდესი წვლილი მიუძღვის მეგრული ენის პოპულარიზაციაში. ,,სამეგრელოს” ეგიდით რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიცემოდა პოპულარული ჟურნალი ,,აია”, რომელსაც რედაქტორობდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი გიორგი სიჭინავა. შეძლებისდაგვარად ვაწყობდით ცნობილ მოღვაწეთა საიუბილეო საღამოებს, რომლებსაც ასევე ჰქონდათ, დიდი შინაარსობრივი დატვირთვა მეგრული ენის დაცვის კონტექსტში. ვაწყობდით, აგრეთვე, მეგრული პოეზიის საღამოებს. ვატარებდით სამეცნიერო ხასიათის საჯარო შეკრებებს მეგრული ენის მკვლევარ-მეცნიერთა მონაწილეობით. აგიტაცია-პროპაგანდისათვის ცხადია, ასევე აქტიურად ვიყენებდით სოციალური ქსელებსაც. მეგრული ენის პოპულარიზაციისა და პრობლემების აქტუალიზაციისთვის გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა მეგრული ენის დღეც.

2012 წლის დეკემბერში სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს” ორგანიზებით მოძრაობის ზუგდიდის ოფისში გამართულ მეგრული პოეზიის საღამოზე  გამოვედი ინიციატივით, მეგრული ენის დღედ გამოცხადებულიყო 29 მაისი _ გამოჩენილი ენათმეცნიერის და მეგრული ენის უბადლო მკვლევრის, მამანტი ძაძამიას დაბადების დღე. მეგრული ენის დღის დაწესებით გვსურდა, მიგვექცია ხელისუფლების ყურადღება და გვებიძგებინა პრობლემის მოგვარებისკენ.

შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მივმართეთ, მართალი გითხრათ, უკვე სათვალავი ამერია, რამდენჯერ ჩავაბარე პარლამენტის მისაღებში მიმართვა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტიც არ დაგვიტოვებია მიმართვის გარეშე. ზემოაღნიშნული სტრუქტურებიდან ორჯერ თუ სამჯერ მივიღე პასუხი, რომლებშიც იყო რაღაც პოზიტიურიც და დაპირებისმაგვარიც, მაგრამ საბოლოოდ _ ქმედითი არაფერი. მკითხველს გავაცნობ ერთ-ერთ მიმართვას. ვფიქრობ, არსებული პრობლემების გადასაჭრელად ჩასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე იქ თითქმის ამომწურავადაა ნათქვამი. წერილი გაგზავნილია იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ახლა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე, წერილი ასევე გაეგზავნა იმჟამინდელ განათლების, მეცნიერების და კულტურის იმჟამინდელ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარინე ჯაშს, რომელშიც აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე იყო ლაპარაკი:

,,1) აუცილებელია, დაწყებით კლასებში ისწავლებოდეს მეგრული ენა.

2) აუცილებელია, მეგრულ ენაზე ბეჭვდითი გამოცემების სტიმულირება.

3) აუცილებელია, სახელმწიფომ, სულ ცოტა, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში: ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში და თბილისში ორგანიზება გაუკეთოს მეგრულ ენაზე ტელერადიომაუწყებლობის ფუნქციონირებას.

4) აუცილებელია, მეგრულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს სახელმწიფო ენასთან პარალელურად საკუთარი რეგიონის ტერიტორიაზე მაინც მიეცეთ ,,ნანაში ნინასგამოყენების შესაძლებლობა.

ერთი სიტყვით, ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აუცილებელიც _ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამის პრაქტიკული განხორციელება. ერთეული მოხალისეენთუზიასტების ძალისხმევა ნამდვილად არ არის საკმარისი და თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ მოგვარდა ეს პრობლემა, მაშინ, უახლოეს ათწლეულებში ჩვენს ენას გაქრობა უწერია, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენი იდენტობის გაქრობასაც. ეს უკვე ეთნოსის სიკვდილია და ამის დაშვება არ შეიძლება

დარწმუნებულნი ვართ, რომ ხელისუფლების მიერ ჩვენი ინიციატივის გაზიარების და ადეკვატური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში აუცილებლად შევძლებთ თვითმყოფადობის დაცვას და, ამავდროულად, თუკი არსებობს რამე სახის საშიშროება კორდონებს იქიდან სეპარატიზმის სტიმულირებისა _ მის უეჭველ პრევენცირებასაც. უნდა ვუწყოდეთ, რომ არ არსებობს უკეთესი საშუალება სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ვიდრე ეს მეგრულლაზურსვანურზოგადქართველური იდენტობის დასაცავად შექმნილი საკანონმდებლოსტრუქტურული მექანიზმებია. უნდა გვესმოდეს, რომ კოლხურიბერიული, ანუ ქართველური სახელმწიფოს მშენებლობის იდეას სწორედ ამგვარი გონივრული და სტრატეგიულად გამართლებული მიდგომა სჭირდება. მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების და საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევით ზოგადეროვნულ, ზოგადსახელმწიფოებრივ კონტექსტშია ჩვენ მიერ აქტუალიზებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელი და არავითარ შემთხვევაში გულზე მჯიღის ცემით, ან ურაპატრიოტული რიტორიკით.

ამასტანავე, ვაცხადებთ: ეროვნული ერთიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიბის იდეა ჩვენთვის არის საკრალური მნიშვნელობის იდეა. აქედან გამომდინარე, ინსინუაციები ამ თემაზე კატეგორიულად მიუღებელია.

დასასრულ, ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი ეს მიმართვა არ დარჩება ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, _ აი, ეს გახლდათ ჩვენი გამუდმებული თხოვნა მთავრობისადმი.

სხვათა შორის, თავის დროზე ღია მიმართვა გავუგზავნე საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მოსურნე პარტიებს და პერსონებს. მათ დაბეჯითებით მოვუწოდებდი, რომ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში არა სიტყვიერად, არამედ დოკუმენტურად და მკაფიოდ  აესახათ კოლხურ-იბერიული (ქართველური) ენების დაცვის აუცილებლობა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებდით უფლებას, მოგვეწოდებინა საღად მოაზროვნე ელექტორატისათვის, რომ არ მისულიყო საარჩევნო ურნებთან.

_ რამდენიმე დღის წინათ პარლამენტარმა, ,,ნაციონალური მოძრაობისწევრმა ანი წითლიძემ მეგრულად ილაპარაკა  პარლამენტის ტრიბუნიდან და განაცხადა, რომ მეგრულ ენას დაცვა ჭირდება. მან ზუსტად ის მოთხოვნები დააყენა დღის წესრიგში, რომლებზეც თქვენ საუბრობდით, მაგრამ  ეს საკითხი, მიუღებელია საზოგადეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც დესტრუქციულ ძალას წარმოდგენს ამ ქვეყანაში.

_ როგორც თავშივე ვთქვი, მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება გაქრობის პირას მყოფი ენების დასაცავად, მაგრამ სხვების არ ვიცი და, მე არ მაქვს ილუზია, რომ ე.წ. ნაციონალურ მოძრაობას და მისი ყაიდის, ასევე ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან მართულ რომელიმე სხვა ანტიეროვნულ პარტიასა თუ პერსონას შეუძლია რამე მეგრული, გნებავთ, ზოგადეროვნული, ზოგადსახელმწიფოებრივი ღირებულების შემცველი ქმედების ჩადენა.

მადლობა ღმერთს, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უკვე არსებობს მეგრული, ლაზური და სვანური ენების გადასარჩენად აუცილებელი ღონისძიებების გატარების კეთილშობილური განცდა. აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ორგანიზაციების რაღაც ნაწილს უკვე გაუჩნდა ამ თემით მანიპულირებისა და სპეკულირების სურვილი. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ამით აპირებდნენ სამომავლოდ ელექტორატის გულის მოგებასა და სარჩევნოდ მის გამოყენებას.

ეს თემა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში სულ უფრო აქტუალური იქნება. სამწუხაროა, რომ სანდო და ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ორიენტირებული პარტიები ჩვენთან არ არსებობენ და, თუ არსებობენ, არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, მათ ასევე არ აქვთ იმავე ბერკეტების ხელში ჩაგდების შანსი. თუმცა, ვნახოთ, ამასაც მომავალი გასცემს პასუხს.

რაც შეეხება მეგრულ სეპარატიზმს, მას არ გააღვივებს მეგრული ენის დაცვა-შენარჩუნებისთვის გადადგმული ღონისძიებების გატარება. პირიქით, სეპარატიზმს გააღვივებს მეგრული ენის დაცვის აუცილებლობის იგნორირება. აი, ესაა დაუშვებელი და ერი თუ ბერი ამაზე ადეკვატურად უნდა დაფიქრდეს და გაისარჯოს.

ასეა თუ ისე, ჩემი სურვილია, ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ორიენტირებულმა თითოეულმა პარტიამ თუ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პერსონამ კარგად გაითავისოს მომაკვდავი ენების დაცვის საჭიროების აუცილებლობა. ფუჭი რიტორიკა კი არა, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიიმეორებ: ჩვენი სამშობლო უნდა იყოს ერთგვარი ოაზისი დედამიწაზე, ანუ მის სახელმწიფოებრივ სივრცეში კოლხურ-იბერიული მოდგმის თითოეულ ეთნოსუბიექტს უნდა ჰქონდეს თავისი  თვითმყოფადობის დაცვა-შენარჩუნება-განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა. ეს არის ის მოცემულობა, რომლის რეალიზებაზეც უნდა იფიქროს და იღვაწოს თითოეულმა მამულიშვილმა ჩვენს სამშობლოში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ გზით უნდა ვიმოძრაოთ. ამას არ აქვს ალტერნატივა…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ვეთანხმები ბ-ნ. კვარაცხელიას. და საერთოდ იმ იდეას, რომ ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილ ენას, თანაც ისეთ მდიდარს, როგორიც მეგრული ენაა, არა მარტო დაცვა, არამედ გამოყენებაც უნდა, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here