Home ახალი ამბები მსოფლიო “ხალხი სასოწარკვეთილია”. მოლდოვაში პარალელური მთავრობა შექმნეს

“ხალხი სასოწარკვეთილია”. მოლდოვაში პარალელური მთავრობა შექმნეს

181

მოლდოვაში, ორ თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციის მონაცემებით, აქციებში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ეს რაოდენობა რესპუბლიკისთვის, რომელშიც 2,6 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ცოტა არ არის. ria.ru.  იუწყება, რომ მოლდოველები მოითხოვენ ახალი მთავრობის შექმნას, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება, და ტრიბუნალის წინაშე პრეზიდენტ მაია სანდუს წარდგომას

 “ძირს უზურპატორი!”

გასულ უქმეებზე, 22-23 ოქტომბერს, კიშინიოვში გამართულ მიტინგზე სახალხო მთავრობა, სახალხო ტრიბუნალი და სახალხო ფარი დააფუძნეს. მიზანი, როგორც ოპოზიციონერები განმარტავენ, ხელისუფლების უზურპაციისგან მოლდოვის დაცვაა. ხელისუფლების ვაკუუმის წარმოქმნის შემთხვევაში კონსტიტუციურ წესრიგს სახალხო მთავრობა უზრუნველყოფს, ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, შეიმუშავებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამას, გამართავს დიალოგს სტრატეგიულ პარტნიორებთან. სახალხო ტრიბუნალი გამოიძიებს სანდუს გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, შემდეგ კი გამოიტანს განაჩენს მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. სახალხო ფარი არ დაუშვებს მოლდოვის ჩათრევას რუსეთს-უკრაინის კონფლიქტში, შეინარჩუნებს რესპუბლიკის ნეიტრალიტეტს.

ხალხი აღშფოთებულია ფასების მკვეთრი მატებით. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციამ 33%-ს გადააჭარბა, არაოფიციალურად კი 40%-ს მოუახლოვდა. ამაში ადანაშაულებენ პრეზიდენტს, მთავრობასა და პარტია “მოქმედება და სოლიდარობას”, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს.

ორგეევსკის რაიონის ხელმძღვანელი დინუ ცურკანუ ამბობს, რომ ანტირუსული საგარეო პოლიტიკის გამო ფერმერები თავიანთ პროდუქტებს ვერ ყიდიან. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბაზარი დანგრეულია, ალტერნატიული კი არ არის. მოლდოვაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები კონკურენტუნარიანი არ არის ევროკავშირში.

ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ მოსახლეობა ელექტროენერგიის დეფიციტის შესახებ გააფრთხილა. მეწარმეებს რეკომენდაცია მისცეს, გათიშონ სარეკლამო და ვიტრინების განათება; აამუშაონ ინდივიდუალური გენერატორები.

აქცია მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტაციის შენობის წინ

 შემოდგომის მარათონი

ხელისუფლების მტკიცებით, კიშინიოვის ქუჩებში მხოლოდ 3,5 ათასი ადამიანი გამოვიდა. არადა, ოპოზიციის აზრით, მხოლოდ ძალოვნები გაცილებით მეტი იყო აღნიშნულ რაოდენობაზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დედაქალაქის ცენტრში მოლდოვის ყველა პოლიციელს მოუყარეს თავი. პარტია “შორ”-ის დეპუტატ მარინა ტაუბერის აზრით, 23 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე 90 ადამიანი გამოვიდა. “კიდევ 20-მა ათასმა ვერ შეძლო კიშინიოვში დროულად ჩასვლა _ მათი ტრანსპორტი პოლიციამ დააკავა”, _ დასძინა “შორ”-ის მეორე წარმომადგენელმა ვადიმ ფოტესკუმ. დედაქალაქის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ კოლონები ლოზუნგებით: “ძირს მაია სანდუ!”, “მაია, წადი ქვეყნიდან!”, “ძირს სიღარიბე!”. საღამოს გენპროკურატურასთან კარვები გაშალეს. სანდუ კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, ეწვია აგრარულ ბაზრობას, რომელიც მიტინგებიდან ყურადღების გადასატანად მოაწყვეს. ქალაქის ცენტრში დადგეს რამდენიმე კარავი გლეხების პროდუქტებით და ასე გადაუკეტეს გზა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

პოლიციას ამჯერად გულმოდგინედ არ უმუშავია _ მხოლოდ 33 ადამიანი დააკავა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ ოპოზიციონერთა კარვების ორი ბანაკის დარბევა დაგმეს Amnesty International Moldova-მ, პოლიტიკისა და რეფორმების ცენტრმა და ასოციაცია Promo lEX-მა.

მჩაგვრელთა ჩაგვრა

სანდუ ირწმუნება, რომ ყველაფერს მართებულად აკეთებს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები კი, რომლებიც მოსკოვის მითითებით მოქმედებენ, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ერთ-ერთი არგუმენტი: პარტია “შორ”-ის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილან შორი, უკვე რამდენიმე წელიწადია, გაქცეულია _ სასამართლომ ის ქვეყნის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის გატაცებაში დაადანაშაულა (ზარალი ქვეყნის მშპ-ის 12 პროცენტს შეადგენს).

მოლდოველი ანალიტიკოსი იგორ ტულიანცევი პროტესტში “ხალხურ” და “პოლიტიკურ” ასპექტებს გამოყოფს.

“მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა სანდუს გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით. ადამიანები სასოწარკვეთილი  არიან მაღალი ფასების, უმუშევრობის, მიგრაციისა და სხვა პრობლემების გამო. ხელისუფლება მათ კარგ დროებას ჰპირდებოდა, რეალურად კი რესპუბლიკა ნადგურდება. სამწუხაროდ, ხალხის უკმაყოფილების გამოყენებას ის პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომლებიც წარსულში არაერთხელ იყვნენ დისკრედიტებულნი”, _ განაცხადა ექსპერტმა.  ექსპრეზიდენტ იგორ დოდინის ხელისუფლების პარტია ამ მოვლენებზე არაფერს ამბობს;  ცდილობენ, იყვნენ “სანდუს კონსტრუქციული ოპოზიცია”, _ მიაჩნია იგორ ტულინცევს.

მარინა ტაუბერი

მოლდოველ პოლიტოლოგ დიმიტრი კისეევის ვარაუდით, მოლდოვის მმართველ ელიტას უახლოეს მომავალში არაფერი ემუქრება, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა. არადა, ვითარება გაუარესდება. ზამთარში ელექტროენერგიის გადასახადი ისე მოიმატებს, რომ შეძლებული მოქალაქეებიც კი შეიძლება აღშფოთდნენ.

ილან შორი

“მოლდოვაში მიტინგებზე, ჩვეულებრივ, 10 ათას კაცამდე იკრიბება. ამჟამად აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით მეტია და ეს არ არის ზღვარი. პარტია “შორი” ქვეყნის ყველა კუთხეში მოუწოდებს ადამიანებს გამოსვლისკენ. ამაზე სანდუს რეაქცია ღიმილია, მაგრამ ეს მისი უძლურებით გამოწვეული სიმწრის ღიმილია”, _ ამბობს კისეევი.

ექსპერტთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ხელისუფლებიდან სანდუს ჩამოცილებას ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. ამასთანავე, მოლდოვის პრეზიდენტს არ აქვს პროტესტის ჩახშობის ან მისი მიზეზების ლიკვიდაციის რესურსი, მაგრამ, თუ ახალი, ქარიზმული ლიდერები გამოჩნდებიან, ხელისუფლების შეცვლა რეალური იქნება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here