Home რუბრიკები საზოგადოება ვისზეც პროფესიული ჭიპლარით ვართ მიბმული

ვისზეც პროფესიული ჭიპლარით ვართ მიბმული

755

მაშინ ამ ბაღს ღობე არ ჰქონდა. მე და ჩემი ქმარი კიდეზე გავშლიდით გაზეთებს და ვყიდდით.

_ ეგ როდის?

_ ოთხმოცდაათიანებში. ძალიან დიდი გაჭირვების დროს.

აკაკი წერეთლის პროსპექტის დასაწყისში, ბაღის კიდეზე გაზეთების დახლის წინ ვსხედვართ მე და ამ “სავაჭრო ობიექტის” პატრონი ქალბატონი ლეილა ნაბახტეველი. ეს-ესაა გავიცანი და, როგორც კი მისი გვარი გავიგე, ვუთხარი, რომ მისი მოგვარე კოლეგა გვყავს _ ელზა ნაბახტეველი, ჩვენი ამქრის გამორჩეული წევრი.

_ ელზა ნაბახტეველი კი ვიცი, რომ არის, _ გახალისდა ჩემი რესპონდენტი, _ მაგრამ არ ვიცნობ და ძალიან კი მაინტერესებს მისი ნახვა.

არის კონტაქტი! ელზას წყალობით გაქრა ის დაძაბულობა, რომელიც კორესპონდენტთან შეხვედრის დროს, გინდა-არ გინდა, თავს იჩენს და ზოგჯერ დაუძლეველ წინაღობად აღიმართება.

მადლობელი ვარ, ელზა!

ქალბატონი ლეილა, წლებია, ჟურნალ-გაზეთების გავრცელებით არის დაკავებული. ესაა მისი საქმე და მწირი შემოსავლის ძირითადი წყარო.

წლოვანებას არ მალავს. მე ვიკავებ თავს გასაჯაროებისგან, რადგან მგონია, სავსებით საკმარისი იქნება, თუ მკითხველებს გეტყვით, რომ ცოტა ხანდატყობილია, ანუ მეორე ახალგაზრდულ ასაკში შესული კდემამოსილი ქალბატონია, კარგი ქართულით მოსაუბრე და თბილი ღიმილის პატრონი, დედებს რომ აქვთ, ისეთის.

არ ჰგავს აქედან ცოტა ზემოთ, ბაზრობაზე, მოვაჭრე პირგამეხებულ ლტოლვილებს, ზოგიერთს. რას იზამ _ გაჭირვებამ და 20-ზე მეტი წლის განმავლობაში დახლთან დგომამ გაუმკაცრათ გამომეტყველება, გაუუხეშათ ხასიათი, გამოურეცხათ სითბოს შერჩენილი ნატამალი ჩვენთან, თბილისელებთან, ურთიერთობაში, უკმაყოფილებამ და უნდობლობამ იძალა.

ცუდი მყიდველები აღმოვჩნდით და ისე ვერ ვავსებთ მათი ოჯახების ბიუჯეტებს, როგორც წარმოედგინათ.

ასეა და მეტი არ ძალგვიძს. ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც საყიდლებზე ყოფილი თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს გარაჟის ტერიტორიაზე დამკვიდრებულ ბაზრობაზე დავდივართ.

იშვიათად.

აქ და არა მსოფლიო ბრენდების მაღაზიებში, ბუტიკებსა და სალონებში, სადაც ერთი ჰალსტუხი ნახმარი მანქანის ფასი ღირს.

თითქმის.

ქალბატონი ლეილა ნაბახტეველი ლტოლვილების (ან ვინც ლტოლვილად ასაღებს თავს) კატეგორიას არ განეკუთვნება. კასპიდან არის თავის დროზე ჩამოსული. სკოლა იქ დაამთავრა, მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი _ თბილისში, უმაღლესი განათლება რუსეთში, კოსტრომის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო (მსუბუქი მრეწველობის განხრით). დღეს აქ დგას, გაზეთებს ყიდის, ჟურნალებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კოლეგაა, ჟურნალისტების. თანაც, სტამბის მუშაკის ცოლი. უფრო ზუსტად, ქვრივი.

_ 1990 წელს საქართველოში დავბრუნდი. მსუბუქი მრეწველობა ჩამოქცევის პირზე იყო. ერთი გორის ბამბეულის კომბინატი ასე თუ ისე ფეთქავდა. სპეციალობით სამუშაო ვერ ვიშოვე. კასპის პირველ საშუალო სკოლაში შრომის მასწავლებლად მოვეწყვე. წელიწად-ნახევარი იქ დავყავი. ჭრა-კერვას ვასწავლიდი, ხელსაქმეს. გავთხოვდი…

_ საყვარელო, “არგუმენტი ი ფაქტი” ერთი წუთით მომაწოდე, _ საუბარს გვაწყვეტინებს ქალი, რუსული აქცენტით ქართულად მოუბარი. თვითონვე იღებს დახლიდან გაზეთს და მალევე აბრუნებს: ჩემთვის საინტერესო ვერაფერი ვიპოვეო. ქალბატონ ლეილასთან ნახევარი საათი ვისაუბრეთ და ამ დროის განმავლობაში იგი პირველი იყო, ვინც პრესით დაინტერესდა _ სიგარეტების გამყიდველი “თავისუფალი ფორვარდი” (“დინამოს” სტადიონი, ანუ არენა, აქვეა).

მაგრამ არ უყიდია.

ფეხდაფეხ სხვა მოჰყვა. რომელიღაც გაზეთის (ქუჩის ხმაურში ვერ გავიგონე რომლის) გუშინდელი ნომერი თუ გაქვთო, იკითხა. არ იყო დარჩენილი.

სულ ეს იყო.

ქალბატონი ლეილა შემდეგ ამიხსნის, რომ გაზეთებს თბილისელები, როგორც წესი, დილით ყიდულობენ და შემდეგ _ ნასადილევს, საღამოს შვიდ საათამდე. დღის დანარჩენი მონაკვეთი “მკვდარია”.

ჩვენი საუბრისთვის სხვას არავის შეუშლია ხელი…

ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა ცოლ-ქმარმა მეტროპოლიტენის სადგურ “წერეთელთან” ქუჩის დახლზე დაიწყო.

(იმ წლებში ბევრი პოლიგრაფისტი იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა თავისი სამუშაო ადგილი. ზოგმა გაზეთების გაყიდვა დაიწყო, ზოგმა _ “სტაიანშჩიკობა”… ჩვენმა მეგობარმა სერგო ნათიძემ, ცეკას გამომცემლობის სტამბის ოსტატმა, ახლა კაფე-რესტორანი “სტამბა” რომ არის, იმის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე გაშალა გაზეთები. მთელი ვერა მასთან ყიდულობდა პრესას… მას შემდეგ, რაც მკითხველმა იკლო, სერგო საბერძნეთში წავიდა, ემიგრაციაში, და მისი კვალი დავკარგეთ).

_ გაზეთებმა გადაგვარჩინა მაშინ, _ მადლიერებით იხსენებს ქალბატონი ლეილა, _ ახლა კი ცოტა კვდება გაზეთი.

ცოტაო.

შეარბილა.

ჩანს, ჩემთვის, როგორც ამქრის დესპანისთვის, გულის ტკენას მოერიდა და უხერხულობის გადაფარვას ჩაცინებით შეეცადა:

_ აღარ არის ისეთი, როგორიც იყო.

გაზეთებიო.

_ შეგიძლიათ შეადაროთ “მაშინ” და “ახლა”? _ წავეშველე, _ მაშინ “ალია” იყო ძალიან პოპულარული, “შანსი”, “საქართველოს რესპუბლიკა” 70-ათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა.

_ რომ იცოდეთ, ახლა ყველაზე უფრო წასაკითხი გაზეთი ისევ “საქართველოს რესპუბლიკაა”. მაგრამ არ ვრცელდება, ძველი, “გადმონაშთური” გაზეთი რომაა, ალბათ, მაგიტომ. მე ასე ვთვლი. იქ ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობენ.

ყველაზე კარგად ახლა “ასავალ-დასავალი” ვრცელდება, “კვირის პალიტრაც”, “საქართველო და მსოფლიო” ძალიან, ძალიან კარგად იყიდება, მაგრამ ჩვენთან არ მოდის იმდენი, რამდენიც კარგი იქნებოდა ჩვენთვის. საჭირო რაოდენობით არ შემოაქვთ ბირჟაზე. ცოტა თუ დავიგვიანე მისვლა, ვსიო, უგაზეთოდ ვრჩები. იმის ნაცვლად, რომ ხელი შევუწყოთ გავრცელებას, ჩვენ თვითონ ვკლავთ გაზეთს.

_ ჟურნალისტებიდან თავი ვინ დაგახსომათ?

_ მასე ნამდვილად ვერ გეტყვით. უფრო ჟურნალებს ვკითხულობ, კროსვორდებს ვხსნი. კროსვორდები მირჩევნია ამოვხსნა, უამრავი რაოდენობით მაქვს. პოლიტიკა მაინცდამაინც არ მაინტერესებს. ამიტომ გაზეთებში არ ვიხედები ისე ხშირად, რომ ვინმე შევაფასო. თან, პოლიტიკა, რომ ვუყურებ, ყოველთვის ჩხუბამდე მიდის.

_ და მაინც ვინ?

დაფიქრდება და როგორც “რომაულ არდადეგებში” დიდი ბრიტანეთის პრინცესას აღმოხდება _ “რომი, რა თქმა უნდა, რომი!”, ქალბატონი ლეილა მეტყვის:

_ სვანიძე, რა თქმა უნდა, ბაკურ სვანიძე!

ბაკური ჩვენიანია.

_ “ასავალ-დასავალში” _ ჯაბა ხუბუა, დიტო ჩუბინიძე. კარგი გოგოები მუშაობენ მაგ გაზეთში… გიორგი მამაცაშვილს დავასახელებ აუცილებლად.

და უცებ:

_ ლაშა ნადარეიშვილი თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა. თქვენ ხომ იცით, რა ბრწყინვალე პოეტია.

_ დღეში რამდენი “ასავალ-დასავალი” გაგიყიდიათ?

_ საერთოდ, ყველაზე მეტი იყიდება ორშაბათობით, როცა გამოდის, თუმცა მთელი კვირის განმავლობაშიც ყიდულობენ. “საქართველო და მსოფლიო” გამოსვლის წინა დღეებშიც _ ორშაბათ-სამშაბათსაც გამიყიდია. მეორე წერტილი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაქვს და ორივეგან ორშაბათს 30 ცალი “ასავალ-დასავალი” გამიყიდია. ახლა, ამ პერიოდში, თორემ ადრე ორას-სამას ცალს ვყიდდი “ასავალს”, “კვირის პალიტრა”, “შანსი” იყიდებოდა 400 ცალი.

_ გაზეთების გავრცელების დინამიკას ასე კარგად იცნობთ და ძნელი დასაჯერებელია, არ კითხულობდეთ, როგორც მითხარით.

_ ვათვალიერებ. აი, წავიკითხავ “ახალი თაობის” პირველ გვერდს და უკვე ვიცი, შიგ რაც წერია, _ დახლიდან იღებს გაზეთის იმდღევანდელ ნომერს და თვალსაჩინოდ მარწმუნებს, რომ მართალს ამბობს, _ ასეა სხვა გაზეთებიც. ახალი ამბების გასაგებად, ძირითადად, ტელევიზორს ვუყურებ.

_ რუსული პრესიდან გაქვთ “არგუმენტი ფაქტი”, “კომსომოლსკაია პრავდა”. ამათი საქმე როგორღაა?

_ “აიფ”-სა და “კომსომოლკას” ვკითხულობ. ამათი საქმეც ისევეა, როგორც ქართული გამოცემების. “სოვერშენნო სეკრეტნო” იყიდებოდა, ახლა _ არა. აღარ. უხარისხოდ იბეჭდება. “კომსომოლსკაია პრავდას”, როცა დრო იყო, 200 ცალს ვყიდდი. მაშინ გაზეთი მუშაობდა. ახლა ინტერნეტმა წაგვართვა მკითხველი. ახლობლები მაშაყირებენ, შენს ადგილზე ჩავიდოდი შავი ზღვის ფსკერზე და გადავჭრიდიო ინტერნეტის კაბელს (ეცინება).

_ “საქართველოს რესპუბლიკას” რამდენს იღებთ?

_ ორივე წერტილისთვის ვიღებ ოთხიდან ხუთ ცალამდე. ხანდახან შეიძლება მთლიანად გაიყიდოს, შეიძლება _ არც ერთი ცალი.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მასშტაბურად მოვიცვათ საქართველოს მოსახლეობა? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ _ გაზეთების რედაქციებმა?

_ ყოველ შემთხვევაში ის არა, რასაც ტელეარხები აკეთებენ: საინფორმაციოს რომ ვუყურებ, პირველად უნდა გამოაცხადონ, მამამ შვილი რომ მოკლა, შვილმა _ დედა, იქ ვიღაცა გააუპატიურეს, ვიღაცამ იქურდა, ქრთამი აიღო, რაღაცას ცეცხლი მოეკიდა, აფეთქდა და ჩამოინგრა სახლი და ა.შ. ითრგუნება ადამიანი. ყველა უბედურების გასაჯაროებით დანაშაული არ იკლებს. ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასე ხელაღებით ყველაფერს არ აცხადებდნენ. მოსახლეობის ფსიქიკურ სიმშვიდეს იცავდნენ. დაიწყონ პოზიტიურით და, თუ ვერ შეელევიან, ნეგატივით დაამთავრონ.

თუმცა გაზეთებშიც იგივეა. თუ რამე საინტერესო, რაღაც სასწაული ამბები ხდება, გაზეთები იმ დროს უკეთესად იყიდება.

ერთი რამეც უნდა ვთქვა. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვიწყონ გაზეთების გავრცელებაში, პირიქით გვბოჭავენ. გაზეთების დაბრუნების პროცენტს გვიმცირებენ. მაგალითად, ერთი გაზეთი რომ დააბრუნო, ათი უნდა იყიდო.

_ თუ ვერ გაიყიდა დანარჩენი ცხრა ცალი?

_ შენი ზარალია: არ იბრუნებენ. ამიტომ იძულებული ხარ, ბირჟაზე ცოტა იყიდო და ასე დაიზღვიო თავი. ან სულაც არ იყიდო არც ერთი. მაგრამ მაშინ, რისთვის ვარ აქ? საერთოდ ჩაგივარდება ყველაფერი. ასე ვკლავთ ჩვენს ბიზნესს და გაზეთების არსებობასაც პერსპექტივაში საძირკველს ვუნგრევთ. იმასაც გეტყვით, რომ ყველაზე კარგად პროცენტული თვალსაზრისით, “საქართველო და მსოფლიო” გვიხდის. 25 პროცენტს გვიტოვებს. ამიტომაც დაინტერესებული ვარ, რომ თქვენი გაზეთი მეტი გავასაღო. ახლა ყოველ კვირაში 16-17 ცალი მეყიდება. ასე იყო წინა კვირაშიც.

საერთოდ კი, უნდა გითხრათ, რომ გაზეთებს უფროსი თაობა კითხულობს, ახალგაზრდობას ნაკლებად აინტერესებს…

ერთ დროს ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით.

არმაზ სანებლიძე

P.S. დგანან ასე, მადლობა ღმერთს, წლევანდელი თბილი შემოდგომის დღეებში ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწის მომხმარებლებამდე მიმტანი ადამიანები ქუჩაში, იდგებიან თოვლსა და წვიმაში, და, როგორც ამინდის პროგნოზის გამხმოვანებელი გოგონა ეკრანიდან აცხადებს, “მსუბუქი ნიავის” შემთხვევაშიც.
ჩვენ კი, შრომის განაწილების პრინციპს დამორჩილებული ჟურნალისტები, პროფესიული ჭიპლარით მათზე მიბმულები დავრჩებით.
სანამ ვიარსებებთ, ანუ მანამდე, სანამ შეკითხვა “ვინღა კითხულობს გაზეთებს?”, რიტორიკული ცნობისმოყვარეობის გამომხატველ ფუნქციას არ დაკარგავს.
ა.ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here