Home ახალი ამბები საქართველო ვინ მობანს პირს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს?

ვინ მობანს პირს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს?

გზა საქართველოს უკრაინიზაციისა

389
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი ზერელე წარმოდგენებითა და ზედაპირული (თავს ვიკავებ სიტყვაქარაფშუტულისგამოყენებისგან) მიდგომებით იმ მოვლენის მიმართ, რომელიც  ჩვენი სამშობლოსთვის  შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

 პრეზიდენტი შეეხო „ქართული ოცნებიდან“  წასული ოთხი დეპუტატის  (გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის)მიერ  წამოჭრილ საკითხებს, რუმლებიც არა მხოლოდ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის უხეშ და მომხმარებლურ დამოკიდებულებას ეხება. მან აგდებით მოიხსენია დეპუტატები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” იმიტომ გაემიჯნენ, რომ მრავალი ისეთი შეკითხვა გაუჩნდათ, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში ყოფნისას საჯაროდ რომ ვერ იტყოდნენ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად მათ მეტად სარისკო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. ისინი მოვლენებს ასე ხედავენ, შექმნილ ვითარებას ასე აფასებენ და მათი პოზიციის სისწორის დამადასტურებელი არგუმენტებიც მოაქვთ. ისინი კანონებს არ წერენ, მათ საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვთ ის, რაც ხალხისგან დაფარული რჩება იმის გამო, რომ მმართველი პარტია ამ ფაქტებისა და დოკუმენტების გასაჯაროებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს. ნამდვილად არასტანდარტული და არაორდინალური სიტუაციაა, მაგრამ მსოფლიოშიც ხომ ასეთივე ვითარებაა შექმნილი. გლობალური კატასტროფის წინაშე მდგარი მსოფლიო შფოთავს, ბორგავს და უფრო ღრმად იძირება ჭაობში, რომელშიც ისედაც ყელამდეა ჩაფლული. ამ რეალობაში დასავლეთის  შაბლონებით აზროვნება, რომ ბოროტების ერთადერთი სათავე რუსეთია, ხოლო თვით დასავლეთს გარე სამყაროს მიმართ მხოლოდ ჰუმანისტურალტრუისტული დამოკიდებულება ამოძრავებს, პოლიტიკურ შარლატანობასა და ქარაფშუტობაზე მეტია. როდესაც დგება ჟამი ზესახელმწიფოთა შორის გარდაუვალი სამხედრო დაპირისპირებისა, რომელ ჰუმანისტობაზეა საუბარი, აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ისე გადაუვლიან პატარა სახელმწიფოებს, რომ წარბსაც არ შეიხრიან. დიდ სახელმწიფოებს დიდი სახელმწიფოების ლოგიკა აქვთ, პატარა სახელმწიფოებს კი პატარა სახელმწიფოების ლოგიკა უნდა ჰქონდეთ. დიდი სახელმწიფოების ლოგიკა საკუთარი ძლიერებისა და გავლენების გაფართოების ლოგიკაა, ურომლისოდაც ისინი დაკნინებას იწყებენ და ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე ეშვებიან. პატარა სახელმწიფოების ლოგიკა კი, პირველ რიგში, თვითგადარჩენის ინსტინქტით უნდა იყოს ნასაზრდოები, რადგან ისინი მუდმივად ამ პრობლემის წინაშე დგანან.

ასეთია დიდ და პატარა სახელმწიფოთა თანაარსებობის არცთუ სამართლიანი კანონი, რომელიც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა იგი ვინმეს, ამიტომ არც ერთი ზესახელმწიფოს ხელისუფალს არ აქვს უფლება, საკუთარი ძლევამოსილების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის არ იზრუნოს, და არც ერთი პატარა სახელმწიფოს ხელისუფალს არ აქვს უფლება, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ფიზიკური არსებობის ბედი სასწორზე შეაგდოს. ამ კანონის დარღვევის საბედისწერო მაგალითები (როგორც ერთი, ასევე მეორე თვალსაზრისით) არსებობს. საბჭოთა კავშირი, რომლის ხელისუფლებამაც ზესახელმწიფოს ძლევამოსილებაზე მაღლა დასავლური ღირებულებები დააყენა, დაიშალა. სხვათა შორის, იმავე გზას ადგა ელცინის რუსეთიც, რომელიც ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამდე დასავლეთის დაკრულზე ცეკვავდა და დაშლისკენ მიექანებოდა. ეს რაც შეეხება ზესახელმწიფოებს. გვაქვს მეორე მაგალითიც.

უკრაინამ, რომელიც პირდაპირი გაგებით, პატარა სახელმწიფო არ არის, მაგრამ ზესახელმწიფოებთან შედარებით მაინც პატარა სახელმწიფოს კლასიფიკაციაში თავსდება, როდესაც თვითგადარჩენის ლოგიკაზე წინ დასავლეთის ინტერესები დააყენა, საკუთარ თავს იმ მასშტაბის დამანგრეველი დარტყმა მიაყენა, რომ იმ სახით, რომლითაც აქამდე არსებობდა, მომავალში ვეღარ იარსებებს. ეს მაგალითები იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთმა ზესახელმწიფომ არ უნდა გაიმეოროს ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც 30-35 წლის წინათ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ დაუშვა, და არც ერთმა პატარა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ის შეცდომა, ომელსაც  ახლა უკრაინის ხელისუფლება უშვებს. ამ ზოგადი ხასიათის მსჯელობის შემდეგ, ვნახოთ, რა ვითარება გვაქვს საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და, მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ, არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც, მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს. აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემაზე, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვები – ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში”.

საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება ზუსტად იმ სულისკვეთებითაა გაჯერებული, ომელი სულისკვეთების განცხადებებიც უკრაინიდან ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და რაც უკრაინას უზარმაზარ ტრაგედიად მიუბრუნდა.

სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია დასავლეთის ინტერესების სადარაჯოზე დგომაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის ფასად. უფრო სწორად, ესაა საკუთარი (პირადი) ინტერესებისთვის საქვეყნო ინტერესების გაწირვა. საქართველოს პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის, რომ უკრაინის ხელისუფლების გვერდით დგომა აშშ-ის ხელისუფლების გვერდით დგომაა. მან ისიც შესანიშნავად იცის, რომ ამერიკელების გვერდით დგომა რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია, რაც საქართველოსაც, შესაძლებელია, იმავე ბუმერანგად შემოუბრუნდეს, რომელიც უკრაინას შეუბრუნდა. იცის ეს ყველაფერი ქალბატონმა პრეზიდენტმა, მაგრამ… სწორედ აქ აკეთებს იგი მძიმე (უზნეო) არჩევანს პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის პირადის სასარგებლოდ. ეს არჩევანი მან უკრაინის მოვლენების პირველსავე დღეებში გააკეთა. ალბათ, გემახსოვრებათ პარლამენტის წინ მოხსენებით წარმდგარი ზურაბიშვილის ის განცხადება, რომელშიც მან რუსეთს, მისი აზრით, ისტორიული განაჩენი გამოუტანა: ”დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია; უკრაინელი მეომრების თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!”

სალომე ზურაბიშვილის მგრძნობიარე გული, არა მგონია, უკრაინისა და უკრაინელების სიყვარულს აეფორიაქებინოს ასე ძალუმად. არა, მისი გული დაბადებიდანვე დასავლეთს არის შენამსჭვალები, რადგან იგი პირდაპირი შთამომავალია იმ მენშევიკი ქართველებისა, რომლებიც, როგორც დასავლეთისმეხუთე კოლონა“, სტალინმა 1921 წელს საქართველოდან გარეკა. ქალბატონ სალომესთვის, ერთი მხრივ, რუსოფობია და, მეორე მხრივ, დასავლეთის მიმართ მონური მორჩილება სულში, სისხლში, გენში, ძვალსა და რბილში, ცნობიერსა და არაცნობიერში გამჯდარი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არ იკურნება, ამიტომ ამ ქალბატონის შეგონებანი საქართველოს ვერ გამოადგება, ვინაიდან ესაა ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციისკენ სავალი პირდაპირი და უმოკლესი გზა.

იქნებ დამთხვევაა, იქნებ არც არის დამთხვევა, რომ პრეზიდენტის ამ განცხადებას დასავლეთიდან პოლიტიკოსთა და დიპლომატთა დელეგაციის ვიზიტი მოჰყვა. დააკვირდით, რა მასშტაბის პროვოკაციული განცხადებები გაკეთეს მათ ცხინვალის მისადგომებთან.

კულტ ვოკერი (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში): “ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ბორდერიზაციაც მიმდინარეობს. ახლა მსოფლიოს ყურადღება უკრიანაზეა გადატანილი, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები იქ არ დაწყებულა, საქართველოში დაიწყო. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქ არის. პირველი პრობლემა, რომელზეც ევროკომისიამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის პოლარიზაცია და ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეს რის ამ ქვეყნის გაწევრება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე, ასევე ნატოში. როგორც ჩვენ ვიხილეთ ფინეთისა და შვედეთის მაგალითით, არ არსებობს უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპაში, თუ არ ხარ ევროკავშირსა და ნატოში, ამიტომ ეს უნდა იყოს ყველას მიზანი ამ ქვეყანაში”.

კიდევ უფრო პროვოკაციული და პირდაპირ ომისკენ მოწოდება იყო ვინმე დარია კალენიუკის განცხადება: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გესმით, ეს ომი თქვენი ომიც არის”.

საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, შეკითხვას სვამდეს, უკრაინელი ფაშისტების ომი რუსეთთან რატომ არის ჩვენი ომი, ყოველივე ამის ფონზე თავს უფლებას აძლევს, გვითხრას, რომ დასავლეთის სურვილი და მოწოდებები ომში საქართველოს ჩართვის შესახებ ტყუილი და გამოგონილია. ეს, ალბათ, დასავლეთისთვის პირის მობანვის მცდელობაა. სულ მალე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც იგივე პროცედურა დასჭირდება. საინტერესოა, გამოჩნდება ვინმე, ვინც მისთვის პირის მობანვას მოისურვებს? არ არის გამორიცხული, რომ იგი პირმოუბანელი დარჩეს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here