Home ახალი ამბები საქართველო ვინ არის დაინტერესებული საქართველოში ყველაფრის გაძვირებით

ვინ არის დაინტერესებული საქართველოში ყველაფრის გაძვირებით

ევროპა და ამერიკა ჯიუტად ცდილობენ, საქართველო რუსულ ბაზარს ჩახსნან და ეს იმის ფონზე, რომ სავაჭრო ურთიერთობების ყველა მიმართულებით საქართველოს მთავარი პარტნიორი სწორედ რუსეთია

445
ანტუანეტა მონსიო საიე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ანტუანეტა მონსიო საიემ საქართველოს შესახებ ისაუბრა და შენიშვნებიც მოგვცა. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები უნდა შეამციროს. როგორც ქალბატონი ანტუანეტა  ამბობს, 2021 წელს სწორედ ეს შეღავათები დაუჯდა ბიუჯეტს 2.76 მლრდ ლარი, 2020 წელს  – 2.5 მლრდ, ანუ ბიუჯეტში შეღავათების გამო ეს თანხა არ შევიდა. ერთი შეხედვით,  ქალბატონ ანტუანეტას განცხადება გონივრულია და, მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულეებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ…

სახელმწიფოს შეღავათები რომ არ გაეკეთებინა და ეს ფული ამოეღო, როგორ გგონიათ, ვისი ჯიბიდან წავიდოდა ეს თანხები? ვიღაც იტყვის, –  ბიზნესი გადაიხდიდაო, მაგრამ ბიზნესი ამ დანაკარგს მოსახლეობისგან ამოიღებდა.  რეალურად, სახელმწიფომ შეღავათი რიგით ადამიანებს გაუწია და მოსახლეობაში ლამის 3 მილიარდამდე ლარი დატოვა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, აღნიშნული თანხა რომ წაეღო ბიუჯეტს და რამდენ ადამიანს დაუდგებოდა იმაზე დიდი ფინანსური პრობლემა, ვიდრე დღეს აქვს. შეთქმულების თეორიების არ გვჯერა, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ბოლო ხანს საერთაშორისო ორგანიზაციებისა  თუ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები მიმართულია ერთი რამისკენ  – მოსახლეობას იმაზე მეტად გაუჭირდეს, ვიდრე ახლა უჭირს…

მიმდინარე წლის  11 თვეში საქართველომ, საერთო ჯამში, 1.2 მლრდ დოლარის ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კი გვეუბნებიან, ნავთობპროდუქტების მიმართულებით მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანიაო, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანი მეხუთე ადგილზეა 51.2 მილიონი დოლარით, მეოთხე ადგილზე მყოფი ბულგარელებისგან 114.8 მილიონი დოლარის ნავთბპროდუქტები ვიყიდეთ, 150.7 მილიონი დოლარი გადავიხადეთ თურქმენულ ნავთობპროდუქტებში, მეორე ადგილზე, გაგიკვირდებათ და, რუმინეთია  233.8 მილიონი დოლარით.რაც შეეხება მთავარ პარტნიორს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში,  ყველაზე მეტი და, რაც მთავარია, ყველაზე იაფად, ნავთობპროდუქტები რუსეთისგან  შევიძინეთ და, საერთო ჯამში, მთლიანი თანხის ნახევარი – 561.8 მილიონი დოლარი გადავიხადეთ.

იმის მიუხედავად, რომ რუსული ნავთობპროდუქტები ყველაზე იაფია და ყველაზე ხარისხიანიც, დასავლელი პარტნიორები, პრაქტიკულად, ხელების გადაგრეხვით გვიკიჟინებენ, რომ რუსეთისგან  არაფერი ვიყიდოთ. თურმე, რუსეთის ეკონომიკა მთავარ შემოსავალს სწორედ აქედან იღებს და საქართველომ ხელი არ უნდა შეუწყოს რუსული ეკონომიკის განვითარებას. ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის მთავარი შემოსავალი ხორბალია და არა ნავთობი, დასავლელმა ლიდერებმა მიაჩუმათეს, რადგან მიხვდნენ, რომ რუსული ხორბლის გარეშე ევროპა, აზია და აფრიკის ქვეყნები შიმშლისთვის იყვნენ განწირულნი და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთმა ხორბალი შეუფერხებლად მიაწოდოს ლამის მთელ მსოფლიოს. აი, ნავთობპროდუქტები კი ამერიკასაც ბევრი აქვს და ურჩევნია, თავისი გაყიდოს, თანაც, რუსული პროდუქციის სანქცირებისა და ზედა ზღვარის დაწესების ფონზე, გაყიდოს ძვირად.

დღევანდელი  მდგომარეობით  ბაზარზე  ბარელი ნავთობის  ფასი ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქცირებული ფასის ფონზე რუსეთი სერიოზულ ზარალს განიცდის. ამბობენ კიდეც დასავლელი ექსპერტები, რუსეთის ზარალი კონკრეტულად ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარია და საქართველოც ვალდებულია, რუსეთს ჩაეხსნასო. ჯერ ერთი, თუ რუსეთის ზარალი ლამის ყოველდღიურად  მილიარდობით დოლარია, საქართველოს წილი უმნიშვნელოზე უმნიშვნელო გამოდის, 11 თვეში ნახევარ მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი გადავიხადეთ და ესეც არ იყოს, რუსულ ბაზარზე უარის თქმის შემდეგ უნდა ვიყიდოთ სხვა, უფრო ძვირად ღირებული პროდუქცია და, შესაბამისად, ისედაც ძვირი საწვავი კიდევ უფრო გავაძვიროთ? სწორედ ეს არის საინტერესო – ვინ არის დაინტერესებული  იმით, რომ   საქართველოში ყველაფერი გაძვირდეს? ჰო, ყველაფერი, რადგან არც ისე დიდი ხნის წინათ, დასავლეთი იმასაც გვიმტკიცებდა, ხორბალი, რომელიც 100%-ით რუსეთიდან შემოგაქვთ, სხვა ქვეყნისგან იყიდეთო და მერე გაირკვა, რომ ის „სხვა ქვეყანა“ ამერიკა უნდა ყოფილიყო და მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი ხორბალს  სამჯერ გააძვირებდა.  მოთხოვნის აბსურდულობაში დასავლეთი მალე დარწმუნდა, მით უმეტეს, რუსულ ხორბალზე ისეთი ამბავი ატყდა, მთელმა ევროპამ ამოიღო ხმა და ეს თემა საქართველოსთვისაც დახურეს, ნავთობი კი…

წლების წინათ,  იტალიაში ეკონომიკური კრიზისის დროს, ქუჩაში დიასახლისები გამოვიდნენ და ცარიელ ქვაბებს კოვზებს უბრახუნებდნენ, აქაოდა, საჭმელი არ გვაქვსო.  ქვეყანაში  ხელისუფლება შეიცვალა და ამ ყველაფერს „ქვაბების რევოლუცია“ დაარქვეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეკონომიკურ ნიადაგზე  შესაძლებელია სოციალური აფეთქება მოხდეს და მშიერი ადამიანის შეჩერება გამორიცხულია. ჩვენი აზრით, ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპა და ამერიკა, ჯიუტად ცდილობენ, საქართველო რუსულ ბაზარს ჩაეხსნას და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ სავაჭრო ურთიერთობების ყველა მიმართულებით მთავარი პარტნიორი საქართველოსთვის სწორედ რუსეთია. რუსეთში ვყიდით ყველაზე მეტ პროდუტს  და რუსეთისგან ვყიდულობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს. თანაც რუსული პროდუქტები ხარისხითაც და ფასითაც ყველას სჯობს და მტკიცება იმისა, რომ წვალებით აწყობილი სქემა დავანგრიოთ, ცოტა არ იყოს, სიგიჟედ ჩანს. თუმცა ამ სიგიჟის განხორციელებას ჯიუტად ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი, როცა ხელისუფლებაში იყო,  ამ  საქმიდან არაფერი გამოუვიდა, რადგან, ძვირის გადახდის შემთხვევაშიც კი, გაირკვა, რომ სხვა ქვეყნებს, „სტრატეგიულ პარტნიორებს“, უბრალოდ არ აქვთ იმის რესურსი, 4-მილიონიანი ქვეყანა მუდმივად მოამარაგონ და კვებონ. ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ ევროპა და ამერიკა მზად იყვნენ, საქართველოსთვის სესხი მიეცათ, რათა ამ სესხით ძვირი პროდუქტი მათგან  გვეყიდა, მაგრამ არც ეს გამოვიდა – ევროპას რესურსის არქონის გამო ჩავეხსენით, ამერიკიდან შემოტანის შემთხვევაში კი  ყველაფრის ფასი სამჯერ იზრდებოდა, რაც არც ამერიკელებს აძლევდათ ხელს, არც იმჟამინდელ ხელისუფლებას და არც მოსახლეობას.

სამაგიეროდ, იმავე ამერიკასა და ევროპას დღესაც აქვთ რესურსი, ქართული პროდუქცია მიიღონ და სრულად აითვისონ; აითვისონ იმ დონეზე, რომ, რუსეთში გასატანი კი არა, ჩვენთვისაც არ დაგვრჩება, მაგრამ  არ სურთ ამის გაკეთება და  იმასაც გვირჩევენ, რუსეთშიც არ გაიტანოთო. ანუ, ის მცირე რაოდენობის პროდუქტებიც კი, რომლებიც ექსპორტზე რუსეთში გაგვაქვს, საქართველოში უნდა დარჩეს და, უბრალოდ, გაფუჭდეს, დალპეს, დაძმარდეს. არ გვიშვებს არც ევროპა და არც ამერიკა თავიანთ ბაზარზე და ქართველი მეწარმეები მაინც ჯიუტად იმეორებენ: მთავარი მიზანი ევროპულ ბაზარზე შესვლააო. არადა, პროდუქციის 90%-ზე მეტს   რუსეთში ყიდიან, დანარჩენ 10%-ს  50 ქვეყანაში ანაწილებენ. მარტო ის რად ღირდა, შარშან საზეიმოდ რომ გვამცნეს: არაბულ ბაზარზე შევედით, დუბაიში ქართული ვაშლატამა იყიდებაო. მერე გაირკვა, რომ  ლაპარაკი იყო 100 კილოგრამზე, რომელიც, სავარაუდოდ, ვიღაცამ მეგობრებს საჩუქრად ჩაუტანა. იმ წელს რუსეთში 4 მლნ კილოგრამი ვაშლატამა გავყიდეთ და ეს არავის უხსენებია, არაბულ 100 კილოს კი  ტაში დაუკრეს და ბრიფინგი მიუძღვნეს. მას შემდეგ არავის უთქვამს, არაბეთში თუნდაც ერთი კილოგრამი  ხილი გაგვეყიდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის რეკომენდაცია შემთხვევითი არ არის _ საქართველომ  წელს პირველად მოახერხა საგარეო ვალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ  მაინც წინ მივიწევთ და ეს სწორედ იმ შეღავათების ფონზე, რომლებიც დაგვიწუნეს.ოპოზიციის უუნარობისა და ადამიანური რესურსის არქონის ფონზე მოსახლეობაში უკმაყოფილების მატების ერთადერთ გზად სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება. ქართულმა მხარემ წელს ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზეც უარი თქვა.  ამან  დიდი რეზონანსი გამოიწვია და არ მოეწონათ. არ მოეწონათ იმიტომ, რომ აქამდე გადაგდებულ თითოეულ ლუკმას საქართველო ჰაერში იჭერდა, ახლა კი… ჰოდა, სწორედ ამიტომ ახალი წლიდან დასავლეთისგან ეკონომიკური მარწუხების მოჭერას ველოდებით, იმასაც ველოდებით, რომ დაპირებულ სანქციებს, რომლებიც რეზოლუციაში გაწერეს, განახორციელებენ და ვინ იცის, შესაძლოა, კონკრეტული სავაჭრო არეალიც კი შემოგვისაზღვრონ.  ახლა  საქართველო იბრძვის ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის და ამის უფლებას მარტივად  არ მოგვცემენ, მაგრამ დაწყებული საქმე აუცილებლად  ბოლომდე  უნდა მივიყვანოთ და  ყველას  გვახსოვდეს, რომ მთავარი ის კი არ არის, როგორ განწყობაზე იქნება ჯო ბაიდენი ან ოლაფ  შოლცი, არამედ ის, როგორ განწყობაზე იქნება საქართველოს მოსახლეობა.

დამდეგს გილოცავთ, ქართველებო!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here