Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ არიან ყირიმის ხიდზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორები  და შემსრულებლები

ვინ არიან ყირიმის ხიდზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორები  და შემსრულებლები

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული აქტის პირველი დეტალები გამოაქვეყნა

169

12 ოქტომბერს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის პირველი დეტალები გამოაქვეყნა, _ იუწყება ukraina.ru

ყირიმში, ქერჩის სრუტეზე აგებულ ხიდზე ტერაქტი 8 ოქტომბერს მოაწყვეს _ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო ავტომობილი დილით ხიდზე მოძრაობისას აფეთქდა. დაიღუპა 4 ადამიანი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, ყირიმში ტერორისტული აქტის მთავარი ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილე ბუდანოვი, შემსრულებლები იყვნენ ამ სამმართველოს თანამშრომლები და მიზიდული აგენტურა.

აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის ლენტის რულონებში, რომელთა საერთო წონაც 22 770 კგ-ს შეადგენდა.  ტვირთი გაგზავნილი იყო ოდესიდან ზღვით ბულგარეთის პორტ რუსეში. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შპს “ტრანსლოგისტიკ უა”-სა (კიევი) და Baltex Capital S. A. -ს (რუსე) შორის. ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ: უკრაინის მოქალაქეები მიხეილ ვლადიმერის ძე ციურკალო (დაბადებული 1975 წელს), დენის ოლეგის ძე კოვაჩი (1979 წ) და რომან ივანეს ძე სოლომკო (1975 წ), საქართველოს მოქალაქეები _ სანდრო ინოსარიძე და ბროკერი სახელად ლევანი, აგრეთვე, სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985 წ).

ტვირთმა 3 ოქტომბერს ერევანში განბაჟებისა და საბუთების შეცვლის შემდეგ (მიმღებადDჩაწერეს შპს “ლიდერი” (მოსკოვი), რუსეთის საზღვარი 4 ოქტომბერს საქართველოს გავლით (ზემო ლარსის გამშვები პუნქტი) ქართული რეგისტრაციის DAF-ის სატვირთო მანქანით გადაკვეთა. ორი დღის შემდეგ ტვირთი გადაიტანეს არმავირის საბითუმო ბაზაზე კრასნოდარის მხარეში. 7 ოქტომბერს სოლომკოს, უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ვასილი ძე ზლობას (1987 წ) და რუსეთის კიდევ 5 იდენტიფიცირებული მოქალაქის დახმარებით ტვირთს საბუთები კვლავ შეუცვალეს, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34″ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღებად _ არარსებული კომპანია ყირიმში. იმავე დღეს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მახირ იუსუბოვის (1971 წ.) სატვირთო ავტომობილში, რომელიც სიმფეროპოლში გაემგზავრა, ხოლო 8 ოქტომბერს, 06:03 საათზე, ყირიმის ხიდზე მოძრაობისას მოხდა აფეთქება. მთელ მარშრუტზე ტვირთს გადაადგილებას თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც თავს წარადგენდა ივანე ივანეს ძედ. ის კოორდინაციისთვის იყენებდა როგორც ქსელში შეძენილ ვირტუალურ ანონიმურ ნომერს, ასევე რეგისტრირებულს უკრაინის მოქალაქის, კრემენჩუგელი (პოლტავის რაიონი) სერგეი ვლადიმერის ძე ანდრეიჩენკოს (1988 წ) სახელზე. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აღნიშნეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტის გამოძიება გრძელდება.

გამოძიების ფაქტებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გამოეხმაურა: ამ უწყების წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ტელეარხ “Суспільне”-ს ეთერში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობას “სისულელე” უწოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://aif.ru/society/safety/12_druzey_budanova_chto_izvestno_o_podozrevaemyh_v_chp_na_krymskom_mostu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here