Home ახალი ამბები საქართველო ვამპირი ვერ ძღება რუსებისა და უკრაინელების სისხლით

ვამპირი ვერ ძღება რუსებისა და უკრაინელების სისხლით

592

პერფორმანსის ბებია

1974 წელი.

იტალიის ქალაქი ნეაპოლი.

იუგოსლავიელი მხატვარი ქალი, ოცდარვა წლის მარინა აბრამოვიჩი უცნაურ ფსიქოლოგიურ (სოციალურ-ფსიქოლოგიურ) ექსპერიმენტს ატარებს, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: სხვასთან დამოკიდებულებაში სრული თავისუფლების მოპოვების ვითარებაში რა ემართებათ ადამიანებს და როგორ იქცევიან ისინი?

ექსპერიმენტის დროს, რომელიც ჩატარდა ნეაპოლის ცენტრში მდებარე საგამოფენო სტუდიაში (“მორო“), მხატვარი ქალი ექვსი საათის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა დარბაზში მაგიდასთან, სადაც ეწყო სამოცდათორმეტი სხვადასხვა ნივთი (“ხელსაწყო“), რომელთა გამოყენებითაც მნახველებს შეეძლოთ ქალისთვის გაეკეთებინათ, რასაც მოისურვებდნენ (რაც თავში მოუვიდოდათ). “ხელსაწყოთაშორის იყო ღვინო, პური, ასანთი, საპარსი, ლურსმანი, დანა, საპონიპისტოლეტიც კი.

თავდაპირველად მოვლენები მშვიდად განვითარდა – გოგონას ვიღაცამ ღვინო მიაწოდა, ვიღაცამ – თაიგული. ისინი მხოლოდ უწყინარ “ინსტრუმენტებს” იყენებდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვითარება თანდათან შეიცვალა, ვიღაც  უხეშად შეეხო ქალს, ვიღაცამ მისთვის მკლავის ამოტრიალება სცადა. შემდგომ მოქმედებებში უკვე სექსუალური ვნებები გამოიკვეთა. შემდეგ ვიღაცამ დაიწყო ქალის ტანსაცმლის დაჭრა, რაც დანარჩენებმა ენთუზიაზმით განაგრძეს. ცოტა ხანში ქალი თითქმის შიშველი დარჩა. ბოლო ორი საათის განმავლობაში მას ცივი წყლით წუწავდნენ და ლურსმნებით ჩხვლეტდნენ. შემდეგ ვიღაცამ ქალს ყელის არეში საპარსი გაუსვა და კანი გადაუსერა, თვითონ კი ვამპირივით  სისხლის ამოწოვა სცადა. ბოლოს ვიღაცამ ქალს ხელში პისტოლეტი ჩაუდო, შემდეგ მკლავი ამოუტრიალა და ჩახმახზე შეყენებული იარაღი საფეთქელზე მიადებინა. ზოგიერთებში ამ მოქმედებამ პროტესტი გამოიწვია და დარბაზში ჩხუბი და აყალ-მაყალი დაიწყო.

ამ ექსპერიმენტში გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ იგი საგამოფენო დარბაზში ხალხის თვალწინ მიმდინარეობდა, რაც მონაწილეებს შინაგანად ზღუდავდა. იქ კი, სადაც ისინი ხალხის დასწრებისგან დაცულები იქნებოდნენ,  ანუ სრულიად თავისუფლად და მხოლოდ საკუთარი ვნებების კარნახით იმოქმედებდნენ, სავარაუდოდ, გაცილებით მეტ სისასტიკეს გამოავლენდნენ, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოახერხეს.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანი მისი ვნებებით ცხოველისგან ძალიან შორს არ არის წასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელსაყრელ სიტუაციაში (ნებადართულობის შემთხვევაში) იგი ცხოველურ საწყისს ადვილად (სიამოვნებითაც) უბრუნდება.

მარინა აბრამოვიჩს კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული. ათეულობით წლების გასვლის შემდეგ მას “პერფორმანსის ბებია” შეარქვეს, მაგრამ ნეაპოლში ჩატარებული ექსპერიმენტი ისეთი მძაფრი გამოდგა, რომ იგი ფსიქოლოგიის ბევრ  სახელმძღვანელოშია შეტანილი.

რისთვის დამჭირდა ამ უცნაური ექსპერიმენტის გახსენება?

ზნეობა საკუთარი თავის შეზღუდვაა, ყოვლის ნებადართულობისგან შეზღუდვა. სიკეთეც შეზღუდვაა. ერთიც და მეორეც სხვაზე ზრუნვის სურვილი და შინაგანი მოთხოვნაა. დააკვირდით: არა – მოვალეობა, არამედ სურვილი და მოთხოვნა, რომელიც რაღაცით მეტია მოვალეობაზე, საკუთარ თავშივე დაუძლეველი შინაგანი ხმაა სინდისისა, ბუნებრივად და ძალდაუტანებლად რომ დგება ყველაფერზე მაღლა. ამაშია მთავარი სირთულე. ღვთაებრივი საწყისი ზღუდავს ადამიანს, სატანური საწყისი კი შეზღუდვებისგან ათავისუფლებს მას. ღმერთი კარნახობს, ასწავლის, შთააგონებს, სატანა ღმერთით შთაგონებულისგან გადახვევისკენ უბიძგებს, ანუ აცდუნებს. ცდუნება თავისუფლების, ხორციელი ტკბობისა და მოვალეობის აღსრულებისგან თავის არიდების ხიბლით ხორციელდება. ღმერთის გზა რთული, ზრუნვით აღსავსე, შრომატევადი და დამღლელია, სატანის გზა კი – მარტივი, უზრუნველი, საზარმაცო და ფუქსავატური. ადამიანს ეძნელება პირველი და ეიოლება მეორე, უჭირს ღმერთის გზაზე შედგომა და სიამოვნებს ცდუნებების გზით სიარული.

მარინა აბრამოვიჩი_პერფორმანსის ბებია

ყოვლის ნებადართულობა ადამიანიდან სოციუმზე, სოციუმიდან კი სახელმწიფოზე გადადის. სხვებზე გაბატონება და ჰეგემონიზმი სახელმწიფოებრივ დონეზე ცდუნებას ნიშნავს, რომელიც რყვნის სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც.

ექსპერიმენტი, რომელიც ადამიანური ვნებებისთვის თავისუფლების მინიჭებასა და სრულ შეუზღუდავობას ეხებოდა, სხვა ადამიანის (ამ შემთხვევაში, ექსპერიმენტის ობიექტის) განადგურების წინაპირობად იქცეოდა, რომ არა საზოგადოების  შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც მაშინ ამოქმედდა, როცა წინა პლანზე ცეცხლსასროლმა იარაღმა წამოიწია. ბოროტებას ვერაფერი შეაჩერებს, გარდა ძალისა.

აშშ, რომელიც განუდგა ღმერთს, საბოლოოდ დაადგა ბოროტების გზას და თავისი  სამოქმედო არეალის გაფართოებას სატანური გზებით ცდილობს,  გარკვეულ შედეგებს აღწევს. მის იდეოლოგიურ არსენალში უმთავრეს ადგილს სწორედ თავისუფლება (სიტყვის, მოქმედების, გამოხატვის) იკავებს. თავისუფლება მართლაც უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ არა ის თავისუფლება, რომლითაც აშშ სპეკულირებს. ამ სახელმწიფოს იდეოლოგიური საყრდენი თავისუფლების ის გაგებაა, რომელიც მისი დიალექტიკური საპირისპიროსგან,  ანუ ზნეობრივი შეზღუდვებისა და მოვალეობისგან მოწყვეტილია. ეს არ არის თავისუფლება, ეს მისი პროფანაციაა, ეს აღვირახსნილობა და გარყვნილებაა, ეს სატანის იდეოლოგიაა!

* ნამდვილი თავისუფლება ზნეობრივი და შემოქმედებითი თავისუფლებაა!

* ნამდვილი თავისუფლება სიყვარულის თავისუფლებაა და არა  სიძულვილის თავისუფლება!

* ნამდვილი თავისუფლება სიკეთის კეთების თავისუფლებაა და არა ბოროტების ჩადენის თავისუფლება!

* ნამდვილი თავისუფლება მოვალეობის აღრულების თავისუფლებაა და არა  მისგან გაქცევის თავისუფლება!

* ნამდვილი თავისუფლება მორალური თვითშეზღუდვის თავისუფლებაა და არა   ყოვლის ნებადართულობის თავისუფლება!

* ნამდვილი თავისუფლება მშვიდობის თავისუფლებაა და არა   ომის თავისუფლება.

შენ თავისუფალი ხარ, –  უთხრეს უკრაინას, –  შემოდი ნატოში, რათა დაირღვეს ბირთვული პარიტეტი და სამხედრო ბალანსი, რომელიც უკიდურესად მილიტარიზებულ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა. შემდეგ კი  ერთად დავამარცხოთ რუსეთი. საქართველოსაც და სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებსაც იგივე უთხრეს, ანუ ბირთვულ  ზესახელმწიფო რუსეთს ისე შემოაფლითეს სამოსელი (ბუფერული ზონა), როგორც ნეაპოლში გამართული ექსპერიმენტის ობიექტ ქალს. ცხოველმა გაიღვიძა დასავლეთში, რომელმაც სისხლისა და ლეშის სუნი იკრა. ამით გაშმაგებულმა უკრაინასაც და რუსეთსაც ყელში დანა გამოუსვა და დააცხრა ზედ ვამპირის ჟინით.  – უკრაინაში სწორედ იქ, სადაც რუსი და უკრაინელი ხალხის სისხლი უნდა ვსვა, ერთბაშად ძალა არ გამომეცალოს, – წუხს და ფრთხილობს დასავლეთი და კუდს იქნევს ევროპასა და ამერიკაში: აბრამსისა და ლეოპარდის ტიპის ტანკები მომაწოდეთ, ინგლისური და ფრანგული ავიაგამანადგურებლები მომაშველეთ, ბირთვული შეიარაღება სრულ მზადყოფნაში იქონიეთ, რომ იარა, რომლიდანაც რუს და უკრაინელ ხალხს სისხლი  სდის არ შეიკრას.

ჯერ გამხეცდა, მერე კი სატანისკენ მიიდრიკა დასავლეთი. –  არანაირი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და უშიშროების საბჭო, ძირს ყველაფერი, რაც წესრიგის, მშვიდობისა და სამართლიანი თანაარსებობის გარანტად გვევლინება! – აცხადებს იგი და ვამპირის ეშვებით კვლავ მიიწევს ორი მოძმე ერისკენ, რათა მათ ერთმანეთის სისხლი აღვრევინოს, თვითონ კი ხარბად სვას იგი გაძღომამდე თუ გასკდომამდე.

აშშისთვის რუსეთი უპირველესი სამიზნეა, მაგრამ, ერთდროულად, იგი მთელ მსოფლიოში თესავს შუღლს, განხეთქილებას, მტრობას. დიდი სამამულო ომის შემდეგ რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთსიძულვილის დაძლევა ურთულესი საქმე იყო, მაგრამ  ეს ნაბიჯები ორივე მხრიდან გადაიდგა. ისინი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გზას დაადგნენ. ეს კი ორივე სახელმწიფოსთვის უაღრესად ხელსაყრელი იყო. უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალის მქონე გერმანიას ჰაერივით სჭირდებოდა რუსული ბუნებრივი აირი, რუსეთს კი  – გერმანული ბაზარი, რის გამოც აშენდა უნიკალური გაზსადენები “ჩრდილოეთის ნაკადი -1” და “ჩრდილოეთის ნაკადი -2”.

ვისი ხელით მოხდა  ბალტიის ზღვის ფსკერზე ამ  მილსადენების განადგურება?

დღეს არავისთვის საეჭვო აღარ არის, რომ დივერსია ამერიკელების მოწყობილია. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია  ნულანდი, რომელიც კიევის “მაიდანის” ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია, დაუფარავად აცხადებდა: “მე პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ რუსეთი უკრაინას თავს თუ დაესხმება, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ აღარ იარსებებს”. მილსადენების დივერსიულ აფეთქებას კი იგივე ნულანდი ასე შეხვდა: “მთელი ადმინისტრაცია ძალიან კმაყოფილია იმით, რომ რუსული მილსადენები ზღვის ფსკერზე ლითონის გროვად იქცა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი  ასეთ კომენტარს აკეთებს: “ამერიკის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი- 1“-ისა და “ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აფეთქება მათი ნახელავია. ამის შესახებ უკვე დაუფარავი კმაყოფილებითაც ლაპარაკობენ. აქ არის ერთი მომენტი; ჰეგემონს, რომელსაც არ სურს, რომ სადმე კონკურენტი გამოუჩნდეს, ყელში გაეჩხირა რუსებისა და გერმანელების ეროვნული შერიგება“.

ეს არის ერთი ნათელი მაგალითი სატანის იდეოლოგიის მოქმედებისა, რომელიც ყველგან და ყოველთვის ბოროტებას თესავს. ამერიკული ცხოვრების წესი სავსეა ასეთი მაგალითებით. ეს არის მოძალადე, ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ყოვლის ნებადართულობის სინდრომითაა შეპყრობილი.  ყოვლის ნებადართულობა, რომელიც, როგორც იუგოსლავიელი მხატვარი ქალის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტით მტკიცდება, ადამიანის ცნობიერების დაფარულ შრეებში მუდმივად ბოგინებს, დასავლურ პოლიტიკაში იგი ამა თუ იმ ეტაპზე აპოგეას აღწევს და ისეთ ანომალიად ამოხეთქავს ხოლმე, როგორიცაა კოლონიალიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი, ნეოფაშიზმი, გარყვნილების კულტი, მსოფლიო ჰეგემონიისკენ დაუოკებელი სწრაფვა და .. ეს ხდება დღესაც. ერთხელ კიდევ მიაღწია აპოგეას დასავლურმა გარყვნილებამ და უზნეობამ, დასავლურმა უსამართლობამ და ძალმომრეობამ. ამ უკიდეგანო ბოროტების შემჩერებელი მხოლოდ რუსეთია, ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში დასავლური ფაშიზმის შემჩერებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო. ახლაც ეს პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე, იმედია, გლობალური დაპირისპირებისა და ბირთვული კატასტროფის გარეშე მივა.

ვალერი კვარაცხელია                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here