Home ახალი ამბები საქართველო ტყირპიანი აგენტი, რომელმაც ჯერ გაყიდა და შემდეგ კი დაანგრია საბჭოთა ადამიანების მიწიერი...

ტყირპიანი აგენტი, რომელმაც ჯერ გაყიდა და შემდეგ კი დაანგრია საბჭოთა ადამიანების მიწიერი სამოთხე

305

ამბობენ, კარგი სათაური სტატიის წარმატების ნახევარიაო. აქედან გამომდინარე, გამოგიტყდებით, რომ ამ მხრივ, დიდი ხანია, იმდენი არ მიწვალია, რამდენიც წინამდებარე წერილის სათაურის შერჩევისას, მაგრამ შედეგით მაინც უკმაყოფილო დავრჩი. რა ვქნა, რაც არის, ეს არის. ამ ნაკლის ნიველირებას სტატიის შინაარსით შევეცდები, თუმცა აქაც, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა, რადგან .. კორექტულობის გამო იმ ეპითეტებს, რომლებსაც ამ წერილის მთავარი გმირი იმსახურებს და ჩემს გულში ხმიანდება, ალბათ, არავინ დამიბეჭდავს.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ სენტენცია _ „მიცვალებულზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს” _ არ ყოფილა მთლად სწორი. „არ ყოფილა“, ანუ ახლახან შეიქნა ჩემთვის ცნობილი  სწორი ვარიანტი _ „მიცვალებულზე ან არაფერს ლაპარაკობენ, ან მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა“… ამიტომ, და არა მხოლოდ ამიტომ, ჩემი დიადი საბჭოეთის ჯერ გამყიდველ და შემდეგ დამანგრეველ მიხეილ გორბაჩოვზე, რომელსაც 3 სექტემბერს მიაყარეს მიწა, ზემოხსენებული კორექტულობის გამო არ ვიტყვი „ჩაძაღლდას“ და მსგავს ეპითეტებს, რომელსაც უდავოდ იმსახურებს, მაგრამ მისთვის არც „გარდაიცვალა“ მემეტება, ამიტომ, უბრალოდ, ვიტყვი „მოკვდა“ და მაგის დამტირებლის დედაც ვატირე. ამას ვიტყვი XX საუკუნის „უდიდეს პოლიტიკოსზე, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა გეოპოლიტიკური პროცესების მიმდინარეობასა და რუსეთის დემოკრატიზაციის საქმეში“, _ ასე მოიხსენიეს ის კოლექტიურ დასავლეთში. გაიგეთ, ხალხო, თურმე გორბაჩოვი XX საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც _ პოლიტიკოსი, რომელსაც მკვეთრად შეუბრუნებია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები.

თუ ზემოთქმულს დავიჯერებთ, მაშინ ჩნდება კითხვა _ სად არის ან, საერთოდ, თუ არის სადმე ადგილი XX საუკუნის მართლაც ბუმბერაზი პოლიტიკოსებისთვის (რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი), რომლებმაც 1945 წელს იალტაში ევროპის ქვეყნებს შორის ახალი საზღვრების კონტურები გაავლეს და, რომ არა ე.წ. ცივ ომში აშშ-ის ილუზორული გამარჯვების გამო მადააღძრული ანგლოსაქსები, მსოფლიო ისევ იალტაში დადგენილი წესებით, ანუ უკრაინაში გაჩაღებული  დიდი ომის გარეშე იცხოვრებდა. ახლა შეიძლება მავანმა შემომიტიოს, _ ტყირპიანს თავისი ცოდვებიც ეყოფა, სად აშშ-სა და რუსეთ შორის უკრაინის მიწაზე მიმდინარე ომი და სად გორბაჩოვიო?

შუაში კი არა, თავშია, თუმცა მკვდარს ნუ ავკიდებთ ყველა ცოდვას, რადგან სამშობლოს გაყიდვა-დანგრევაში გორბაჩოვს აქტიურად ეხმარებოდნენ პოლიტბიუროს წევრები: მთავარი იდეოლოგი ალექსანდრე იაკოვლევი და საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. სწორედ ამ „ტროიკის“ სინდისზეა ე.წ. პერესტროიკა, ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება.

ბერლინის კედლის დანგრევაზე ერთი ისტორია გამახსენდა. გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი გენშერი მოგონებებში წერს, რომ, როდესაც ბერლინის კედლის დანგრევასა და ორი გერმანიის გაერთიანებაზე შეთანხმდნენ, მოსკოვმა ბერლინიდან სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ, სულ რაღაც, 2 მილიარდი მარკა მოითხოვა ბერლინიდან გაყვანილი სამხედროების ბინებით უზრუნველსაყოფადო. არადა, როგორც გენშერი წერს, გერმანია 100 მილიარდის გადასახდელადაც იყო მზად. რუსების მოთხოვნის მოსმენისას, ყურებს არ დავუჯერე, სიხარულისგან ლამის შევხტი და ემანდ, რუსებმა არ გადაიფიქრონ, სასწრაფოდ გადავიხადეთ იმ საქმისთვის დასახელებული მიზერული თანხა”, _ იგონებს გენშერი.

მოკლედ, გორბაჩოვისდროინდელ დიპლომატიას, უკაცრავად პასუხია და, „წაკუზული“ დიპლომატია ჰქვია. გორბაჩოვმა ისე წაიყვანა საქმე, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგების მთავარ შემოქმედ ქვეყანას, რომელმაც მხოლოდ ფაშისტების დედაქალაქის აღებას ათიათასობით ჯარისკაცი შესწირა, არათუ ბერლინში, გერმანიაში პატარა სამხედრო ბაზაც აღარ აქვს. არადა, “პერესტროიკამდესსრკ გერმანიაში ბირთვული ქობინებით შეიარაღებული ნახევარმილიონიანი არმია ეყენა და შიშის ზარს სცემდა დასავლეთს. რომ არაწაკუზული“, პირდაპირ ვთქვათ, მოღალატე დიპლომატია, რუსეთს გერმანიაში სამხედრო ბაზა მაინც ექნებოდა. ახლა კი რა სურათი გვაქვს _ გერმანიაში ნატოს (წაიკითხე, აშშ) ბაზებია განლაგებული.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან გორბაჩოვის კავშირს, სწორედ ის ენდო კოლექტიური დასავლეთის სიტყვიერ, დოკუმენტურად გაუფორმებელ დაპირებას, რომ ნატო ერთი დუიმითაც არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ანგლოსაქსების მიერ ყინულზე დაწერილი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ანგლოსაქსები, თუ დასჭირდათ, დოკუმენტურად გაფორმებულ შეთანხმებას არ ასრულებენ და ყინულზე დაწერილი რა პრობლემაა? დასავლეთის ძალისხმევით ნატო გაფართოვდა და მისი წევრების რაოდენობა 17-დან 30-მდე გაიზარდა… ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკრაინაში რუსეთის შეჭრას დაკარგული პოზიციების აღდგენის მცდელობაც შეიძლება ვუწოდოთ, ანუ ნატოს მიერ ყინულზე დაწერილი პირობის სამხედრო ძალით შესრულება.

ნიშანდობლივია, რომ მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი არ მივიდა, ვითომ გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო. მაგრამ, როგორც იტყვიან, ვინ ჭამს მაგას _ ამ დემონსტრაციული ჟესტით პუტინმა რუსეთის ხალხსა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ სსრკ-ის დანგრევა უდიდესი კატასტროფა იყო, რომლის მთავარი აქტორები  იყვნენ გორბაჩოვი, იაკოვლევი და შევარდნაძე… ჰო, კინაღამ დამავიწყდა ლოთბაზარა ბორის ელცინი, რომელმაც ტყირპიანს ხელისუფლება ცხვირწინ აახია და „ტროიკის“ დაწყებული მოღალატეობრივი საქმე წარმატებით დაასრულა.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here