Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთის მილსადენური დიპლომატია ცენტრალურ აზიაში

თურქეთის მილსადენური დიპლომატია ცენტრალურ აზიაში

202

თურქეთს ამოძრავებს მხოლოდ თავისი ეკონომიკური ინტერესები, თვით თურქული ძმობის იდეაც კი თანდათან ხდება ანკარის ფინანსური კეთილდღეობის მატებისა და პოლიტიკური წონის გაძლიერების ინსტრუმენტი, _ წერს ვებგვერდი cont.ws.

ახლა, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობის ვითარებაში, რომელიც დღითიდღე უარესდება, თურქეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ესარგებლა შემთხვევით და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე განემტკიცებინა თავისი, როგორც წამყვანი მოთამაშის, როლი, შედეგად, გაეზარდა გავლენა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში. საიდუმლო არ არის, რომ ანკარა, დიდი ხანია, განიხილავს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს, როგორც თურქთა საძმოს ქვეყნებს. თურქეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ეს თვალსაზრისი ასე ჩამოაყალიბა: „ერთი ერი _ ექვსი სახელმწიფო“, თუმცა კულტურული კავშირების განმტკიცება სულაც არ არის ის, რაც ამოძრავებს რესპუბლიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. უწინარესად, საუბარია პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის ძიებაზე _ ეს არის თურქეთის დიდ ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბება. პროექტი არა მხოლოდ მიიზიდავს მილიონებს ქვეყანაში, არამედ ანკარას მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური გავლენა მოახდინოს როგორც თავის მოკავშირეებზე, ასევე მის მტრებზე. ანკარის გეგმა კიდევ უფრო რეალისტურია ევროპაში ბუნებრივი აირის მილსადენებზე („ჩრდილოეთის ნაკადი 1“  და ჩრდილოეთის ნაკადი 2~) ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.

 ამ სცენარში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თურქეთის კავშირები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, ანკარის კავშირები აშხაბადთან. თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგით რუსეთის, ირანისა და ყატარის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამჟამად თურქმენული ბუნებრივი აირის მთავარი შემსყიდველი ჩინეთია. ანკარას გადაწყვეტილი აქვს, ხელში ჩაიგდოს თურქმენული ბუნებრივი აირის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერდოღანმა ერთ-ერთ გამოსვლაში დაუფარავად განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ თურქმენული ბუნებრივი აირი მალე კასპიის ზღვის გავლით დაიწყებს თურქეთში გადინებას“. აღსანიშნავია, რომ თურქეთი უკვე ყიდულობს ენერგომატარებლებს რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, ანკარა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ძირითადი შემსყიდველია, მაგრამ, ვინაიდან აზერბაიჯანის რესურსები შეზღუდულია, თურქეთის ხელმძღვანელობა ცენტრალურ აზიას თავისი გეოეკონომიკური სტრატეგიის ღერძად განიხილავს. ამასთანავე, თავისი გეგმების განხორციელების მიზნით თურქეთი სამომავლოდაც განაგრძობს თურქ ხალხთა ერთიანობის იდეის პროპაგანდას.

ერდოღანი უეჭველად განაგრძობს პანთურქიზმის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას, იმის გათვალისწინებით, რომ თურქი ხალხების უმეტესობას თურქეთთან ისტორიული, ეთნიკური და კულტურული კავშირები აქვს. ანკარამ მსოფლიოში პირველმა აღიარა ცენტრალური აზიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში. მას შემდეგ თურქეთი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რეგიონთან, მონაწილეობს ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პროექტებში, ამასთანავე, აფართოებს სამხედრო თანამშრომლობას.

თურქეთი წარმატებებს აღწევს ყირგიზეთში მეჩეთებისა და სკოლების გახსნითა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებით. ყაზახეთში თურქეთის ხელმძღვანელობა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს, ძირითადად, მსუბუქ მრეწველობაში. ამჟამად ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთის რესპუბლიკის წილი მოკრძალებულია. ანკარასა და ასტანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იმავე პერიოდში 13 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ანკარა უნდა გახდეს ევროკავშირისკენ მიმავალი ყაზახური ნავთობისა და იშვიათი ლითონების სატრანზიტო პუნქტი და შექმნას ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც დააკავშირებს თურქეთსა და ცენტრალურ აზიას. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ყაზახეთი დაამტკიცებს შეთანხმების პროექტს სატრანსპორტო დერეფნის შესახებ, რომელიც დააკავშირებს ჩინეთს ევროკავშირთან ყაზახეთისა და თურქეთის გავლით. საუბარია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელიც უფრო ცნობილია, როგორცშუა დერეფანი“. დრო შესანიშნავია თურქეთისთვის.

მსგავსი პროექტების რეალიზაციას (ყველა დერეფნისა და მილსადენის მშენებლობას), რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. სანამ თურქეთი ელოდება თავისი ენერგეტიკული სტრატეგიის განხორციელებას, უნდა ველოდოთ, რომ  მისი ლიდერები გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული მიზნების მისაღწევად, რომლებისკენაც ისინი მიისწრაფვიან ცენტრალურ აზიაში.

  მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://cont.ws/@uktamnamozov90/2462708

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here