Home ახალი ამბები საქართველო თერთმეტნიშნა ადამიანი

თერთმეტნიშნა ადამიანი

WELCOME ციფრულ ეპოქაში!

531

ტელევიზია  რა ფენომენია ეს?

პირველი რეგულარული გადაცემებიბიბისი“- 1936 წელს დაიწყო. ასე რომ, ტელევიზიას ჯერ საუკუნის ისტორიაც არ აქვს. მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიის ფენომენმა ადამიანის ფენომენი შეცვალა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (გაზეთი, რადიო) ტელევიზიის გამოგონებამდეც არსებობდა, მაგრამ ტელევიზია ყველა წინამორბედისგან თვისებრივად განსხვავებული აღმოჩნდა.

ტელევიზია ის უნიკალური მოვლენაა, რომელიც განურჩევლად იმისა,  რა გზით მივა მაყურებლამდე (სატელიტით, ეთერით, კაბელით, ინტერნეტით თუ რომელიმე სხვა ტექნოლოგიით), მიზანს ყოველთვის ერთნაირი წარმატებით აღწევს. საქმე მის უნივერსალურობაშია. მხედველობაში მაქვს შემდეგი გარემოება: ადამიანის მსოფლმხედველობა რთული ფენომენია და იგი სხვადასხვა კომპონენტისგან ყალიბდება. ადამიანში სამყაროს შესახებ ინფორმაცია შედის შეგრძნებისა და შემეცნების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გარე სამყაროს მიმართ უჩნდება, როგორც მგრძნობელობითი (ემოციური), ასევე შემეცნებითი (რაციონალური) დამოკიდებულება. გარე სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულებას, ამასთანავე, განსაზღვრავენ ამ კონკრეტული ადამიანის ირგვლივ არსებული სხვა ადამიანებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების მიმართ (პოლიტიკა, რელიგია, ტრადიციები, ცხოვრების წესი, მორალი და სხვ.) აქვთ ერთნაირი ხედვა და დამოკიდებულება, ანუ, საბოლოო ჯამში, ადამიანის (ინდივიდის) მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდება მსოფლშეგრძნების, მსოფლშემეცნებისა და საზოგადოებრივი აზრის გავლითა და გავლენით.

ერთი სიტყვით, ადამიანის მსოფლშეგრძნებასა და მსოფლშემეცნებას ცნობიერებაში შემომავალი ორი ტიპის ინფორმაცია აყალიბებს – მხატვრული და მეცნიერული, ანუ ორი ინფორმაციული ნაკადი, რომელთაგან პირველი ადამიანში აღწევს როგორც სახეებით აზროვნების შედეგი, მეორე კი _ როგორც ცნებებით აზროვნების შედეგი (ხელოვნება არის სახეებით აზროვნება, მეცნიერება კი ცნებებით აზროვნებაა). ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვევა როგორც სახეებით აზროვნებას (მხატვრული ლიტერატურა, კინო, თეატრი და ა.შ.), ასევე ცნებებით აზროვნებას (სამეცნიერო ლიტერატურა, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ.). ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად განსხვავებული უბნებია. ერთია სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის პროცესი, მეორე _ კინოსა და თეატრში სიარული. ტელევიზია კი ყოველივე ამას თავის თავში ანუ ერთ, პატარა ყუთში აერთიანებს. ეს ყუთი ყველას შინ  აქვს, იგი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობს და ადამიანის მსოფლშეგრძნებასა თუ მსოფლშემეცნებაზე ერთნაირი ინტენსივობით ზემოქმედებს. ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ტელევიზორი ის ყუთია, რომლიდანაც ინფორმაციული და ანალიტიკური ნაკადი უწყვეტად მოედინება, რაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მძლავრი აგრეგატია.  თუ მივუბრუნდებით ზემოთ ნათქვამს, რომ მსოფლმხედველობას, ძირითადად, სამი ინფორმაციული ნაკადი –  მსოფლშეგრძნება, მსოფლშემეცნება და საზოგადოებრივი აზრი აყალიბებს, გამოდის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ყოველ ადამიანს შინ აქვს მსოფლმხედველობის ფორმირების უმძლავრესი დანადგარი, რომელსაც თავს, პრაქტიკულად, ვერ დააღწევს (არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიას უგულებელყოფენ, მაგრამ მათი რაოდენობა ხუთი პროცენტიც არ იქნება. ასე რომ, საზოგადოება და ტელევიზია განუყოფელია). შექმნილია ვითარება, როდესაც ის,  ვინც განკარგავს ტელევიზიას, განკარგავს არამხოლოდ საზოგადოებრივ აზრს, არამედ ადამიანთა ინდივიდუალურ და კოლექტიურ მსოფლმხედველობასაც და, ასე განსაჯეთ, მათ მომავალსაც

ახლა ისიც ვნახოთ, ვის ხელშია ტელევიზია. განსხვავებულ სისტემებში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა განსხვავებულია. სოციალისტურ სისტემაში  მასმედიაზე კერძო საკუთრება (ისევე, როგორც წარმოების საშუალებებზე) დაუშვებელია. საინფორმაციო საშუალებები ხალხის (ანუ – სახელმწიფოს) ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება გაბატონებული იდეოლოგიით არის შეზღუდული. კაპიტალიზმის ვითარებაში კი მედია კაპიტალის ხელშია. ვისაც კაპიტალი აქვს, ინფორმაციის საშუალებებსაც ის აფუძნებს ან ყიდულობს. არც სოციალისტურ და არც კაპიტალისტურ სისტემაში სიტყვის რეალური თავისუფლება არ არსებობს, მაგრამ ამ მეორე შემთხვევაში არსებობს მოჩვენებითი თავისუფლება, ვინაიდან ინფორმაციის საშუალებათა სიმრავლესთან გვაქვს საქმე, რომლებიდანაც განსხვავებული აზრები იფრქვევა, ომელი სიტყვის თავისუფლების ილუზიას ქმნის. ვიმეორებ: ილუზიას და არა – რეალურ თავისუფლებას. საქმე ის არის, რომ კაპიტალიზმის ეპოქაში, განსაკუთრებით მის უკანასკნელ სტადიაში, რომელსაც იმპერიალიზმი ეწოდება, კაპიტალს ცალკეული კაპიტალისტები კი არ განაგებენ, იგი ერთი (მსოფლიო, საერთაშორისო) ძალის ხელშია კონცენტრირებული. ამ ძალას მოჩვენებითად დაშვებული აქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ იგი არ უშვებს სიმართლის თავისუფლებას. საბოლოოდ ეს სიტყვის თავისუფლების არ არსებობას ნიშნავს, ვინაიდან სიტყვის თავისუფლების მიზან სიმართლემდე მისვლა. ყველა სხვა შემთხვევაში იგი თვითმიზნურ თამაშად გადაიქცევა. სიტყვის თავისუფლება სიმართლემდე მისვლას, ანუ სიმართლის თავისუფლებას თუკი ვერ უზრუნველყოფს, იგი იმავე წამს სიცრუის თავისუფლებად იქცევა, ვინაიდან სიმართლე სწორედ ის აკრძალული ერთია, ყველა დანარჩენი კი სიცრუეა. მსოფლიო ძალა, რომელიც მთელ საერთაშორისო კაპიტალს (მიუხედავად იმისა, იგი ილონ მასკს  ეკუთვნის, ჯორჯ სოროსს თუ რომან აბრამოვიჩს), მთლიანად განკარგავს, გვეუბნება: თქვით ათასი და მილიონი სიცრუე, ოღონდ ნუ შეეხებით იმ  ერთადერთ სიმართლეს, რომელსაც ჩვენ ტაბუს ვადებთ. სიტყვის თავისუფლების ბურჟუაზიული გაგება და არსი სწორედ ესაა. წერეთ და ილაპარაკეთ,  რამდენიც  გენებოთ, იბანავეთ და ინებივრეთ სიცრუის მორევში, მიიღეთ და გაავრცელეთ დეზინფორმაცია, ოღონდ არასოდეს სცადოთ, შეიხედოთ იმ ცხრაკლიტულში, რომელში სიმართლეა დამწყვდეული და გადამალული. აი, არსი პრესისა და სიტყვის თავისუფლების ბურჟუაზიული (იმპერიალისტური) გაგებისა.

ახლა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში განვიხილოთ. სხვადასხვა ენაზე და თემაზე მოყრანტალე ქართულენოვანი, მაგრამ სინამდვილეში ამერიკული ტელეარხები, მუდმივად სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე რომ გაჰყვირიან და ნებისმიერ საკითხზე ათასი აზრი აქვთ, როგორ არიან ასე შეთანხმებული იმ რამდენიმე საკითხში, რომელთა განხილვაც მათ აკრძალული აქვთ, მაგალითად:

*  რატომ მიმდინარეობს ამ ტელეარხებზე ლგბტ თემის გაშუქება სრული ერთსულოვნებისა და მხარდაჭერის ატმოსფეროში?

*  რატომ არის ეს მედია ასე ერთსულოვანი სოციალისტური ცხოვრების წესის გმობასა და კაპიტალიზმის პროპაგანდის საქმეში?

*  რატომაა ამ მედიასაშუალებებისთვის ასე უკრიტიკოდ მისაღები სტალინის პიროვნების განქიქება და ჰიტლერთან მისი გაიგივება?

*  რატომ არის ამ ტელეარხებისთვის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი ყველაფერი, რაც საბჭოთა წარსულს უკავშირდება?

*  რატომ არიან ეს ტელეარხები ასე ერთსულოვნად მომართული უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების დასაცავად?

*  რატომ არიან ეს ტელეარხები მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქრისტეს რჯულის ასე მიზანმიმართულად მგმობელნი?

*  რატომ გამოდიან ეს ტელეარხები სოციალური სამართლიანობის წინააღმდეგ?

*  რატომ არიან ეს ტელეარხები ასე სოლიდარული რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში?

განა ეს ის საკითხებია, რომეთა გარშემოც განსხვავებული აზრი და საზოგადოებრივი განწყობილებები არ არსებობს? როგორ გეკადრებათ! ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა   საწინააღმდეგო განწყობილება საზოგადოებაში სჭარბობს, ვიდრე  საინფორმაციო საშუალებები ქადაგებენ, მაგრამ მათი ამოცანა სწორედ ამ დავალების შესრულებაა.

სხვა უკეთესი მაგალითი რა გინდათ:  მერიამ დედაქალაქს საახალწლო სლოგანი შესთავაზა – მშვიდობის ქალაქი“. აქ შეიძლება რამე საკამათო იყოს? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ აქ ატეხეს ყვირილი და ვაი-უშველებელი დასავლეთის “მეხუთე კოლონამ” და იმ მედიასაშუალებებმა, რომელთა შესახებაც ახლა ვსაუბრობთ. “მშვიდობის ქალაქად თბილისის გამოცხადება იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ომია, უტიფრობაა”, – აცხადებენ ისინი. ეს არამხოლოდ უსინდისო განცხადებაა, არამედ ქართველი ხალხის ფსიქიკაზე ძალადობაა; ეს ღირებულებათა მიზანმიმართული ნგრევაა; ეს ყოვლის ნებადართულობაზე პრეტენზიის ქონაა; ეს საზოგადოების თავხედური გამოწვევაა; ეს საზოგადოების გამოთაყვანების მცდელობაა.

რატომ იქცევიან ეს ტელეარხები ასე? მარტივი შეკითხვაა. ასე იმიტომ იქცევიან, რომ ასეთი დავალება აქვთ. ვისგან? დამფინანსებლისგან. დამფინანსებელი კი ვინმე პეტრე, პავლე ან ივანე კი არ არის, არამედ ის საერთაშორისო ძალაა, რომელიც ამ ფულიან პეტრეს, პავლეს და ივანეს უკან დგას და, მსოფლიოში არსებულ  ყველა  დანარჩენ კაპიტალთან ერთად, მათ კაპიტალსაც განკარგავს. ჯამში ასეთი სურათი გვაქვს: მსოფლიო კაპიტალის მეშვეობით ადამიანზე ხორციელდება უბინძურესი მანიპულაცია. ამ მანიპულაციის მიზანი კი გაცილებით შორსმიმავალია, ვიდრე  უკრაინული ფაშიზმის გამარჯვება; ვიდრე  სოციალისტური იდეის დასამარება; ვიდრე ლგბტ პროპაგანდა დ ა.შ. მათი მიზანი ადამიანის გარყვნა, გადაგვარება და გადაკეთებაა, ანუ მოაზროვნე ადამიანისგან (ჰომო საპიენსი) მარტივი, პრიმიტიული ადამიანის მიღება, რომელიც ადვილად სამართავი იქნება.

ადამიანთა ფსიქიკა და ცნობიერება უკვე ტოტალურ კონტროლს ექვემდებარება. შევედით ციფრულ ეპოქაში, სადაც ადამიანმა დაკარგა წინაპრებთან კავშირი, დაკარგა მამის სახელი, დაკარგა ეროვნება, თანდათანობით კარგავს სახელსა და გვარს და  ყალიბდება თერთმეტნიშნა ნომრად. სადაც უნდა მიხვიდე, სახელისა და გვარის ნაცვლად პირად ნომერს გეკითხებიან. შენც დაუსახელებ თერთმეტნიშნა ნომერს, რომელიც მათ შეჰყავთ კომპიუტერში და ისე, გადამოწმების მიზნით, შენს სახელსა და გვარს თავად წარმოთქვამენ, რომელიც ჯერ კიდევ სადღაც წერია, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც სრულიად უსარგებლო და ზედმეტი რამ, ბუნებრივად გაქრება, რადგან შენ ადამიანი და, მით უფრო, ინდივიდი კი არ იქნები, არამედ ის ნომერი იქნები, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე საბუთის ნაცვლად სულაც შენს ფართო შუბლზე ამოტვიფრავენ ან ჩიპის სახით სხეულის რომელიმე ნაწილში ჩაგიდგამენ. ამ ციფრულ ეპოქაში ასე იქცევი (უკვე იქეცი) მოარულ ციფრად, რომელიც ოდესღაც, მართალია, აზროვნებდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ტრიალებს და ხან კომპიუტერისა და ტალეფონის ეკრანზე, ხან ბანკის დისპლეიზე გამოისახება. შესაძლებელია ოჯახის წევრებმაც კი თავიანთ სმარტფონებში, რომლებიც ახლო მომავალში გაცილებით უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე დღეს არის, ციფრებით აღნიშნონ ერთმანეთი, რადგან ასე უფრო მოსახერხებელი იქნება. მათ დაავიწყდებათ ერთმანეთის სახელები და 010203…  დაერქმევათ. იქამდე კი საბოლოო ზომბირების პატარა მონაკვეთია გასავლელი, რომელიც, გაგებით თუ მოეკიდები, სულაც არ იქნება ძნელი და მტკივნეული, რადგან მსოფლიო კაპიტალიდან ამ საქმისთვის გადმოგდებული თანხებით დაფინანსებული ტელეარხები დაგეხმარებიან, სადაც შენნაირი ციფრები და ნომრები იმუშავებენ, რომლებსაც ადრე ჟურნალისტები ერქვათ. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი ფუნქცია გვექნება –  ანგარიშზე მცირეოდენი თანხის მოზიდვა, შემდეგ კომუნალური გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა, შემდეგ ისევ მცირეოდენი თანხის მოზიდვა და ასე გაუთავებლად. იტრიალებენ ეს ნომრები, სანამ მორიგეობით გადაიწვებიან და ჩაქრებიან იმ დიდ ტაბლოზე, რომელიც, ღმერთის კი არადა, რომელიღაც ძალიან დიდი სპეცსამსახურის შეფის კაბინეტში ანთია და ციმციმებს…

წარმატებებს გისურვებთ. WELCOME ციფრულ ეპოქაში!

ვალერი კვარაცხელია                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here