Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ნორმალურ სახელმწიფოში სამადაშვილს პასუხს აგებინებდნენ, რადგან შუღლს აღვივებს და დესტრუქციისკენ...

თამარ კიკნაძე: ნორმალურ სახელმწიფოში სამადაშვილს პასუხს აგებინებდნენ, რადგან შუღლს აღვივებს და დესტრუქციისკენ მიჰყავს ვითარება

“ვინც შეასრულებს სამადაშვილის დაკვეთას, ვინც შეუერთდება მის მიერ გამოცხადებულ კამპანიას, აუცილებლად უნდა დაიჭირონ, დასაჯონ სამაგალითოდ”

798

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა მაია ბუწაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქართველები, რომლებსაც რუსი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, ფრთხილად უნდა იყვნენ შიდსის გადადების საფრთხის გამო…

ბუწაშვილის ამ განცხადების შემდეგსაქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, პარტია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ღია ეთერში რუსი ტურისტების შევიწროების კამპანია დააანონსა.

რუსეთის მოქალაქეების ბულინგსა და მისგან გამომდინარე შესაძლო შედეგებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ ეთნიკური და ეროვნული ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არასდროს ყოფილა. გასაგებია, რომ დასავლეთი რუსეთის სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, მაგრამ, როდესაც ცალკეულ ინდივიდებზეა საუბარი, ეს უკვე კრიმინალია. დღეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში რომ ვიყოთ და პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდეს, ნორმალურ სახელმწიფოში პასუხისგებაში მისცემდნენ ამ ქალს, რადგან შუღლს აღვივებს და დესტრუქციისკენ მიჰყავს ვითარება. რა უნდა მოსთხოვო სამადაშვილსა და მისნაირებს, როდესაც ისინი საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ეს ანომალიაა, მსგავსი არაფერი მსმენია _ გძულდეს შენი ქვეყანა და მისი ცუდად ყოფნა გიხაროდეს.

ვინც შეასრულებს სამადაშვილის დაკვეთას, ვინც შეუერთდება მის მიერ გამოცხადებულ კამპანიას, აუცილებლად უნდა დაიჭირონ, დასაჯონ სამაგალითოდ… სამწუხაროდ, მსოფლიოშია ეს ტენდენცია _ ყველა რუსეთისა და რუსების წინააღმდეგაა, მთელ ევროპაში ასე ხდება, ამიტომაც ჩვენი ხელისუფლება ხელფეხშეკრულია. ჩვენები ცდილობენ, დასავლეთი არ გააღიზიანონ, რაც ძალიან სამწუხაროა. ზუსტად ისეთივე რამ ხდება რუსების წინააღმდეგ, რაც ებრაელების მიმართ ხდებოდა… ეროვნული ნიშნით რუსების დისკრიმინაცია არ ჯდება არც ეთიკურ, არც სამართლებრივ ნორმებში. როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, არ შეიძლება დისკრიმინაცია გარკვეული სახელმწიფოს, გარკვეული ხალხის, ინდივიდის წინააღმდეგ. სამართლებრივი ნორმებისა და უფლებების დაცვა უნდა ხდებოდეს განურჩევლად ყველასი.

_ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს, რომ თავის მოქალაქეებს დაიცავს ყველგან, ამიტომ არის საშიში სამადაშვილის ინიციატივა, შეავიწროვოს რუსები საქართველოში…

_ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რა სურთ აქ მოქმედ დესტრუქციულ ძალებს და ვის ინტერესებშია სამადაშვილის განცხადება. ყველაფერი დესტრუქციული, რაც საქართველოში ცდება, ნაცების ინიცირებულია, მათ შორის 2008 წლის ომი. სამადაშვილი არ არის ისეთი სულელი ქალი, არ იცოდეს, რა მოჰყვება მის განცხადებას და მით უმეტეს, აღსულებას. ის სპეციალურად აკეთებს ამას, ეს დივერსიული აქტია. რადგან საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, რათა აღასრულონ დაკვეთა. სააკაშვილის თემა, მისი ნიმუშის გატანა _ ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

_ ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა მაია ბუწაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქართველები, რომლებსაც რუსი სექსუალური პარტნიორი ჰყავს, ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შიდსის გადადების დიდი საშიშროებაა. ასეთი რამ მას არასდროს უთქვამს არც არაბზე, არც ირანელზე, არც ბანგლადეშელზე, არც ჩინელსა და, საერთოდ, არავისზე…

_ ამ განცხადებაზე პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ეს ქალბატონი კარგად არ არის. ყველა, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს, ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს საომარ მოქმედებებში, სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ.

ჩვენი ქვეყნის მმართველები ბეწვის ხიდზე გადიან, რათა მშვიდობა შეინარჩუნონ. მდგომარეობა ძალიან სახიფათოა, რადიკალურ ქმედებეზე ჩვენი ქვეყნის მთავრობა ვერ წავა. ვფიქრობ, ჩუმად რაღაცას აგვარებენ, მაგრამ ღიად ვერ იმოქმედებენ ვერავის წინააღმდეგ.

სამადაშვილები და მისნაირები აცხადებენ, რომ პროდასავლელები არიან, ამიტომ უნდა მივხვდეთ, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. მათ სურთ რუსების გაღიზიანება, რათა აქ საომარი მოქმედებები დაიწყოს.

ხელისუფლება ახერხებს პრობლემების მოგვარებას. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. საბედნიეროდ, რუსეთიც გაგებით ეკიდება აქ შექმნილ ვითარებას. რუსეთმა იცის, რომ სამადაშვილი ის ქალია, რომელიც ლიბიის დანგრევაში მონაწილეობდა. ის მსახურობდა ლიბიაში. საქართველოს ქვეყნის შიგნით ჰყავს მტრები და ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. “ნაციონალური მოძრაობა” იღვწის იმისთვის, რომ საქართველოს დაუწესონ სანქციები. თავში აღვნიშნე, რომ მსგავსი ანომალია არ მსმენია. Lლუსტრირებულია ყველა და ყველაფერი. ვინც მათ იდეოლოგიას იზიარებს, ისიც ჩვენი ქვეყნის მტერია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here