Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღგვიდგენს!

თამარ კიკნაძე: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღგვიდგენს!

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წინ გადადგმული ნაბიჯი მაშინ იქნება, თუ აფხაზებსა და ოსებს სურთ ევროკავშირის წევრობა, ევროპული მომავალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ განწყობებს ვერ ვხედავ”

260

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. რომელ ტელეარხზეც უნდა უყუროთ პოლიტიკურ თოქშოუს, ყველგან საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის კადიდატის სტატუსი, რომელსაც დეკემბერში მოგვანიჭებენ, აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნების შანსია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი

არის თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი? _ ამ შეკითხვით მივმართეთ პოლიტოლოგს, პროფესორ თამარ კიკნაძეს:

_ ევროკომისიის მიერ გაცემულმა რეკომენდაციამ, რომლის მიხედვითაც დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი უნდა მიანიჭონ, ერთდერთი, რაც გააკეთა, არის ის, რომ საქართველოს არეულობა აარიდა და სტაბილურობა შეგვინარჩუნა. ჩვენ გვახსოვს მარტის მოვლენები, გვახსოვს, როგორ შეიყვანეს დესტრუქციულმა ძალებმა ახალგაზრდები შეცდომაში, გამოიწვიეს დაპირისპირება და ქვეყანა კინაღამ არიეს.

იმ ვითარებაში, რომელიც საქართველოს გარშემოა, დესტაბილიზაცია დაგვღუპავს. აქ დაუშვებელია შიდა აშლილობა, რადგან შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ. სწორედ ამ თვალსაზრისით ვხედავ დადებითად რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესახებ…

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს წარმოუდგენელია, სტატუსი ხელს ვერ შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წინ გადადგმული ნაბიჯი მაშინ იქნება, თუ აფხაზებსა და ოსებს სურთ ევროკავშირის წევრობა, ევროპული მომავალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ განწყობებს ვერ ვხედავ. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღგვიდგენს.

_ სანამ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები სარეკომენდაციო წერილის მოლოდინში იყო, ჩვენი ქვეყნის მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეს ფარატინა ქაღალდია, მაგრამ, როდესაც მივიღეთ რეკომენდაცია, თქვეს, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა. ეს რეკომენდაცია ფარატინა ქაღალდია თუ ისტორიული მოვლენა?

_ კანდიდატის სტატუსი ბევრს არაფერს იძლევა, უბრალოდ, ეს არის ევროპული გზისკენ სწრაფვის გამოხატვა. დიდი ხანია, თურქეთს  კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ წინ ვერ წაიწია… ახლა საუბრობენ იმაზე, რომ 2030 წელს, შესაძლოა, გაფართოვდეს ევროკავშირის რიგები, მაგრამ 2030 წელს რა მოხდება, პროგნოზის გაკეთება ძნელია. თუ ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს გაწევრებაზე, თუკი ეს მართლაც სურს ევროკავშირს, ეგრევე მიგვიღებენ  წევრად.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი ძალიან უარყოფითად გამოიყენეს ე.წ. ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც ქვეყნის გარედან არიან მხარდაჭერილნი ევროკავშირის ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არაფერია გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვხატავთ ევროპული გზისკენ სწრაფვას…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here