Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: აუცილებელია მიგრაციის პრობლემის რეგულირება, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას....

თამარ კიკნაძე: აუცილებელია მიგრაციის პრობლემის რეგულირება, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. უნდა მოგვარდეს როგორც აქედან გამსვლელთა, ისე უცხო ქვეყნებიდან შემომსვლელთა საკითხი

“სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ვასწავლით, რომ სადღაც, დასავლეთში ბრწყინვალე ცხოვრებაა და, ბუნებრივია, იქით მიილტვიან. რეალურადაც ხედავენ, რომ საქართველოში მართლაც არ არის ის პირობები, რომლებიც მათ მომავალს უზუნველყოფს, მათ ოცნებებს აასრულებს”

307
თამარ კიკნაძე: აუცილებელია მიგრაციის პრობლემის რეგულირება, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. უნდა მოგვარდეს როგორც აქედან გამსვლელთა, ისე უცხო ქვეყნებიდან შემომსვლელთა საკითხი

9 დეკემბერს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს გერმანელი დეპუტატის, იენს შპანის, განცხადება, რომ საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ ახალი ლტოლვილები და ეს იქნება მათ მიერ ევროკავშირში გაწევრებისთვის გადახდილი ფასი.

შპანის ამ განცხადების შემდეგ გერმანიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეწვია. გერმანიიდან დაბრუნებულმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მთავრობასთან ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებასა და სხვა საკითხებს.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ, რომელმაც “კანონიერ მიგრაციაზე” ისაუბრა…

რას ნიშნავს “კანონიერი მიგრაცია”? მშვიდობიან ქვეყანაში, რომელიც, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებენ, ეკონომიკური აღმავლობის პიკზეა, რატომ შეიქნა საჭირო გერმანიასთან “კანონიერ მიგრაციაზე” საუბარი? _ ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე:

_ სამწუხაროა, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე მიდის და რჩება ევროპის ქვეყნებში ისე, რომ იქ ცხოვრების უფლება არ აქვს. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს გერმანიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა, მაგრამ, მიგრაციის საკითხი რომ მოსაგვარებელია, ფაქტია.

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა _ ქვეყნიდან გაცილებით მეტი ადამიანი გადის, ვიდრე იბადება და ეს ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე ძალიან ცუდად აისახება _ ადგილობრივი მოსახლეობა მცირდება. მხოლოდ მიგრაციის ტალღის რეგულირება პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამას ღრმა ფესვები აქვს. აუცილებელია იდეოლოგიური მდგენელის გაძლიერება. ახალგაზრდებს მომავლის იმედი სჭირდებათ, რწმენა იმისა, რომ საქართველო არის და იქნება ის ქვეყანა, რომელიც მათ ოცნებებს აასრულებს.

სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ვასწავლით, რომ სადღაც, დასავლეთში არის ბრწყინვალე ცხოვრება და, ბუნებრივია, იქით მიილტვიან. რეალურადაც ხედავენ, რომ საქართველოში მართლაც არ არის ის პირობები, რომლებიც მათ მომავალს უზრუნველყოფს, მათ ოცნებებს აასრულებს.

“კანონიერ მიგრაციაში” კი საქართველოს ელჩმა, ალბათ, კანონიერი სამუშაო ვიზები იგულისხმა და არც ეს არის დიდად სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის. უმჯობესია, ჩვენი მოქალაქეები აქვე დასაქმდნენ ღირსეულ სამუშაოებზე.

_ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ქვეყნას არნახული ეკონომიკური ზრდა აქვს. მაშ, რატომ არის საჭირო გერმანიაში “კანონიერად” სამუშაოდ წასვლა?

_ ერთი ვიცი ზუსტად: ძალიან ცუდია საქართველოდან ქართველების წასვლა უცხო ქვეყნებში, თანაც სამუშაოდ, არსებობისთვის საბრძოლველად.

მიგრაციის წინააღმდეგი ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი უნდა იყოს წინააღმდეგი ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათი, სამშობლოდან გასვლის. აუცილებელია, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ ახალგაზრდები და მათ ღირსეული გამომუშავება ჰქონდეთ, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ სამშობლო მათ ცოდნასა და შესაძლებლობებს გამოიყენებს, დააფასებენ…

იმ ახალგაზრდების ხელშეკრულებებში, რომლებსაც სახელმწიფო გზავნის სასწავლებლად უცხოეთში, უნდა ეწეროს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, რათა მიღებული ცოდნა თავიანთ ქვეყანას მოახმარონ.

აუცილებელია მიგრაციის პრობლემის მოგვარება, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მიგრაცია და ემიგრაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოგვარდეს როგორც აქედან გამსვლელთა, ისე უცხო ქვეყნებიდან შემომსვლელთა საკითხი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here