Home ახალი ამბები საქართველო სულმნათები და… უარესები

სულმნათები და… უარესები

რუსული ხომალდის გაძევებამ, შესაძლებელია, რუსული ტანკები შემოაგრიალოს, რუსი ტურისტების გაყრამ კი რუსი ჯარისკაცების შემოსვლა გამოიწვიოს

733
სულმნათები და... უარესები

მე ვამაყობ ჩემი ბათუმელბით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის. რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა. მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!” ეს სიტყვები პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო.

მოდი, დღეს თავი დავანებოთ რუსული გემისა და რუსი ტურისტების კონკრეტულ ამბავს და სააკაშვილის ამ განცხადების ფონზე შევეცადოთ, გასაღები მოვარგოთ ეროვნული ცნობიერების გამრუდებას, რომლითაც საქართველო თითქმის ორმოცი წელიწადი იტანჯება. იქამდე კი გავიხსენოთ ის შეფასება, რომელიც ბათუმის ამ სამარცხვინო ფაქტს ირაკლი კობახიძემ მისცა: რაც დღეს ვიხილეთ, ს, უბრალოდ, ქაჯობაა და ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა პერიოდში – ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2004-2012 წლები, მათ შორის 2008 წელი. ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ყველაფერთან ერთად ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ. იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა დააბრუნონ და ქვეყანას პრობლემა შეუქმნან, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა. ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება”.

ე.წ. ოპოზიცია, რასაც წარმოადგენს, ცნობილია. ეს არის დასავლეთის მიერ დანიშნული “მეხუთე კოლონა”, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ, ბუნებრივია და გასაგებიც, რომ ისინი ყოველთვის ამ მიზნებისა და მათთვის დასავლეთიდან მიცემული კონკრეტული დავალებების შესატყვისად მოქმედებენ, მაგრამ საქართველოში არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არანაკლებ საზიანოა, ვიდრე ე.წ. ოპოზიციის ზნეობრივი დეგრადაცია, “მეხუთე კოლონის” საქმიანობა, დასავლეთის ბინძური დამოკიდებულება და სხვა. ეს არის ბრბოს ინსტინქტების მოძალება, ომელისამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ დავაოკეთ, ვერ ჩავაცხრეთ, ვერ მოვიცილეთ…

მიხილ ბულგაკოვს გენიალურ ნაწარმოებში “ოსტატი და მარგარიტა” აქვს ასეთი ნათქვამი: ვერავითარი ძალა ვერ დაადუმებს ბრბოს, ვიდრე ყველაფერი, რაც შიგნით აქვს დაგროვებული, ბოლომდე არ ამოხეთქავს და თვითონვე დაცხრება”. საკითხავი ისაა, რა დაგვიგროვდა ისეთი, რაც ამ ხნის განმავლობაში ვერ ამოვანთხიეთ და ვერ დავიცალეთ. ბრბოს ინსტინქტებისგან დროთა განმავლობაში ხომ უნდა გადავსულვიყავით გონივრულ მიდგომებზე, აწონილ-დაწონილ პოლიტიკაზე, პრაგმატიზმზე, მიზანშეწონილობის პრინციპზე? არა, ჯერჯერობით ბრბო ბობოქრობს საქართველოში, ბრბო გვძალავს მისკენ, ბრბო გვაიძულებს, გავითვალისწინოთ მისი არსებობა, მისი მიზნები და სურვილები. ბრბო იმდენად ძლიერია, რომ ის ახდენს დღის წესრიგის ფორმირებას, ის დგას ქუჩაში, ის ზის პარლამენტში, ის დგას ტრიბუნასთან, ის ჩანს ტელეეკრანებზე. ბრბო ყველგან არის – კინოში, თეატრში, უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში, პოლიტიკურ პარტიებში, თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სტადიონზე, სუფრასთან… ხალხი ხან ბრბოა (ქაოსი), ხან საზოგადოებაა (წესრიგი), ხან ვულკანური ენერგიის მქონე მასაა, რომელსაც რევოლუციური პროგრესიც ახასიათებს და კონტრევოლუციური რეგრესიც. გააჩნია, ვინ როგორ მომართავს და ვინ საით მიმართავს ამ გიგანტური ძალის მქონე სტიქიას. დამოკიდებულება ხალხის მიმართ მაინცდამაინც სახარბიელო არასოდეს ყოფილა, არც იმ დროს, როდესაც იგი ბრბოდ იქცეოდა, და არც იმ დროს, როდესაც იგი საზოგადოებად ყალიბდებოდა. მხოლოდ კარლ მარქსმა შეძლო ხალხში პროგრესის მამოძრავებელი ძალა დაენახა. “იდეები მატერიალურ ძალად იმ დროს იქცევა, როდესაც ისინი მასებს მოიცავს!” (კარლ მარქსი); მასა, ამ შემთხვევაში “მასები”, არამხოლოდ ის პროგრესული ძალაა, რომელიც მოწინავე იდეების რეალიზაციას ახდენს, არამედ ის ძალაცაა, რომელიც იდეას მატერიალურ ძალად გარდაქმნის. აქ ძალიან ღრმა აზრია. ცნობილია, რომ მარქსმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მოგვცა ისტორიის მატერიალისტური გაგება, რითაც მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიის ფილოსოფიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი (ისტორიის ფილოსოფია) იქამდეც იყო, ისტორიის ნამდვილ ფილოსოფიურ გაგებას მარქსამდე არ უარსებია. არც ხალხის როლი ყოფილა ოდესმე ისე დაფასებული, როგორც მარქსიზმის კლასიკოსებთან. არაფერს ვამბობ სოციალისტური რევოლუციის ბელადების, ლენინისა და სტალინის ნათქვამებზე, შემდგომი თაობის რევოლუციონერები მტკიცედ იდგნენ მარქსიზმის პოზიციაზე. რნესტო ჩე გევარა ამბობდა: “ყოველთვის ხალხზე უნდა იფიქრო და არა ინდივიდებზე. ინდივიდებზე ფიქრი დანაშაულია, რადგან ინდივიდების ინტერესები არასოდეს ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს”.

ეს “საზოგადოების ინტერესები” სათქმელად ადვილია, მაგრამ გასააზრებლად ძნელია. ნებისმიერი პოლიტიკური ვიგინდარა, რომელიც თავის ინტერესებს ემსახურება ან ვიღაცის დავალებას ასრულებს, საზოგადოების ინტერესებით მანიპულირებს და იმგვარ სპეკულაციას ეწევა, რომ ნამდვილისა და ყალბის გარჩევა ჭირს. ამ მანიპულატორებს საზოგადოებაში ყოველთვის გამოუჩნდებიან მხარდამჭერები, რომლებიც, თავის მხრივ, საზოგადოების გარკვეულ წრეებს ითრევენ და გაფართოებას ცდილობენ. როდესაც საზოგადოების ამ ნაწილით უცხოეთის სპეცსამსახურები ინტერესდებიან, მათ მატერიალური სტიმულიც უჩნდებათ და საქმე წინ მიდის. საქმე განსაკუთრებით მაშინ მიდის წინ, როდესაც ხალხის დიდ ნაწილს ბრბოს ფსიქოლოგია ეუფლება. ბრბოს ნაწილად რომ იქცე, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ქუჩაში გახვიდე – საკმარისია, სახლში იჯდე ჩართულ ტელევიზორთან ან გაზეთში თავჩარგული” (უისტენ ჰიუ ოდენი – ინგლისური წარმოშობის ამერიკელი პოეტი). საქართველოში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მთელი ბეჭდური მედია და სოციალური ქსელები ბრბოს ფსიქოლოგიითაა გაჟღენთილი. ელექტრონული მედია ხომ ბრბოს წარმომადგენლებითაა გადავსებულ-გადაჭედილი. წამყვანებსა თუ მოწვეულებს პირიდან ერთნაირად სდით დუჟი. ჩვეულებრივ საზოგადოებაში პატრიოტიზმი თუ რჩეულთა (მწერალთა, მხატვართა, მუსიკოსთა და სხვათა) მოღვაწეობის სფეროა, დღეს იგი ვიგინდარებს (გადამყვიდველებს თუ გადამხურდავებლებს) ჩაუგდიათ ხელში და სარფიან საქმიანობად უქცევიათ. ისინი ცდილობენ საზოგადოებას რევოლუციური გაქანებისა და პროგრესის მუხტის ნაცვლად ბრბოს აღტყინება და ინსტინქტებით მოქმედება მიაჩეჩონ ხელში. ბრბოს კი, როგორც წესი, გონების პრიმატი არ გააჩნია. ვიდრე მარქსი ხალხში ისტორიისა და რევოლუციის მამოძრავებელ (მატერიალურ) ძალას აღმოაჩენდა, მას ყველაზე დიდი მოღვაწეები და გამორჩეული მოაზროვნეებიც კი ბრბოდ აღიქვამდნენ, რომელსაც უნდა განერიდო: ისტორია, ფილოსოფია და ლიტერატურა სავსეა ამგვარი გამონათქვამებით: “უგუნური მასის აღტაცებას ერთი ჭკვიანი კაცის მკაცრი კრიტიკა მირჩევნია!” (იოჰან კეპლერი); “რომელიმე თვალსაზრისი ხალხში ფართოდ თუ გავრცელდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი აბსურდული არ არის!” (ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი); “ბრბო, ესაა ადამიანთა სიმრავლე განსაკუთრებული ღირსებების გარეშე!” (ხოსე oრტეგა გასეტი – ესპანელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი); “გახსოვდეს, რომ ბრბო, რომელიც ტაშით ეგებებოდა შენს კორონაცას, ტაშითვე შეეგებება შენთვის თავის მოკვეთას!” (ტერი პრატჩეტი – ინგლისელი მწერალი); “მასის დონეს ერთეულთა ცნობიერება განსაზღვრავს!” (ფრანც კაფკა – გერმანულენოვანი ებრაელი მწერალი); “არ არის აუცილებელი, ყოველ ნაცრისფერ მასას რამე კავშირი ჰქონდეს ტვინთან!” (სტანისლავ ეჟი ლეცი პოლონელი პოეტი და მოაზროვნე); “თავისუფლება არც აინტერესებს და არც სჭირდება ამბოხებულ მასას, მათ არ ძალუძთ თავისუფლების მძიმე ტვირთის ზიდვა!” (ნიკოლაი ბერდიაევი – რუსი ფილოსოფოსი); “მასებისთვის უცხოა ჭეშმარიტების წყურვილი, მათ მხოლოდ ილუზია სჭირდებათ!” (ზიგმუნდ ფროიდი); „არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის თქვენ წინაშე – აკადემიკოსების ბრბო თუ მტვირთავთა ბრბო. ორივე ბრბოა!“ (გუსტავ ლებონი, ფრანგი ფსიქოლოგი).

მგონი, გადავამლაშე კიდეც. რა საჭიროა ამდენი გამონათქვამის ციტირება, როცა ისედაც ნათელია ყველაფერი. ბრბოს ფსიქოლოგიით აღტაცებაში არასოდეს არავინ მოსულა. ბრბოს ფსიქოლოგიით ცხოვრება სამარცხვინოა და დასაძრახი. ბრბო საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდება, ბრბო ბრბოდ დარჩება. ბრბო ხშირად აპელირებს დემოკრატიით, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოდის იმის გარდა, რასაც ირლანდიელი მწერალი ოსკარ უაილდი ასე ხატოვნად გადმოსცემდა:”დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ბრბოთი ბრბოს დაშინება, ბრბოს ინტერესებისთვის”.

ცნობილია, რომ ბრბოს წევრებს ბრბოდან გაქცევის იდეა მაინცდამაინც არ ხიბლავთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ასეთი სურვილი ჩნდება, საქმე სულაც არ არის იოლი. ამერიკელ მსახიობსა და და მომღერალ ჯარედ ლეტოს ეს პროცესი ასე წარმოუდგენია: “თუკი შეეცდები, რომ გამოეყო ბრბოს, იქცევი ბრბოს ნაწილად, რომელიც ცდილობს, გამოეყოს ბრბოს”. ო, რა საშინელი სარკაზმითაა გაჯერებული ეს აზრი. რამდენჯერაც უნდა სცადო ბრბოსგან გაქცევა, კვლავ და კვლავ ბრბოს კლანჭებში აღმოჩნდები, – გვეუბნება მწერალი რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, “ბრბო ყველგან არის, ბრბო იმდენად ძლიერია, რომ ის ახდენს დღის წესრიგის ფორმირებას, ის დგას ქუჩაში, ის ზის პარლამენტში, ის დგას ტრიბუნასთან, ის ჩანს ტელეეკრანებზე. ბრბო ყველგან არის, კინოში, თეატრში, უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში, პოლიტიკურ პარტიებში, თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სტადიონზე, სუფრასთან…”, სად გაექცევი, სად დაემალები ბრბოს, რომელიც ყოვლიშემძლე მონსტრად ჯერ კიდევ ე.წ. ეროვნული მოძრაობის დროს ჩამოყალიბდა?! არაფერი ეროვნული იმ მოძრაობაში არ ყოფილა, ის გარედან თავსმოხვეული, გარე ძალების ინტერესების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული და ქართველი ხალხის საზიანოდ მომართული მოძრაობა იყო. თანამედროვე ბრბო თუ ცუდია, როდესაც იგი რუსეთს ებრძვის და საქართველოს ამერიკულ ინტერესებში მოქცევას ცდილობს, ეროვნული მოძრაობის ის ლიდერები რატომ არიან “სულმნათები”, რომლებმაც ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის წინათ დანერგეს ბრბოს ინსტინქტები?! რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი, რაღაცას ხომ უნდა მოვუყაროთ თავი და ბოლო?! სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვა საქართველოსთვის ნასროლი ბომბი თუ იყო, ის რატომ არ გვახსოვს თუ ვინ მიადგა ცხინვალს პირველად ავტობუსებით (ტანკები არ ჰყავდა); ის რატომ არ გვახსოვს, ვინ უძახა აფხაზებს საიდანღაც ჩამოსული აფსუები და ვინ შესთავაზა მათ თავიანთ ისტორიულ ტერიტორიაზე დაბრუნება და ქართული ტერიტორიების ქართველებისთვის დათმობა?! იმედი მაქვს, რომ იმისი შეხსენება მაინც აღარ დაგჭირდებათ, ვინ მიადგა აფხაზეთს ტანკებითა და ჯავშნიანი მანქანებით, ვინ ჩამოგლიჯა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობის სახურავიდან აფხაზეთის დროშა და, როგორც ძვირფასი ნადავლი, საქართველოს პარლამენტში შემოიტანა. არ არსებობს სასარგებლო ბრბო. ბრბოს ფსიქოლოგიას იმ დროსაც უნდა ემიჯნებოდე, როდესაც მისი საქციელი ზიანის მომტანია, და იმ დროსაც, როცა იგი სიკეთის მომტანი გეჩვენება: ბრბოში არაფერია მიმზიდველი, მაშინაც კი, როდესაც იგი მხარს გიჭერს!” (ფრიდრიხ ნიცშე – გერმანელი ფილოსოფოსი).

ბათუმიდან რუსული ხომალდი გავაძევეთ და რუსი ტურისტები გავრეკეთო, – ზეიმობს ბრბო, რომელსაც, უკრაინის მოვლენების შემხედვარესაც კი, აინუშიაც არ მოსდის ის ამბავი, რომ რუსული ხომალდის გაძევებამ, შესაძლებელია, რუსული ტანკები შემოაგრიალოს, რუსი ტურისტების გაყრამ კი რუსი ჯარისკაცების შემოსვლა გამოიწვიოს. ჰო, ასეც შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ცეცხლთან თამაშია. სამწუხაროდ, ბრბო ამაზე ვერ იფიქრებს, რადგან ის ორგანო არა აქვს, ფიქრისა და აზროვნებისთვის რომ არის აუცილებელი: ბრბოს ბევრი თავი აქვს, მაგრამ ჭკუა არცერთში არ არის”. (თომას ფულერი – ინგლისელი ისტორიკოსი და მოაზროვნე).

საქართველოში ბრბოს სინდრომით შეპყრობილთა ერთი ნაწილი ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს აღმერთებს და მათ სულმნათებს უწოდებს, მეორე ნაწილი ფაშისტ სააკაშვილზე ლოცულობს და იგი საქართველოს დამფუძნებელ მამად ესახება. როგორც “ეროვნული მოძრაობის” ასევე “ნაციონალური მოძრაობის” (დასახელებებს დააკვირდით!) მამოძრავებელი ძალა ბრბოს ინსტინქტები იყო, რომლიდანაც სიკეთე ვერც გამოვიდოდა და არც გამოსულა. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ, ისინი თუ სულმნათები იყვნენ, ესენი ცოტა უარესები არიან. გეთანხმებით, რომ ეს აზრი რთულად გამოვთქვი, მაგრამ, კარგად თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, აზრის სირთულე მის მცდარობას არ ნიშნავს. დაუშვებელია, ერთსა და იმავე მოვლენას აბსოლუტურად საპირისპირო შეფასებას ვაძლევდეთ და გვიკვირდეს, რომ გზა ურმის რამდენიმეჯერ გადაბრუნების შემდეგაც არ გამოჩნდა.

როგორც ჩანს, სიმართლეს იმიტომ ვერ ვამბობთ, რომ ბრბოსთან დაპირისპირების გვეშინია. ამერიკელ ბლოგერ ჯულიანა ვილსონის მიერ ნათქვამი ერთი წინადადების ექო, რომელიც თითქოს ჩვენ გვეძღვნება, ოკეანის გაღმიდან გვწვდება: “ბრბოს ნაწილად იქცევა ყველა, ვისაც ბრბოსთან დაპირისპირების ეშინია!” როგორც ჩანს, მოგვიწევს არჩევანის გაკეთება – ან გაბედული მოქმედება და ბრბოს ფსიქოლოგიის დაძლევა, ან ბრბოს წინაშე შიშში ყოფნა და ბრბოდ ჩამოყალიბება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here