Home ახალი ამბები საქართველო სოფიკო სოხაძე: ლიბერალური იდეოლოგია მიუღებელი ანტიფასეულობათა სისტემაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს...

სოფიკო სოხაძე: ლიბერალური იდეოლოგია მიუღებელი ანტიფასეულობათა სისტემაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცნობიერებას, ქართულ სახელმწიფოს!

“დიდი ხანია, პრეზიდენტი დესტრუქციულ ფაქტორად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. არა მგონია, ვერ ხვდებოდეს, რას აკეთებს, რას უპირისპირდება. ის და მის უკან მდგომი გლობალისტური ძალები უტიფრად მიდიან ვა-ბანკზე”

502
სოფიკო სოხაძე

ბოლო პერიოდში გახშირდა ეკლესიის, პატრიარქის თავხედური შეურაცხყოფა. ამის გამო ახალგაზრდებმა რწმენა და უფლის შიში დაკარგეს, ბევრია ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაცვალების შემთხვევა, ლგბტ პროპაგანდის გავრცელების გამო საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი მიიღოს.

საქართველო _ ერთ დროს დიდებული ქვეყანა, ზნეობით, კულტურით, განათლებით, რწმენით თავმომწონე, დღეს არსებობისთვის იბრძვის, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა უმსგავსობის წინააღმდეგ; ვიბრძვით ახალგაზრდების გადასარჩენად, ნარკომანიამ, გარყვნილებამ, ურწმუნოებამ დაგვრია ხელი…

როგორ მივედით აქამდე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ხელოვნებათმცოდნე, ანალიტიკოსი სოფიკო სოხაძე გვესაუბრება:

_ 1990-იანი წლების მოვლენების ავანგარდში სსრკ-ის გარდა სხვა აქტორებიც ფიგურირებდნენ _ ამ მხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1989 წლის 2-3 დეკემბრის სამიტი მალტაზე, სადაც მსოფლიოს მმართველები რუსეთთან ერთად ახალ წესრიგზე შეთანხმდნენ. იმხანად მსოფლიო გეოპოლიტიკის მოზაიკა ისე დაეწყო, რომ მასში ვერ ჩაჯდა ერთიანი კავკასიური სახლის იდეა. გარკვეულ უხერხულობას ქმნიდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პერსონები, როგორც სრულიად განსხვავებული ტიპები პოლიტიკოსის ფიგურისა მაღალი სულიერ-ზნეობრივი მოცემულობით, ინტელექტით, ფართო თვალსაწიერითა და ავტორიტეტით. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზვიადმა და მერაბმა, მიუხედავად მათი შუასაუკუნეობრივი რაინდული პათოსით გამსჭვალული სულისკვეთებისა, შეძლეს, დასავლური პოლიტიკური სისტემის პარადიგმის შესაბამისად ემოქმედათ, მათი პოლიტიკური მოღვაწეობა სამართლებრივად სრულიად გამართული იყო _ “მრგვალი მაგიდის” შექმნით დაწყებული, 1991 წლის 31 მარტის ეტაპური მნიშვნელობის რეფერენდუმითა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით დასრულებული, მაგრამ მათ არ აპატიეს “დინების საწინააღმდეგოდ” სვლა. ზვიადის ნათქვამი _ “დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან”, _ ეპოქალური მნიშვნელობის ფრაზაა, რაც, ჩემი აზრით, სიმბოლოა კაცობრიობის რაინდული, თავისუფლებისმოყვარე და უტეხი სულის შეურიგებლობისა ნებისმიერი სახის იმპერიალიზმთან.

სამწუხაროდ, იმხანად დიდი მოთამაშეებისთვის როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონში მიუღებელი იყო ერთიანი კავკასიის იდეა. კავკასია, როგორც მაღალი კულტურული ლეგიტიმაციის სოციალურ-კულტურული ფენომენი, როგორც გეოსტრატეგიული ერთეული რეგიონული მსხვილი მოთამაშის სამომავლო პერსპექტივით, მთავარი მოთამაშეებისთვის მიუღებელი და, შეიძლება ითქვას, საშიშიც კი იყო.

ასევე მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა იმდროინდელი მსოფლიო ელიტისთვის ზვიადისა და მერაბის მიერ წამოჭრილი თეზა ქართველური, იბერიული ცივილიზაციის როლის შესახებ, იდეა პრომეთესეული ცნობიერებისა _ სულით-გონითი, ჭვრეტითი, ინტუიციური აზროვნებისა, რომელიც უნდა ყოფილიყო საპირწონე ინდოევროპული ცივილიზაციის მატერიალური განზომილებისა, პრაგმატიზმზე დამყარებული ცნობიერებისა, ძალის პარადიგმისა. იმჟამინდელი მოვლენების სიღრმისეული პლასტები სწორედ ეს გახლდათ _ ცივილიზაციური დაპირისპირება, რომელიც დღესაც გრძელდება და რომელშიც ჩვენ საკაცობრიო მისია უნდა შევასრულოთ. ეს პროცესი დაწყებულია მართალი, ნათელი გონების კეთილშობილი ადამიანების ასპარეზზე გამოსვლით.

მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთ ბოლო შესანიშნავ ფილმში “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ეპიზოდური როლის შემსრულებელი მოხუცი ქალბატონის პირით, რომელიც ჩემთვის მთავარი გმირია, ავტორი ამბობს: “ჩვენ უნდა გავხდეთ ჰუმანიზმის ექსპორტიორები მსოფლიოში! დიახ, დიახ, ჰუმანიზმის ექსპორტიორები!”

ზვიადი და მერაბი არ დამარცხებულან _ ისინი შეგნებულად დაადგნენ მოწამეობრივ გზას. მათ ააღორძინეს ქართული ცნობიერების სულით-გონითი ორიენტირები და ისეთი მაღალი თამასა დადეს, რომ გამარჯვების დაფნის გვირგვინი სამარადჟამოდ დაიმკვიდრეს.

რა არის ეს მაღალი თამასა? ეს გახლავთ იდეა ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან ამოსული ქართული ცნობიერების შესატყვისობისა გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ წყობასთან, რომლისთვისაც ჯერ ვერ მიგვიგნია. მომავალი საქართველოს პოლიტიკური წყობა ქართულ ცნობიერებას, კულტურის კოდს უნდა მოერგოს და არა პირიქით _ გაურკვეველ პოლიტიკურ თუ სოციალურ ექსპერიმენტებსა თუ მოდურ იდეოლოგიებს ჩვენი ცნობიერება. აღვნიშნავ: ქართული ცნობიერება უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე ეროვნება ქართველი. ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სულიერი გამოღვიძების, ერის სახელმწიფოებრივი ვინაობის გაცნობიერების პროცესი დაწყებულია. ეს იმპულსების დონეზე იგრძნობა, მალე პროცესი უფრო თვალსაჩინო გახდება.

_ ძალიან წაიბილწა ჩვენი ქვეყნის ცხოვრება. ის, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ, ახლა, შესაძლოა, ვინმეს მითად მოეჩვენოს. ხშირია გარდაცვალების ფაქტები ე.წ. კლუბური ნარკოტიკით. ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, მშობლებს შვილების შინიდან გაშვება ეშინიათ. ვის სინდისზეა ეს ყველაფერი?

_ უკვე მერამდენე მსხვერპლია… საზოგადოება კი, მცირე ნაწილის გამოკლებით, დუმს… სიამოვნების კულტი ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი სვეტია, ამ სვეტზე დგას მათი ცხოვრების წესი. ნარკოტიკული თრობით, აღვირახსნილობით, მამათმავლური თუ სხვა სექსუალური სახის აქტის შედეგად მიღებული სიამოვნება მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მავანთათვის ეს პრესტიჟის, დასავლურ გლამურულ ცხოვრებასთან თანაზიარობის სიმბოლოა. სიამოვნების სამსხვერპლოზე დანთხეული სისხლი მათთვის საკრალური მნიშვნელობისაა, ამიტომაც რეპტილოიდური ცივსისხლიანობით რეაგირებენ ახალგაზრდების სიკვდილზე, დანაშაულის იოტისოდენი განცდაც არ აქვთ, გააფთრებით იცავენ თავიანთ სივრცეს, ცხოვრების წესს, ცინიზმით, თავხედური გამოხტომებით პასუხობენ საზოგადოების აღშფოთებას მათ მიმართ.

ამ ბავშვების სიკვდილში ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა, ვინც სათანადოდ არ ვმოქმედებთ, ვინც გაჩუმებული ვართ და არ ვიმჩნევთ, როგორ უმახინჯებენ სულს ჩვენს შვილებს. უდიდეს ცოდვაში გვიდგას ფეხი. ამის ატანა აღარ შეიძლება! მოვუწოდებ საზოგადოებას, დაიწყოს ფართო დისკუსია კლუბებში არსებული ვითარების შესახებ. ეს ეხება როგორც კლუბურ ნარკოტიკს, ნარკო-პოლიტიკას, ასევე, ზოგადად, გართობის ინდუსტრიას _ მისი დაფინანსების წყაროებს, ამ დაფინანსების უკან მდგომ ფონდებს, ამ ფონდების იდეოლოგიურ დაკვეთას, კავშირს ნარკობიზნესთან, ახალგაზრდობის გარყვნა-გადაგვარებასა და სიცოცხლის მოსპობას, საშიში სოციალური ექსპერიმენტების პოლიგონს, ახალგაზრდების სასწავლო პროცესისგან მოწყვეტას, სახელმწიფოსთვის პოლიტიკური დესტაბილიზაციის ერთ-ერთ სერიოზულ ფაქტორს და სხვ.

თებერვლის ცნობილ მოვლენებზე კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთმა მფლობელმა ვინმე ნაჯამ, რომელსაც “პერო სასტავის” სახე გუკა რჩეულიშვილი მოუწოდებდა, ეცეკვა სამების ტაძარში, განაცხადა: დღეს “ბასიანი”’არის პოლიტიკური შინაარსის მქონე კლუბი, რომელსაც შეუძლია ისეთი ცვლილებების მოტანა, რომლებიც ამ ქვეყანას ძალიან აწუხებს. ეს არის უთანასწორობა, ქვიარ ადამიანების უფლებები, ნარკოპოლიტიკის ცვლილება…

”ეს არსება ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ: გართობის ინდუსტრია მიუყვება ლიბერალური იდეოლოგიის დღის წესრიგს _ ეს არის ლგბტ პროპაგანდა, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ქრისტიანული სწავლებისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ დაუფარავი გალაშქრება.

რას ნიშნავს “პოლიტიკური შინაარსის მქონე კლუბი” ?! რეალურად ჩვენ ძალიან საშიშ პროცესთან გვაქვს საქმე _ ნეოლიბერალური ელიტა ქმნის ახალ კასტას, რომლის მიმართულებებია სოდომიზაცია, ნარკოტიზაცია, ლგბტქვიარ და გენდერის აბსურდული თეორიით ახალი თაობის სრული ინდოქტრინაცია, პოსტმოდერნისტული ფსევდოკულტურის დანერგვა მკვეთრად გამოხატული სიმახინჯის ესთეტიზაციის ტრენდით…

მათი მიზნებია: ჰქონდეთ სერიოზული დასაყრდენი საზოგადოებაში; შეძლონ სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება; ჰქონდეთ ბერკეტები მათთვის მისაღები სტრატეგიული მიმართულებებისთვის; საჭირო დროს მოახდინონ მათ მიერ გამოზრდილი ელიტების პორტირება ქვეყნის პოლიტიკურ ველზე. ჩვენ უკვე ვიხილეთ ამ პროცესის ერთი ეტაპის კულმინაცია. ვგულისხმობ, შარშანდელი 7-8 მარტის მოვლენებს, როდესაც ენჯეოებიდან მართულმა კლუბების “სასტავებმა” კინაღამ ააყირავეს სახელმწიფო. ჩვენ ამ ჯგუფებთან და მათ უკან მდგომ ძალებთან გვაქვს სრული იდეოლოგიური და ცნობიერებითი აცდენა. ამ ბრძოლაში ერთი მისხალითაც კი არ შეიძლება უკან დახევა.

არსებობს უილიამ დანბარის მიერ კლუბ “ბასიანის” მენეჯერთან 2018 წლის 18 იანვარს ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ავტორი ზემოხსენებულ დაწესებულებას მოიხსენიებს, როგორც საქართველოს მთავარ ტექნომოედანს და, ამასთანავე, როგორც ერთ-ერთ პოპულარულ და მაღალი რეპუტაციის მქონე კლუბს მსოფლიოში. მისი თქმით, “ბასიანი” წარმოადგენს გრანდიოზული გეიღამეების ჩატარების არეალს კავკასიაში.

აქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას _ ზნეობრივი იმპერატივის განსაზღვრა არის საკითხი იმის შესახებ, რომელ ცივილიზაციურ მოდელში არსებობ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი მიდის ბაკქანალიამდე, რაც დღეს აშკარაა. ყველაფერი მიზანმიმართულად არის ვულგარიზებული. ასე რომ, რიტორიკული კითხვა _ შენი რა საქმეა, ვინ როგორ იცხოვრებს შენ გვერდით? _ უადგილოა, როდესაც დგება საკითხი სახელმწიფოს მსოფლმხედველობითი მოდელის განსაზღვრის შესახებ. იბერიულ-კავკასიური, ქრისტიანული მსოფლმხედველობითი სისტემისთვის თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგია ყოვლად მიუღებელი ანტიფასეულობათა სისტემაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს ნატიფ და ღრმა კულტურას, ქართულ სახელმწიფოს.

_ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მიიღოს კანონი გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. როგორ ფიქრობთ, მართლა შეძლებენ ამ კანონის მიღებას და შემდეგ აღსრულებას?

_ მოვლენები საოცარი სიზუსტით მიჰყვება ბიბლიურ ესქატოლოგიას _ მოძღვრებას კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე, ცივილიზაციის დასასრულზე. გლობალისტური ელიტები ცდილობენ ჰუმანიზმის დემონტაჟს და პოსტადამიანის შექმნის გზაზე ანადგურებენ ადამიანის არსისა და რაობის განმსაზღვრელ ყველა ნიშანს. ეს არის ცივილიზაციის, კულტურის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ლგბტ იდეოლოგია ამ პროცესის ღერძია, “ფუნდამენტური ფასეულობაა”, როგორც თავად ლიბერალები ამბობენ. არადა, როგორ შეიძლება, სახელმწიფო იდეოლოგიის, ცივილიზაციის, კულტურის მთავარ მდგენელს, ამოსავალ ფასეულობას სექსუალური ორიენტაციის საკითხი წარმოადგენდეს?! ის, რაც ახლა ხდება ლგბტ საკითხის, გენდერის იდეოლოგიის თავს მოხვევის კუთხით, გლობალისტური პროცესის მხოლოდ ნაწილია _ მთავარი მიმართულებაა სხვა არანაკლებ საშიშ მიმართულებებთან ერთად…

ჩვენ თუ სურათი მთლიანად არ დავინახეთ, ვერ მოვიპოვებთ იმ ინტელექტუალურ უპირატესობას, რომელიც სულის სიმხნევესთან ერთად ერთადერთი იარაღია ყოველივე ამის წინააღმდეგ.

მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესი მკვიდრ მიწაზე ქართველი ერის უმცირესობად ქცევის, ქართველების გადაგვარების, კულტურული და ცნობიერებითი ტრანსფორმაციის პერსპექტივით. ლგბტ იდეოლოგია წარმოადგენს ნეოლიბერალური იდეოლოგიის ქვაკუთხედს და ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ, როგორც იდეოლოგიური ომი ქართული სახელმწიფოს, ქრისტიანობის, ქართული ცნობიერების წინააღმდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ. აქ უკან დახევა არ შეიძლება. ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს.

კანონი გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა იყოს მკაფიო, არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას და უზრუნველყოფდეს ყოვლისმომცველ აკრძალვას ლგბტ იდეოლოგიის ყველა დონესა და ყველა პლასტზე მის ყოველგვარ გამოვლინებაში _ ყოფაში, კულტურაში, მასმედიაში, საგანმანათლებლო სივრცეში და ა.შ. ეს უნდა იყოს დარტყმა ლგბტქ+ იდეოლოგიის ინდოქტრინიზაციით დაკავებულ ენჯეოებსა და მათ ლობისტებზე. მოვითხოვთ, საზოგადოება ჩაერთოს კანონის შემუშავების პროცესში.

_ პატრიარქის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის გამოხდომამ აღაშფოთა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი. თქვენი აზრით, რა მიზანი ამოძრავებს პრეზიდენტს და რატომ ებრძვის ყველაფერს ქართულს?

_ დიდი ხანია, პრეზიდენტი დესტრუქციულ ფაქტორად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. არა მგონია, ვერ ხვდებოდეს, რას აკეთებს, რას უპირისპირდება. ის და მის უკან მდგომი გლობალისტური ძალები უტიფრად, ურცხვად მიდიან ვა-ბანკზე.

ამ ძალების მთავარი მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის დაშლა-დანაწევრება და პარალელური სექტანტური ეკლესიის დაარსებაა. ამის არაერთი მცდელობა ჩაუვარდათ მავანთ. გაიხსენეთ, რა დამართეს საბერძნეთის ეკლესიას _ ის შვიდ ნაწილად არის დაშლილი და გაწყვეტილი აქვთ ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი.

ამ ძალების მიზანია, აგრეთვე, მართლმადიდებლური სწავლების ე.წ. მოდერნიზაცია,’გათანამედროვება, რაც ერეტიკულ სწავლებაში გადასვლას ნიშნავს.

ჩემი აზრით, ამას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა “ეკლესიის ძველ მეთოდებზე”, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა განვაახლოთ. ღმერთმა დაგვიფაროს! ქართველებისთვის უცხო იყო მრუმე მისტიციზმი და სისასტიკე _ ინკვიზიცია, რომელიც დასავლეთის ქრისტიანული ისტორიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენ არასდროს გვიღალატია ქრისტეს სწავლებისთვის, ჩვენთვის უცხო იყო მწვალებლობა და ამ ნიადაგზე გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომები, რამლებმაც წალეკა ევროპა. „ჩვენ წმიდათა მოციქულთა განათლებულ ვართ და რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი”, _ უპასუხა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსი მესამეს, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეკლესიის სამოციქულო სტატუსი და, როგორც ცნობილია, სასტიკად დამარცხდა დიდ მამასთან დისპუტში. ქრისტეს სწავლების მთელი სისრულით, შეურყვნელად დღემდე მოტანა წარმოადგენს ქართველთა ფასდაუდებელ საუნჯეს, მართლმადიდებელი სარწმუნოების სულს. ამ სიწმინდის ხელყოფა ჩვენი სულიერი და, შესაბამისად, ფიზიკური სხეულის განადგურებას ნიშნავს.

ჭეშმარიტება არ ექვემდებარება ცვლილებას. ამის გაუთვალისწინებლობამ და ქრისტიანული დოგმატური სწავლების ცვლილებამ მიიყვანა დასავლური ეკლესია დღევანდელ მდგომარეობამდე _ ათასობით სექტანტურ ეკლესიად არის ის დაშლილი.

ეკლესიის დანაწევრება იქნება წინაპირობა საქართველოს ისედაც იავარქმნილი სხეულის საბოლოო დაქუცმაცებისა. საქართველოს ეკლესიის ერთიანობა, მისი ურღვევობა, ქრისტეს სწავლების შეურყვნელად შენახვა არის ის სულიერი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს გამთლიანებული საქართველოს ფიზიკური სხეული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია არის უდიდესი ლეგიტიმაციის, მათ შორის იურიდიული ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუცია, რომელიც ასე სჭრის თვალს ჩვენს არაკეთილისმსურველთ.

საქართველოს ღვთივკურთხეულ წმინდა მიწაზე ამ სატანურ გეგმას, ეკლესიის დანაწევრებასა და ქრისტეს სწავლების მოდერნიზაციას, ვერავინ განახორციელებს, თუნდ ჯოჯოხეთის მთელი არმადა დაგვატყდეს თავს. ვითარების სიმწვავე მოითხოვს ქართველთა სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანებას.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

სოფიკო სოხაძე
სოფიკო სოხაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here