Home ახალი ამბები საქართველო შორია ამერიკამდე!

შორია ამერიკამდე!

ქალბატონო კელი, ტურისტებისთვის თუ შორს არის საქართველო, სამხედროებისთვის რატომ არ არის? რატომ არ იყო შორს იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი... რატომ არ არის შორს საქართველო მაშინ, როცა თქვენ, ქალბატონო ელჩო, ცხვირს ყოფთ ქვეყნის საშინაო საქმეებში, გადაწყვეტილებებს უწუნებთ მოსამართლეებს, გვკარნახობთ, რომელი კანონი როდის უნდა მივიღოთ?..

319

სამწუხარო რეალობაა – ყოველდღე გვესმის, რომ ესა თუ ის ჩვენი თანამემამულე ქვეყანას ტოვებს და ბედის საძებნელად სხვაგან მიდის. ეს სხვაგან ბოლო პერიოდში ამერიკა და ევროპაა, რადგან რუსეთში შექმნილი ვითარება   ადამიანებს მაინც აფრთხობს – ომში ჩართული ქვეყანა იმდენ ფრონტზე იბრძვის, თვლა არ აქვს. ჰოდა, ბოლო სამ თვეში  უცხოეთიდან ჩვენი 868 მოქალაქე გამოაძევეს, აქაოდა, არალეგალურად იმყოფებით და სამშობლოში უნდა დაბრუნდეთო.

მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 3 თვით ყოფნის უფლება აქვთ, შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, თუმცა ასე ძალიან ცოტა იქცევა – ქართველები იქ არალეგალებად რჩებიან და მუშაობენ უკონტრაქტოდ, მათხოვრული პირობებით, მინიმალურ ხელფასზე, მაგრამ ვაი, რომ იქაური მინიმალური ხელფასი ჩვენთან მსუყე ლუკმად ითვლება. იქ  ადამიანს დღეში 30-40 ევრო რომ  რჩება, ძალიან ცოტაა, აქ კი ეს თანხა დაახლოებით 100 ლარია და არამხოლოდ  საკუთარი თავის, არამედ ოჯახის გამოკვება-შენახვასაც შეძლებ. ჰოდა, არალეგალებად დარჩენილ ქართველებს დასდევს ევროპული პოლიცია, აკავებს და შემდეგ საქართველოში აძევებს.

საქართველოში გამოძევებული 868 მოქალაქიდან  525 გერმანიაზე მოდის, 176 ქართველი საფრანგეთიდან გამოაგდეს, 33-33 საბერძნეთიდან და პოლონეთიდან, შვეიცარიამ 23 ჩვენებურს უთხრა უარი, ესპანეთმა – 17-ს და შემდეგ უკვე მცირე ოდენობებით, 3-4 კაცით მოდის ლამის მთელი ევროპა. აბა, თუ გამოიცნობთ, რამდენი ადამიანი გამოაძევა რუსეთმა, ქვეყანამ, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს (საქართველოს შემდეგ) და ყველაზე მეტია როგორც უსაბუთო, ისე არალეგალი? ჰო, რუსეთმა საქართველოში არავინ გამოაძევა და არ დაიწყოთ ახლა ძახილი, ამისთვის არ სცალიაო. სცალია კი არა, მობილიზაციის პერიოდში ყველა კარზე დააკაკუნეს კომისარიატის წარმომადგენლებმა და არალეგალებსაც მარტივად ნახავდნენ. და რატომ არ გამოაგდეს? იმიტომ, რომ ადამიანებს საარსებო წყარო არ გადაუკეტეს, შიმშილისთვის არ გასწირეს და ეს არის ფაქტი. გერმანია იყო  ქვეყანა, რომელმაც ოფიციალური დასაქმების პროგრამა შემოაგდო, აქაოდა, ქართველი მუშახელი გვჭირდებაო…  შემდეგ იქ წასული ჩვენი თანამოქალაქეები ვიდეოს ვიდეოზე გზავნიდნენ და ჩიოდნენ: გვიშველეთ, ბოსელში გვაცხოვრებენ და მონებივით გვექცევიანო. ჰო, ეს იყო ცივილიზებული გერმანია.

რაღა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე დუმს. არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერს ამბობს იმაზე, რომ ყველაზე მეტი ქართველი სწორედ რუსეთში ცხოვრობს და მათ იქიდან არავინ აძევებს. რუსეთში  მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ მიერეკებიან ომში (მიერეკებიან შემთხვევით არ დავწერეთ, უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებენ ომში წასვლისკენ და ზუსტად  მიერეკებიან), არ აგდებენ ქვეყნიდან, არ ართმევენ სისხლითა და ოფლით ნაშოვნ თანხას და ათეული წლებია, ეს ადამიანები იქ ხომ საკუთარ თავს არჩენენ, საქართველოშიც ინახავენ ნათესავებსა და ახლობლებს. ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება, რადგან დასავლეთი გაბრაზდება: რატომ ამბობთ, რომ ჩვენ ქართველებს ვყრით, რუსეთი კი ინახავსო.

სამაგიეროდ, ხელისუფლებას იმის არ ერიდება, რომ ქალაქების იერ-სახის დამახინჯების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით გარევაჭრობის აკრძალვას აპირებს. გარევაჭრობა მომავალი წლიდან არამხოლოდ უმკაცრესად აიკრძალება, არამედ მოხდება გარემოვაჭრეთა დაჯარიმება და ნავაჭრის კონფისკაცია   საქართველოს მასშტაბით. ეს ათიათასობით მოქალაქეს შეეხება. ისინი ვერც ჯარიმებს გადაიხდიან, აღარც საქონელი შერჩებათ და დარჩებიან  ულუკმაპუროდ.  და, როგორ გგონიათ, რას იზამენ ისინი? ქვეყნიდან წავლენ და ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, კვლავ შეეცდებიან, თავი რუსეთს  შეაფარონ, იმ რუსეთს, რომელსაც ევროპა და ამერიკა ებრძვიან და ამის მიუხედავად, ქვეყანა მზად არის, შეიფაროს ათასობით მოქალაქე და, რაც მთავარია, მისცეს სამუშაო.

სხვათა შორის, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაში წასული ქართველებიც ჩივიან, რომ არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა, რომ ციხეებში ისე ექცევიან, როგორც ცხოველებს, ულახავენ თავმოყვარეობას, ამცირებენ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის ფასად, რომ აქედან ჩასულმა მოქალაქეებმა, საუკეთესო შემთხვევაში, ტაქსის მძღოლად იმუშაონ, უარეს შემთხვევაში კი – სანტექნიკოსად, დამლაგებლად, მომვლელად… ამას გარდა, შტატებში წასვლა საუკეთესო შემთხვევაში 15 ათასი დოლარი ჯდება და ადამიანები ყიდიან ყველაფერს, საოცნებო  ქვეყანაში რომ მოხვდნენ, თუმცა, როცა ადგილზე ჩადიან, ხვდებიან, რომ ოცნებისგან ეს ქვეყანა ძალიან შორსაა და ხელგაშლილი იქ არავინ ელოდება. ხომ წარმოგიდგენიათ,  რა ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც აქ დააგირავეს ან გაყიდეს სახლი, რათა ამერიკაში წასულიყვნენ, და იქიდან სამ თვეში უკან აბრუნებენ? ეს ყველაფრის დასრულებას ნიშნავს, ყველაფრის.

ამერიკამდე შორია… ძალიან შორი და ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც თქვა, როცა ამერიკელი ტურისტების ნაკლებობა „გააპრავა“. როგორც მან აღნიშნა, ამერიკელები საქართველოში იმიტომ არ ჩამოდიან, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან შორს არიან. როგორ ვთქვა, მაგრამ დეგნანს ვეთანხმები, მართლაც შორია ამერიკამდე, ძალიან შორი და… ქალბატონო კელი, ტურისტებისთვის თუ შორს არის საქართველო, სამხედროებისთვის რატომ არ არის შორს? რატომ არ იყო შორს იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი… რატომ არ არის შორს საქართველო მაშინ, როცა თქვენ, ქალბატონო ელჩო, ცხვირს ჰყოფთ ქვეყნის საშინაო საქმეებში, გადაწყვეტილებებს უწუნებთ მოსამართლეებს, გვკარნახობთ, რომელი კანონი როდის უნდა მივიღოთ და, რაც მთავარია, წინა ხელისუფლების დროს თქვენი წინამორბედი წყვეტდა, ვინ უნდა დანიშნულიყო არამარტო მინისტრად, არამედ რიგით მოსამართლედაც კი და ეს იმიტომ, რომ სასამართლო ხელში არა ხელისუფლებას, არამედ  თქვენ გქონოდათ. თქვენი სასამართლო კი წელიწადში 99,99%-იან გამამტყუნებელ განაჩენს ბეჭდავდა (ჰო, კი არ იღებდა, ბეჭდავდა და აქსეროქსებდა) და თქვენი მეშვეობით, ქართველი ერი ოფიციალურად კრიმინალად გამოაცხადა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რუსეთი კი…

ვერ გეტყვით, როდემდე იქნება ასე და როდის გამოჩნდება ხელისუფალი, რომელიც გაბედავს და ხმამაღლა იტყვის, რომ მეზობელთან პირდაპირი საუბარი აუცილებელია. რომელი ხელისუფალი გაბედავს იმას, რომ მსოფლიოში უდიდესი დიასპორის წარმომადგენლების ნაწილს მაინც შეხვდეს. ჰო, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სტადიონი გაავსონ ქართველებმა და ჩვენი ხელისუფალი ჩავიდეს, მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში საქართველოში გზავნიან თანხას, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკას შველის, არამედ რიგით ადამიანებს ყოფას უმსუბუქებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამ ორი მართლმადიდებელი ერის ლიდერები, დიდი ხანია, ერთმანეთს არ შეხვედრიან, არადა, ორივე მხარემ ზუსტად იცის, რომ სასაუბრო აქვთ და თანაც ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვან და მგრძნობიარე თემებზე, მაგრამ   ძნელია, მაგიდასთან დაჯდე მაშინ, როცა მეორე მხარე პერიოდულად მაღალი ტრიბუნიდან გლანძღავს და გლანძღავს მაშინ, როცა მის მილიონ მოქალაქეს თავშესაფარს აძლევ, როცა ფულს უხდი და ისინი კი იქიდან მეორე ერთ მილიონ ადამიანს აქ ინახავენ. ორი მილიონი კი საქართველოს ნახევარია, შრომისუნარიანი ნახევარი, რომელმაც თავი რუსეთს შეაფარა და საბუთის ქონისა თუ არქონის გამო იქიდან არ აძევებენ.

რამდენჯერ წაგიკითხავთ და მოგისმენიათ ევროპაში ან ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტის წერილი და სიტყვები: გვჩაგრავენ, თავმოყვარეობას გვაკარგვინებენ, გვამცირებენო? და რამდენჯერ მომხდარა იგივე რუსეთის მიმართ? თუ ვინმემ იცის და უბრალოდ არ ხმაურდება, გაავრცელეთ, მოვისმენთ… მაგრამ არა, ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო, ოპოზიციური არხები საინფორმაციო გამოშვებებს ამ ამბით დაიწყებდნენ. გამოდის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ყველა მიმართულებით არამხოლოდ რიგით ადამიანებს, არამედ ხელისუფლებასაც უჯობს. რუსეთს არასდროს მოუხვევია თავს მის მიერ მიღებული კანონები, მეტიც, ე.წ. კანონიერი ქურდების კანონი მოიწონა და თვითონაც მიიღო. რუსეთს არასდროს უთქვამს, ესა თუ ის მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებებს რატომ იღებსო და, რაც მთავარია, რუსი ბებიები თავინთ თავს გადასარევად უვლიან და ისეთივე კოლორიტებად რჩებიან, როგორც მანამდე იყვნენ, ამიტომ მათ მოსავლელადაც არავინ მიდის საქართვლოდან, აქედან იქ სამუშაოდ მიდიან და არა მომვლელებად, დამლაგებლებად… ჰო, უმრავლესობას ღირსეული სამუშაო აქვს და საქართველოში ჩამოსვლის პრობლემაც არ გააჩნია. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც კელი დეგნანი იტყოდა, ამერიკა შორსაა… რუსეთი კი აქვე, მეზობლად!

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here