Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვმა მოსკოვიდან გაუგზავნა სალამი კოლეგებს ლოძში

სერგეი ლავროვმა მოსკოვიდან გაუგზავნა სალამი კოლეგებს ლოძში

რუსეთმა და დასავლეთმა ევროპის უსაფრთხოების სისტემის კოლაფსი დაადასტურეს

206

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაზე რუსეთისა და დასავლეთის ერთობლივი მუშაობის აღდგენა შეუძლებელია და ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ, თუკი რუსეთის მეზობლებს ოდესმე გაუჩნდებათ ამის სურვილი.   ლავროვის გამოსვლა, ძირითადად, განკუთვნილი იყო ევროპელი კოლეგებისთვის, რომლებსაც ის პოლონეთის ქალაქ ლოძში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე უნდა შეხვედროდა, მაგრამ პოლონეთმა _ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ _ რუსეთის მინისტრს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. ასე რომ, დისკუსია გამოვიდა დაუსწრებელი და იმის შანსის გარეშე, რომ მხარეები ერთმანეთს მოუსმენდნენ. “სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მოსკოვში ეუთოს მარგინალურ სტრუქტურად გადაქცევაზე ლაპარაკობდა, ლოძში განიხილავდნენ, როგორ ანადგურებდა ამ სტრუქტურას რუსეთი შიგნიდან”, _ წერს kommersant.ru.

“ევროპაში უსაფრთხოების სივრცე საბოლოოდ ფრაგმენტდება, ხოლო თვითონ ეუთო, რბილად რომ ვთქვათ, მარგინალურ ერთეულად ყალიბდება”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოსკოვში 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი გამოსვლა პოლონეთის ქალაქ ლოძში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრის გახსნას დაემთხვა. სერგეი ლავროვი ამ ღონისძიებას პირველად ვერ დაესწრო, რადგან პოლონეთმა მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოტივით. ამასთანავე, ბევრი ევროპელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ვარშავის ეს გადაწყვეტილება მცდარი იყო, რადგან მას შეუძლია, გაამწვავოს ეუთოს შიგნით დაპირისპირება და ის კიდევ უფრო ნაკლებად ქმედუნარიან ორგანიზაციად აქციოს, თუმცა 1975 წელს ცივი ომის პიკზე შექმნილი ორგანიზაციის ეფექტიანობა აღმოსავლურ და დასავლურ ბლოკებს შორის ურთიერთგაგების დასამყარებლად ისედაც საეჭვო იყო. ის, რომ დღეს მოსკოვსა და ეუთოს შორის დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათლად ჩანდა როგორც სერგეი ლავროვის, ისე ლოძში შეკრებილთა განცხადებებიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, 1975 წლიდან ეუთოს ტერიტორიაზე უამრავი პრობლემა დაგროვდა. მათ შორის მთავარიანატოს წევრი ქვეყნების პრეტენზია პლანეტის მასშტაბით დომინაციაზე“.

„ეს ინსტინქტი, რომელიც არასოდეს გაქრობიათ ამერიკელებსა და ნატოს სხვა წევრებს, ხსნის ნატოს გაფართოების უგუნურ კურსს, რომელმაც გააუფასურა ეუთოს, როგორც კოლექტიური ინსტრუმენტის, მთავარი მნიშვნელობა, აგრეთვე, ყველა ის კარგი დოკუმენტი, რომლებიც შეიქმნა ეუთოში 1990-იანი წლებიდან დღემდე“, _ განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების სისტემა მივიდა იქამდე, რომ იგი მთლიანად ექვემდებარება ამერიკის შეერთებულ შტატებს.  „ამერიკელებმა უკვე დაიმონეს მთელი ევროპა და აკონტროლებენ არა მხოლოდ გერმანელებს, არამედ სრულიად ევროკავშირს“, _ აღნიშნა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ახლა, პრაქტიკულად, მიმდინარეობს ეუთოს დაკრძალვა, რომლის მომზადებაც დაიწყეს შვედებმა (შვედეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო შარშან) და განაგრძეს პოლონელებმა, როდესაც „გაანადგურეს კონსენსუსის კულტურის ნარჩენები“. ეუთო იმისთვის შეიქმნა, რომ ყველასთვის მოესმინათ და არც ერთ ქვეყანას თავი გარიყულად არ ეგრძნო საერთო პროცესიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა _ დასავლეთი აკეთებს იმას, რის წინააღმდეგაც შეიქმნა ეუთო: გამყოფ სანგრებს თხრის. და იქ, სადაც თხრიან, შეიძლება ვიღაც დამარხონ. ვშიშობ, ეს სპეციალურად ეუთოსთვის კეთდება“, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა არაერთხელ გააკრიტიკა ეუთოს წარმომადგენლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ. ამ პოზიციას რუსი დიპლომატები მიკერძოებულად მიიჩნევენ. სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ზოგადად, დასავლეთისა და კერძოდ ეუთოს მიმართ მოსკოვის პოლიტიკის გათვალისწინებით, ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობის აღდგენა შეუძლებელია. „რადგან აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ეს ადრე იყო“, _ განაცხადა მინისტრმა. და დასძინა: თუ დასავლეთი გააცნობიერებს, რომ სჯობს მეზობლობა რაღაც ურთიერთშეთანხმებულ საფუძვლებზე, ჩვენ მოვუსმენთ, რას შემოგვთავაზებს დასავლეთი, ცხადია, ეს უნდა იყოს პრინციპულად ახალი ურთიერთქმედების დასაწყისი“.  სერგეი ლავროვის გამოსვლისას ბევრმა იფიქრა, რომ ის განაცხადებდა ეუთოდან რუსეთის გასვლის შესახებ, როგორც ადრე განაცხადა ევროპის საბჭოდან გასვლაზე, რადგან, რისთვის არის საჭირო ორგანიზაცია, რომელიც თითქმის უკვე დაკრძალულია?! მაგრამ მინისტრის ბაგეთაგან ასეთი სიტყვები არ წარმოთქმულა. ამ სიტყვებს ლოძში შეკრებილი ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ალბათ, სიხარულით მოისმენდა. მათი პოზიციიდან გამომდინარე, ეუთოს მუშაობას რუსეთი აფერხებს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მინისტრთა საბჭოს სხდომის გახსნაზე განაცხადა, „ეუთო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მშვიდობა გარანტირებული იყოს, როცა მის საქმიანობას შიგნიდან საბოტაჟს უწყობს აგრესორი, რომელიც არ იცავს ჩვენ მიერ მიღებულ წესებს“. ანალოგიური თვალსაზრისი მან გამოითქვა ლოძში შეხვედრის წინ და ჟურნალ Foreign Policy-ში. კერძოდ, მოსკოვს წაუყენეს პრეტენზია, რომ მან არ დაუშვა ესტონეთის დამტკიცება ორგანიზაციის 2024 წლის თავმჯდომარედ, არ დათანხმდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას უკრაინაში (მოსკოვი არა მხოლოდ მიკერძოებულად თვლიდა მისიის მუშაობას, არამედ მის ზოგიერთ თანამშრომელს კიევის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდა) და, რაც მთავარია, დაბლოკა ორგანიზაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტის (138 მილიონი ევრო) დამტკიცება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ შეეცადა, როგორმე გამოესწორებინა „მომაკვდავი“ ორგანიზაციის იმიჯი და ხაზგასმით აღნიშნა: “მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ეუთო რჩება აუცილებელ და ეფექტიან სტრუქტურად, რომლის როლი, შესაძლოა, მომავალში გაიზარდოს”, მაგრამ მან მაშინვე დასძინა, რომ “ეს, როგორც ჩანს, შორეული პერსპექტივაა”, რადგან ორგანიზაციის წევრებს შორის ნდობა აღარ არის. ფაქტობრივად, იგივე თქვა სერგეი ლავროვმა მოსკოვში. განსხვავება მხოლოდ ის იყო, ვის ადანაშაულებდნენ მინისტრები ამ ნდობისთვის ძირის გამოთხრაში. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს უხელმძღვანელებს გაისად, უკვე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი უკრაინის კრიზისი იქნება. ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  მინისტრმა ბუიარ ოსმანიმ ლოძში ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს აცნობა, ხოლო მინისტერიალის გახსნაზე გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოსეპ ბორელმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „რუსეთმა გადაიხადოს უკრაინის აღდგენის საფასური“. გარდა ამისა, განაცხადა, რომ აპირებს კოლეგებთან ერთად მსჯელობას წინადადებაზე საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ, რომელიც განიხილავს „ომის დანაშაულებს უკრაინაში“. ჯერ კიდევ ბორელის გამოსვლამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოსაძიებლად შექმნილი ტრიბუნალი არალეგიტიმურია და მას რუსული მხარე დაგმობს. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე არაერთხელ ახსენა დასავლეთის, კერძოდ, ევროპის მიკერძოებულობა, რომელმაც გულგრილობა გამოიჩინა არაბულ სამყაროსა და ავღანეთში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგად ადამიანების დაღუპვის მიმართ. ისტერიკა, რომელიც ახლა ვითარდება დასავლურ პოლიტიკურ წრეებში და რომლის თავს მოხვევასაც მედია ცდილობს, შეადარეთ იმას, რაც ხდებოდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ერაყი…  როდესაც მიწასთან გაასწორა კირკუკი ერაყში და რაკა სირიაში. ათობით გვამი კვირების განმავლობაში უპატრონოდ ეყარა“, _ ყველას შეახსენა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ, თუ ევროპული დიპლომატია, რომელიც უკრაინის დაცვისკენ მოუწოდებს, ევროპულ ღირებულებად მიიჩნევს იმ პოლიტიკას, რომელსაც კიევი ამჟამად ახორციელებს, მაშინ „ჩვენ არ გვინდა, რამე საერთო გვქონდეს ამგვარ დიპლომატიასთან“. ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამობის მაგალითებად სერგეი ლავროვმა დაასახელა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, რუსულენოვანი მედიის განადგურება, ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესაძლებლობა ყველა სფეროში და თავდასხმები პოლიტიკურ ოპოზიციაზე. „ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს დიპლომატია, რაც შეიძლება, მალე აღიკვეთოს და ის ადამიანები, რომლებიც გაეროს წესდების დარღვევით, მრავალი კონვენციის დარღვევით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით ატარებენ სიძულვილის პოლიტიკას, საქმეებს ჩამოშორდნენ“, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამ ფონზე, ალბათ, ერთადერთი ოპტიმისტი, რომელსაც ევროპის მომავლის სჯერა, იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა განაგრძობს ეუთოს აქტიურ მხარდაჭერას, რადგან სხვა ასეთი ინკლუზიური პლატფორმა არ არსებობს. ჩავუშოღლუმ ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე. „მოლაპარაკებით მოგვარება შესაძლებელია, თუ დიპლომატიას მიეცემა შანსი. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, _ განმარტა მან.

 გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5695705

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here