Home ახალი ამბები საქართველო საშობაო და საახალწლო სურვილები ქართველ ერს

საშობაო და საახალწლო სურვილები ქართველ ერს

სამი რამ მისურვებია ქრისტეშობისა და ახალი წლის დამდეგს ქართველი ერისთვის: გამოღვიძება, გონს მოსვლა, საკუთარ სულსა და გულში ჩახედვის ძალა!

677

აჰა, მიიწურა 2022 წელიც.  

ვძლიეთ უბოროტეს ძალებს,  ვძლიეთ უბოროტეს იმპერიებს და იმპერიათა შორის უბოროტესსაც დავამარცხებთ! – „1989  წლის 26 მაისს სწორედ ამ სიტყვებით აგულიანებდა მრავალ ჭირვარამ გამოვლილ ქართველ ერს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ამხედრებული და მომიტინგეებთან ერთად ქუჩაში გამოსული ზვიად გამსახურდია. ორი წლის ემდეგ, უკვე სახელმწიფო მეთაურის რანგში, მან პარლამენტის დარბაზიდან მიულოცა ერს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ სამ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა

დღეს აღარც დამოუკიდებლობა გვაქვს და აღარც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები. კიდევ ბევრი რამ აღარ გვაქვს იმისგან, რაც გვქონდა; მაგალითად, სოციალური სამართლიანობა და უზრუნველი ცხოვრება. ყველაფერ ამასთან ერთად დავკარგეთ არა მხოლოდ არნახული ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, არამედ ორ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეც, რომლებიც ისე გაქრნენ ქართული ყოფიერებიდან, თითქოს არც ყოფილან. ეს, რაც შეეხება ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: დავკარგეთ სიყვარული და ზნეობა, სათნოება და ჰუმანიზმი, პატივისცემა და მიტევება, ანუ დავკარგეთ ქრისტიანული სული და ქართული ცხოვრების წესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დავკნინდით და გადავგვარდით. მიუხედავად ამისა,  ამ საქართველოდან იმ საქართველოს (საბჭოთა სოციალისტურის) ლანძღვაგინების სურვილი ჯერაც არ გაგვნელებია და აინუშიც არ მოგვდის ის ამბავი, რომ, ამ უმადრობას როდესაც ვავლენთ, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებით. იმდენი სიძულვილი დაგროვდა საქართველოში, რაღაც ძაფი რომ არ გვაკავებდეს, დიდი სიამოვნებით დავხოცავდით ერთმანეთს, ოღონდ არა ისე, უბრალოდ და უმიზეზოდ, არამედ “მაღალი იდეალებისა” და “უკეთესი მომავლის” სურვილით და, რა თქმა უნდა, სამშობლოსა და ქრისტეს სახელით. არადა, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სასიკვდილო დარტყმა სწორედ მამულს, ენას, სარწმუნოებასა და ეროვნულ ცნობიერებას მივაყენეთ…

უსწორო გზით სიარულის ბრალია ყოველი. ოცდაათი წელიწადი ბნედიანებივით რომ გავიძახით ნატო და ევროკავშირიო, როდის უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალებში შემოყრილი ნაცარია ერთიც და მეორეც?! მთელი ერის ეპოქალური შეურაცხყოფაა ეს ჩიტის საკენკი.

ჩვენზე ბრიყვები გამოდგნენ უკრაინელები, რომლებმაც ნატოსა და ევროკავშირის ქიმერას გადააყოლეს უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა, რომ არაფერი ვთქვათ ათი თუ ასიათასობით თანამემამულის სიცოცხლეზე. მესმის, რომ უდიდესი გავლენა აქვს პროპაგანდას, აღვირახსნილ პროპაგანდას კი დამანგრეველი ძალა აქვს, მაგრამ მაინც გაუგებარია ის, რაც თუნდაც ჩვენ გვემართება. პროპაგანდასთან ერთად ისტორიული მაგალითები და გამოცდილება (ან საკუთარი, ან სხვისი) ხომ უნდა ახდენდეს გარკვეულ ზემოქმედებას ერის სურვილებისა და მიდრეკილებების, მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებაზე?! რაც ჩვენს თავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოვწიეთ, ის თუ არ გვეყო გაკვეთილად, რაც უკრაინაში ხდება, ის მაინც არაფერს გვეუბნება და გვასწავლის?! ვიღაც  გარედან რომ გვიბიძგებს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ, მას რა მოვსთხოვოთ, როდესაც შიგნით გვყავს მთელი არმია, რომელიც აქეთ მიგვაქანებს?!

დასავლური პოლიტიკა დღესაც ისეთივე დამანგრეველია, როგორიც საუკუნის წინათ იყო, როდესაც ორი მსოფლიო ომი და ათეულობით მილიონი ადამიანის მსხვერპლი მოახვია თავს კაცობრიობას.

ქართველებო, ნუთუ  ოცდაათი წელ არ გეყოთ იმისთვის, რომ სიცრუე სიმართლედ, თაღლითობა პატიოსნებად, ფარისევლობა გულწრფელობად არ მიიღოთ;  ყველა შარახვეტია, რომელიც აქ ჩამოეთრევა, მეგობრად არ მიიჩნიოთ; ყველა გარეწარი, რომელიც ქვეყნის შიგნით გამოჩნდება, გმირად და წმინდანად არ შერაცხოთ და, ამასთანავე, დაუნდობლად არ დაკორტნოთ ის, ვინც მართალ სიტყვას გეტყვით?!

“მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი” –  ჯერ კიდევ როდის დაგვისვა ეს დიაგნოზი ერის უდიდესმა მოჭირნახულემ.

სწორედ ამ ავადმყოფობის შედეგია ის, რომ:

მოტყუებული ერი ვართ!

გაშარჟებული ერი ვართ!

შეურაცხყოფილი ერი ვართ!

წარსულს მოწყვეტილი და მომავლის გარეშე დარჩენილი ერი ვართ!

იმედგაცრუებული ერი ვართ!

სასოწარკვეთილი ერი ვართ!

რომ გამოვდგე ამ შობისა და ახალი წლის დღესასწაულების წინ და ხვავი და ბარაქა გისურვოთ, ხომ დავემსგავსები იმ ჩემს თანამემამულეებს, გაშლილი სუფრის ფოტოების ,,ფეისბუკზე’’ გამოფენით რომ “უმასპინძლდებიან” ახლობლებსა და ნაცნობ-მეგობრებს.

რა ხვავი და ბარაქა, რა სმა-ჭამა და სადღეგრძელოები, კატასტროფამდე უმცირესი დრო და მანძილი რჩება!

დაშვებულ შეცდომათა თუ ნაკეთებ სისულელეთა აღიარებაა საჭირო!

გამჭრიახი გონება და გარკვეული სიმტკიცეა საჭირო დამსხვრეულ ოცნებებთან გამოსამშვიდობებლად!

პატიოსანი თვალი და პატიოსანი ყურია საჭირო სრულიად ახალი ეპოქის შესაცნობად, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით გვიახლოვდება!

უდიდესი გამბედაობა და ძალაა საჭირო იმ გეოპოლიტიკური შემობრუნების განსახორციელებლად, რომელიც გარდაუვალია!

მამული ოცდაათი წელიწადის მანძილზე ნაგროვები ნაგვისგანაა გასაწმენდი!

მამული ოცდაათი წელიწადის განმავლობაში ნაგროვებიყვარყვარეებისგანააგასაწმენდი, ხან აქეთ და ხან იქით რომ ქანაობენ, პარტიებიდან პარტიებში დარბიან, პიროვნებიდან პიროვნებას ეტმასნებიან და საკუთარი სტომაქის დაკმაყოფილებას ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ანაცვალებენ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს!

ჩირქისგან უნდა დავიწმინდოთ, მოსაკვეთი უნდა მოვიკვეთოთ, მაგრამ ყველაფერი პატიოსნად და სამართლიანად უნდა განხორციელდეს!

სამი რამ მისურვებია ქრისტეშობისა და ახალი წლის დამდეგს ქართველი ერისთვის:  გამოღვიძება, გონს მოსვლა, საკუთარ სულსა და გულში ჩახედვის ძალა!

ამის შემდეგ მოვა თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერებაც, სიხარულიც, ხვავიც, ბარაქაც. მხოლოდ სწორ გზაზე შედგომას მოჰყვება წარსულის სწორად შეფასება, აწმყოს მართებული გააზრება, მომავლის რწმენის გაჩენა!

ღმერთი გფარავდეთ!

ვალერი კვარაცხელია                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here