Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში სიკვდილიცელით კი არა,  უკვე  შპრიცით დადის და ახალგაზრდები მიჰყავს

საქართველოში სიკვდილიცელით კი არა,  უკვე  შპრიცით დადის და ახალგაზრდები მიჰყავს

ყველამ ერთად თუ ცალ-ცალკე ხმა ამოვიღოთ, არ დაველოდოთ, როდის გატარდება მოჩვენებითი ღონისძიებები და როგორ გადაიდება პრობლემის გადაჭრის გზები. ამ პრობლემას ჩვენი, თქვენი შვილების სიცოცხლე მიაქვს და მიაქვს ყოველდღიურად, ჩვენ კი არ ვიმჩნევთ

196

მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  არასრულწლოვანმა პიტბულს ქუჩის ძაღლი დააგლეჯინა. ძაღლი მოკვდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმაური ატეხეს, აქაოდა, ის არასრულწლოვანი დასაჭერია, მისი მშობლებიც დასაკავებლები არიანო. გეთანხმებით, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ ცხოველებზე უნდა ვიზრუნოთ, რომ პიტბულს საჯიჯგნად და მოსაკლავად არ უნდა მივუგდოთ ქუჩის ძაღლი,  თანაც ამ სისხლიან ორთაბრძოლას ვიდეო არ უნდა გადავუღოთ და მერე სოციალურ ქსელში არ უნდა ავტვირთოთ, მაგრამ…

გასულ კვირას თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ორი კვირის წინათ თბილისში ნარკოტიკების ზედოზირებით 24 წლის გოგონა დაიღუპა, კიდევ ერთი კვირის წინათ რუსთავში 18 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა ნარკოტიკმა…  სადმე ყურმოკვრით მაინც გსმენიათ, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ხმა ამოეღოს: ხალხო, ახალგაზრდა თაობა გვეღუპება, ვუშველოთ, ნარკოტიკების წინააღმდეგ პროპაგანდა დავიწყოთო?! არა, პირიქით,  ბევრი არასამთავრობო ნარკოლიბერალიზაციის კიდევ უფრო შერბილებას ითხოვს ნარკოდამოკიდებულებისთვის სასჯელის მთლიანად გაუქმების მოთხოვნით, არაერთი პეტიცია შეადგინეს და იმას კი არ ამბობენ, პრობლემა მოვაგვაროთო, არამედ ისეთი კანონი მივიღოთ, ნარკოტიკების მოხმარება პრობლემა აღარ იყოსო. კარგად მოგეხსენებათ, არასამთავრობოების 100% დასავლეთიდან ფინანსდება და, თქვენი აზრით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ფულს იხდიან და მუსიკას უკვეთენ, რატომ არ ავალდებულებენ აქაურ ხელმძღვანელებს: ნარკოტიკებზეც აყვირდით, მარტო ცხოველებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს რომ იცავთო?! იმიტომ, რომ ეს მათთვის პრობლემა არ არის და, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ნარკოდამოკიდებული, მით მარტივად მოგვარდება პრობლემები, რომლებიც ხშირად რიგ დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმას ნიშნავს. მხოლოდ  ის რად ღირს, ლგბტ პროპაგანდის ოფიციალურად აკრძალვაზე რომ ვმსჯელობთ და ლამის მთელი ბებერი კონტინენტი დაგვესია: არიქა, ეგ არ ქნათ, აგერ, საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს და საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანააო. და ეს ყველაფერი არ არის…

მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე, პარლამენტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა  გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოველ  მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს. იცით, ეს რას ნიშნავს? ყოველ მესამე მოქალაქეში მხოლოდ სრულწლოვანები არ იგულისხმებიან, აქ ძალიან დიდი წილი არასრულწლოვანებზე მოდის. თუ საიდან  აქვთ მოზარდებს სათამაშო ფული, ეს კითხვა,  ალბათ, ხმამაღლა არავის დაუსვამს და ჩვენ გეტყვით რატომ. რეგიონებსა თუ დედაქალაქში ყოველდღიურად  ათობით ობიექტი ტყდება და დამნაშავეთა 80%-ზე მეტი არასრულწლოვანია. ისინი იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც კი შეიძლება, შემდეგ ნადავლს  იაფად ყიდიან და მეორე დღეს ისევ „საქმეზე“ მიდიან. სამართალდამცავები კი, კანონისა თუ უკანონობის გამო, კვლავ უძლურნი არიან, არასრულწლოვანებს აკავებენ, მათგან ხელწერილებს იღებენ, რომ მეტჯერ აღარ ჩაიდენენ დანაშაულს, საქმის კურსში აყენებენ მშობლებს და… როგორც პოლიციელები გვეუბნებიან, ზოგ არასრულწლოვანს ასეთი ხელწერილი 40-ზე მეტი  აქვს დაწერილი. არაერთხელ ითქვა ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ საქმე ნათქვმის იქით ჯერჯერობით არ წასულა.

ვინმეს ჰგონია, რომ ნარკოდამოკიდებულსა და თამაშდამოკიდებულს, ანუ  ლუდომანს შორის რაიმე განსხვავებაა? არა, ისინიც ისევე არიან მიჩვეული თამაშს, როგორც ნარკოტიკს ნარკოდამოკიდებულები  და მათაც ზუსტად ისევე სჭირდებათ ყოველდღიური ფული „თამაშის დოზისთვის“, როგორც ნარკომანებს. ისინიც იპარავენ და იპარავენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ და მიეცემათ. ჰოდა, აქედან გამომდინარე, მივიღეთ უმძიმესი რეალობა – ახალგაზრდების ნაწილი ნარკოდამოკიდებულია, ნაწილი – თამაშდამოკიდებული ან უარეს შემთხვევაში – ორივე ერთად. რაც ყველაზე ცუდია,  ამის შესახებ ოჯახის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ,  არასამთავრობოები და პოლიტიკოსები კი  შეთქმულებივით დუმან. გვეუბნებიან, რომ არავის სურს, წინასაარჩევნოდ  რომელიმე მიმართულებით კანონი გაამკაცროს და თუნდაც ერთი ხმა დაკარგოს, მაგრამ ხომ არ იყო წინა წელი საარჩევნო, არც იმის წინა და მაშინ   რატომ იყვნენ ჩუმად?! არასამთავრობოების გავიგეთ, ისინი დასავლელი პატრონების მითითებას ასრულებენ და თემებს, რომლებიც ახალგაზრდებს ღუპავს, უბრალოდ, უყრუებენ, მაგრამ სად არიან მშობლები, მასწავლებლები? სად არის საზოგადოება? ჰო, ის საზოგადოება, ნებისმიერ ამბავს განხილვის თემად რომ აქცევს ხოლმე სოციალურ ქსელში, კლავიატურის კაკუნით რომ ცდილობს პრობლემის მოგვარებას და ნებისმიერი, ვიმეორებ,  ნებისმიერი ტრაგედია განხილვის საგნად მხოლოდ 1-2 დღით  იქცევა ხოლმე.  თუნდაც ბოლო უმძიმესი შემთხვევა ავიღოთ, როცა თერჯოლაში ახალგაზრდა ბიჭი „კაიფში გაიპარა“, მის თანმხლებ გოგონას კი ასი კაცისთვის სამყოფი ნარკოტიკი უპოვეს. გავაკრიტიკეთ გოგონას დედა, რომელიც თანამდებობის პირი იყო და ამის შემდეგ გადადგა, შევიცოდეთ ბიჭი და… მეორე დღეს მთავარ განსახილველ  თემად  მცხეთაში დაგლეჯილი ძაღლი იქცა.  რაც მთავარია, ამ ძაღლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ არასამთავრობოები, გადაცემებს უძღვნიან, მაგრამ სადმე ნახეთ, პრობლემას, რომელსაც ლუდომანია და ნარკომანია ჰქვია, იმდენი გადაცემა და სიუჟეტი ჰქონოდეს მიძღვნილი, რამდენიც თუნდაც ცხოველთა დაცვას და, მაგალითად, ბუასილის პრობლემის მოგვარების გზებს?  დილიდან საღამომდე  ადამიანებს აბრუებენ ინდური, თურქული თუ არგენტინული მდარე სერიალებით; ასწავლიან, ახლებურად მომზადებულ საცივს შაშკვლავი უფრო უხდება თუ მოხალული ნიგოზი და ამ დროს ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად იხოცებიან ადამიანები – ნარკოდამოკიდებულები ზედოზირების შედეგად, თამაშდამოკიდებულები კი, არცთუ იშვიათად, გამოსავალს  მხოლოდ თვითმკვლელობაში  ხედავენ.

ისე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთი გზით გადაწყვიტა – ლამის ყოველწლიურად აძვირებს გადასახადს და ასევე ყოველწლიურად იზრდება ამ სფეროში ფულის ბრუნვის მაჩვენებელი. ვერ გეტყვით, ხელისუფლებაში არ იციან, ან ვერ ხვდებიან, ან არ უთხრეს, რომ ყოველი გაძვირების შემდეგ, საბუკმეიკერო კანტორებმა მომსახურება გააძვირეს, თანხის გატანის საკომისიო გაზარდეს, ანუ გაძვირებული ტარიფი მომხმარებლისგან ამოიღეს და თვითონ ერთი თეთრიც არ იზარალეს, მოგების მარჟას 0,001%-თაც არ დაუწიეს, ამიტომაც, ალბათ, არავის უკვირს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიარდი ლარი ბრუნავს და მეტიც, ბრუნვა ისე მაღალია, რომ საქართველოს ბიუჯეტს ლამის ორჯერ აღემატება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ადრე თუ გვიან ეს თავად სახელმწიფოს შეუქმნის ფინანსურ პრობლემას.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ხანაში  აზარტული თამაშების  მთავარ მფარველად ვანო მერაბიშვილი ითვლებოდა და რამდენიმე ასეთ კომპანიას ნაციონალების შავი სალაროც ჰქონდა მიბარებული ნაღდ ფულად. მერე, როცა ნაციონალები წავიდნენ, აზარტული თამაშები დავით კეზერაშვილმა (?!) შეიფარა და ბაზარზე ყველაზე  დიდი კომპანია „აჭარებეთის“ აქციების საკონტროლო პაკეტიც კი შეიძინა, მერე წილში სხვები შემოიყვანა და, სანამ „ოცნება“ აზრზე მოვიდოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ცხვირწინ  ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა. ისე, ამბობენ, კეზერას „აჭარაბეთში“ ინტერესები დღემდე აქვს, თვითონ არ ჩანს, ბიზნესი ნდობით აღჭურვილ პირებზე აქვს  გადაფორმებულიო. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ კომპანიის მენეჯმენტში კეზერაშვილის არაერთი ძველი მეგობარია მოკალათებული მსუყე ჯამაგირზე.

დასასრულ, პრობლემა ისე დიდია, რომ, თუ არ მიეხედა, ძალიან მალე გასკდება, აფეთქდება და ყველას ერთად თუ ცალ-ცალკე წაგვლეკავს, მაგრამ ვაი, რომ ეს წელი საარჩევნოა, მომავალი წელიც და ხელისუფლების მხრიდან რადიკალურ ზომებს არ უნდა ველოდოთ. უბრალოდ, ყურიც მიეჩვია და, ალბათ, გონებაც, რომ ბოლო პერიოდში  სიკვდილი ძალიან გაახალგაზრდავდა და საქართველოში  უკვე შპრიცით დადის, ცელით კი არა და ახალგაზრდები მიჰყავს. ჩვენ კი განგაშის ზარის დარისხებას  დუმილი გვირჩევნია,  დუმილი იმის იმედად, რომ სიკვდილი ჩვენს კარზე არ დააკაკუნებს. არადა, ეს ყველაფერი ისეა მოდებული ქუჩას, ყველას გაუჭირდება გადარჩენა, თავის არიდება, თავის დაღწევა, ამიტომ ვამბობთ, რომ ყველამ ერთად თუ ცალ-ცალკე ხმა ამოვიღოთ, არ დაველოდოთ, როდის გატარდება მოჩვენებითი ღონისძიებები და როგორ გადაიდება პრობლემის გადაჭრის გზები. ამ პრობლემას ჩვენი, თქვენი შვილების სიცოცხლე მიაქვს და მიაქვს ყოველდღიურად, ჩვენ კი არ ვიმჩნევთ.

ლევან გაბაშვილი                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here