Home ახალი ამბები საქართველო საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი აღარ არსებობს და პირდაპირი ფრენებიც აღდგა

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი აღარ არსებობს და პირდაპირი ფრენებიც აღდგა

210

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა. ეს არის ის, რაზეც ამდენ ხანს ვწერდით და რაზეც ხმამაღლა არ საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ  ახლა გაირკვა, რომ მოლოდინი და სურვილი ყველას ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მილიონამდე  მოქალაქეზე, რომლებიც საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქში არიან  წასული სამუშაოდ და სამშობლოში  ჩამოსასვლელად ურთულესი გზის გავლა უწევდათ:  ფრენით ჯერ -თურქეთში, აზერბაიჯანში ან სომხეთში და შემდეგ – საქართველოში. გზის გაგრძელებასთან ერთად  ეს ყველაფერი სერიოზულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვლა 250-300 დოლარით ძვირი უჯდებოდათ. ახლა კი… ახლა აიღე მოსკოვში ბილეთი და ორ საათში  თბილისის ან ქუთაისის აეროპორტში ხარ. იმ დაზოგილი 250-300 დოლარით კი ნათესავ-მეგობრებისთვის საჩუქრების ყიდვა შეიძლება…

მას შემდეგ, რაც ფრენა აღდგა, პრეზიდენტით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, ყველამ ბრიფინგი გამართა და ეს ფაქტი…  დაგმო. ჰო, დაგმო საქართველოს მილიონამდე მოქალაქისთვის შეღავათის დაწესება; დაგმო ის, რომ ადამიანები უფრო  მარტივად წავლენ და წამოვლენ მსოფლიოს ყველაზე დიდ  ქვეყანაში, გაიოლდება ურთიერთობა. მათი განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობა დაათბო და ეს ძალიან ცუდია. პარადოქსია, მაგრამ მთელი მსოფლიო რუსეთს ეხვეწება, უკრაინასთან დაათბე ურთიერთობაო და საქართველოსთან რომ დაათბო, თურმე ცუდია.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება  ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირებულია და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20  პროცენტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილლე  ვედანტ პატელმა გააკეთა.

 დავიწყოთ იმით, რომ  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილეს ვინ ჰკითხავს, საქართველოში ჩამოფრენილი თვითმფრინავი სანქცირებული იქნება თუ არა და რატომ შფოთდება ამერიკა იმით, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა? როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, თუ ასე გული შესტკივა ამერიკას, გააკეთოს იგივე, რაც რუსეთმა, უშლის ვინმე თუ ეუბნება, არ გვინდა, არ გვინდაო?! და ამერიკაც რომ ასე მოიქცეს, რას გააკეთებს ოპოზიცია: ტაშს დაუკრავს თუ იტყვის, ამერიკა რომ ურთიერთობას ათბობს, ცუდიაო? რეალურად, შტატები არა მხოლოდ  საქართველოსთან, არამედ მის მსგავს პატარა და განვითარებად სახელმწიფოებთანაც სავიზო რეჟიმს არასოდეს გააუქმებს და არ გააუქმებს იმიტომ, რომ ყოფა არ გაუიოლოს, მოსახლეობას არ მისცეს შესაძლებლობა,  დაბრკოლებების გარეშე ჩავიდეს შტატებში და იმუშაოს. ის, რომ ჯამაგირი ამერიკაში გაცილებით სოლიდურია, ვიდრე საქართველოში, არახალია და იგივე ხდება რუსეთის შემთხვევაშიც – რუსეთში მუშაობის დაწყება საქართველოსთან შედარებით  გაცილებით მარტივია და შემოსავალიც, შესაბამისად,  გაცილებით  დიდი. ერთ-ერთმა ექსპერტმა ისიც თქვა, პირდაპირი ფრენების აღდგენა ტურიზმს მოკლავსო, რაც სასაცილოც აღარ არის.  რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მესამე ქვეყნის გავლთ ჩამოდიოდნენ და ახლა თურმე, როცა ამის პირდაპირი შესაძლებლობა ექნებათ, აღარ ჩამოვლენ, თურმე წვალება და გადასხდომები ურჩევნიათ.

ახლა მთავარია, სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდეს. რამდენიმე დღის წინათ ქართველმა ფერმერებმა აქცია გამართეს, აქაოდა, ხორბალს 40 თეთრადაც კი ვერ ვყიდით და ხელისუფლებამ რუსულ ფქვილზე ბაჟი უნდა გაზარდოს, რადგან რუსული ფქვილი იაფია და ხორბალი არ გვეყიდებაო. ფერმერებისა და, საზოგადოდ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ტყუილს ამბობთ, ბატონებო, და ამას ჰაერზე არ გეუბნებით. რატომ არის, რომ ბაზარში ხორბალი 90 თეთრი ან ერთი ლარი ღირს და, ვინც ყიდის, ისინი ამბობენ, რომ 80 თეთრზე იაფად ხორბალს ვერ  შოულობენ? თუ 40 თეთრად ყიდით ხორბალს, აგერ, მოგვმართეთ და 50 ტონას ვიყიდით. ჰო, ვიყიდით 40 თეთრად, მაგრამ საქმე ის არის, რომ გაცილებით ძვირად გსურთ გაყიდვა, ორჯერ უფრო ძვირად და 40 თეთრს მხოლოდ იმიტომ გაიძახით, რომ ყურს საამოდ მოხვდეს. აი რუსული ხორბლისგან დამზადებული, შემდეგ საქართველოში ჩამოტანილი ფქვილი აქ მოყვანილი ხორბლის ფქვილს  რომ უწევს კონკურენციას, ეს უფრო ადგილობრივი ბაზრის ბრალი უნდა იყოს და არა რუსული ხორბლის.

სხვათა შორის, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი დააწესა და ფრენებიც შეწყვიტა, მაშინ დასავლელი პარტნიორები და ოპოზიცია ერთ ხმაში ყვიროდნენ: ხომ გეუბნებოდით, რუსეთი მტერია. საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება გაურთულა, შეუზღუდა და მალე  გამოაძევებსო. არ გამოუძევებია, მაგრამ ახლა, როცა ფრენები აღდგა და სავიზო რეჟიმი გაუქმდა, იგივე ხალხი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა არ შეიძლება, რომ ის მტერია. ანუ რა გამოდის? რაც  უნდა გააკეთოს რუსულმა მხარემ, ყველა ვარიანტში მტერია და ეს უნდა დავიჯეროთ. რუსულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს ფული რომ დაურიგოს, უბრალოდ, აჩუქოს, იტყვიან, – მოსყიდვას აპირებენ, სინამდვილეში დამონება უნდათო.  დასავლეთის გზავნილი და ოპოზიციის გახმოვანება ასეთია:  რაც უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ ვაღიაროთ რუსეთის რაიმე სიკეთე და ყველაფერზე ვიძახოთ, რომ ის არის მტერი, ის არის ოკუპანტი, ის არის საზიზღარი და მერე რა, რომ სწორედ რუსულ ბაზარზე დგას საქართველოს ეკონომიკა. ეს არ უნდა ვაღიაროთ, ეს არ უნდა ვთქვათ, თორემ მოსახლეობა შეიძლება მიხვდეს, რომ ბოლო წლებში ქართული ეკონომიკა სწორედ რუსული ბაზრის მეშვეობით გადარჩა და ახლაც, როცა რუსეთიდან იაფი პროდუქცია შემოდის, ეროვნული ვალუტა გამყარდა და… არც არაფერი, თვალში ნაცრის შეყრაც აღარ ჰქვია ამას, დასავლეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ ნებისმიერი რამ, რაც მოსახლეობას ყოფას გაუადვილებს, ცუდია და უნდა იწვალოთ, უნდა გაიჭირვოთ, უნდა ოფლად დაიღვაროთ და ღმერთმა არ ქნას, ქართველებმა დოვლათის შექმნა დაიწყონ, მაშინ მათი მართვა უფრო გაჭირდება. მშიერი ხალხის მართვაა ადვილი და სწორედ ჩვენს დასამშევად დგამს დასავლეთი თითოეულ ნაბიჯს.  რამდენიმე წლით უკან დასაბრუნებლად სჭირდება ხელისუფლების შეცვლის  ძალადობრივი სცენარი და საამისოდ, უბრალოდ, ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, თორემ მეხუთე კოლონა, ოპოზიციის სახით,  დიდი ხანია, მზადაა, დასავლეთის მონის მანტიით ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ჰო, დაბრუნდეს და არა მოვიდეს, რადგან ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტია და მასზე დამყნობილ ნერგზეა გახარებული.

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი აღარ არსებობს და პირდაპირი ფრენებიც აღდგა. ვრცელდება ინფორმაცია,რომ  ბილეთები აღარ არის და რეისების დამატებაზე ფიქრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სამშობლოში დაბრუნება და ახლობლების მონახულება სურდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა და ვერ ახერხებდა უსახსრობის გამო. ოჯახის 4 წევრი რომ წამოვიდეს პირდაპირი რეისით, 1000-1200 დოლარს ზოგავს და ამ თანხით საქართველოში, ერთ თვეს თუ არა, ორ კვირას ნამდვილად გაიტანენ თავს, მერე კი ისევ უკან დაბრუნდებიან და დაბრუნდებიან მარტივად,  ყოველგვარი საბუთების მოგროვებისა და შვეიცარიის საელჩოსთან რიგში დგომის გარეშე. ამ ყველაფრის სიკეთეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები დროის გასვლასთან ერთად უფრო იგრძნობენ, როცა თანხა და, რაც მთავარია, დრო დაეზოგებათ…

ისე, ახლახან დასრულებულ „ევროვიზიაზე“, ქართულმა ჟიურიმ უკრაინის წარმომადგენელს ქულაც არ მისცა, რასაც… ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, როგორ შეიძლება, ომში მყოფ უკრაინას ქულაც არ დავუწერეთო. ანუ, თუ ომშია უკრაინა, სიმღერაც უნდა მოგვწონდეს მისი და ცეკვაც? მაშინ რაღა კონკურსს ატარებდნენ, პირდაპირ მიეცათ უკრაინისთვის გამარჯვება, მაგრამ არა… უკრაინა „ევროვიზიაზე“ მეექვსე ადგილზე გავიდა და, ქართველ ჟიურის ქულათა მაქსიმუმიც რომ მიეცა, წინ მაინც ვერ წაიწევდა. ჰო, არც ერთი, ევროპის არც ერთი ქვეყნის ოპოზიციას ბრიფინგი არ გაუმართავს, უკრაინას ქულები რატომ არ მიეცითო, ჩვენთან კი…

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here