Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს „საუკეთესო მეგობრების“  ბრძოლა… საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს „საუკეთესო მეგობრების“  ბრძოლა… საქართველოს წინააღმდეგ

725

გრძელდება დასავლეთის ბრძოლა  საქართველოს  ხელისუფლების წინააღმდეგ. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რასაც დასავლეთი აკეთებს.  გასულ კვირას ოპოზიციის საამებლად ევროპარლამენტარებმა ყველა კარტი გახსნეს და საჯაროდ განაცხადეს, რას ფიქრობენ რეალურად და  რატომ არ მოსწონთ დღევანდელი ხელისუფლება. ისინი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესსაც გაეცნენ, ნახეს, რა შესრულდა, რისი შესრულება მიმდინარეობს და ოპოზიციის გამო რა ვერ სრულდება  – პოლარიზაციის აღმოფხვრა. წაიკითხეს ევროპარლამენტარებმა ეს ყველაფერი და…

„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები (ამ ფრაზას აუცილებლად დავუბრუნდებით) და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ, მაგრამ, ვფიქრობ, ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა, უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯოზას ოლეკასმა.

მოდი ბატონ ჯოზეფ ოლეკასს მოფერებით ოლეს დავუძახებ. კარგად მოგვისმინე, ოლე! რომ ამბობ, „ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები“-ო, მეგობრებს ეუბნები, სისხლის სამართლის დამნაშავე გაათავისუფლეთ ციხიდანო? და თანაც, ზუსტად ვიცით: ის კაცი რომ გამოვა, ქვეყანაში არეულობა გარდაუვალია და არც ის არის გამორიცხული, საქართველო-რუსეთის საზღვართან ავტომატით მივიდეს და სროლა ატეხოს. იმას გვეუბნებით საუკეთესო მეგობრები, რომ რადიკალური ოპოზიცია უმრავლესობამ უნდა მოარჯულოს, ძალით უნდა დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან და მერე იმავე ოპოზიციამ იყვიროს, – არაფერზე ვართ თანახმაო? პოლარიზაციის დასრულება ერთ-ერთ პუნქტად ხომ სწორედ იმიტომ არის ჩაწერილი, რომ ვერ და არ შესრულდეს, რომ ოპოზიციამ ბოლომდე დაძაბოს ისედაც დაძაბული სიტუაცია და, თუ ყველაფერი შესრულდება, უეჭველი გეცოდინებათ,  რომ ეს პუნქტი შეუსრულებელია და ამის საფუძველზე სტატუსს არ მოგვცემთ. და კიდევ ერთი რამ, ოლე: სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ის ექს-პრეზიდენტია და პრეზიდენტად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოიხსენიებენ. ლოგიკურად რა გამოდის, თვითონ განსაჯე, ოლე!

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით პროგრესს 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესში: პირველი – დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული. შესაძლოა, კარგი ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და როგორც  ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ბევრი ევროპარლამენტარის იმედგაცრუებას იწვევს. პოლონეთის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი ასევე არის ხელისუფლების ოპოზიციონერი, მაგრამ ის დაპატიმრებული არ არის. გთხოვთ, განიხილოთ ეს ჟესტი“, – ეს განცხადება ეკუთვნის ოლეს კოლეგა კოსმა  ზლოტოვსკის.

ბატონ კოსმას, ალბათ, დაავიწყდა, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი არ არის გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით,  რომ პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს არ ადანაშაულებენ თავისი ერისთვის გენოციდის მოწყობაში, რომ მისი მწვანე შუქით ქუჩაში არ დაუხოცავთ ათეულობით ახალგაზრდა, ციხეში არ მოუკლავთ ასეულობით პატიმარი და არ უწამებიათ ათასობით მსჯავრდადებული. პოლონეთის პრეზიდენტს არ უთქვამს, –  ჩემი ერი კრიმინალიაო და არც პროვოკაციული ომი დაუწყია და მიწაში არ ჩაუწვენია ბიჭები. აი, ეს რომ გაეკეთებინა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს და არ დაეჭირათ, მერე გეთქვათ, დაპატიმრებული არ არისო. რაც შეეხება მოპყრობას, ზლოტოვსკი ამ შემთხვევაში ნამდვილად მართალია  –  არ ეპყრობიან სააკაშვილს ისე, როგორც  იმსახურებს. სასჯელის უდიდეს ნაწილს მიშა კლინიკის ხუთვარსკვლავიან პალატაში იხდის, მასთან შედის და გამოდის ყველა, ვისაც სურვილი აქვს, მიირთმევს დედის მიერ დამზადებულკერძებს და მერე რა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში პატიმრის სანახავად მისულ დედებს აშიშვლებდნენ, ვიდეოზე იღებდნენ და მერე ერთმანეთს უზიარებდნენ მიშას მაღალჩინოსნები. მან ზუსტად ის ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს, როგორსაც მისი პრეზიდენტობის დროს გადიოდნენ ადამიანები; სულხან მოლაშვილივით უნდა აწამონ, სერგო თეთრაძესავით სიკვდილს უნდა ჩახედოს თვალებში, მერე გაუშვან, ძებნა გამოაცხადონ და გია კრიალაშვილივით ჩაცხრილონ. აი, ეს იქნება სამართლიანი და „კბილი კბილის წილ“. მაშინ სად იყვნენ ეს ევროპარლამენტარები და „საქართველოს საუკეთესო მეგობრები“?! მაშინ ვერ ხედავდნენ და არ ესმოდათ,  რა ხდებოდა ხომ? რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილი დასავლეთის მარიონეტი და მონაა, დასავლელთა ყველა  მითითებას ასრულებდა,  ქართველთ სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკურად თუ აისახებოდა მოხსენებებში და ტრაგედია არასდროს ყოფილა ევროპა-ამერიკისთვის.

საქართველოს „საუკეთესო მეგობრების“  ბრძოლა... საქართველოს წინააღმდეგ

„ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდოება იმ ქვეყნის თანხმობა, რომელშიც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო“, – განაცხადა  ევროკავშირის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორმა  ლუკ დევინმა.

გნებავთ, გითხრათ, რატომ არის ეს  წმინდა წყლის დემაგოგია?! დღემდე  რუსეთიდან წამოსული თვითმფრინავები ჩაფრინდებიან, მაგალითად, თურქეთში, იქიდან კი მიფრინავენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ასე იყო საქართველოს მიმართაც  – თვითმფრინავები ჯერ თურქეთში, აზერბაიჯანში ან სომხეთში ჯდებოდა, მერე მოდიოდა საქართველოში. ანალოგიური რამ ხდება ევროპის მიმართულებითაც… და თქვენ ის ევროპარლამენტარები არ იყავით, 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების  აკრძალვისას ხმის ჩახლეჩამდე რომ ხაოდით: რუსეთი მტერია, ხედავთ, რა გააკეთაო? ახლა აღადგინა და მაინც მტერია, ანუ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, ყველა ვარიანტში  მტერია. და მხოლოდ ჩვენთვის არის მტერი? საქართველოში თუ დაფრინდება რუსული თვითმფრინავი, ეგ არის სამყაროს აღსასრულის დასაწყისი და პარიზსა თუ ბრიუსელში არა უშავს?

„საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო; პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ; „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რის  გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, –  ესეც კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, სიტყვებია. თურმე პოლიცია სასტიკი ყოფილა, როცა ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ისე დაშალა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია და, ლაზარე გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილები“ რომ ისროლა, ის ყოფილა გმირი, პოლიციელი კი – სასტიკი, ცოცხალი რომ გადარჩა, რომ არ დაიწვა. ხედავთ, როგორ უნამუსოდ მოიქცნენ სამართალდამცველები, ახალგაზრდის მიერ ანთებული კოცონი ჩააქრეს და მის ხუშტურებს არ შეეწირნენ.

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ, რაც  უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, კანდიდატის სტატუსს  არ მოგვცემენ.  საბოლოო უარს კი არ გვეტყვიან, არამედ განაცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად კიდევ ერთი წელი გვექნება, ანუ თარიღს მომდევნო წლის დეკემბრამდე გადასწევენ და ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ იტყვიან, რომ, თუ მოსახლეობას სურს სტატუსი, მაშინ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ეს იქნება არათუ პირდაპირი გზავნილი არჩევნების შედეგეზე ზემოქმედებისთვის, არამედ უხეში ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში…  ამას აკეთებენ ყოველდღიურად, ერევიან, ცდილობენ, საკუთარ თარგზე მოჭრან ქართული კანონმდებლობა და ქართველი ერის ფსიქოლოგიაც კი. ამას აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, ცდილობდა  ქართული გენის მოკვლას, ქართველის  ფსიქოლოგიის შეცვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, თუმცა  მეორე, მესამე… და მეათე მცდელობა აუცილებლად იქნება. ასე გაგრძელდება  მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაფიოდ არ იტყვის, რომ ჩვენთვის უპირველესი ქვეყნის ინტერესებია და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. სწორედ ამის გაგება არ სურს დასავლეთს და სწორედ ამიტომ გვიკიჟინებენ: ჩვენ დაგვიჯერეთ და კარგად იქნებითო. სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ვნახეთ, რა მოგვიტანა დასავლეთის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებამ. სწორედ მათი რეკომენდაციების შედეგი იყო ეკლესიების ნგრევა, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა და ექსპერიმენტი სახელად „1984“, რომლის ავტორიც, ორუელის ნაცვლად, სწორედ ევროპა და ამერიკა იყვნენ.

ლევან გაბაშვილი                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here