Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ნატოში, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნე არ მიიღებენ _ დასავლელი ლიდერები სიმართლეს...

საქართველოს ნატოში, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნე არ მიიღებენ _ დასავლელი ლიდერები სიმართლეს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამბობენ

282

გახსოვთ, ალბათ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საქართველოსა და უკრაინაზე პირდაპირ რომ თქვა: ამ ორ ქვეყანას ნატოში ყველაზე ცოტა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მიიღებენ, სავარაუდოდ, არც ნახევარი საუკუნის შემდეგ და დროა, მათ შავი ზღვის კავშირზე იფიქრონო. არადა, მანამდე იგივე სარკოზი ამტკიცებდა, ცოტაც და საქართველოსა და უკრაინისთვის, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის კარი ფართოდ გაიღებაო. ანუ, როცა ევროპელი ლიდერები ქვეყნის სათავეში არიან, ლაპარაკობენ იმას, რა ვალდებულებაც აქვთ, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ ვალდებულებას იხსნიან და ამბობენ სიმართლეს.

“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლიათ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია, არის ის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს”, _ განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ რასმუსენი თანამდებობაზე ყოფნისას სხვაგვარად ლაპარაკობდა და იმასაც ამბობდა, ნატოს შემადგენლობაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიღების წინააღმდეგია, მაგრამ ჯერ კონკრეტული ვალდებულებები და რეფორმები გაქვთ შესასრულებელიო. ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივანი 2009 წელს გახდა, მაშინ, როცა საქართველო-რუსეთის ომი ერთი წლის დასრულებული იყო. შესაბამისად, ის ხმამაღლა ალაპარაკდა საქართველოს ნატოში მიღებაზე და ისე ჩანდა, რომ საამისოდ ყველაფერს აკეთებდა, თუმცა, საბოლოოდ ამ ყველაფრიდან ზუსტად ის გამოვიდა, რაც ადრე გამოდიოდა _ არაფერი. ამ მწარე სიმართლის გარდა, რასმუსენს ისიც წამოსცდა, რას ფიქრობს, საზოგადოდ, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაზე.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან, რადგან არ ვიცი, რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და, ამასთანავე, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ საზოგადოდ, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება”, _ განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენი არ აღიარებს იმ სასამართლოს, რომელმაც სააკაშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა და ახლა, ახალ ბრალდებას თუ არ გავითვალისწინებთ, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მიშა მისჯილ სასჯელს იხდის. რასმუსენი გვმოძღვრავს: სამართლიანი სასამართლო უზრუნველყავით, რა მიუსაჯეთ, არ ვიციო. იმავე განცხადებაში ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იმასაც მოგვიწოდებს, ძალთა გადანაწილება უზრუნველყავით როგორც პოლიტიკაში, ისე სხვა მიმართულებითო. ანუ, კოალიციური მთავრობაზე მიგვანიშნებს.

შევთანხმდეთ, რომ საქართველოში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება როგორც ქუჩის აქციები, ისე მასობრივი უკმაყოფილება თუნდაც სოციალური მდგომარეობის გამო. ის, რომ ჩვენს ქვეყანას, მაგალითად, ეკონომიკური კუთხით უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი ეშველება, ყველაზე კარგად სწორედ ევროპელმა პარტნიორებმა იციან და არ აქვს მნიშვნელობა, ეკონომიკის რამდენპროცენტიან ზრდაზე ვილაპარაკებთ _ რეალობა არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე არ აისახება და ხალხს ფული, უბრალოდ, არ აქვს. ჰოდა, რასმუსენმა გასაგებად თქვა, სანამ პოლიტიკურად არ დალაგდებით, არაფერი გეშველებათო და იქვე რეცეპტი შემოგვთავაზა _ კოალიციური ხელისუფლება და მთელ პოლიტიკურ სპექტრზე გადანაწილებული ძალები. სავარაუდოდ, მან არ იცის, რომ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული პარტიის ყველა ლიდერს პარლამენტარის სტატუსი რომ მივანიჭოთ, 150-ადგილიან პარლამენტში ადგილი არ გვეყოფა, რადგან პარტია 150-ზე მეტია. ამას პარტიების ლიდერები რომ დავამატოთ და ამ ადამიანებით დავაკომპლექტოთ მინისტრთა კაბინეტი, მაინც არ იქნება საკმარისი… 250-ზე მეტი პარტიაა საქართველოში რეგისტრირებული და, სულ ცოტა, 250 ადამიანს აქვს ამბიცია, რომ შეუძლია, ქვეყანა მართოს. საქართველოში ყველა მეფედ რომ იბადება და ტახტი კიდევ ერთი რომ არის, კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საკმარისზე მეტი ტახტიც რომ გვქონდეს, მაინც არ გვეყოფა. რამდენიმე დღის წინათ დასრულებული არჩევნები ავიღოთ. დასავლეთი მიზეზს ვერ პოულობს, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს, მაგრამ იმასაც არ ამბობს, ყველაფერი რიგზე იყოო, რადგან ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის აქციები აზრს კარგავს. არადა, ოპოზიციური ლიდერების განცხადებებში დასავლეთიდან დაიმედება აშკარად გამოსჭვივის.

“აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე, ხოლო “ქართული ოცნების” კამპანია, პირველ ტურთან შედარებით, ძირითადად, უფრო მეტ ეროვნულობაზე”, _ განაცხადა ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა. ჰო, რასმუსენის არ იყოს, იონსონს მოსწონს კოალიციური მთავრობის იდეა და არ მოსწონს “მეტი ეროვნულობა”. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც დასავლეთი ნებისმიერი ხერხით მზად არის, შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რა გზით მოახერხებს. 9 წლის განმავლობაში დასავლეთმა ვერ შეძლო და მორიგი შეიარაღებული კონფლიქტი ვერ დააწყებინა საქართველოს ხელისუფლებას და იმასაც მიხვდა, რომ, თუ დროზე არ მოიფიქრებს რამეს, შესაძლოა ყური, საერთოდ, აღარ ათხოვონ.

ხვალ და ზეგ, ოპოზიცია აუცილებლად გამოვა ქუჩაში და მათ აუცილებლად ექნებათ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ამერიკელი კონგრესმენები ლამის ერთ ხმაში ამბობენ, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს ნაცვლად ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანონ და, ვითომ არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ ეს პროვოკაციის სერიოზული საფუძველი იქნება. ახლაც, დაანონსებული თუ გამოცხადებული რევოლუციის პირობებში, სააკაშვილის გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც არ ექნება მავთულხლართი და რამდენიმე დამცავი ბარიერი, წააქეზებს ოპოზიციას და ისინი პარლამენტამდე შტურმს სწორედ სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანენ; მიიტანენ აგრესიულად, ისე, რომ ხელისუფლება ვალდებული იქნება, ძალა გამოიყენოს; შემდეგ კი დასავლეთი ღიად ალაპარაკდება იმაზე, რომ ძალა იყო არაპროპორციული, რომ ხელისუფლებამ გადაამეტა, რომ გადასახედია ყველაფერი და გაზაფხულზე დასანიშნია რიგგარეშე არჩევნები. ეს ხელისუფლების გადაბარების ოფიციალური გაფორმება იქნება, რადგან საამისოდ ორი მიზეზია: ერთი _ ამომრჩევლის განწყობა და მეორე _ მმართველი პარტიის გადაღლილი მხარდამჭერები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია, არჩევნებზე ერთადერთი მიზნით დადიან _ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა”. ჰოდა, ამ ხალხსაც ყელში ამოუვიდა უკვე ამდენი მიტევება, ამდენი გათვალისწინება ვიღაცეების თუ რაღაცეების. გვერწმუნეთ, რიგითი ქართველისთვის ვიღაცაა შარლ მიშელი, რომელმაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია და ზღვარიც კი დაგვიწესა, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში, ისევ კონსტიტუციის გვერდის ავლით, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავდა. ჰო, კონსტიტუციის გვერდის ავლით, რადგან არ შეიძლება ვიღაც ევროპელის მიერ ფურცელზე ჩამოწერილი პირობის შეუსრულებლობა რიგგარეშე არჩევნების საბაბი გახდეს. რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ოპოზიციამ აღნიშნული თემა მთლიანად მიაჩუმათა. უკვე აღარ ლაპარაკობენ რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებზე, რადგან მწარედ დამარცხდნენ, მაგრამ ჯიუტად ითხოვენ ხელისუფლების გადაბარებას და მერე რა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. ეს არ აინტერესებს არც ევროპას, არც ამერიკას და აგერ, რასმუსენმა გასაგებად თქვა: ნატოზე კარგა ხანს არ იოცნებოთ, ამ ორგანიზაციის წევრი არაერთი ქვეყანა ნატოში თქვენი მიღების წინააღმდეგიაო. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ნატოს წევრი ისლანდია ერთადერთი სახელმწიფოა ამ ორგანიზაციაში, რომელსაც არ ჰყავს რეგულალური არმია, ანუ ამ პრეცედენტის დაშვებაც შეიძლება სურვილის შემთხვევაში და, საერთოდ, არაა საჭირო, 75 მილიონი “ჯაველინებში” გადავიხადოთ და სხვადასხვა მისიაში ქართველი ახალგაზრდები ტყვიებს მივუშვიროთ. რეალური მიზანი და მიზეზი იმისა, რომლის გამოც საქართველოს ნატოს გარშემო ატრიალებენ, რუსეთი გახლავთ, ქვეყანა, რომელსაც ნერვები სწორედ საქართველოთი უნდა მოუშალონ და, თუ რომელიმე ხელისუფალი ამაზე უარს იტყვის, ის უნდა წავიდეს; უნდა წავიდეს ნებისმიერ ფასად და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, მთავარია დიდი ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნები. ჩვენ კი ზუსტად ისეთი სტატისტიკა ვართ მათთვის, როგორც კოვიდით გარდაცვლილი საქართველოს 10 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა ოფიციალური უწყებებისთვის, თორემ ეს ათასობით ოჯახისთვის ტრაგედია და მოუშუშებელი ტკივილია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here