Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე

საქართველოს მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე

„დასავლელი მეგობრები“ ვერ ინელებენ, რომ ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი ქართული ჯარი რუსეთს არ ეომება

405

დაახლოებით ერთი თვის წინათ საქართველოს პრემიერმინისტრი  ვაზიანში   ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების ინიციატივით გამოვიდა, რათა   საქართველო რეგიონში მთავარ საავიაციო ჰაბად იქცეს. დღეს რეგიონში  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დაბალი დონისაა. თავად განსაჯეთ, ერთი საათის განმავლობაში ჩვენს აეროპორტს 5 რეისის მიღებაც კი  არ შეუძლია, რადგან, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გარდა, თვითმფრინავებისთვის არ არის საკმარისი სადგომი. ამასთანავე, თბილისის აეროპორტის გამოყენება შეუძლებელია ტრანზიტული რეისებისთვის, რადგან არ არსებობს მგზავრების  მოსაცდელი სივრცე, რომელშიც ასობით ადამიანი  3-4 საათის განმავლობაში სასურველ რეისს დაელოდება. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ლოგიკური და დროულიც იყო, მაგრამ მის განცხადებას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა… ყველაფერს რიგითობით მივყვეთ.

როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარემონტდა და მიხეილ სააკაშვილმა სიამაყით თქვა, ყველაზე მაგარი აეროპორტი გვაქვს რეგიონშიო, ეს ტყუილი  იყო და მან ზუსტად იცოდა, რომ ცრუობდა.  მერე  სააკაშვილის მთავრობამ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა „ტავ“-თან, რომელსაც თბილისის აეროპორტში ყველაფერზე ექსკლუზივი ჰქონდა. ხელშეკრულებას  2014 წელს გაუვიდა ვადა, მაგრამ   „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა და, სამწუხაროდ, იმავე „ოცნებამ“ ხელშეკრულებიდან არ ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვით, სანამ „ტავ“-ი იქნება აეროპორტის მმართველი კომპანია, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, 180 კილომეტრის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს(?!). ხელშეკრულებას  2027 წელს ეწურება ვადა, აეროპორტის მშენებლობა კი გაისად უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, იმ დონის აეროპორტის აგება, როგორსაც ხელისუფლება გეგმავს, 2-3 წელიწადში ვერ მოესწრება და „ტავ“-ი იძულებული იქნება, ან რეალობას შეეგუოს, ან 2027 წელს ახალ კონტრაქტს აღარ დაუდებენ, თუმცა პრობლემა ესეც არ არის. ღარიბაშვილის განცხადებას არამხოლოდ  ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც გამოეხმაურნენ და შეიძლება ითქვას, პრემიერის ინიციატივა საჯაროდ დაგმეს.

მიზეზი კი ის არის, რომ თურმე ვაზიანში საქართველოში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა საწყობებით, პოლიგონით, სამხედრო  თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით. ჰოდა, სამხედრო და საერთაშორისო აეროდრომისა და აეროპორტის გვერდი გვერდ ყოფნა მიზანშეუწონელიაო. თურმე, ომი რომ დაიწყოს, ეს უდიდეს პრობლემას შექმნის და, როგორც საერთაშორისო ექსპერტებმა თქვეს, მტერი ხელის ერთი მოსმით დაბომბავს როგორც სამხედრო, ისე საერთაშორისო აეროპორტებს. დიდი ბოდიში, ბატონებო, და… რომელი ომი უნდა დაიწყოს? ომისთვის ვემზადებით და არ ვიცით? ვინმე ჩვენზე თავდასხმას აპირებს და გვიმალავთ? რატომ ფიქრობს დასავლეთი, რომ საქართველოში შეიძლება ომი დაიწყოს და რატომ არ ვფიქრობთ ამაზე ჩვენ?

არაერთხელ დავწერეთ, რომ დასავლეთს საქართველო საუკეთესო პოლიგონად მიაჩნია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და, როგორც ჩანს, ისინი აღნიშნულ იდეაზე უარის თქმას ცოცხალი თავით არ აპირებენ. სწორედ ამიტომ ატეხეს ყიჟინა, _ საერთაშორისო აეროპორტი მანდ არ ააშენოთ, ომის დროს პრობლემებს შექმნისო. არადა, ერთმა ქართველმა ექსპერტმა მშვიდად თქვა: ვაზიანის პოლიგონის გადატანა ორფოლოშიც შეიძლება მისი გაფართოების ხარჯზე და მარნეულის სამხედრო ბაზაზეცო, ანუ მარტივი გამოსავალი არსებობს, მაგრამ ეს ექსპერტი ლამის ჯვარზე გააკრა ოპოზიციამ და ისიც გაჩუმდა. სამაგიეროდ, დასავლელმა ექსპერტებმა დაასაბუთეს: თუ საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანდ ნატოს ერთობლივ წვრთნებს ვეღარ ჩავატარებთო. როგორ არ გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას (და რამდენიმე წლის განმავლობაში „ოცნების“ პერიოდშიც) ქართულ ჯარს  ნატოს არც ერთი ერთობლივი წვრთნა არ გამოუტოვებია. მოსახლეობის პროცენტული შეფარდებით, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა საერთაშორისო მისიებში და რა მივიღეთ სანაცვლოდ? ქართველი  ბიჭების დაღვრილი სისხლისა და შეწირული სიცოცხლის გარდა, რა მიიღო საქართველომ? აბსოლუტურად არაფერი, ნული შედეგი ამ ყველაფრიდან და ახლა სრულიად ლეგიტიმურ კითხვას დავსვამთ: რაში გვარგია ნატოს წვრთნები სამომავლოდ? ვიღაც იტყვის, ომი რომ დაიწყოს, გაწვრთნილი ჯარისკაცები გამოგვადგებიანო. ჯერ ერთი, ომის დაწყებას არავინ აპირებს საქართველოში; მეორეც, ზუსტად ანალოგიურად გაწვრთნილი ჯარი ჰყავდა უკრაინას და რა მიიღო შედეგად? ქვეყანა ერთ ნაბიჯშია იმისგან, რომ საერთოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა. უკვე დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, დღესვე რომ დასრულდეს შეიარაღებული დაპირისპირება, აღებული ვალების გამო უკრაინა, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნე დასავლეთის მონა იქნება და კრედიტები უნდა იხადოს, უკრაინას გაუნახევრდა გენოფონდი, აღარ აქვს ინფრასტრუქტურა, უკრაინა (ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო) აღარ არის მოთამაშე არც ერთ ბაზარზე და ვერც იქნება კარგა ხნის განმავლობაში. და აქ საუბარი გვაქვს ქვეყანაზე, რომელიც ტერიტორიულად და მოსახლეობით საქართველოზე ათჯერ მეტია.

ჯარისკაცებისთვის პოლიგონი არის როგორც მარნეულში, ისე ორფოლოშიც და იმის გათვალისწინებით, რა რაოდენობის ჯარი გვყავს, წვრთნების ჩატარება ორივე პოლიგონზე შეიძლება. ეს იციან დასავლელმა ექსპერტებმაც, იციან ქართველმა ექსპერტებმაც, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ და ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. არადა, დიდი აეროპორტი რომ აშენდეს, რომელიც მოახერხებს სატრანზიტო რეისების მიღებასაც, საქართველო  საავიაციო ჰაბად იქცევა რეგიონში, აქ ფრენას მსოფლიოს უდიდესი კომპანიებიც დაიწყებენ და ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას წაადგება, მაგრამ  ეკონომიკურად ძლიერი საქართველო ყველაზე ნაკლებად შედის დასავლეთის ინტერესებში. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც დასავლეთი აეროპორტის მშენებლობის იდეას არ გვიწონებს. ისინი აქცენტს იმაზეც აკეთებენ,  ახალი აეროპორტის მშენებლობა რამდენიმე მილიარდი დაჯდებაო  და რატომ წუხან საქართველოს ბიუჯეტზე, ძნელი სათქმელია.

როგორც ჩანს, „დასავლელი მეგობრები“ ვერ ინელებენ იმას, რომ თურმე ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი ქართული ჯარი უქმად არის და რუსეთს არ ეომება, დასავლეთმა ხომ სწორედ რუსეთთან საბრძოლველად გაწვრთნა ქართული არმია და ახლა, როცა ქვეყანა ომში ჩართვაზე უარს ამბობს, გამოდის, ჩვენი ჯარისკაცების წვრთნისთვის დახარჯული ფული ტყუილად დაიკარგა. ჰო, ისინი თავიანთ  ხარჯებს მისტირიან და საერთოდ არ ადარდებთ ქართველი ბიჭების სიცოცხლე და საქართველოს მშვიდობიანი აწმყო თუ მომავალი. ხომ მარტივი ლოგიკაა –  ომში ჩართვა ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფას ნიშნავს,  ათასობით დაღუპულ მშვიდობიან თუ სამხედრო პირს,  განადგურებულ ეკონომიკას და თანაც დასავლეთმა იცის, რომ საქართველოს დასამონებლად არ იქნება საჭირო ისეთი თანხები, როგორიც უკრაინისთვისაა განსაზღვრული. ჩვენ ათჯერ ნაკლები თანხა გვეყოფა იმისათვის, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში  წელში ვერ გავიმართოთ.

ასეთია დღევანდელი რეალობა და საქართველოს მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე. რეალურად ეს იქნება ჩვენი მშვიდობის გარანტი და ჩვენი ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგი, რათა თუნდაც სიღარიბის ინდექსმა დაიწიოს, შეიქმნას რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილი და საქართველო არამხოლოდ  რეგიონის ტურისტებისთვის იყოს მიმზიდველი, არამედ საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. ტრანზიტული რეისების მიღება დააინტერესებს უდიდეს ავიაკომპანიებს, დააინტერესებს ნებისმიერ მოგზაურს, რომლებსაც თბილისის გავლით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლება გადაფრენა ისე, რომ, მაგალითად, იმავე თურქეთს გვერდი აუაროს. ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა არც თურქეთისთვის უნდა იყოს მოსაწონი, მაგრამ ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ აზრს,  რომ საკმარისია უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინება და პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესების დაყენება. გაგვახსენეთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა იმავე თურქეთმა, ამერიკამ ან ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ მოიმოქმედა ისეთი რამ, რაც არც ხელს არ აძლევდთ  მათ და სარგებლიანი  იყო მეზობელ სახელმწიფოს ან მეგობარი ქვეყნისთვის?! ვერ გაიხსენებთ იმიტომ, რომ ყველა,  უწინარესად,  საკუთარ  თავზე ზრუნავს და საკუთარ თავზე ზრუნვას ჩვენც უნდა მივეჩვიოთ.

წერილის დასაწყისში „ტავ“-ი ვახსენეთ და არავინ მალავს, რომ ამ კომპანიას სრული მონოპოლია აქვს თბილისის აეროპორტზე. მას  მარტივად შეეძლო თუნდაც მეორე ასაფრენი ზოლის მოწყობა, მაგრამ არ აინტერესებს, აკმაყოფილებს ის, რაც არის, და მერე რა, რომ არსებული ვითარება  საქართველოსთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ხელშეკრულებაში მთავარი მუხლი, რომლის მიხედვითაც 180 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის მშენებლობა აკრძალულია, უნდა  გასუქმდეს, რადგან თბილისთან 180 კილომეტრის რადიუსში ლამის მთელი აღმოსავლეთ საქართველოა და ისე გამოდის, ერთი კომპანიის გამო   ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ აქვს.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here