Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მოსახლეობა გუგლში  ხშირად ეძებდა…  გუგლს

საქართველოს მოსახლეობა გუგლში  ხშირად ეძებდა…  გუგლს

332

საძიებო საწყის 18 პოზიციას  შორის  6, ანუ მესამედი საბუკმეიკერო კანტორების მისამართებია, პირველ 25 პოზიციას შორის არ არის არც ერთი შემეცნებითი  და საინფორმაციო ვებ-გვერდი, აღარაფერს ვამბობთ, გაზეთების ვებ-გვერდებსა თუ წიგნებზე.

წლის ბოლოს, როგორც წესი, ყველაფერს  ითვლიან. როგორ ჩავამთავრეთ წელი ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ, რა იყო პრიორიტეტული, რა გავიგეთ ახალი, რას დაგვპირდნენ და ვერ შეასრულეს, რას არ ველოდით და მაინც მოხდა… მოკლედ, ყველანაირ სტატისტიკურ მაჩვენებელს  ითვლიან და აგერ ოფიციალური მონაცემებიც გამოქვეყნდა, რას ეძებდა საქართველოს მოსახლეობა მსოფლიოს უდიდეს საძიებო პროგრამა გუგლში.

საძიებო პროგრამაში პირველ ადგილზეა  პროგრამა  translate. როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ წამოწყებულმა ინგლისური ენის  კარგად შესწავლის  პროპაგანდამ არ გაამართლა (ისევე, როგორც სხვა დანარჩენმა). მეორე ადგილზეა ამინდი, ანუ ამინდის პროგნოზი საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის აინტერესებს. აი, მესამე ადგილზე კი… საქართველო პარადოქსების ქვეყანა რომ არის, კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ… სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გუგლის  პლატფორმაზე ძიების სიხშირით მესამე ადგილზე არის … გუგლი. ანუ, საქართველოს მოსახლეობა გუგლში  ეძებდა…  გუგლს. ამის შემდეგ იწყება  კატასტროფა: მეოთხე ადგილზეა „აჭარაბეთი“, მე-6-ზე – „კრისტალბეთი“, მე-9 ადგილზე – „კროკობეთი“, მე-12-ზე – „ბეთლაივი“, მე-14-ზე  –„ლიდერბეთი“, მე-18-ზე  „ევროპაბეთი“… ანუ საწყის 18 პოზიციას  შორის  6, ანუ მესამედი საბუკმეიკერო კანტორების მისამართებია. გარდა იმისა, რომ ეს სტატისტიკა მთელი ერისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დამღუპველი და კატასტროფულია, არანაკლებ საგანგაშოა ის, რომ  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით  საქართველოს მოსახლეობისთვის გუგლში საძიებო პირველ 25 პოზიციას შორის არ არის არც ერთი, ვიმეორებთ – არც ერთი შემეცნებითი  და საინფორმაციო ვებ-გვერდი, აღარაფერს ვამბობთ  გაზეთების ვებ-გვერდებსა თუ წიგნებზე.

შარშანდელი მონაცემების თანახმად, აზარტული თამაშების ბიზნესში იმაზე მეტი ფული ტრიალებდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი იყო. იმხანად  ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რაღაცას შეცვლიდნენ, რაღაცას მოიფიქრებდნენ და აგერ, მოუფიქრებიათ – 1 იანვრიდან აზარტულ ბიზნესს გადასახადი ეზრდება და ბიუჯეტში გაცილებით მეტი ფული შევა, მაგრამ… ისევ „ბღუჯა“ მინისტრი ( ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი)  გავიხსენოთ, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას  ჯიუტად გვარწმუნებდა, თამბაქოსა  და საწვავზე აქციზის მომატება   არ დაარტყამს რიგითი ადამიანების ჯიბეს და კომპანიები თანხას მოგების მარჟიდან გადაიხდიანო.  როგორც კი ქუმსიშვილის ინიციატივა ძალაში შევიდა, მეორე დღესვე თამბაქო და საწვავი გაძვირდა და „ბღუჯამ“ ამ ამბავს ისე წაუყრუა, თითქის თვითონ არ დებდა პირობას, – ხალხს პროდუქცია არ გაუძვირდებაო. ანალოგიური ვითარებაა  ახლაც – ხელისუფლება პირობას დებს, რომ გადასახადი აზარტული თამაშების  ბიზნესს  ეზრდება და არა რიგით მოქალაქეებს, მაგრამ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის მამები საკუთარ მოგებას არაფერს მოაკლებენ და ყველაფერს ისევ მათგან ამოიღებენ, ვინც, სამწუხაროდ, აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.

უფრო სამწუხარო კი ის არის,  რომ  ხელისუფლების მიერ გატარებულმა არც ერთმა ღონისძიებამ ხელშესახები შედეგი არ გამოიღო. რეკლამების აკრძალვა თუ შეზღუდვა სასაცილოდ  ჩანს, რადგან სოციალურ ქსელსა თუ ქუჩაში მაინც თვალში გეჩხირება საბუკმეიკერო კანტორების რეკლამები.  ყველაფერს  თავი  რომ დავანებოთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ჰქვია და, როცა მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს, ვალდებულებაა, რომ ტელევიზორის კუთხეში ამ კონკრეტული აზარტული სახლის ლოგო ჩანდეს. ბათუმის კოხტა და ევროპულმა სტადიონმა სახელწოდება გაყიდა და ახლა მას „აჭარაბეთ არენა“ ჰქვია.  ჩვენი საფეხბურთო  პირველობა შემთხვევით არ გვიხსენებია – ჩემპიონატის დასრულებამდე ორიოდე ტურით ადრე ერთ-ერთმა უცხოურმა კანტორამ ხმაური ატეხა –  საქართველოს ჩემპიონატის კონკრეტულ მატჩზე ფსონად 60 ათასი დოლარი დადეს, პირველ ტაიმში 6 გოლზე მეტი გავაო და…  იმ მატჩის პირველი ნახევარი  5:2 დასრულდა.  თუ  გაინტერესებთ, რომელ შეხვედრაზეა  საუბარი,  ჩვენი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“  ბოლო რამდენიმე ტურის ანგარიშებს გადაავლეთ თვალი და მიხვდებით. ახლა საქმე ევროპულ სასამართლოშიაო,  – ასე ამბობენ და, სასამართლო რას გადაწყვეტს, კაცმა არ იცის, თუმცა… თუ მართალია ის, რომ ვიღაცამ 60 ათასი დოლარი დადო კონკრეტული შეხვედრის პირველ ტაიმში  6-ზე მეტ გოლზე, სასამართლოს გამართვა საჭირო არ არის, ისედაც ყველაფერი ნათელია.

რატომღაც გვგონია, რომ ეს ბიზნესი ნებაზეა მიშვებული და მის სათავეში მყოფთ ყველაფერი დალაგებულ-დავარცხნილი აქვთ. როგორც ამბობენ,  კონკრეტული  ქართული კანტორა ნაცების ზეობის ხანაში იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ყოველთვიურ შესაწირს უხდიდა და, როცა პარტიას ქეშად ფული სჭირდებოდა, მშველელად სწორედ აზარტული ბიზნესი ევლინებოდა. ახლა არ ატეხოს ვანომ ერთი ამბავი, ასე არ ყოფილაო.  იმასაც ვიტყვით, რომ ხელისუფლების შეცვლისა და მერაბიშვილის დაკავების შემდეგაც კი იმავე აზარტული თამაშების კომპანია ისევ მერაბიშვილს უხდიდა. თავს ვერ დავდებთ, ახლა ვინმე ვინმეს უხდის თუ არა, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი ძალიან საეჭვოდ რომ ჩანს და სახელმწიფო კონკრეტულ ბიზნესს ვერ თუ არ ერევა. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს მორევას, ვაია და, თუ ახერხებს, მაგრამ ვიღაცები ფულს იჯიბავენ – უი!

არაერთხელ ითქვა ისიც, რომ კაზინოები თუ სათამაშო კლუბები  ქალაქიდან უნდა გაეტანათ და ყველაფერი ქალაქგარეთ ყოფილიყო, აქაოდა, ქალაქგარეთ წასვლა გაუჭირდებათო, მაგრამ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან აზარტული თამაშების ყველა კომპანია ინტერნეტ-მომსახურებაზეა  გადასული და მათ შორის უდიდესებს სათამაშო ფართობები  არც აქვთ, მთლიანად ინტერნეტზე არიან აწყობილნი და მილიარდობით ბრუნვა გააჩნიათ. იმან,  რომ ხელისუფლებამ 25 წლამდე  მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს რეგისტრაციაზე წვდომა შეუზღუდა, შედეგი არ მოიტანა, რადგან მსურველები იოლად  ახერხებენ მეგობრების გვერდების გამოყენებას და არასრულწლოვნებიც მარტივად თამაშობენ. მხოლოდ საქართველოში კი არა, საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც მარტივად შედიან მსურველები ქართულ აზარტულ საიტებზე, ფულიც მარტივად შეაქვთ და…

ამას წინათ არ იყო, გამოკითხვის შედეგად რომ დადგინდა, ქართველ მოზარდებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა და აღქმა უჭირთო. მაშინ ბევრმა შეიცხადა, არ იქნება ეს ამბავი ნამდვილიო, მაგრამ ნურას უკაცრავად, აგერ, ოფიციალური სტატისტიკა და იმის აღარება, რომ 25 მოწინავე პოზიციაზე  არ არის არც ერთი შემეცნებითი საიტი, არ არის არც ერთი საინფორმაციო სააგენტოს გვერდი. ანუ, რეალურად, მოსახლეობის მცირე ნაწილი ეცნობა ინტერნეტით ლიტერატურას, ცოტა კითხულობს, ცოტას აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, მეცნიერება… სამაგიეროდ, აზარტული თამაშები ერთი მესამედით არის წარმოდგენილი და ვაი, რომ მიმდინარე წლის ბოლოსაც აზარტულ თამაშებში მოძრავი ფული ისევ საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება.

სად არის გამოსავალი? გამოსავალი, ერთი შეხედვით,  მარტივია, როგორც ეს, მაგალითად, აზერბაიჯანში მოხდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა აზარტული  თამაშები საკანონმდებლო დონეზე აკრძალა. ამან შედეგი აშკარად გამოიღო. მათ, ვისაც თამაშის სურვილი აქვს, კვარტალში თუ ექვს თვეში ერთხელ საქართველოში ჩამოდიან ჟინის მოსაკლავად. იყო მცდელობები, რომ  აზერბაიჯანში მიწისქვეშა აზარტული სახლები მოეწყოთ, მაგრამ ესეც უმკაცრესად გააკონტროლეს, დამნაშავეები დააკავეს და ახლა ამ მხრივ იქ ყველაფერი რიგზეა.  აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო  ამას ხელის ერთი მოსმით ვერ გააკეთებს, რადგან აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარი შედის და ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტი სხვა სფეროდან ვერ  მოიტანს, მაგრამ… ის თანხა, რომელსაც ხალხი ამ კომპანიების სასარგებლოდ აგებს, მოსახლეობაში დარჩება და რამდენიმე ადამიანი კი არ გაისქელებს ჯიბეს, არამედ ეს ფული იბრუნებს, ნაკლები იქნება სუიციდის თუ სუიციდის მცდელობის შემთხვევები, ათასობით ადამიანი არ დაკარგავს ქონებას, არ დაენგრევა ოჯახი, არ გაწირავს შვილებსა  თუ მშობლებს უსახლკარობისთვის. აი, სწორედ ეს არის გასათვლელი და დასათვლელი, თორემ მოგებული თანხის დათვლა ყველას შეუძლია. ოფიციალური სტატისტიკით, აზარტულ თამაშებთან შეხება საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონია და, ბოლოს და ბოლოს, გამოაკელით მთლიან მოსახლეობას არასრულწლოვნები, საჯარო მოხელეები, 25 წლამდე მოზარდები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც  ოფიციალურად აკრძალული აქვთ აზარტული თამაშები და ვნახავთ, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი ამ ყველაფერში ჩართულია.

აზარტული თამაშების ერთ-ერთი  პოპულარული კომპანიის მენეჯერი ამბობდა: „აქ ყველაფერი მარტივია, ხან წააგებ, ხან უფრო მეტს წააგებ, ბოლოს გაგიმართლებს და ყველაფერს წააგებ…“ ეს არის მთავარი პრინციპი, მაგრამ სოციალური სიდუხჭირის გამო ერთბაშად და მარტივად გამდიდრების სურვილი ბევრს აქვს, რაც 99,99%-ით უშედეგოდ სრულდება.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here