Home ახალი ამბები საქართველო სალომე ზურაბიშვილი – პრორუსული, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, მიუღებელი უნდა იყოს...

სალომე ზურაბიშვილი – პრორუსული, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, მიუღებელი უნდა იყოს ამ ჯგუფების დაცვა, მათი პრორუსული პროპაგანდის წახალისება

47

5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

პრეზიდენტის განმარტებით, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებების გაძლიერება კი აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს. ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება.

„ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

https://1tv.ge/

1 COMMENT

  1. სააკიანის მიერ ამ ქალის ჩამოთრევის პირველივე დღიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალბატონი სალომეა არის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here