Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთი იძულებულია, ბუნებრივი აირის ნაცვლად გარემოსთვის  ძალიან მავნე მაზუთი გამოიყენოს

საფრანგეთი იძულებულია, ბუნებრივი აირის ნაცვლად გარემოსთვის  ძალიან მავნე მაზუთი გამოიყენოს

179

ფრანგულმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ნაცვლად მაზუთის გამოყენება დაიწყეს, რადგან შიშობენ, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისი დაიწყება, ეკოლოგიურად გაცილებით მავნე საწვავი კი მისი დაბალი ფასის გამო აირჩიეს, _ იუწყება Reuters.

ფრანგულ ენერგეტიკულ კომპანიებს ბუნებრივი აირის ქვაბები მაზუთზე სამუშაოდ გადაჰყავთ, რათა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში თავიდან აიცილონ შეფერხებები მუშაობაში. ამის შესახებ ილაპარაკეს რამდენიმე კომპანიის ტოპ-მენეჯერებმა ქალაქ ექს-ან-პროვანსში გამართულ კონფერენციაზე.

“ჩვენი ქვაბები გადავაკეთეთ ისე, რომ იმუშაოს არა ბუნებრივ აირზე, არამედ მაზუთზე. ჩვენ ქვანახშირზეც გადავალთ, თუ საჭირო იქნება,” _ განაცხადა საბურავების მწარმოებელი წამყვანი კომპანია Michelin-ის ხელმძღვანელმა ფლორან მენეგომ.

კონფერენციაზე სპეციალისტებმა მიუთითეს იმაზე, რომ ევროპის სამრეწველო საწარმოები ცდილობენ ენერგიის ხარჯების შემცირებას ფასების მატების გამო და ამიტომ იყენებენ ისეთ საწვავს, რომელიც ძალიან აბინძურებს გარემოს.

თავის მხრივ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა დიდი კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტისთვის, რაც ენერგიის დეფიციტს გამოიწვევს. ევროპელი პოლიტიკოსები მას შემდეგ ალაპარაკდნენ შეშფოთებით ენერგეტიკულ კრიზისზე, რაც ივნისში “გაზპრომმა” შეამცირა “ჩრდილოეთის ნაკადით”  ბუნებრივი აირის გადაქაჩვა გერმანიაში _ ჯერ დღეში 167 მლნ კუბ. მ-დან 100 მლნ კუბ. მეტრამდე, შემდეგ _ 67 მლნ კუბ. მეტრამდე. ეს მოხდა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის მასშტაბური სანქციების დაწესების ფონზე უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ.

1 ივლისს “ჩრდილოეთის ნაკადის” ოპერატორმა Nord Stream AG-მ გამოაცხადა, რომ გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო აჩერებს ბუნებრივი აირის მიწოდებას 11-დან 21 ივლისამდე. 10 ივლისს, მილსადენის შეჩერებიდან ერთი დღით ადრე, კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა, რომ კანადამ Simensi-ის ტურბინები დაუბრუნა გერმანიას (ეს ტურბინები კანადაში იყო გადატანილი გასარემონტებლად, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო უარს ამბობდნენ გერმანიისთვის მათ დაბრუნებაზე _ ლ.მ.). მან აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით გერმანიის ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებს შეეჯახება, გერმანელები კი დაკარგავენ თავიანთი საცხოვრებლების გათბობის შესაძლებლობას.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here