Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა თავი მოჰკვეთა უკრაინის იატაკქვეშეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში

რუსეთმა თავი მოჰკვეთა უკრაინის იატაკქვეშეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში

231

ზაპოროჟიეს ოლქის უსაფრთხოების თანამშრომლებმა კიევის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გააძევეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი (ახლა უკვე ყოფილი) იგორ მურაშოვი, რომელიც  ცოტა ხნის წინათ დააკავეს. მან მისცა აღიარებითი ჩვენება, _ წერს politnavigator.net.

მურაშოვის დაკავება იყო ხანგრძლივი საბოტაჟის შედეგი, რომელიც ხდებოდა ზაპოროჟიეს აეს-სა და მის ქალაქ-თანამგზავრ ენერგოდარში მათზე რუსეთის კონტროლის დაწესებისთანავე (2022 წლის მარტში).

ზაპოროჟიეს აეს-ი ევროპაში უდიდესია და, ბუნებრივია, ეს ობიექტი არა მხოლოდ კიევის რეჟიმის, არამედ საერთაშორისო სტრუქტურების, უწინარესად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყურადღების ცენტრშია. სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას მოეთხოვებოდა განსაკუთრებული მიდგომა  როგორც ქალაქის, ისე აეს-ის მიმართ.

აესის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების კონფიგურაცია ისეთია, რომ სადგურის მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში ენერგიის ძირითადი ნაწილი კვლავ წავა კიევის რეჟიმის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდების გადაყვანა რუს მომხმარებლებზე და მისი შეწყვეტა უკრაინელებისთვის ელექტროგადამცემი ხაზების კონფიგურაციის შეცვლისა და ახლის აშენების გარეშე შეუძლებელია.

რუსეთის ჯარებმა საკმაოდ სწრაფად დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ამასთანავე, რუსეთს არ დაურღვევია სადგურის შრომისუნარიანობა. ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ლოიალურად მოეკიდა აეს-ის თანამშრომლებსა და ენერგოდარის მცხოვრებლებს. კიევის რეჟიმი კი არ აღიარებს, რომ ატომური ელექტროსადგური რუსეთის დაქვემდებარებაშია.

ზაპოროჟიეს აეს-იდან ენერგიის მიღების გამო (ამჟამად სადგური ელენერგიას აღარ გამოიმუშავებს) მის თანამშრომლებს კიევის რეჟიმი უკრაინულ საბანკო ბარათებზე ხელფასებს ურიცხავდა, თანაც ამ ბარათებიდან თანხის განაღდება ადგილზე, ენერგოდარში, შეიძლებოდა. სოციალური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად რუსულმა მხარემ უფლება მისცა, გაეხსნათ კონვერტაციის ცენტრები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ უკრაინული ბარათებიდან თანხის მოხსნა.

აესის თანამშრომლების შენარჩუნებულმა კონტაქტებმა უკრაინულ სტრუქტურებთან (როგორც პროფილურ, ისე სპეცსამსახურებთან) და უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან აესის თანამშრომლების ფინანსური მოტივაციის შესაძლებლობამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უკრაინული იატაკქვეშეთის შექმნა გამოიწვია.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსი სამხედროები ენერგოდარში შედიოდნენ, სადგურის ხელმძღვანელობა და პროუკრაინულად განწყობილი დეპუტატები “მაიდნის” სულისკვეთებით შეეცადნენ რუსი სამხედრო ქვედანაყოფების კოლონის შეჩერებას _ ქალაქის შესასვლელში თანამშრომლები შეკრიბეს მასობრივი აქციის გასამართავად.

ამ პირობებში აეს-ის თანამშრომლები, ფაქტობრივად, კიევის რეჟიმისა და მის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის,  მურაშოვის,  მძევლად იქცნენ. მან უკვე დაითხოვა სადგურის ის თანამშრომლები, რომლებიც რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი და მონაწილეობდნენ პრორუსულ აქციებში, ისეთში, როგორიც არის “უკვდავი პოლკი”. ემუქრებიან იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავენ, ასეთი თანამშრომელი კი ბევრია.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მურაშოვის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, მუშაობდა პროუკრაინული იატაკქვეშეთი. პროუკრაინული იატაკქვეშეთი კი არის არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მღერიან უკრაინულ სიმღერებს და მალავენ უკრაინის დროშებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოლოდინში.

უკრაინის იატაკქვეშეთი  არიან ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, საბოტაჟს აწყობენ ტერიტორიების გათავისუფლების ნებისმიერი პროცესის წინააღმდეგ. მათ შეუძლიათ გადასცენ ობიექტების კოორდინატები “ჰაიმარსებით” მათ დასაბომბად, აცნობონ რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ.

ატომური სადგურის თანამშრომლები მყისვე გადასცემდნენ უკრაინელ სამხედროებს ნებისმიერ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც სადგურში ხდებოდა. უკრაინულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ სადგურში რუსული ატომური სტრუქტურებისა და რადიოქიმიურბიოლოგიური თავდაცვის ჯარების წარმომადგენელთა შესახებ, რომლებიც იქ ობიექტის უსაფრთხოებაზე დასაკვირვებლად იმყოფებიან.

უფრო მეტიც, მურაშოვი, ფაქტობრივად, უკრაინელი სამხედროების ცეცხლის კორექციას აწარმოებდა ზაპოროჟიეს აეს-ის მიმართ. უკრაინის სპეცსამსახურთან შეთანხმებით, მურაშოვი, რომელიც თვითონ უსაფრთხოდ რჩებოდა (იქ, სადაც ის იმყოფებოდა, უკრაინელები ცეცხლს არ ხსნიდნენ), დანარჩენებს საფრთხეს უქმნიდა; იმისთვის, რომ გამოეწვია აეს-ის მუშაობის დესტაბილიზაცია და დახმარებოდა უკრაინულ პროპაგანდას, ცეცხლის გახსნაში რუსი სამხედროები დაედანაშაულებინა.

აი ამის გამო დააკავეს მურაშოვი. მან მისცა აღიარებითი ჩვენება _ ფრაგმენტი რუსული ტელეარხების ეთერში გადაიცა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებად მიიჩნევს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ, მათ შორის მურაშოვს, გასაგებია, რომ მისი დაკავება საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევდა, ამიტომ აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ მურაშოვი ციხეში კი არ ჩასვეს, არამედ კიევის რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გააძევეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here