Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის მიერ  მხოლოდ  ხორბლისა და ნავთობპროდუქტების  ბაზრების  გადაკეტვა  საქართველოში  ყველა პროდუქტის ფასის...

რუსეთის მიერ  მხოლოდ  ხორბლისა და ნავთობპროდუქტების  ბაზრების  გადაკეტვა  საქართველოში  ყველა პროდუქტის ფასის გასამმაგებას გამოიწვევს. მზად  ვართ ამისთვის?

253

გახსოვთ, ალბათ,  რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირების გაჩაღების  შემდეგ მსოფლიოში ხორბლის კრიზისი რომ დაიწყო. იმხანად  შუამავლის როლი თურქეთმა იკისრა და ქვეყნები დაარწმუნა, რომ ხორბალი უნდა გასულიყო, თორემ დანარჩენ მსოფლიოს შიმშილი ემუქრებოდა. შეთანხმების მიუხედავად, მალე ერთ-ერთ უკრაინულ ხორბალმზიდ  გემს ცეცხლი გაუხსნეს და, რაღა თქმა უნდა, ყველამ ხელი რუსეთისკენ გაიშვირა, მაგრამ  გაირკვა, რომ უკრაინული გემისთვის ცეცხლი  რუსებს არ გაუხსნიათ. სიმართლე ბოლომდე  არავინ  თქვა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ  ეს პროვოკაცია იყო და გემი ჩაძირეს ან თვითონ  უკრაინელებმა, ან მათმა დასავლელმა პარტნიორებმა.  ეს გაკეთდა ერთადერთი მიზნით  –  რუსეთი უნდა გაეშავებინათ მსოფლიოს თვალში, მაგრამ ნატოს წევრმა და მოლაპარაკებების მთავარმა მონაწილე თურქეთმაც კი აღიარა, რომ ხორბლით დატვირთული გემისთვის ცეცხლი რუსეთს არ გაუხსნია.

ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო   სანქციები, რომლებსაც ბოლო არც ახლა უჩანს და გაისმა ამერიკის მოწოდება: თავი დაანებეთ  რუსულ ბაზარს, ყველაფრით  მე მოგამარაგებთ და რუსეთის ეკონომიკა ჩამოვშალოთო.  ამერიკელების მოწოდებას თავდაპირველად ბევრი სიხარულით გამოეხმაურა, ევროპის ლამის ყველა სახელმწიფომ უარი თქვა რუსულ ბაზარზე, მაგრამ ორ თვეში მიხვდნენ, როგორ მოატყუა ისინი ამერიკამ. ამერიკული პროდუქტი სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე რუსული, ხარისხითაც  ვერ დაიკვეხნის და რუსეთის ეკონომიკას ვინ ჩივის, ისეთი ქვეყნების ეკონომიკა დადგა საფრთხის წინაშე, როგორებიც გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი არიან, ამიტომ მათ ზომიერება არჩიეს და რაღაც რუსული ბაზრიდან მიჰქონდათ, რაღაც – ამერიკულიდან. ბლოკადაში  რუსეთის სრულად მოქცევის გეგმა კი ჩაიშალა, რადგან ისე გამოვიდა, რომ მსოფლიო მოექცეოდა ბლოკადაში და ამ ყველაფრით ხეირობდა მხოლოდ  ერთადერთი ქვეყანა – ამერიკა.

ვიღაცამ შეიძლება  არ დაიჯეროს, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარება რუსეთში თითქოს წინასწარ იცოდნენ და იცოდნენ უკვე  წლების წინათ. სწორედ ამიტომ 2015 წლიდან რუსეთმა მთავარ პრიორიტეტად არა ნავთობპროდუქტების უზარმაზარი რესურსი, არამედ ხორბალი გამოაცხადა და ხელუხლებელი  მიწების დამუშავება დაიწყო. შედეგად, რუსეთის ფედერაციამ  წლიდან წლამდე გააუმჯობესა ხორბლის წარმოება და მეტიც, მსოფლიო ბაზარზე მთავარ მოთამაშედ იქცა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 25% (და ეს რეკორდია ) რუსულ ხორბალს მოიხმარს.შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთის მოწოდებით  რუსული ბაზარი არაერთმა კომპანიამ დატოვა, იქიდან არ წასულან ამერიკული Cargill-ი და კანადური Viterra. ეს ორი კომპანია უმსხვილესია მათ შორის, ვისაც რუსეთიდან ხორბალი გაჰქონდა და, ამერიკისა და კანადის გარდა, ევროპის ყველა სახელმწიფოსა და აფრიკის კონტინენტზე ყიდდნენ. ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია ამ კომპანიების რუსულ ბაზარზე დარჩენა, რადგან დასავლელი ლიდერები ხომ ერთ ხმაში გაჰკიოდნენ, რუსულ ბაზარზე დარჩენა ღალატიაო?! მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კომპანიების გაყვანით ხორბლის სერიოზული დეფიციტი შეიქმნებოდა და ამიტომ  კონკრეტულად ხორბლის მიმართულებას წაუყრუეს, არ შეიმჩნიეს. ერთხელ  მაინც თუ გსმენიათ,  რუსულ მხარეს ეთქვას, ეს ორი კომპანია ისევ რუსეთში ოპერირებს და, ხალხო, გატყუებენო? არა, სავაჭრო ურთიერთობები თავისი გზით მიდიოდა (ზუსტად ისე, როგორც საქართველოსთან). ახლა კი…

ორიოდე თვის წინათ სტავროპოლის მხარისა (მოსახლეობა 3 მილიონზე მეტი) და როსტოვის ოლქის (მოსახლეობა 4 მილიონზე მეტი) გუბერნატორებმა ქვეყნის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, – ეგებ, იმ უცხოელების მონაწილეობა, რომლებიც ხორბლის ექსპორტს ეწევიან, 20%-მდე შეიზღუდოს და ხორბალი მთლიანად რუსულმა კომპანიებმა გაყიდონო. ჰოდა, ვლადიმერ პუტინმა  გადაწყვიტა, გუბერნატორების ინიციატივა კანონად აქცია და, როგორც Cargill-ი, ისეViterra რუსული ბაზრიდან გავიდნენ. ეს საკმარისი იყო  იმისთვის, რომ დასავლეთს ხმაური აეტეხა: ხედავთ, რუსები ჩვენს კომპანიებს დევნიანო, მაგრამ აქამდე, ერთხელაც კი არ უთქვამთ მადლობა იმის გამო, რომ საყოველთაო სანქციების ფონზე ამ კომპანიებს შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ და ქვეყნიდან პირველივე დღეს არ გააბუნძულეს. ყველაზე ცუდი  არის ის, რომ აღნიშნული კომპანიების გასვლის შემდეგ  შეშფოთება ქართულმა მხარემაც გამოთქვა, რუსეთის ბაზარზე ოპერირება სულ უფრო რთულდება   და არ ვიცით, რა სიურპრიზი შეიძლება მოგვიმზადოს ჩრდილოელმა მეზობელმაო. არადა, გასაგებად და მკაფიოდ ითქვა, რომ ეს ყველაფერი ეხებოდა ორ უმსხვილეს კომპანიას და არა საქართველოს, მაგრამ საქართველო  დასავლეთის ფეხის ხმას ხომ უნდა  აჰყვეს  და ხომ უნდა თქვას სისულელე, რომლისაც თვითონაც არ სჯერა?! ქართველებმა ისიც თქვეს, – ეს რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და არა ბიზნესისო, რაც სასაცილოც აღარ არის. ქვეყანას, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიო ებრძვის, გადაწყვეტილებების მიღებას ვუწუნებთ და ვურჩევთ, მისი სახელმწიფო სტრუქტურები  ბიზნესში არ ჩაერიოს და ეს მაშინ, როცა სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის შეხმატკბილებულმა ურთიერთობამ მოიყვანა რუსეთი აქამდე. ჩვენთან რომ თავის ნებაზეა მიშვებული ყველაფერი და მთავრობაში ახლა რომ გაიღვიძეს, წამლებსა და პროდუქტზე ფასნამატი ასტრონომიულიაო, რუსეთში ასე არ ხდება, ყველაფერს სწორედ სახელმწიფო აკონტროლებს და ამას ბიზნესში ჩარევა კი არა, ხალხზე ზრუნვა ჰქვია. უფრო საინტერესო ინიციატივით გამოვიდა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან  სილაგავა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორბლის მარაგთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი ფერმერების თვითუზრუნველყოფის 10%-დან 50%-მდე  გაზრდაო, ანუ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, ადგილობრივი ხორბლის მოსავალი 50%-მდე რომ გაიზარდოს, შესაბამისად, მხოლოდ 50%-ის შემოტანა მოგვიწევსო. ბატონო ლევან, ის თუ იცით, რომ იმ ფერმერებს, რომლებსაც თურმე უნდა დაეხმაროთ, შარშანდელი მოსავალიც გასაყიდი აქვთ? ჰო, ის 10% აქვთ გასაყიდი, რომელიც წვალებით მოიყვანეს და ახლა საწყობებში უფუჭდებათ. რატომ არ ყიდულობს არც ერთი წისქვილკომბინატი ქართულ ხორბალს და რატომ არ უწყობს ხელს სახელმწიფო გასაღებაში? იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს 10% ძალიან ცოტაა და წისქვილკომბინატებს მისი შეძენა არ უღირთ; მეორე, რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე წარმოებული და არავის სურს მეტი თანხის გადახდა. პარადოქსი, მაგრამ მწარე რეალობაა ის, რომ რუსული ხორბალი თავის ტრანსპორტირება-განბაჟებით უფრო იაფია, ვიდრე აქ მოყვანილი.

მაშინ, როცა რუსული მხარე საჯაროდ ამბობს,  რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთობა უფრო გააღრმავოს, როცა „3+3 “  ფორმატში საქართველოს  ღიად იწვევს საკუთარი ინტერესების დასაცავად, ჩვენ  დასავლეთის წაქეზებით ჯიუტად  ვცდილობთ, შევუჩხიკინოთ, გავაბრაზოთ, შემოთავაზებაზე  წიხლი ავუკრათ. არადა, თუნდაც ამ კონკრეტული შემთხვევიდანაც ჩანს, რომ დასავლეთი საკუთარ ინტერესებს არ ღალატობს, აგერ, ორი კომპანია ბოლომდე ჰყავდა  რუსეთში და  მანამდე იღებდა სარგებელს, სანამ რუსულ მხარეს ყელში არ ამოუყვანეს. ჩვენც ვცდილობთ, რომ ყელში ამოვუყვანოთ და მერე, როცა შეიძლება  მართლა დაკეტონ  რუსული ბაზარი, თავში ხელი კი არ შემოვირტყათ, ამაყად განვაცხადოთ: რუსეთი მართლა მტერი ყოფილაო. რუსეთის მიერ  ჩვენთვის მხოლოდ ხორბლისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების  გადაკეტვა  საქართველოში  ყველა პროდუქტის ფასის გასამმაგებას ნიშნავს. მზად ვართ ამისთვის? დასავლეთი თავის პროდუქციას შემოგვტენის სამმაგ ფასში და უფრო დაგვიქვემდებარებს, სოციალური ფონის გაუარესებით  ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხსაც უფრო მკაფიოდ დააყენებს და ბოლოს ყველაფერს მიიყვანს იქამდე, რომ მოსახლეობა თვითონ  მოითხოვს ომის დაწყებას, აქაოდა, რუსეთმა სასუნთქი გზები გადაგვიკეტაო. არადა, თვითონ ვკეტავთ, თვითონ ვცდილობთ  რუსეთის გაღიზიანებას, დასავლეთი  კი ტაშს გვიკრავს, – რა კარგად იქცევით, რა საინტერესოდ მიდიხართ თვითლიკვიდაციისკენო.

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ძნელია იმის გათვლა, რა იქნება თუნდაც ხვალ. პროექტი ,,მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ’’ კვლავ აქტიურ ფაზაშია და დასავლეთი ამ მიმართულებით არც გაჩერებას აპირებს და  არც უკანდახევას. ერთი ეგაა, დასავლელთა რესურსი სერიოზულად შემცირდა და სწორედ ამიტომ თქვა გასულ კვირას ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ:  ჩვენ კი ვეხმარებით უკრაინას, მაგრამ ბრიტანელებსაც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და კარგი იქნება, თუ ისინიც მიაწვდიანო. ანუ, დიდი სახელმწიფოები უკვე ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, უკრაინას დაეხმარეთო,  გამოყოფილი დახმარებების ოდენობა კი სულ უფრო იკლებს. ეს იმიტომ, რომ ყველა ხვდება: უკრაინა ბევრი წლის განმავლობაში გადახდისუუნარო იქნება და ახლა მიღებულ დახმარებას  ათწლეულების განმავლობაში  ვერ დააბრუნებს. თუ გვსურს, რომ უკრაინის  მდგომარეობაში ვიყოთ, ეს რიტორიკა განვაგრძოთ; თუ არა, კონკრეტულად სავაჭრო კუთხით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ რუსეთთან, იმის შიში მაინც აღარ გვექნება, რომ ერთ დღეს საქართველოში  მაღაზიების დახლებიდან  შეიძლება პური გაქრეს.

 ლევან გაბაშვილი                                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here