Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი გააერთიანებს მილიარდობით ადამიანს აშშ-ისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

რუსეთი გააერთიანებს მილიარდობით ადამიანს აშშ-ისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

მიშუსტინი შეამცირებს ამერიკის გავლენას ევრაზიაში

207

რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) წევრ ქვეყნებს აშშისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ევრაზიული სივრცის შექმნის გეგმა შესთავაზა. მიშუსტინმა რუსეთის ინიციატივები ფინანსთა, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სპორტისა და კლიმატის კონტროლის სფეროებში 1 ნოემბერს თშო წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა საბჭოს XXI სხდომაზე გამოაცხადა. თშო ქვეყნები აერთიანებენ 3 მილიარდ ადამიანს და აქვთ დიდი პოტენციალი, მაგრამ მისი გამოყენება  მხოლოდ თანამშრომლობით შეუძლიათ, _ განუმარტეს ექსპერტებმა ura.ru.

 “რუსეთმა დასავლეთის სანქციების დარტყმის მოგერიება შიდა რესურსებისა და თშო-ს ქვეყნებთან საქონელბრუნვის ზრდის გამოყენებით შეძლო”, _ განაცხადა მიშუსტინმა ინდოეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. „იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით რუსეთის ვაჭრობის მოცულობამ თშო  წევრ ქვეყნებთან მესამედზე მეტით მოიმატა და 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ამ დადებითი ტენდენციის გასამყარებლად და ყველა მიმართულებით კოოპერაციის გასაძლიერებლად“, _ მოუწოდა მან უცხოელ კოლეგებს.

რადგან აშშ დოლარს იარაღად იყენებს, რუსეთი თშო-ს ქვეყნების საერთო ამოცანად მიიჩნევს ფინანსურ სექტორში მესამე ქვეყნების გავლენისგან გათავისუფლებას. „ამისთვის ჩვენ გთავაზობთ, თშო-ში შეიქმნას ფინანსური ინფორმაციის ელექტრონული გაცვლისა და საბანკო გადახდების საკუთარი სისტემა. ურთიერთანგარიშსწორებისას ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სარეზერვო არხებად ბანკთაშორისი ტელეკომუნიკაციების ეროვნული პლატფორმების გამოყენება. ასეთი კომპლექსური მიდგომა შექმნის უფრო პროგნოზულ, გასაგებ და საიმედო პირობებს ჩვენი მეწარმეებისთვის“, _ განაცხადა მიშუსტინმა და ხაზი გაუსვა ანგარიშსწორებისას ეროვნულ ვალუტებზე სწრაფად გადასვლის მნიშვნელობას. რუსეთის პრემიერმინისტრმა თშო-ს ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ ერთ საჭირო სფეროდ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. „ჩვენ კეთილსინდისიერად ვასრულებთ საერთაშორისო კონტრაქტებს, რომელთა მიზანიც ამ სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაა. თშო ქვეყნებზე მოდის მსოფლიო აგროსამრეწველო კომპლექსის საქონელბრუნვის მეათედზე მეტი. მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და სურსათით ვაჭრობის მოცულობა თითქმის მეოთხედით გაიზარდა და დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თშო ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განვითარებაზე და ახლა დადგა ყველა შეზღუდვის სასწრაფოდ მოხსნის დრო, რათა სრულად გამოვიყენოთ ევრაზიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, _ განაცხადა მიშუსტინმა. _ იმისათვის, რომ ევრაზიული სივრცის მცხოვრებნი დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მთავრობებმა უნდა წაახალისონ ახალგაზრდების ჯგუფების გაცვლა, ურთიერთქმედება ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში”. მან იქვე დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია თშო ქვეყნებთან ერთად იბრძოლებს ოლიმპიზმის მაღალი პრინციპების განადგურების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ და ამისთვის ქმნის სპორტული ორგანიზაციების ასოციაციას. გარდა ამისა, რუსეთმა აამოქმედა გამონაბოლქვი მავნე აირების მართვის ეროვნული სისტემა და თშო ქვეყნებს ამ სფეროში საერთო სტანდარტების შემუშავებას სთავაზობს.

“რუსეთის ხელისუფლება ევრაზიული სივრცის შექმნისკენ მიისწრაფვის, რადგან თშო-ს ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება”, _ განაცხადა რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის ეროვნული უსაფრთხოების ფაკულტეტის რუსეთის საგარეო საქმიანობის საკითხების კათედრის პროფესორმა ალექსანდრე მიხაილენკომ.  „მსოფლიოში ახლა დეგლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ტენდენცია შეინიშნება და ამ თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა ჩამოაყალიბონ გარკვეული ტევადობის საერთო სამომხმარებლო ბაზარი, სულ ცოტა, 250-300 მლნ ადამიანით. რუსეთში, თუნდაც ახალი რეგიონების ჩათვლით, მოსახლეობა თითქმის ორჯერ ნაკლებია. ეს საკმარისი არ არის მეურნეობის ეფექტიანად სამართავად, მაგრამ საქმე მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაში არ არის, ჩინეთსა და ინდოეთში, თითოეულში, მილიარდ-ნახევრამდე  ადამიანი  ცხოვრობს, მაგრამ მაინც იჩენენ ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების შემადგენლობაში შემავალმა ქვეყნებმა ერთმანეთი კონკურენტული უპირატესობებით შეავსონ. შრომითი და ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგიები, მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე გასვლა, გარკვეული ცხოველებისა თუ მცენარეების მოშენების პირობები _ ეს ყველაფერი ისე არ ხდება, რომ ერთ ქვეყანას ერთდროულად  ჰქონდეს, ამიტომ გაერთიანება მომგებიანია“, _ განმარტა პროფესორმა.

“რუსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს თშო-ს ქვეყნებთან თანამშრომლობას იმ სფეროებში, რომლებშიც ეს ურთიერთსარგებელს მოიტანს”, _ განაცხადა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს წევრმა ალექსეი მასლოვმა.  „ვაჭრობა, წარმოება და მეცნიერება გაცილებით ეფექტიანად ვითარდება სხვა ქვეყნებთან კოოპერაციით. სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად აუცილებელია შეთანხმება ლოგისტიკური და სატარიფო ბარიერების პრობლემების მოგვარებაზე. ეს არამხოლოდ გააიაფებს საქონელს მომხმარებლისთვის, არამედ საშუალებას იძლევა, მესამე ქვეყნების მეშვეობით შემოიტანონ ის, რისი პირდაპირ შემოტანაც რუსეთის ფედერაციაში შეუძლებელია სანქციების გამო. გარდა ამისა, ამით რუსული საქონელი ხელმისაწვდომი ხდება აზიის ბაზრებზე, სადაც ისინი ახლა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს არის პაკისტანი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები,” _ ჩამოთვალა ექსპერტმა. 

“რუსეთი და თშო-ს სხვა წევრი ქვეყნები ერთიანდებიან არა მხოლოდ საერთო ინტერესების გარშემო, არამედ საერთო საფრთხეებთან დასაპირისპირებლადაც, რომელთაგან მთავარია შეერთებული შტატების ფინანსური ჰეგემონია”, _ განაცხადა რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ინსტიტუტის პროფესორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის სამეცნიერო საბჭოს წევრმა ვადიმ ევსეევმა

 „საერთაშორისო ფინანსურ სისტემას შეერთებული შტატები აკონტროლებს, ეს არის მისი ჰეგემონიის მთავარი ინსტრუმენტი და თშო-ს ქვეყნები აცნობიერებენ ამ საფრთხეს. და, როდესაც პოლიტიკოსები აცნობიერებენ საფრთხეს, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან, ისინი ეძებენ ვინმეს, ვინც მათ დაეხმარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი და მიშუსტინი აქცენტს აკეთებენ ახალი ფინანსური სისტემის შექმნაზე, ხოლო სხვა ქვეყნები ინტერესდებიან ამ ინიციატივით და ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებით“, _ დაასკვნა პროფესორმა.

 გიორგი გაჩეჩილაძე

https://ura.news/articles/1036285657

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here