Home ახალი ამბები საქართველო რესტორნებიდან ყოველდღიურად ისმის სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“, მაგრამ საქართველო აღარ არის ყვავილების და,...

რესტორნებიდან ყოველდღიურად ისმის სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“, მაგრამ საქართველო აღარ არის ყვავილების და, საერთოდ, არაფრის ქვეყანა

ჩვენი ფუნქცია აღარ გვაქვს მსოფლიოში და, სანამ არ ვიპოვით, მანამდე, ალბათ, არც არაფერი გვეშველება

263

წლის ბოლო ახლოვდება და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემთან ერთად აუცილებლად შევიტყობთ  იმასაც, რა მდგომარეობაა საქართველოში უმუშევრობის მხრივ. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, უმუშევრობა საქართველოს ყველა ხელისუფალისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან  გამოწვევად  იქცა  და ერთი შეხედვით ფურცელზე დაწერილი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა თითქოს არადამაჯერებლად ჩანს, მაგრამ…

დღევანდელ რეალობას თუ გადავხედავთ, ვაკანსია ძალიან ბევრია. წესითა და რიგით, მონდომებული ადამიანი უმუშევარი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფალი ვაკანსიების 95%-ზე მეტ შემთხვევაში ღირსეული ანაზღაურება, უბრალოდ, არ არის. ჯერ წინა ხელისუფლება ცდილობდა შრომის კოდექსში ისეთი ცვილებების შეტანას, რომლებიც დასაქმებულის ინტერესებს დაიცავდა, შემდეგ ამჟამინდელმა  ხელისუფლებამ სცადა იგივე და თითქოს რაღაცები შეიცვალა კიდეც, მაგრამ ისევ ზედაპირულად. რეალურად, დასაქმებულთა ინტერესები დაცული ბოლომდე არ არის და, რაც მთავარია, შესრულებული სამუშაოს ღირსეული ანაზღაურების მხრივ უდიდესი პრობლემებია.

გასულ კვირას სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაიწუწუნეს: ასე თუ გაგრძელდება,  გაზაფხულიდან მუშახელის შემოყვანა საზღვარგარეთიდან მოგვიწევსო. სამშენებლო ბიზნესს ე.წ. შავი მუშის პრობლემა უდგას,  „ლაფათქაზე“ მომუშავე ხალხის. არადა, ერთი შეხედვით, მათი ჯამაგირი ქართული სინამდვილისთვის ცოტა არ არის – დღეში 80 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, მაგრამ მსურველი მაინც ძალიან ცოტაა. რატომ? რა არის მიზეზი იმისა, რომ სამუშაო არის, მუშაობის მსურველი კი – ნაკლებად?

პირველ რიგში, ამის მიზეზი სოციალური დახმარების პაკეტია. ჰო, არიან ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან თვეში 500-600 ლარს იღებენ და, როცა ოჯახის უფროსს 1000-ლარიან სამსახურს სთავაზობენ, ის თავს არ იწუხებს, აქაოდა, გზაში 150 ლარი დამეხარჯება, იქ კვება, სხვა ხარჯები და გამოდის, შინიდან  200 ლარად უნდა გავიდე და არ მიღირსო. მეორე პრობლემა ევროპასთან უვიზო მიმოსვლაა. ბოლო პერიოდში  საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესო ქვეყნად პოლონეთი იქცა. საქართველოდან პოლონეთში ათასობით ადამიანია წასული და მშენებლობაზე  მუშაობს დღეში 60-80 ევროდ; სამი თვის შემდეგ კი, სავიზო რეჟიმი რომ არ დაარღვიონ, სამშობლოში ბრუნდებიან, თან 4 ათასამდე ევრო ჩამოაქვთ და მომდევნო სამ თვეს აქ უზრუნველად ატარებენ, შემდეგ  უკან ბრუნდებიან და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

არც ისე  მცირე ნაწილი იმავე პოლონეთში ,,ტაქსაობს’’. ღამესაც ტაქსიში ათევს, ანუ ბინის ქირის ფულს არ იხდის  და დღეში 100-130 ევროს გადადებას ახერხებს, სამი თვის შემდეგ კი არამარტო მსუყე ჯამაგირი მოაქვთ ოჯახში, არამედ ხელს მანქანასაც გამოაყოლებენ ხოლმე და დაახლოებით 1500 ლარი იმ მანქანის გაყიდვით რჩებათ. ჰოდა, შემდეგ სურათს ვიღებთ:  მუშაობის მსურველი ბევრია, მაგრამ მათ სხვა ანაზღაურება სურთ, ევროპული, ანუ ისეთი, როგორსაც ადგილობრივი კომპანიები ვერ გადაუხდიან და ეს იმის მიუხედავად, რომ მაგალითად, პროდუქტის ფასებით ევროპის არაერთ ქვეყანას (იმავე პოლონეთს), კარგა ხანია, გვარიანად გავუსწარით. მეტიც, ბინების ფასებით საქართველო არც პოლონეთს ჩამოუვარდება, არც ესპანეთს და არც იტალიას. ჰო, დედაქალაქში რომ 100 ათასი  დოლარი ღირს ბინა, იმ 100 ათას დოლარად, შუაგულ რომში თუ არა, პერიფერიებში ბინასაც იყიდი და, თუ კარგად დაძებნი,  საკუთარ სახლსაც პატარა მიწის ნაკვეთით. ორიოდე თვის წინათ ახლობელმა ბარსელონის გარეუბანში 2-სართულიანი სახლი 146 ათას ევროდ შეიძინა და მიდით, აბა, თბილისის გარეუბანში 2-სართულიანი სახლი ამ ფასად იშოვეთ… ანუ ფასები ევროპული გვაქვს, ჯამაგირი – ქართული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილ მუშახელს, ბოლო პერიოდში  არაერთ ობიექტზე ნახავთ ყირგიზ, თურქმენ თუ ტაჯიკ მშენებლებს. სიცხე მათ არ აშინებთ და მუშაობითაც თავს არ ზოგავენ. საქმე ის არის, რომ ამ ქვეყნებს ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლის უფლება არ აქვთ, ვიზაზე რიგში დგომა კი ზუსტად ისე უწევთ, როგორც თავის დროზე ქართველებს უწევდათ და, თუ გახსოვთ, განსაკუთრებით გერმანიის საელჩოსთან უზარმაზარი რიგები იდგა  ღამის თევითა და ამბებით. ჰოდა, ისინი მზად არიან, ისეთ ქვეყნებში იმუშაონ, სადაც იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე თავიანთ  ქვეყანაში. რბილად რომ ვთქვათ, მათთვის ევროპა სწორედ საქართველოა. შესადარებლად – თურქმენეთის მოსახლეობა ოფიციალურად 5 მლნ-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ქვეყნის ფართობი საქართველოს ტერიტორიას ლამის რვაჯერ აღემატება, მაგრამ დაუსახლებელია. თურქმენი მუშები ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში დიქტატია, რომ ინტერნეტის გამოყენებაც კი შეზღუდულია, რომ სახლში 100 დოლარი თუ დევს, მომავლის არ ეშინია, რადგან ეს იქ დიდი ფულია. უფრო საინტერესოსაც გეტყვით: თურქმენი მუშები ფულს პირდაპირ საქართველოდან ვერ გზავნიან საკუთარ ქვეყანაში, ჯერ თურქეთში ურიცხავენ მეგობრებს ანგარიშზე, ისინი კი მათი ოჯახის წევრებს აწვდიან…

რას მოგვიტანს ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში? მოდი, ისევ საქართველოს მოსახლეობის მაგალითით ვიმსჯელოთ. ევროპაში, რუსეთში სამუშაოდ წასული ქართველების არც თუ მცირე ნაწილი იქ რჩება, საქმეს აწყობს, საბუთებს აკეთებს, ყოველ სამ თვეში უკან დაბრუნება რომ არ მოუწიოს, და მერე ოჯახი მიჰყავს. ასე იყრებიან ნელ-ნელა სამშობლოდან დედა-ბუდიანად, მიდიან სხვა ქვეყანაში, სახლდებიან იქ და უკან დაბრუნება აღარ სურთ. ჩემმა კლასელმა შარშან საბერძნეთში მამა დაასაფლავა, მე უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ და მამის საფლავი, მინდა, აქ მქონდესო... ჰო, კახეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ახლა საბერძნეთის მიწაშია და, როგორც მისი შვილი არ დაბრუნდება უკან, ისე შვილიშვილებიც, რომლებსაც უკვე ქართულად საუბარი უჭირთ. ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ საქართველოში ჩამოსული თურქმენები თუ ტაჯიკები, ყირგიზები თუ სხვა ქვეყნის შვილები ნელ-ნელა იმდენს მოახერხებენ, აქ ოჯახებს ჩამოიყვანენ, დამკვიდრდებიან და, მათი სტეპების შემხედვარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ამქვეყნიურ სამოთხედ მოეჩვენოთ. თანაც სულ მშენებლობაზე კი არ იქნებიან, მათ საუცხოოდ იციან მესაქონლეობა, სისხლში აქვთ ეს დარგი და ჩვენთან უკვე მივიწყებას მიცემულ მეცხვარეობას ისე გააცოცხლებენ, როგორც დაგიბარებიათ. ჰოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ქართველები ბედნიერების საძებნელად სხვაგან წავლენ, სხვები – საქართველოში ჩამოვლენ და ამ პროცესის გამჩერებელი ჯერ არავინ ჩანს.

გამოსავალი, ალბათ,  ერთადერთია – ადგილზე უნდა იყოს ისეთი სამსახურები, რომლებიც, ღირსეული ანაზღაურების გარდა, სტაბილურობისა და მუდმივობის შეგრძნებას დატოვებს. მშენებელი ერთ კორპუსს რომ ჩადგამს, მეორე შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, მერე იმავე მუშას ან მიიღებს, ან – არა, ანუ საქართველოში დღეს პრაქტიკულად ყველა სამსახური დროებითია… საჯარო სამსახურებიც კი, რადგან საჯარო მოხელეებმა იციან, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათაც  დაერევიან, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვებენ. ახლა არ თქვათ, ასე არ იქნებაო. ასე იყო მუდამ და ეს მიდგომა იმიტომ არის დაუშვებელი, რომ საჯარო მოხელე ყველა ხელისუფლებისთვის არჩევნების წინ ე.წ. ადმინისტრაციული რესურსია და სწორედ ამ რესურსის ხარჯზე მმართველი ძალა კონკურენტებზე რამდენიმე პროცენტით  წინ არის. ადამიანები ხმას სამსახურის დაკარგვის შიშით აძლევენ, თორემ, შესაძლოა, მმართველი ძალა საერთოდ არ მოსწონდეთ.

სადაც თურქმენეთს შევედარეთ,  ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს გაცილებით  მეტი რესურსი, ვიდრე ნიდერლანდებს. ამ დროს ნიდერლანდები მოსახლეობის რაოდენობით ჩვენზე ოთხჯერ მეტია, მაგრამ  იქ  ჩვენზე ათჯერ კარგად ცხოვრობენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, მსოფლიოში სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტების მიწოდების მხრივ, პირველები არიან. ჩვენც შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ, მაგრამ ამისთვის სწორი მიდგომა და  მოქმედებაა საჭირო. ისე კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად მილიარდს რომ ხარჯავს, დახარჯული თანხით იწონებს თავს და წლის ბოლოს ვიგებთ, რომ წელს შარშანდელზე მეტი პროდუქტი შემოვიტანეთ უცხოეთიდან, რომ მოიკლო ხახვის, კარტოფილის, მწვანილისა და რძის პროდუქტების წარმოებამ.

საქართველოში აფრიკის ქვეყნებიდან შემოტანილი ყვავილები იყიდება… ჰო, ყოველწლიურად, მილიონობით დოლარის ყვავილი აფრიკის ქვეყნებიდან შემოგვაქვს და ეს მაშინ, როცა რესტორნებიდან ყოველდღიურად ისმის სიმღერა „ყვავილების ქვეყანა…“  საქართველო აღარ არის ყვავილების და, საერთოდ, არაფრის ქვეყანა, ჩვენი ფუნქცია არ გვაქვს მსოფლიოში და სანამ  არ ვიპოვით, მანამდე, ალბათ, არც არაფერი გვეშველება.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here