მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ჰყავს ჩასვრილების მთავრობა ივანიშვილის მეთაურობით

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ჰყავს ჩასვრილების მთავრობა ივანიშვილის მეთაურობით

“კარპენტერის განცხადება იყო სიგნალი იმისა, რომ ამერიკა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შერბილებით უკმაყოფილოა”

999
გააზიარეთ

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანება საქართველოში ფრენებისა და ფულადი გადმორიცხვების აკრძალვის თაობაზე 8 ივლისიდან ამოქმედდება, საქართველოს ეკონომიკას უკვე დაეტყო სანქციების შედეგები _ ათასობით რუსმა ტურისტმა დატოვა საქართველო და კიდევ უამრავმა გააუქმა დაჯავშნილი ტური საქართველოს კურორტებზე, კატასტროფულად დაეცა ლარის კურსი, გაძვირდა პროდუქტები… რა მოხდა რეალურად საქართველოში? ვის სურდა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა? რა დავკარგეთ და რა მივიღეთ მსოფლიოს მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციის წევრების საქართველოდან გაძევებით? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება: 

_ საქართველოში მოაწყვეს დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც წინ უსწრებდა ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწე კარპენტერის განცხადება. ის ამბობდა, რომ საქართველოს ღია კარის პოლიტიკა აქვს რუსეთთან, რომ ჩვენ ქვეყანაში ვუშვებთ უამრავ რუს ტურისტს, რომლებიც სინამდვილეში “ეფ-ეს-ბე”-ეს აგენტები არიან, რამაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის 100%-ის ოკუპაცია გამოიწვიოს. კარპენტერი საქართველოში იყო ჩამობრძანებული და სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, მიერ ორგანიზებულ რუსოფობიურ კონგრესში მონაწილეობდა. კარპენტერის ამ განცხადებამ ცეცხლი დაანთო, მისი სტუმრობიდან ზუსტად ორ დღეში დაიწყო არეულობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომა გამოიყენეს საბაბად. არადა, გავრილოვის იქ ჩაჯდომა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან, როდესაც პარლამენტთაშორისი ასამბლეა მუშაობს და ეს მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტის დარბაზში, ბუნებრივია, თავმჯდომარე უნდა დაჯდეს თავის ადგილას. ამ შემთხვევაში, თავმჯდომარე იყო გავრილოვი და ის და მისი ბერძენი კოლეგა, ორივე ისხდნენ იქ, სადაც მათი ადგილი იყო. ბოდიში და, საპირფარეშოში ვერ დასხდებოდნენ. პროტოკოლმაც ყველაფერი სწორად გააკეთა, ახლა ამ სამსახურს აბრალებენ ყველაფერს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, შეცდომა არავის დაუშვია.

კარპენტერის განცხადება იყო სიგნალი იმისა, რომ ამერიკა უკმაყოფილოა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შერბილებით, მართალია, რაიმე სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ დაძაბულობა შერბილდა აშკარად, ამიტომ ამერიკამ დაიწყო მუშაობა გამძაფრებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკის მთელი ადმინისტრაციაა ამ საქმით დაკავებული, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ტრამპსაც ეწინააღმდეგებიან, ერევიან საქართველოს საქმეებში და მუშაობენ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე.

გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოხატა საქართველოს ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, იგი აღშფოთებული იყო იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ამ კომიკური პერსონაჟის, სავარძელში ზის გავრილოვი, რითაც თურმე შეურაცხყოფილია. დადასტურებულია, რომ პირველმა ჩუგოშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება. შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” დაგეშილი დედაკაცები მივარდნენ პარლამენტის დარბაზში და პროტოკოლისა და ვენის კონვენციის დარღვევით საფრთხეში ჩააგდეს უცხოელი სტუმრები, ჩაშალეს მართლმადიდებელი სახელმწიფოების ფორუმი, გააოგნეს სტუმრები, ესეც არ აკმარეს და რუსეთის დელეგაციის წევრებს სასტუმროში მიუცვივდნენ პლაკატებით, ბოთლებით, რომლებიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ჩვენმა სახელმწიფომ დაუშვა, რომ საფრთხეში ჩაეგდო უმაღლესი რანგის რუსი დეპუტაციის წევრების სიცოცხლე. მათ ბოთლებს ესროდნენ და, რომ არა უშიშროებისა და პოლიციის დროული რეაგირება, ყველაფერი რით დასრულებოდა, ღმერთმა უწყის.

საქართველოს მხრიდან ეს იყო ველურობის, სიბნელის გამოხატულება. მთავრობამ ჩაისვარა ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რადგან ივანიშვილმა თვითონ გამოაცხადა, რომ თავმჯდომარის სავარძელში არ უნდა ჩამჯდარიყო გავრილოვიო. საერთოდ, ვინ არის ივანიშვილი, მითითებებს რომ იძლევა? რატომ იყო დაუშვებელი ასამბლეის თავმჯდომარის დაჯდომა მისთვის განკუთვნილ ადგილას? იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილს სტუმრის პოზიცია დაეცვა, მან საწინააღმდეგოდ იმოქმედა.

_ რით დააზარალა საქართველო ამ საქციელმა?

_ საქართველოს თავი მოეჭრა საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენ ხედავთ, სად გავარდა დოლარის კურსი, კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. იმასაც ვნახავთ, სადამდე დაეცემა ტურიზმის მაჩვენებელი. დიდი დრო არ არის საჭირო, რომ ვნახოთ, რას მოიმკის ქვეყანა, გარდა იმისა, რომ ქალაქი დააბინძურეს აქციის მონაწილეებმა _ საღორეს ჰგავს რუსთაველის გამზირი. ზარალი დიდია უკვე და უფრო დიდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, ნობელის პრემიის ლაურეატობა არ არის საჭირო ამის დასანახავად.

_ 28-29 ივნისს ოსაკაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართა. ოფიციალურ ინფორმაციაში არ უთქვამთ, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერებმა საქართველოზე ისაუბრეს, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ზესახელმწიფოებს ლიდერებმა კულუარებში ისაუბრეს საქართველოზე და ცვლილებების მოლოდინში არიან…

_ არა, მათ საქართველოზე არ უსაუბრიათ და ვინმე ამას თუ ამბობს, ფაქტებითაც უნდა დაადასტუროს. საქართველო არავის უხსენებია, თან ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არასოდეს საუბრობს საქართველოზე.

ნუ გვაქვს დიდი წარმოდგენა ჩვენს თავზე და ჩვენს ქვეყანაზე.

_ მიტინგების მუხტის ჩაცხრობასაც ზუსტად ამ შეხვედრას უკავშირებენ…

_ ჩაცხრება ეს მიტინგები თავისით, არავისი ჩარევა არ უნდა ამას, სულ ქუჩაში ხომ ვერ იდგებიან, მაგრამ ამ საქციელით ქვეყანა, სულ ცოტა, ათი წლით დახიეს უკან, დააბრუნეს რუსოფობიის ჭაობში, რუსეთში და სხვაგანაც საქართველოს შეებღალა იმიჯი და ბანანის რესპუბლიკის იმიჯი აქვს არა მხოლოდ რუსეთში, ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში, რომელთა წარმომადგენლებიც ასამბლეას ესწრებოდნენ. ამის შემდეგ ძნელია, რაიმეზე ილაპარაკო და რაიმეს ამბიცია გქონდეს.

_ კარგი იყო ჩვენთვის თუ ცუდი, ტრამპმა და პუტინმა საქართველო რომ არ ახსენეს?

_ ეს არც კარგი იყო და არც ცუდი. კიდევ ვიმეორებ: ნუ გვაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზე და საკუთარ თავზე. მართალია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ არც იმ დონის, რომ ზესახელმწიფოების ლიდერებმა ჩვენზე ილაპარაკონ. ორი ქვეყნის ლიდერები თავის შეზღუდულ გრაფიკს საქართველოს არ დაუთმობენ, ასეთი რამ ჯერჯერობით გამორიცხულია.

_ ბევრს საუბრობენ, რომ ამერიკას საქართველო სჭირდება ირანზე იერიშის მისატანად…

_ სისულელეა. რას ნიშნავს ეს, რა გზა სჭირდება? ამას ვინც ამბობს, ჯერ გეოგრაფია ისწავლოს, რუკას დახედოს. ირანამდე არის ორი სახელმწიფო _ სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველო როგორ უნდა გახდეს ირანის საწინააღმდეგო ბაზა, ამიხსენით. თუ სომხეთმა ან აზერბაიჯანმა არ მისცა ნება ამერიკას, რომ მისი საჰაერო სივრცე ან ტერიტორია გამოიყენოს, მარტო საქართველოდან რას გახდებიან?

ირანი და ამერიკა არაფერ შუაშია, ამ პროვოკაციით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს დაარტყეს.

_ რუსეთის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ…

_ მინიმალისტური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიიღო. არ იყო ეს ძალის დემონსტრირება, მან კლანჭები გამოაჩინა მცირე ზომით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გაცილებით მეტის გაფუჭება შეუძლია, თუმცა რუსეთს არ აქვს არანაირი სტრატეგია საქართველოს მიმართ. ის, რაც ხდება რუსეთ-საქართველოს შორის ნეგატიური, ეს არის რუსეთის ე.წ. ლიბერალური ფრთის ნამოქმედარი, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, საქართველოს მიმართულება. ისინი ურთიერთობებს ამყარებენ აქაურ ლიბერალურ წრეებთან, მათ რუსეთში წაიყვანეს გიგა მაქარაშვილი და თათია დოლიძე. ე.წ. გორჩაკოვის ფონდი _ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც აქ ეწევა ორმაგ თამაშს და აზიანებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. რუსეთის პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამოძირკვოს ეს ლიბერალური მიმართულება. ამის დადებითი ნიშნები არის, პუტინმა ერთ-ერთ გამოცემას მისცა ინტერვიუ, რომელშიც აღნიშნა, რომ ლიბერალებმა იგი შეცდომაში შეიყვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებში. ვნახოთ, თუკი ეს გამოფხიზლება გახდება ვლადიმერ პუტინის შემობრუნების პროცესი და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი, იქნება დადებითი მოვლენა.

_ დგას თუ არა საქართველო ახლა რამე დიდი საფრთხის წინაშე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საზოგადოება ბევრს საუბრობს საფრთხეებზე…

_ საფრთხე ყოველთვის არის, გნებავთ _ პოლიტიკური, გნებავთ _ სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკის კუთხით.

თუკი მეზობელ სახელმწიფოს იწვევ, მისგან პასუხს უნდა ელოდო კიდეც, მოსალოდნელ საფრთხეებს კი ვერავინ გათვლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საფრთხეს საკუთარ თავს თვითონ უქმნი. ჩვენ, ქართველები, სიტუაციის მძევლები ვართ, არავის სურს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა.

ყველა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ აქციების მიმდინარეობისას და, ნაცვლად იმისა, რომ დასაჯონ, მათ მიმართ რბილი მიდგომა ხორციელდება _ თავზე ხელს უსვამენ, ციხიდან გამოუშვეს, ელოლიავებიან. საქართველოს ჰყავს ჩასვრილების მთავრობა ივანიშვილის მეთაურობით. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here