Home ახალი ამბები საქართველო რატომ ჩამოვიდა ბონი ჯენკინსი საქართველოში

რატომ ჩამოვიდა ბონი ჯენკინსი საქართველოში

366

ამერიკა არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის,  არამედ საქართველოს მიმართულებითაც გადასულია გადამწყვეტ შეტევაზე. ამის დასტურია ახალი მითითებები დეგნანის მხრიდან:  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეთ და ბიძინა ივანიშვილს მოარგეთო. სწორედ ამ შტურმის ნაწილია ბონი ჯენკინსის ჩამოსვლა და  ელჩის  ღია მხარდაჭერა თავნებობაზე, ექიმების გამოგზავნა და სააკაშვილის შემოწმება, სამომავლოდ მისი გათავისუფლების მოთხოვნის საფუძველი რომ შეიქმნას, ამიტომ მართებს ხელისუფლებას მტკიცედ ყოფნა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს.

გასულ კვირას დავწერეთ, რომ  დასავლეთი ყველაფერს გააკეთებდა  მიხეილ სააკაშვილის ციხიდან, რაც შეიძლება, მალე დასახსნელად.   ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. ამერიკიდან  „თავიანთი ნებითა და ხარჯებით“ ექიმი ექიმზე ჩამოდის  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად  და დასკვნის გამოსაქვეყნებლად.  ჯერჯერობით ექიმები ამბობენ, რომ დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მაგრამ მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ დასკვნაში აუცილებლად ეწერება ფრაზა, რომ ექსპრეზიდენტის სათანადოდ მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია და ის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. ამ დასკვნას ოპოზიცია ჰაერში ააფრიალებს, დასავლეთი კი „მეგობრულად“ გვირჩევს: ექიმებს დავუჯეროთ და მიშას სასჯელი გადავუვადოთო.

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დასავლეთს სააკაშვილი ამჯერად გარეთ სჭირდება. ციხეში მყოფ მიშას სარგებელი არ მოაქვს. რეალურად, ყველა ხვდება, რომ სააკაშვილს ერთადერთი რამ სჭირს –  ვერ ეგუება იმას, რომ პატიმარია; რომ მისი ხელის ერთ გაქნევაზე ვიღაცები ბრძანების შესასრულებლად არ გარბიან; რომ აღარ აქვს უფლება, ვინმე დასაჯოს, დააპატიმროს,  მოკლას, გაანადგუროს. ჰო, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპონენტებს ან აპატიმრებდნენ, ან ფიზიკურად ანადგურებდნენ და არცთუ იშვიათად ამას ისე, უბრალოდ, აკეთებდნენ, სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად. და ეს იყო სისტემური დანაშაული, სისტემის შიგნით მყოფებს ჰქონდათ ყველაფრის უფლება ადამიანების ქუჩაში დახოცვის ჩათვლით. სწორედ ამ უფლებების შეზღუდვის გამოა მიშა ისტერიკაში (და არანაირი სხვა დაავადება არ სჭირს), მაგრამ იმას ხომ არ იტყვიან, 9 წლის განმავლობაში ფსიქოპათი გმართავდათ, ჩვენ დემოკრატიის შუქურას ვეძახდით და მხარს ვუჭერდითო?!

ექიმებთან ერთად, დელეგაციის გაძლიერების მიზნით, ამერიკამ ბონი ჯენკინსიც გვაახლა. ეს ქალი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. მისი თანამდებობიდან გამომდინარე, საქართველოში აშკარად არ უნდა ჩამოსულიყო, რადგან შეიარაღებაზე კონტროლი არ გვჭირდება (ძალად შეტენილი „ჯაველინების“ გარდა, თითქმის არაფერი გვაქვს) და არც საერთაშორისო უსაფრთხოებას ვარღვევთ (არც შეგვიძლია ამის კეთება). მაშ, რისთვის იარა ამხელა გზა  ქალბატონმა ბონიმ? – დიდი ალბათობით, კლაიდის დასახსნელად და ქართველი კლაიდი  სააკაშვილი რომ არის, ბევრი დაგვეთანხმება. ამას გარდა, ბონიმ კელი დეგნანსაც უნდა მოსწმინდოს… ოფლი (აბა, ნამუსი ამერიკის არც ერთ ელჩს არ ჰქონია და დეგნანს საიდან ექნება?!). სწორედ ჯენკინსმა უნდა დააჯეროს ჩვენი ხელისუფლება, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან სამკურნალოდ და სასჯელი გადაუვადონ.

და მაინც, რისთვის სჭირდება სწორედ ახლა სააკაშვილი ამერიკას? რატომღაც გვგონია, რომ შტატების პრეზიდენტმა ბოლო მისია უნდა შეასრულოს. მიშამ არაერთხელ დააანონსა, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ის უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე ავტომატით ხელში დადგება. ფრონტის წინა ხაზის რა გითხრათ, მაგრამ საიმედოდ დაცულ ზურგში მიშა ავტომატს ხელში აუცილებლად დაიჭერს და მეომრის იმიჯსაც შეიქმნის. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილი ავტომატით იპოზიორებს, საიდანღაც სნაიპერის ბრმა ტყვია რომ გავარდეს და ექსპრეზიდენტი იმსხვერპლოს, რა მოხდება? ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ორს კი არა, სამ კურდღელს დაიჭერს ერთად – ხელს გაიშვერს რუსეთისკენ, ხელს გაიშვერს საქართველოს ხელისუფლებისკენ და ხელს გაიშვერს უკრაინისკენ, – ერთ კაცს როგორ ვერ მოუფრთხილდითო? შესაძლოა, ცუდი შედარებაა, მაგრამ სააკაშვილი ახლა ბლონდის ჰგავს, ადოლფ ჰიტლერის გერმანულ ნაგაზს, რომელიც პატრონს მუდმივად გვერდით ჰყავდა და ბოლოს, როცა ჰიტლერის აღსასრული მოახლოვდა, ნაგაზი  მოწამლეს, აქაოდა, საბჭოთა ჯარისკაცებმა რომ ჩაიგდონ ხელში, შეიძლება აწამონო. რეალურად კი ჰიტლერს სურდა, საკუთარი თვალით ეხილა, როგორ მოქმედებდა ციანიდი და თვითონ ბევრს ხომ არ იწვალებდა  სიკვდილის წინ. ჰოდა, ბოლოჯერაც უერთგულა ბლონდიმ პატრონს… აი, ასე, სასიკვდილოდ გამეტებული გვგონია სააკაშვილი და ისიც გვგონია, რომ ექსპრეზიდენტი ყველაზე დაცული ახლა სწორედ ქართულ ციხეშია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ცოცხალი სააკაშვილი თავისუფლებაზე არავის არაფერში სჭირდება, ვოლოდიმირ ზელენსკისაც კი, რომელსაც გმირის მანტიას აუცილებლად შეეცილება, და, მიშას გაქანებას თუ გავითვალისწინებთ, ეგებ ჩამოართვას კიდეც. ჰო, თუ ჩამოსართმევია,  ახლა უნდა ჩამოართვას ვინმემ ზელენსკის გმირის მანტია, თორემ მიმდინარე პროცესები ბოლოსკენ რომ წავა, მასხარა პრეზიდენტს ყვარყვარე თუთაბერივით მოუწევს უკრაინის დატოვება და, მე თქვენ გეტყვით, ქალის როლს ვერ ითამაშებს თუ რა? აგერ, მერამდენე წელია, პრეზიდენტის როლს თამაშობს, მსოფლიო უჯერებს…

„არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ის ასე ცუდად იყოს. ჩვენ ვიმუშავებთ ამის შესაცვლელად“, – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ამერიკიდან ჩამოსულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობიმ  განაცხადა და მერე მიახვედრეს, – სისულელეს ამბობ, სიტუაცია უნდა დაამძიმოო, და მშვიდად დააყოლა: საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში დავდებო. ჰოდა, ეს დასკვნა იქნება სწორედ საფუძველი იმისა, რომ ცალკე ოპოზიციამ და ცალკე ამერიკის ადმინისტრაციამ, თუნდაც ბონი ჯენკინსის პირით, სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა კატეგორიულად მოითხოვოს. დიდი ალბათობით, ჯენკინსი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების (ოფიციალურად სასჯელის გადავადების) სანაცვლოდ რამე ისეთი შესთავაზოს, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები უარს, უბრალოდ, ვერ იტყვიან. რა შეიძლება იყოს ეს? ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ისე გაუფერულდა და გაუფასურდა, გვეეჭვება, ხელისუფლება ამას დახარბდეს. ნატოში რომ არ მიგვიღებენ (ახლა კი არა, მომავალ საუკუნეშიც  კი), ისედაც ვიცით. ერთადერთი შეთავაზება, შეიძლება მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდის მკვეთრად შემცირება იყოს. ჰო, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა საბოლოოდ გამორიცხული და ამოძირკვული ნამდვილად არ არის. როგორც დასავლეთს, ისე ოპოზიცია, ამის სერიოზული მცდელობები აქვს და ხელისუფლებას დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა, მოსალოდნელი პროვოკაციები თავიდან რომ აირიდოს.

მეორე მხრივ, ამ ეტაპზე დასავლეთის ნდობა რთულია; რთულია იმიტომ, რომ ამერიკა საბოლოო შტურმზეა გადასული. რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ის მსოფლიო ჰეგემონი  იქნება  და არავინ თქვას, რომ ევროპა ამის ნებას არ მისცემს. ევროპა ამ ზამთარს გასაყინად გაწირა ამერიკამ და კიდევ გაწირავს. საკუთარი შეცდომების სიმწარე ევროპელ ლიდერებს ჯერ არ უგემიათ, ჯერ თოვლი არ მოსულა და იმიტომ. შორს არ არის ის დრო, როცა ევროპის მოსახლეობა ამერიკის საწინააღმდეგო აქციებს გამართავს და ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვს ენერგორესურსების ისევ რუსეთისგან მიღებას. ამერიკის ნდობაზე ვსაუბრობდით და  თვითონ სააკაშვილის ნდობა შეიძლება? ყოფილმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, თავისი მრევლიდან რამდენიმე ათეული ადამიანი მოაგროვოს,  ამერიკას შეაიარაღებინოს და  სამაჩაბლოში ან აფხაზეთში ბრძოლა დაიწყოს, – ქვეყანა უნდა გავამთლიანოო. ვინმე არის იმის გარანტი, რომ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს?!

დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს – ამერიკა არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის,  არამედ საქართველოს მიმართულებითაც გადასულია გადამწყვეტ შეტევაზე. ამის დასტურია ახალი მითითებები დეგნანის მხრიდან:  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეთ და ბიძინა ივანიშვილს მოარგეთო. სწორედ ამ შეტევის ნაწილია ბონი ჯენკინსის ჩამოსვლა და ღია მხარდაჭერა ელჩის თავნებობაზე, ექიმების გამოგზავნა და სააკაშვილის შემოწმება, სამომავლოდ მისი გათავისუფლების მოთხოვნის საფუძველი რომ შეიქმნას. ამიტომ მართებს ხელისუფლებას მტკიცედ ყოფნა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს. 1 ოქტომბერს, 10-წლიანი მმართველობის გარდა, „ოცნების“ მთავრობამ ისიც იზეიმა, რომ ერთადერთი ხელისუფალია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელმაც ომი აიცილა თავიდან და კარგი იქნება, თუნდაც ეს ტრადიცია გაგრძელდეს. ამერიკის თითის ქნევა, რუსეთიდან მოჭარბებული ადამიანები თქვენს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნიანო, არ გამართლდა და ახლა სხვა რამ არის მოსაფიქრებელი. ის „სხვა რამ“ კი ჯერჯერობით მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაა და ამ შესაძლებლობას შტატები აუცილებლად ბოლომდე ჩაებღაუჭება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ისე, ისტორიკოსები წერენ, ბლონდი ჰიტლერის ცოლს, ევა ბრაუნს, არ მოსწონდა და, როცა ადოლფი ვერ ხედავდა, ძაღლს წიხლებსაც ურტყამდაო. ვინ ურტყამდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ევროპიდან თუ ამერიკიდან ნაცემი ძაღლივით დაბრუნებული სააკაშვილი არაერთხელ გვინახავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here