Home ახალი ამბები საქართველო რა ბედი ეწია რესპუბლიკების მოსახლეობას სსრკ-ის დაშლის შემდეგ?

რა ბედი ეწია რესპუბლიკების მოსახლეობას სსრკ-ის დაშლის შემდეგ?

547
რა ბედი ეწია რესპუბლიკების მოსახლეობას სსრკ-ის დაშლის შემდეგ?

საბჭოთა კავშირის  პერიოდში მასში შემავალი რესპუბლიკების მოსახლეობა განუხრელად იზრდებოდა. 1989 წელს კავშირი მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო  მოსახლეობის მიხედვით (ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ), უსწრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ სსრკ-ის დაშლის  პირველივე  წლებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ვითარების მკვეთრი ცვლილება შეიმჩნეოდა და ის იცვლებოდა ყველგან სხვადასხვანაირად.

პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებაზე ვრცელ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს ვებგვერდი dzen.ru.

სსრკ-ის დემოგრაფია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1976-1989 წლებში სსრკ-ის მოსახლეობამ 23 მლნ ადამიანით მოიმატა.  1976 წელს კავშირის მოსახლეობა შეადგენდა მსოფლიოს მოსახლეობის 6,4%-ს. აღსანიშნავია, რომ 1926 წელს სსრკ-ში 147 მლნ კაცი ცხოვრობდა, ხოლო 1991 წლის დეკემბერში  – 294 მლნ. შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობა შეიცვალა და 2021 წელს  მხოლოდ 298 283 135 ადამიანი  შეადგინა.

სსრკ-ის არსებობის პერიოდში თითქმის ყველა ერში ოდნავ შემცირდა შობადობა, ოღონდ  ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობისთვის მისაღებ ფარგლებში. ყველაზე შესამჩნევი კლება აღინიშნა რუსებში, უკრაინელებსა და ბელარუსებში, ხოლო ტაჯიკებსა და თურქმენებში კლება მინიმალური იყო. მიუხედავად ამისა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და,  არც ისე სწრაფად, მაგრამ მაინც ცხოვრების დონის გაუმჯობესების გამო, სსრკ-ის მოსახლეობის  რაოდენობა მატულობდა.

პოსტსაბჭოთა სივრცის დემოგრაფია

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოსახლეობის კლება შესამჩნევია თითქმის ყველა  რესპუბლიკაში, გარდა აზერბაიჯანის (+42% 1989-დან 2021 წლამდე), ტაჯიკეთის (+82% იმავე პერიოდში), თურქმენეთის (+65%), უზბეკეთის (+65%), ყირგიზეთისა (+50%) და ყაზახეთისა (+13%).

სად შემცირდა მოსახლეობა ყველაზე მეტად?

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე სწრაფად შემცირდა უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მოლდოვაში. 2018 წლისთვის  ესტონელების რაოდენობა შემცირდა თითქმის 27,8%-ით, ლიეტუველებისა  – 24%-ით, მოლდოველებისა  – 21%-ით, ხოლო უკრაინელებისა   – 14,6%-ით (ამ სტატისტიკაში სამხედრო დანაკარგები არ არის გათვალისწინებული).  აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა მცირდება შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის ზრდის გამო: ყველაფერში დამნაშავე ცხოვრების დაბალი დონეა.

როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში 30 წლის განმავლობაში – 1989-2019 წ.წ.

მცხოვრებთა რაოდენობის შემცირების მიზეზი, აგრეთვე, არის მიგრაცია. მაგალითად, ლიეტუვაში ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსახლეობა 700 ათასით შემცირდა და 2,8 მლნ  შეადგინა. ეს გამოიწვია სამუშაოდ და მუდმივ საცხოვრებლად წასვლამ  გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.  კლების ამ ტემპით  2100 წლისთვის ლიეტუვის მოსახლეობა 1,5 მლნ ადამიანამდე შემცირდება; ბელარუსის მოსახლეობა, რომელმაც 1994 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 10,3 მლნ-ს, მიაღწია, 2023 წლისთვის 9,2 მლნ-მდე შემცირდა. ეს გამოწვეულია  მიგრაციის უარყოფითი სალდოთი და შობადობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებლით.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის დაბერება

მოსახლეობა ყველაზე სწრაფად ბერდება რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში,  მაგრამ შუა აზიის ქვეყნებში სრულიად განსხვავებული სურათია შედარებით მაღალი შობადობის გამო. მაგალითად, თურქმენეთში 14 წლამდე ბავშვების წილი  დაახლოებით 35 პროცენტია, ტაჯიკეთში – 34% -მდე, ყირგიზეთში – 31% -მდე. იგივე მაჩვენებელი რუსეთში არის 16%, ბელარუსსა  და უკრაინაში – 15%, ლიეტუვასა და ლატვიაში – 14%.

როგორ მატულობს მოსახლეობის რაოდენობა  სხვადასხვა ქვეყანაში

პოსტსაბჭოთა ქვეყნების  ტიტულოვანი  ერები

1991 წელს თითქმის ყველა საკავშირო რესპუბლიკა მრავალეროვანი იყო, 2010 წლის შემდეგ კი თითოეულ მათგანში ტიტულოვანი ერი ჭარბობდა. მონაცემებს ქვეყნის ეროვნული შემადგენლობის შესახებ, როგორც წესი, იღებდნენ მოსახლეობის ოფიციალური აღწერებიდან. 1989 წლის აღწერის პროცესის დროს სსრკ-ში რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი „ტიტულოვანი“ ერი: მათ შორის  ის ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა, სულ მცირე, 7-8 ათას ადამიანს შეადგენდა. ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, იყვნენ რუსები, შემდეგ – უკრაინელები, შემდეგ – უზბეკები, ბელორუსები, ყაზახები, აზერბაიჯანელები და თათრები.

ეროვნული შემადგენლობის დადგენისას მხედველობაში მიიღებოდა მოქალაქეთა პირადი იდენტიფიკაციაც. მაგალითად, სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების წილი 2,9%-დან 1,4%-მდე შემცირდა.  თვით უკრაინაში, 2001 წლის მონაცემებით, მცხოვრებთა 78%  თავს უკრაინელს უწოდებდა, ხოლო 17% -ზე ნაკლები – რუსს (საბჭოთა  კავშირის პერიოდში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 72% და 22% იყო. ბელრუსში  2019 წელს მოსახლეობის თითქმის 85% უწოდებდა თავს ბელორუსს, დაახლოებით 7% – რუსს (1989 წელს – 78% და 13%, შესაბამისად). სომხეთში 98%-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს, რუსები  და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები კი თითქმის არ არიან. ანალოგიური სურათია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში. რუსების წილი ყველაზე ნაკლებად შემცირდა იევაში– 34%-დან (1989 წ)  24%-მდე (2021 წ), ლიეტუველების წილმა კი მოიმატა 52%-დან 62%-მდე.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების რამდენი მოქალაქე საუბრობს რუსულად?

სსრკ-ში რუსული  ენა  კარგად იცოდა მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ. 1989 წელს რუსების 99,8%, ბელორუსების, უკრაინელების, ყაზახებისა და ლატვიელების 55%-ზე მეტი თავისუფლად საუბრობდა რუსულად. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში კი  მცხოვრებთა 28-53%-მა  იცოდა რუსული. ამჟამად  რუსული ენის სტატუსი ყველგან განსხვავებულია. მაგალითად, ყირგიზეთსა და ყაზახეთში ის ოფიციალურ ენად ითვლება, ბელრუსში მეორე სახელმწიფო ენაა (მოსახლეობის 80%-ზე მეტი საუბრობს რუსულად), ტაჯიკეთში საერთაშორისო კომუნიკაციის ენაა. ესტონეთსა და იევაში რუსული  უცხო ენად ითვლება.

როგორ შეიცვალა რუსეთის მოსახლეობა

რუსეთში მოსახლეობის რაოდენობის შემცირება დაიწყო 1993 წელს. იმხანად ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 148,5 მლნ-ს, ხოლო 2009 წელს – 141,9 მლნ-ს. 2010-დან 2018 წლამდე ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების შესვლის გამო მოსახლეობის უმნიშვნელო მატება იყო. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა 146,4 მლნ ადამიანია და, როგორც ჩანს, მცირდება, მაგრამ რუსეთში მცხოვრები რუსების წილი პრაქტიკულად უცვლელია: 1989 წელს იქ მოსახლეობის 81,5%  თავს რუსად მიიჩნევდა, 2010 წელს – 81%.

ახალი ტერიტორიების ანექსიამ რუსეთს შეიძლება  8 მილიონამდე ახალი მოქალაქე შესძინოს, მაგრამ, რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის რეალური დანაკარგი მალე შეიძლება კატასტროფად იქცეს, ამიტომ მთავრობა ყველანაირად ცდილობს შობადობის ზრდის სტიმულირებას სხვადასხვა გადასახადით, შეღავათით, პროპაგანდითა და სხვა გზით, მაგრამ ამჟამად რუსეთში წარმატებით მრავლდებიან მხოლოდ მიგრანტები აზიის ქვეყნებიდან, აგრეთვე, ინგუშეთის, დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებნი. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ ტიტულოვანი ერის შობადობა არ გაორმაგდება, 100 წელიწადში რუსებს შეიძლება გაქრობის საფრთხე დაემუქროს, მაგრამ რუსი დემოგრაფები  იმედოვნებენ, რომ მთავრობის მიერ გატარებული სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის პირველი ნაყოფი, როგორც წესი,  მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოჩნდება.  ამჟამად ფიზიკურად არ არის საკმარისი ქალი, რომ შობადობის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს. სპეციალისტთა ვარაუდით, თუ არ შეწყდება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები და სათანადო პროპაგანდა, დაახლოებით 10 წელიწადში  მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის საწყის ექვს თვეში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 19 431 ბავშვი იყო. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი. უარყოფითმა სხვაობამ ნახევარ წელიწადში 2513  ადამიანი შეადგინა, წლის ბოლოს სხვაობა, ალბათ, 5 ათასი იქნება. 50%-იანი სხვაობაა ქორწინებასა და განქორწინებას შორის, ანუ შექმნილი ოჯახებიდან ლამის ყოველი მეორე ინგრევა. ეს მონაცემებიც მიუთითებს, რომ  ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის პირასაა.

გ.გ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here