Home ახალი ამბები საქართველო ქართულმა ბიზნესმა ვერ შეიგნო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წელზე ქამარი მაქსიმალურად აქვს შემოჭერილი...

ქართულმა ბიზნესმა ვერ შეიგნო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წელზე ქამარი მაქსიმალურად აქვს შემოჭერილი და მეტს ვეღარ შემოიჭერს

ქართველი ბიზნესმენები სახელმწიფოს სთხოვენ, კანონი შემოიღეთ და ყველანაირ ბიზნესზე ლიცენზიების გაცემა დაიწყეთ, ოღონდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეო

417

2023  წლის მონაცემებით, საქართველოში ჩამოსული ყოველი 10 ტურისტიდან  8 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ტურიზმის 80% სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ გასული ტურისტული სეზონი ურიგოდ  არ ჩატარებულა, ადგილობრივები მაინც უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს გადარჩენაში. თურმე არა  მხოლოდ  რუსი ტურისტები „გვაზარალებენ“, არამედ რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე სერიოზული მოთამაშეები გახდნენ.  რამ გამოიწვია ქართველ რესტორატორთა თუ სასტუმროს მფლობელთა გულისწყრომა?

საქართველოში ბიზნესი რუსეთის არაერთმა მოქალაქემ დაიწყო. ბევრმა თვითონ მოიფიქრა რაღაც და  დააბანდა ფული, უფრო ბევრმა კი უკვე არსებული ბიზნესობიექტი იქირავა და მისი განვითარებისთვის  შრომობს. ჰოდა, უკვე არსებული ბიზნესობიექტები რატომღაც იმაზე გაცილებით უკეთ მუშაობენ, ვიდრე მისი ადრინდელი მფლობელების ხელში და, რაც მთავარია, სერიოზულ კონკურენციას უწევენ დანარჩენებს. გასულ კვირას დედაქალაქთან ახლოს მცირე ინციდენტი მოხდა – ერთ-ერთი რესტორნის ქართველი მეპატრონე კონკურენტი რესტორნის რუს დამქირავებელს მიუვარდა, აქაოდა, მუშაობა ჩამიგდეო. თურმე ქართველის რესტორანში ერთი ულუფა  მწვადი 14 ლარი ღირს, რუსმა კი იმავე ზომა-წონის მწვადს 8 ლარი დაადო. ერთი ულუფა ხაშლამა ქართველთან 25 ლარად იყიდება, რუსთან – 15 ლარად და როგორ გგონიათ, ვის უფრო მეტი კლიენტი ჰყავს?

„თითო კერძიდან ერთი ან ორი ლარი მრჩება და ეს სავსებით საკმარისია. როცა ვამბობ მრჩება, ვგულისხმობ სუფთა მოგებას, გადასახადებისა და ხელფასების გამოკლებით. კლიენტი რომ ბევრია,  ყველასთვის კარგია, ჭურჭლის მრეცხავი ტყუილად არ იღებს ფულს, არც მზარეულები არიან უქმად, არც ოფიციანტები, სიცოცხლე დუღს და უხდება ეს ბიზნესს. მირჩევნია, დღეში გავყიდო 100 ულუფა  მწვადი და დამრჩეს 200 ლარი, ვიდრე 30 ულუფა და დამრჩეს 250 ლარი. ის კი მეჩხუბება, ფასებს მიმცირებო. კი არ ვუმცირებ, ჩემი  ბიზნესი მაქვს და მას ვავითარებ“, –  გვითხრა იმ რესტორნის რუსმა შეფმა, რომელიც პარალელურად ქირას იხდის და  მის რესტორანში ჯამაგირიც მეტია.

ანალოგიური ვითარებაა  სასტუმროების შემთხვევაშიც – მისაღები ფასები და მომღიმარი პერსონალი.  ისინი ცდილობენ,  სტუმარს დასვენება დღესასწაულად უქციონ, ყოველთვის იღიმიან,  სიურპრიზების შეთავაზებას ცდილობენ, აუცილებლად აჩუქებენ ხოლმე  რამეს. აბა, გაიხსენეთ, ქართულ რესტორნებსა თუ სასტუმროებში ბოლოს რა გაჩუქეს. ახლა ავტოდილერები აჯანყდნენ, რუსები ლამის  ავტობაზრობაზე დაგვისახლდნენ და მანქანებს  ფასი დაუგდესო. არადა, ჩემოყვანილ მანქანებზე ფასნამატი აქამდე 2-3 ათასი დოლარი იყო, ახლა კი  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, აგრეთვე,  ყაზახები  და  ყირგიზები მხოლოდ 300-500–დოლარიან ფასნამატს ადებენ და შეიძლება  ავტომობილი 1500-2000 დოლარად უფრო იაფად იყიდო. რა ურჩევნია მომხმარებელს? რა თქმა უნდა, იაფი და ხარისხიანი მომსახურება და ახლა ქართველი ბიზნესმენები უკმაყოფილო არიან, რომ მოსახლეობის ღლეტვაში ვერც რუსები აიყოლიეს და ვერც ყაზახები თუ უზბეკები. სწორედ რომ ღლეტვაში, რადგან ყველა თანხმდება, რომ ბევრ რამეზე არაადეკვატური ფასია და   გაგახსენებთ შემთხვევას, რომელმაც სოციალური ქსელი  ააფეთქა: გემახსოვრებათ, ალბათ, ერთ ჭიქა ყავას ყაზბეგში 20 ლარად რომ ყიდდა პიროვნება და თან აგრესიულიც იყო: ყავა ჩემია, რასაც მინდა, იმას დავაფასებო! მაგრამ იქვე სხვამ რომ დაუდგა ყავის აპარატი და 3 ლარად დაიწყო გაყიდვა, მუშტი-კრივი გაუმართა, ბიზნესს რატომ მიფუჭებო. ჰო, მუშტი-კრივი და ამ საქმეში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართულნი.

იცით, ამ ამბავში სასაცილო  რა არის? ქართველი ბიზნესმენები თუ მცირე მეწარმეები სახელმწიფოს სთხოვენ, კანონი შემოიღეთ და ყველანაირ ბიზნესზე ლიცენზიების გაცემა დაიწყეთ, ოღონდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეო. აქცენტი მაინც ავტომობილების ჩამოყვანაზე კეთდება, ანუ აქ ავტომობილების ჩამოყვანა მხოლოდ ადგილობრივებს რომ შეეძლოთ და როგორ გგონიათ, რუსები, ბელარუსები, ყაზახები თუ უზბეკები ვერ მონახავენ საქართველოს ისეთ მოქალაქეს, რომელიც თვეში 200-300 დოლარის სანაცვლოდ თანახმა იქნება, ლიცენზია აიღოს და ამ ლიცენზიით სხვებმა იმუშაონ? ახლა არ თქვათ, არასამართლიანიაო. ხომ ვაშენებთ კაპიტალიზმს, სადაც ბიზნესში მგლური კანონები მოქმედებს? ჰოდა, შევეგუოთ და იმ წესებით ვითამაშოთ, რომლებიც კაპიტალიზმს აქვს. როგორ გგონიათ, კონკურენცია ევროპასა და ამერიკაში არ არის და ბიზნესმენები ერთმანეთს მომსახურებასა და ფასში არ ეჯიბრებიან? სწორედ ეს არის ჯანსაღი კონკურენციის მთავარი პრინციპი და არა მუშტი-კრივი და ვინმეს ძალით გაგდება. ის უსინდისო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) 20 ლარს რომ ითხოვდა ჭიქა ყავაში და ახლა 3-ლარიან პროდუქტს აპროტესტებს, ხომ არის  ცემის ღირსი? მაგრამ ასეა, ერთ დღეში გვინდა ყველაფრის მიღება და ეს მაშინ, როცა იგივე რუსები ამბობენ, რომ ბედნიერები იქნებიან, თუ ახალი ბიზნესი პირველი ორი წლის განმავლობაში თავის შენახვას მაინც მოახერხებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოგების მოტანას. ანუ, ისინი იმას კი არ ამბობენ, პირველივე წელს დანახარჯიც უნდა ამოვიღოთ, მოგებაც უნდა დაგვრჩეს და მეორე წელს უკვე იმდენი უნდა დავიტოვოთ, ახალ ბიზნესზე ვიფიქროთ, არამედ მიჰყვებიან ისე, როგორც  რეალური ფორმა და წესია.

იქნებ, მუშტი-კრივის გამართვის ნაცვლად, მათგან რაღაც  გვესწავლა? მაგალითად, ის, რომ კლიენტი მტერი არ არის და ვიღაც თუ ბევრ ფულს ხარჯავს, ეს ფული მისი ნაშოვნია და არ უნდა გვშურდეს, არ უნდა ვუბღვერდეთ და,  რესტორანში 5 ლარს „ჩაის“ რომ დატოვებს, გულში დედა არ უნდა ვაგინოთ,  ბევრი ფული ჰქონდა და 100 ლარი რატომ არ დატოვაო. მაგრამ სწავლა არ გვინდა, პირიქით, ვაკეთებთ იმას, რაც მსხვილმა ბიზნესმა ასწავლა მცირე ბიზნესს. მაგალითად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორები,  უკვე მერამდენე წელია, ადამიანებს  ყვლეფენ და უზარმაზარ ფულს შოულობენ საკუთარი მოსახლეობის ჯიბეში ხელის ჩაყოფით. ანალოგიური რამ ითქმის თამბაქოს შემომტანებზე და საერთოდ, მათზე, ვისაც რამე შემოაქვს. ახლახან არ იყო ფარმაცევტული კომპანიების გარშემო ატეხილი სკანდალი, წამლებს ხშირად   400-დან 1000%-მდე ფასნამატით რომ ყიდდნენ? ახლა გვეუბნებიან, რუსული სააფთიაქო ქსელი აპირებს ბაზარზე შემოსვლას, რუსეთში ნაწარმოები წამლების გაყიდვა სურთო. მერე ნახეთ კონკურენცია და ფარმაცევტულ ბაზარზე მთავარი მოთამაშეების გულისწყრომა. არადა, დღემდე, თუნდაც სოდის აბები, რომლის 100-აბიანი კოლოფი გერმანიაში (იქაური წარმოებისაა) 1.50 ევროდან, 2 ევრომდე, ანუ 5-6 ლარი  ღირს, საქართველოში 80-დან 120 ლარამდე ფასობს. რუსეთში ნაწარმოებ წამლებზე საქართველოში, საუკეთესო შემთხვევაში, 300 და 400%-იანი სხვაობაა და როგორ გგონიათ, რუსული სააფთიაქო ქსელი თუ დაიწყებს ოპერირებას, როგორი სხვაობა იქნება?

ქართულმა ბიზნესმა ვერ შეიგნო , რომ ადგილობრივ მოსახლეობას წელზე ქამარი მაქსიმალურად აქვს შემოჭერილი და მეტს ვეღარ შემოიჭერს, ამიტომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცდილობს,  რაც შეიძლება იაფად იყიდოს ნებისმიერი რამ, იქნება ეს საკვები, ტანსაცმელი, წამალი, ტექნიკა და ა.შ. ამიტომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, გამყიდველი და მომსახურე პერსონალი რომელ ენაზე ესაუბრება, მთავარია ხარისხი და ფასი. როცა ეს ორი რამ სხვებთან შედარებით იაფია, იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანმა დიდძალი  ფული იშოვოს, არავინ დაიხარჯება, არავინ გადაიხდის. ის მაინც თუ იცით, რომ ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში საკვები პროდუქტების მხრივ თბილისი 84-ე ადგილზეა. იმის გათვალისწინებით, რომ, საერთო ჯამში, 400 ქალაქის მონაცემები დაითვალეს, 88-ე ადგილი ქარული რეალობისთვის და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისთვის ძალიან მაღალი შედეგია. ჰო, ამავე რეიტინგში ბათუმი 142-ე ადგილზეა, ანუ ლამის ორჯერ უკან და ეს, იცით, რას ნიშნავს? დედაქალაქში ცხოვრება ორჯერ უფრო ძვრია, ვიდრე თუნდაც ბათუმში და ხომ წარმოგიდგენიათ, რა სხვაობაა რეგიონებთან შედარებით?! რომ გავიძახით, ევროპას უნდა დავეწიოთო, აუცილებელი არ არის, პირველ რიგში, ფასებით  დავეწიოთ. ეგებ, ჯერ ცხოვრების დონე ავამაღლოთ, ხელფასები, პენსიები, სამუშაო ადგილები შევქმნათ და  დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.  ის უცხოელები კი, რომლებიც საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებენ და  ფასს შეამცირებენ, რაც შეიძლება მეტი უნდა იყვნენ, ეგებ ჭკუა ადგილობრივებმაც ისწავლონ და დასვენება თუ რესტორანში ვიზიტი მართლა დასვენება იყოს და არა ხარკის გადახდა.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here