Home ახალი ამბები საქართველო ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიცია, რომელსაც თითქოს სათუთად ვუფრთხილდებით,   ფეხქვეშ ითელება, სახელი გვიტყდება,  სტუმართმოყვარე...

ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიცია, რომელსაც თითქოს სათუთად ვუფრთხილდებით,   ფეხქვეშ ითელება, სახელი გვიტყდება,  სტუმართმოყვარე ქართველის  სახეს ვკარგავთ

რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ადამიანმა, რომელმაც საქართველოში ჩამოსასვლელი და დასასვენებელი ფული იშოვა, იდიოტია და ვერ გაარჩევს კარგსა და ცუდს? საუზმეზე 2 კვერცხი, 20 გრამი კარაქი, ჩაი და 2 კოვზი შაქარი 30 ლარი რომ არ უნდა ღირდეს, არ იციან ტურისტებმა და ვერ ხვდებიან, არარეალურ ფასს რომ ახდევინებთ?.. 15 კილომეტრის გავლაში ტურისტს 350 ლარს რომ მოსთხოვთ, მეორედ მოისურვებს ტაქსით მგზავრობას? ჭიქა ყავაში 20 ლარს რომ გადაახდევინებთ, მეორედ იყიდის თქვენგან ყავას?

301

გასულ კვირას ჩემი რუსი მეგობრები მესტიაში მიდიოდნენ დასასვენებლად და შემომჩივლეს: არარეალური ფასებია, ეგებ შენ დარეკოო. დავუკავშირდი იმ სასტუმროს, რომელშიც მათ ჰქონდათ დარეკილი, და ოთახი, რომელზეც ჩემს მეგობრებს ღამეში 150 ლარი უთხრეს, 70 ლარად შემომთავაზეს. ანალოგიური რამ მოხდა სხვა სასტუმროებშიც. გავბრაზდი… ძალიან გავბრაზდი. მით უმეტეს, არც ისე დიდი ხნის წინათ ჩემს მეგობარს ესტუმრნენ მოსკოვიდან ახლობლები  და ისე მოხდა, რომ მეგობარი აეროპორტში ვერ დახვდა. ტაქსის მძღოლმა აეროპორტიდან ვარკეთილამდე 15 ლარი მოსთხოვა, რაც ბევრი ნამდვილად არაა, ადგილზე მოსულებს კი განუმარტა, 15 ლარად ერთი კილომეტრი გიანგარიშეთო და 350 ლარს სთხოვდა, ანუ იმაზე გაცილებით  მეტს, თუნდაც 15 ლარი რომ ეანგარიშა კილომეტრი.

ჩვენი ხელისუფლება სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებზე იწონებს თავს, საქართველოში ეპატიჟებიან  ყველას, ჰპირდებიან ზღაპრულ გარემოს, მაგრამ ეს გარემო მაშინვე  ქრება, როგორც კი ტურისტი „ხაზეიკასთან“ პირისპირ რჩება და ხვდება, რომ მას, როგორც მეწველ ძროხას, ისე უყურებენ და ცდილობენ, საუბარშიც კი ფული დასტყუონ. სტატისტიკის მიხედვით, მესტიაში დღეს ტურისტების 95%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. იცით, რა ხდება რუსულ სოციალურ ქსელებში? ისინი არ ეპატიჟებიან სხვებს და დეტალურად უხსნიან, რომ საქართველოში დასვენება სამჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთში. ჩვენც ხომ ვიცით, რომ მეზობელ სახელმწიფოში  უკეთესი სერვისი გაცილებით იაფია და თანაც იქ ტურისტებს ისე კი არ ეპყრობიან, თითქის მათ ვალი ჰქონდეს, პირიქით, უღიმიან, ცდილობენ, ასიამოვნონ. ჩვენთან კი… სიამოვნებას ვინ ჩივის, საკვებსაც კი, რომელშიც ტურისტმა ფული გადაიხადა, ისე უგდებენ მაგიდაზე, თითქოს ძაღლი იყოს…  უკაცრავად, ძაღლს ასე რომ მოექცე და არასამთავრობოს წარმომადგენელმა დაგინახოს, მაშინვე სოციალურ ქსელში გამოგაჭენებს და ყველა წიხლით  შეგდგება… აი, ტურისტებთან კი შეიძლება ასე მოქცევა. ამ ყველაფერმა  ტენდენციის სახე მიიღო და ტურიზმს ვინ ჩივის, ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიცია, რომელსაც თითქოს სათუთად ვუფრთხილდებით, საერთაშორისო დონეზე ფეხქვეშ ითელება, სახელი გვიტყდება, სახეს ვკარგავთ, სტუმართმოყვარე ქართველის  სახეს  და… ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამას მხოლოდ რუსულენოვან ტურისტებს უბედავენ. თითქოს ვალი ჰქონდეთ ჩვენი, თითქოს ვალდებულნი იყვნენ, ჩამოვიდნენ, სამმაგი გადაიხადონ; შენ კი, როგორც ცხოველს, ისე მოექცე და აქედან ბედნიერი წავიდეს. რამდენიმეჯერ სცადეს, იგივე ექნათ  აზიელებისთვის, მაგრამ მათ მაშინვე პირდაპირი ეთერი ჩართეს, ქვეყანა შეყარეს, პატრული გამოიძახეს… ევროპელ და ამერიკელ ტურისტებს კი ამას არ აკადრებენ, ისინი ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან? მერე რა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში იშვიათად ჩამოდიან და, საერთო ჯამში, მათზე ტურიზმიდან შესული თანხის 3% ძლივს მოდის, 2% აზიელ ტურისტებზეა, დანარჩენი კი – რუსეთის მოქალაქეებზე.

ქართველების გაევროპელება-გაამერიკელება სწორედ აქედან დაიწყეს „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“. წლებია, ჩაგვჩიჩინებენ, რომ მხოლოდ  გამორჩენაზე უნდა ვიფიქროთ, რომ უმცროსებმა უფროსებს ავტობუსში ადგილი არ უნდა დაუთმონ, რომ მშობლის პატივისცემა არ არის აუცილებელი, რომ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს  მშობლებისა და დედმამიშვილების წინაშე... ასე ხდება ტრადიციული ქართველი კაცი ზომბი, რომელსაც არავინ და არაფერი აინტერესებს. და იცით,  სადამდე გვაქვს დაკარგული სახე?

„კრედიტი ავიღე, სასტუმრო ავაშენე, ველოდები პირველ კლიენტს. საღამოს დააკაკუნეს, სიხარულით გავედი, კარი გავაღე და… ჩემი ძმა იყო, ამის დედა ვატირე, სანახავად შემომიარა“, – ეს იმ ადამიანის   მოყოლილი ისტორიაა, რომელმაც მერე ტურისტები უნდა მიიღოს. ჰო, ადამიანის, რომელსაც ძმის დანახვა არ გაუხარდა და ტურისტს ელოდა, იმ ტურისტს, რომელსაც ოთხში ამოიღებდა, ტყავს გააძრობდა, სამმაგს გადაახდევინებდა და… მხოლოდ საქართველოშია ასე – ახალდაწყებულმა ბიზნესმა აღებული კრედიტი ერთ წელიწადში უნდა გაგისტუმროს, მოგებაც უნდა დაგრჩეს და მეორე წელს უკვე ორი იმდენი უნდა დაგიტოვოს. არავინ გვასწავლა, რომ ბიზნესი დიდ მოგებაზე შეიძლება 5-10 წლის შემდეგ გავიდეს, მანამდე კი  თავი უნდა შეინახოს. არა, ჩვენ ყველაფერი  ერთბაშად გვინდა და ეს „ერთბაშად“ სწორედ ტურისტებისგან  უნდა ამოვიღოთ.

ბაკურიანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამო სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციამ იქაური სასტუმროები სრულად აითვისა, ამიტომ ტურისტების ნაკადი მესტიას მიაწყდა, ბევრმა იქაურმა კი გადაწყვიტა, რომ ამ ტურისტებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ ბოლომდე უნდა „გაეპარსათ“. ქებული სვანური კუბდარი მაშინ არის გემრიელი, როცა კარგი ხორცისგან კეთდება და ახლა, გაყინული ხორცისგან გამომცხვარ კუბდარს რომ აჭმევენ ტურისტების 90%-ზე მეტს, როგორ გგონიათ, მათ გემო  არ აქვთ თუ კარგის და ცუდის გარჩევა არ იციან? რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ადამიანმა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში ჩამოსასვლელი და დასასვენებელი ფული იშოვა, იდიოტია და ვერ გაარჩევს კარგსა და ცუდს?   საუზმეზე 2 კვერცხი, 20 გრამი კარაქი, ჩაი და 2 კოვზი შაქარი 30 ლარი რომ არ უნდა ღირდეს, არ იციან  ტურისტებმა და ვერ ხვდებიან, არარეალურ ფასს რომ ახდევინებთ?  აღარც გაისად  მოვლენ, აღარც იმის შემდეგ; გამოვლენ მერე რესტორნების მეპატრონეები ცალკე და სასტუმროების მფლობელები ცალკე და  მთავრობას შეეხვეწებიან, ბანკთან გვიშუამდგომლე, სესხი გადაგვივადოსო.

სვანეთში არც კრიპტოფერმების პრობლემა მოგვარდა და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი კრიპტოვალუტა იწარმოება, მოსახლეობას ელექტროენერგია არ ჰყოფნის; ის ელექტროენერგია, რომელიც უფასოდ არის სვანეთში და ამიტომ შუქი ხშირად მიდის. პრინციპში, რაღა მიდის, ელექტროენერგია, ძირითადად, არ არის და ბუნებრივი აირის არარსებობის გამო  სასტუმროებში სერიოზული სიცივეა. არც ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს ვინმე და ხელისუფლებაც ჩუმადაა. ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს ასე მხოლოდ სვანეთში ხდება. არა, ბატონებო, ასეა ბაკურიანშიც, გუდაურშიც, ყაზბეგშიც… ყაზბეგში არ იყო, ტურისტს ერთ ჭიქა ყავაში 20 ლარი რომ მოსთხოვეს? ჰო, ყავაში, რომელიც ქაღალდის ჭიქაში უნდა ჩამოესხათ და ყავიან-შაქრიან-წყლიან-ჭიქიანად 1 ლარზე მეტი არ დაჯდებოდა. ჰო, სვანეთში ერთი ჭიქა ყავა 20 ლარი ნამდვილად არ ღირს. გუდაური და ბაკურიანი არ იყო, ჩასული უცხოელი ინსტრუქტორები ფეხქვეშ რომ გაიგდეს და გამოყარეს, –  კლიენტებს გვართმევენ, ჩამოსულ ტურისტებს თხილამურებზე დგომა მხოლოდ ჩვენ უნდა ვასწავლოთო? თქვე დალოცვილებო, თუ უცხოელ ინსტრუქტორს ცოდნით ჯობიხარ, მაშინ კლიენტი ისედაც შენთან მოვა და, თუ ვერ ჯობიხარ, რატომ მაიძულებ, არაპროფესიონალთან  ვისწავლო ის, რასაც პროფესიონალი უფრო მარტივად, უფრო სწრაფად და, რაც მთავარია, უფრო იაფად შემასწავლის?

ნამდვილი კატასტროფაა ზაფხულის კურორტებზე. აბა, გამოიცანით, ზაფხულში ბახმაროში კოტეჯის ერთი ღამით ქირაობა რა ჯდება? ტურისტებს 1500 ლარს სთხოვენ, აქაოდა, ყველაზე მაღალი წერტილია, ისტორიული დღე და ღამეა თქვენთვის, აბა როგორ გინდათო? 1500 ლარი 500 დოლარზე მეტია და  შვეიცარიის ალპებში არც ერთი სასტუმროს ნომერი არ ღირს ამდენი. ძალიან კარგია, რომ ბევრი ტურისტი ჩამოდის. ისიც ძალიან კარგია, საყოველთაო უმუშევრობის პირობებში, მოსახლეობას შემოსავალი რომ უჩნდება და ახლა ნაშოვნი ფული რამდენიმე თვეს გაჰყვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დღეს და წელს სრულდება. იმ ტურისტმა სხვებსაც  უნდა ურჩიოს, რომ დასვენება კარგია, რომ სვანეთის დარი ჰაერი და საკვები სხვაგან არ არის, რომ ბაკურიანში სრიალი ღამის 2 საათზეც შეიძლება, რომ ბახმაროში გაფილტრული ჰაერის ჩასუნთქვაა შესაძლებელი. ერთხელ ინტერესის გამო მაინც შეიხედეთ სოციალურ ქსელებში იმ ქვეყნების ფორუმებზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებსაც მასპინძლობთ და ნახავთ, რომ ისინი ისეთი კმაყოფილი ნამდვილად არ არიან, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. მათ ადამიანური ურთიერთობები აკლიათ, მოფერება აკლიათ, კეთილგანწყობა აკლიათ და იმის განცდა, რომ სულელებად და იდიოტებად არ თვლით. 15 კილომეტრის გავლაში ტურისტს  350 ლარს რომ მოსთხოვთ, მეორედ მოისურვებს ტაქსით მგზავრობას? ჭიქა ყავაში  20 ლარს რომ გადაახდევინებთ, მეორედ იყიდის თქვენს ყავას? დღეს ხომ არ მთავრდება ცხოვრება და გუშინ ხომ არ დაწყებულა? სტუმარმასპინძლობით  მხოლოდ სადღეგრძელოებში რომ ვამაყობთ, ეგებ საქმითაც ვაჩვენოთ და ვიამაყოთ, თორემ გაგვიტყდება სახელი და მერე, სხვებზე რომ ვყვებით ხოლმე ანეკდოტებს და მათ წუწურაქობაზე ვიცინით, ჩვენზე მოყვებიან და გაიცინებენ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here