Home ახალი ამბები საქართველო ქართული პროდუქტები 50-ზე მეტ  ქვეყანაში იყიდება, მაგრამ მათი 70% რუსეთში  გადის

ქართული პროდუქტები 50-ზე მეტ  ქვეყანაში იყიდება, მაგრამ მათი 70% რუსეთში  გადის

დასავლელი პარტნიორების წნეხის გამო ჯიუტად ვცდილობთ, რუსულ ბაზარს ჩავეხსნათ, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის ერთადერთი მიზეზის გამო - სხვა ბაზარზე არ გვიშვებენ და ის სხვა დასავლური ბაზარია

205

საქართველოში რთველმა ისე ჩაიარა, ყურძნის მწარმოებლებს საყვედური არ დასცდენიათ და ამის მიზეზი ნამდვილად არ იყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი. მიზეზი იყო ის, რომ ჭარბი ოდენობა  რუსულმა ბაზარმა აითვისა. უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ კი არ აითვისა, მთლიანად შთანთქა და, მეტი რომ ყოფილიყო, იმასაც წაიღებდა. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, არაფერი თქვა იმაზე, რომ მხსნელად რუსული ბაზარი მოევლინა, რადგან ეს პოპულარული თემა არ არის. შეიძლება ითქვას, რუსულ ბაზარზე პროდუქციას  ჩუმად ვყიდით, უხმოდ…

ახლა ციტრუსის, ხურმისა და ვაშლის მოსავლის დაბინავებაზე ფიქრობენ ფერმერები, მაგრამ უკვე ცხადია, რომ გაყიდვა გაჭირდება. განსაკუთრებით ვაშლის გასაღება ჭირს, რადგან მოსავალი რეკორდულია –  თუ შარშან 90 ათასი ტონა იყო, წელს რაოდენობა 130 ათას ტონამდე გაიზარდა, შესაბამისად, ფასმა დაიკლო, მაგრამ გაყიდვა მაინც ჭირს. დღევანდელი  მდგომარეობით  ვაშლის გაყიდვა 12%-ით ნაკლებია  წინა წელთან  შედარებით და 55%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020  წელს, ანუ მაშინ, როცა რეკორდულად ბევრი გავყიდეთ. იგივე ხდება ხურმასა  და ციტრუსზე. ციტრუსის მწარმოებელ-გადამზიდავები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრდნენ და მთავარი ნიშა სწორედ ევროპა იყოს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ევროპა ქართულ სერთიფიკატებს არ აღიარებს, საზღვარზე მისულ პროდუქციას ანალიზს თვითონ  უტარებენ, ერთ კვირას აჩერებენ და ერთი კვირის  შემდეგ პროდუქციის წონაც იკლებს, ფასიც  და, რაც მთავარია, ისე გამოიყურება, რომ მისი შეძენა აღარავის სურს. ჩვენი ინფორმაციით, მწარმოებლებმა საქართველოში აკრედიტებულ ევროპელ ელჩებს მიმართეს, ეგებ პრობლემის მოგვარებაში  დაგვეხმაროთო, მაგრამ მათ მხრები აიჩეჩეს, –  ჩვენ რა შუაში ვართო. ჰო, როცა საქმე  საქართველოს საშინაო პოლიტიკას ეხება, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების   ელჩები წინა პლანზე დგანან,  როცა ეკონომიკურ წინსვლას – მაშინ მათი საქმე არ არის.

უფრო მარტივადაა ხურმის საქმე. მოგეხსენებათ, ეს ხილი ყველაზე კარგად ახალ წელს იყიდება, ამიტომ მცირე სამაცივრე მეურნეობებმა უკვე  შეისყიდეს, შეინახეს და ექსპორტზე გატანას სწორედ ახალი წლის წინა დღეებში აპირებენ. ისიც ვთქვათ, რომ ხურმა უკეთ ინახება, ვიდრე ციტრუსი და უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე ვაშლი, ამიტომ ერთკვირიანი მოგზაურობა მას არ ავნებს, მაგრამ… საქმე ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ფერმერი იმედოვნებს, რომ პროდუქციას რუსულ ბაზარზე გაყიდის. არადა,  ევროპელი პარტნიორები და ხელისუფლება ჯიუტად ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე გადის და 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. რეალურად მართლაც ასეა, ხურმაც, ვაშლიც, ციტრუსებიც, ყურძენიც და, საერთოდ, ნებისმიერი ქართული პროდუქტი 50-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათი 70%-ზე მეტი იყიდება რუსეთის ფედერაციაში და დანარჩენი 30% ნაწილდება იმ 50 ქვეყანაზე, რომლებსაც ცხვირში გვტენიან. სწორედ რომ გვტენიან, რადგან არ შეიძლება ბრიფინგი გამართო და ტაში დაუკრა იმას, რომ, მაგალითად, საუდის არაბეთში წლის განმავლობაში 200 ბოთლი ღვინო გაიყიდა მაშინ, როცა ამ ოდენობას მოსკოვის ან სანქტ- პეტერბურგის სუპერმარკეტები დღეში ყიდიან.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ხელისუფლება ახლა ხელს რუსეთისკენ იშვერს, – იქაური ბაზარი ვერ ითვისებს პროდუქციას, თორემ რა გვიჭირდაო. ანუ, როცა რამეს ვყიდით, არ ვამბობთ და, როცა ვერ იყიდება, დამნაშავე რუსეთია. რეალურად კი, რუსეთი ყიდულობს იმაზე მეტს, ვიდრე შარშან და შარშანწინ, მაგრამ სხვა ქვეყნები და, პირველ რიგში უკრაინა, ვერ ახერხებენ იმავე ოდენობის შეძენას, რამაც გაყიდვებში შეფერხება გამოიწვია. ქართულ პროდუქციას იმ ოდენობით აღარ ყიდულობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ეს არის  მთავარი მიზეზი. ჰო, თითქმის 40-მილიონიანი პოლონეთი თუნდაც ციტრუსების მიმართულებით მთლიანად თურქეთზე, პორტუგალიასა და საბერძნეთზე გადაერთო, ანალოგიური რამ ხდება  ხდება ღვინოზეც – პორტუგალია და ესპანეთი დომინირებენ და არ მიაქვთ ქართული პროდუქცია. პოლონელებს სწორედ ძლიერ ესპანეთთან და პორტუგალიასთან ურჩევნიათ ეკონომიკური ურთიერთობა, ვიდრე საქართველოსთან; მათ არც არავინ აძალებს: გინდა თუ არა, ქართველებს დაეხმარეთ, პროდუქციაც კარგი აქვთ და მათ ეკონომიკას უფრო სჭირდება მხარში ამოდგომა, ვიდრე იმავე ესპანეთსო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი ყველა მიმართულებით იყო რუსეთი და დღესაც ასეა. ეს იმის მიუხედავად, რომ 2003 წლიდან  დასავლელი პარტნიორების წნეხის გამო ჯიუტად ვცდილობთ, რუსულ ბაზარს ჩავეხსნათ, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის ერთადერთი მიზეზის გამო – სხვა ბაზარზე არ გვიშვებენ და ის სხვა დასავლური ბაზარია. 20 წელზე მეტია, რუსული მხარე მზად არის ერთ მაგიდასთან დასაჯდომად და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე  სასაუბროდ. ეს ქართულ ეკონომიკას ძალიან წაადგება, მაგრამ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში  ეს გამორიცხული იყო, მიხეილ სააკაშვილი ხომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლად ჰყავდათ წარმოჩენილი, ამ ხელისუფლებას კი, უბრალოდ, ეშინია დასავლეთის რეაქციის. ჰო, ეშინია, სხვა ახსნას ვერ ვპოულობთ, რადგან წლიდან წლამდე, ყველა სტატისტიკური მონაცემითა და  შედეგით, რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქართულ ეკონომიკას ეხმარება და ეხმარება არა სიტყვით, არამედ საქმით, რადგან, პრაქტიკულად, მუდმივად, შეუფერხებლად  ატარებს ტვირთებს და შეუფერხებლად გვაწვდის ნებისმიერ რამეს, რასაც ქართული მხარე შეიძენს.

სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რამდენიმეჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება გაემართათ და ყველა მცდელობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმს უკავშირდებოდა. იქ შეიძლებოდა ერთ მაგიდასთან შუამავლის გარეშე დასხდომა და განცხადებებიც კი გაკეთდა, მაგრამ სწორედ ეს წინასწარ გაკეთებული განცხადებები შეიქნა საფუძველი იმისა, რომ დასავლეთმა აიძულა ხელისუფლების უმაღლესი პირები, ფორუმამდე ან მისი მსვლელობის დროს რუსეთის წინააღმდეგ განცხადებები გაეკეთებინათ და შეხვედრაც ამ მიზეზით მარტივად ჩაიშალა. სქემა დასავლეთს ყოველთვის ერთი აქვს: როგორც კი შეატყობს, რომ ვითარება დათბობისკენ მიდის და საქართველო და რუსეთი შეიძლება ერთ მაგიდასთან იხილონ, მაშინვე იწყება წნეხი და, სამწუხაროდ, ქართული მხარე ამ წნეხს ყოველთვის ვერ უძლებს.

ასეა ახლაც – ევროკავშირი და ამერიკა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთი საბოლოოდ გარიყონ და მისი ყველა მეზობელი ომში ჩაებას, მაგრამ საქართველო ომს არ აპირებს. დასავლეთმაც მარტივი გამოსავალი მონახა და გადაწყვიტა, საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს და ის ადამიანები დააბრუნოს სათავეში, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების ხელის ერთ აქნევაზე  ომი დაიწყეს, ამიტომ არის არანორმალური წნეხი საქართველოზე და, როცა საქმე ეკონომიკურ მხარეს ეხება, დასავლეთი დუმს. რეალურად, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკისთვის ქართული პროდუქციის რეალიზაცია უმარტივესი საქმეა, ათ საქართველოს მოერევიან, მარტივად გადაყლაპავენ და გაასაღებენ ყველაფერს, მაგრამ არ სურთ, წლობით აწყობილ სისტემაში საქართველოს გამო რამე შეცვალონ და თუნდაც რამდენიმე მილიონი ქართულ ეკონომიკაში ჩადონ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება წელში გაიმართოს და წელში გამართული ქვეყნის დამონება გაცილებით ძნელია, ვიდრე ისეთის, როგორიც ახლა ვართ –  განვითარებადი! ეს სტატუსი სამი ათეული წლის წინათ მოგვაკერეს და არ გვიხსნიან ერთადერთი მიზეზის გამო – შემდეგ ქართულ პროდუქციას ხელს მარტივად ვეღარ კრავენ და ვერც იმ რეგულაციებს დაუწესებენ, რომელიც ახლა არის. ევროპა ტოლ-სწორ პარტნიორად გვაღიარებს, მაგრამ, როცა  ქართულ  სერთიფიკატზე მიდგება საქმე, თავიანთი სურთ და შედეგად, საბაჟოზე დღეების განმავლობაში გაჩერებულ პროდუქტს შეგნებულად აფუჭებენ, ფასს უგდებენ და ქართველ მეწარმეებს  ინტერესს უკარგავენ.

ვერ გეტყვით, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს და, საზოგადოდ, არც ის ვიცით, გონივრულ პერსპექტივაში მიიღებს თუ არა ევროპა ქართულ პროდუქციას. ევროპელი ტურისტები აღიარებენ, რომ ქართული ხილი გემრიელია, რომ სხვა არომატი აქვს, მაგრამ…  ამ პროდუქციას საკუთარ ქვეყანაში ვერ პოულობენ, ვერ ყიდულობენ და არც აპროტესტებენ. იქ ხომ სჯერათ, რომ მათი ხელისუფლება მათზე ზრუნავს და მართლაც ასეა – როცა საქმე რომელიმე ევროპული ქვეყნის ინტერესს ეხება, ყველაფერი მეორე კი არა, მეასე ხარისხოვანი ხდება. თუნდაც პანდემიის პერიოდი აიღეთ, როცა ყველაზე მეტად იტალიას გაუჭირდა და ქუჩებში კრემატორიუმები  მოაწყვეს. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ თითი არ გაანძრია იმისთვის, რომ იტალიელები მარტო არ ყოფილიყვნენ.  შემდეგ ბოდიში კი მოიხადეს, მაგრამ  მერე რა, რომ ბოდიში ათიათასობით გარდაცვლილს ვერ გააცოცხლებდა.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here