Home ახალი ამბები საქართველო ქართული გესტაპოს შემქმნელის, ზურაბ ადეიშვილის, ბუნდესტაგში მასპინძლობით გერმანიამ საქართველოს კანონმდებლობა და  სამართლებრივი...

ქართული გესტაპოს შემქმნელის, ზურაბ ადეიშვილის, ბუნდესტაგში მასპინძლობით გერმანიამ საქართველოს კანონმდებლობა და  სამართლებრივი პრინციპები ფეხქვეშ გათელა

182

გემახსოვრებათ, ალბათ,  დავით კეზერაშვილი საქართველოს  მოთხოვნით ფრანგულმა ჟანდარმერიამ რომ დააკავა და მერე გაუშვა, აქაოდა, ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიციისთვის საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინაო. ანალოგიური რამ მოხდა   დათა ახალაიას შემთხვევაშიც, ოღონდ  საბერძნეთში. მანამდე იყო უნგრეთი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის, იმავე „ქილერას“ ამბავი, რომელიც ბუდაპეშტში დაინახეს, მაგრამ უნგრეთის პოლიციამ არც კი დააკავა. მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანთან ურთიერთობები დათბა, მუხაძე უნგრეთს გაეცალა და, როგორც ამბობენ, ახლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასეირნობს.

22 თებერვალს  გერმანულ ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილს უმასპინძლეს,  „ნაციონალური მოძრაობის“  იოზეფ გებელსს, მთავარ იდეოლოგსა და სიკვდილის მანქანის სულისჩამდგმელს. დიახ, ადეიშვილი იყო ის პიროვნება, რომლის გარეშეც არაფერი ხდებოდა და, თუ ვანო მერაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემლად მოიხსენიებდნენ, ადეიშვილი ტვინი იყო, მართალია დასნებოვნებული, „აბიჟნიკური“ და შეუბრალებელი, მაგრამ სწორედ ასეთი ტვინი სჭირდებოდა  სააკაშვილსაც და დასავლეთსაც. მისი გამოჩენა ბუნდესტაგში  ბევრისთვის  მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მანამდე მიხეილ სააკაშვილი დასეირნობდა ევროპასა თუ ამერიკაში უპრობლემოდ და, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, მიშასთვის არათუ ხელი უხლიათ, არამედ არც ერთ საზღვარზე არ შეუფერხებიათ, – იძებნები და ასე თავისუფლად რატომ დანავარდობო.

„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად  არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, – ეს განცხადება გერმანიის საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნისა და გერმანელთა მხრიდან მისი მასპინძლობის შემდეგ ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.

„ყველასათვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, – წერს საელჩო და იქნებ ვინმემ აგვიხსნას, ვინ ყველასთვის არის ცნობილი?! ჩვენთვის ეს ამბავი არათუ უცნობია, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ გერმანიამ ჩვენი კანონმდებლობა, სასამართლო სისტემა და  სამართლებრივი პრინციპები ამ ერთი ადამიანის მასპინძლობით ფეხქვეშ გათელა. მეტიც, გერმანულმა მხარემ ზუსტად იცოდა, ვის მასპინძლობდა, ისიც გადასარევად იცოდა, რომ „ბატონი ადეიშვილი“ საქართველოს მიერ ძებნილად  იყო გამოცხადებული, მაგრამ თითი თითზე არ დაადეს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს თმის  ღერიც კი არ ჩამოვარდნია, მისთვის ერთი უხერხული კითხვაც კი არ დაუსვამთ. რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია – გერმანიას და, საერთოდ, მთელ ევროპასა და  ამერიკას სულაც  არ აინტერესებთ, ვის და რატომ ეძებს საქართველო. მათთვის მთავარია, ციხეში არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მათ სჭირდებათ, და ადეიშვილი, როგორც მათი დავალებების ზედმიწევნით შემსრულებელი, ძალიანაც სჭირდებათ.

მოდი, მოვლენებს სხვა მხრიდან შევხედოთ. ადეიშვილის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, მაგალითად,  ევროპისა და ამერიკის მიერ სანქცირებული რომელიმე რუსი ბიზნესმენი, რომლის ნამუსზეც ადეიშვილისგან განსხვავებით არც ერთი წვეთი სისხლი არ იქნებოდა, შეუშვებდნენ ბუნდესტაგში თუ  კამერების წინ დააკავებდნენ? ან საუკეთესო შემთხვევაში, აეროპორტიდან უკან გააბრუნებდნენ და გრძელ გადაცემებსაც მიუძღვნიდნენ, თუ როგორ მოექცნენ მათთვის არასასურველ სტუმარს; ან, რომელიმე სერბი ვეტერანი მებრძოლი რომ ყოფილიყო, ის სერბი, რომელიც სამშობლოს ამერიკისა და ნატოს ჯარებისგან იცავდა და ახლა თითქმის ყველა მათგანი, ვინც ვერ დააკავეს და გაანადგურეს, იძებნება, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში? რა მოხდებოდა საქართველოს თავის დროზე გესტაპოსა და  ლიუფტვაფეს  ყოფილი  შეფისთვის, ჰერმან გერინგისთვის,  რომ ემასპინძლა და მერე ტექსტი გაევრცელებინა: ბატონი გერინგი იყო სხვა ქვეყნის დელეგაციაში და ჩვენ გერმანელებთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, რაც ყველამ იცისო… ჰო, გესტაპოზე არანაკლები სტრუქტურა შექმნა ადეიშვილმა, რომელიც სპობდა და ანადგურებდა ყველას და ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა. ის „აპრავებდა“ მკვლელობებს, ის გეგმავდა ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევას და დანარჩენები, მერაბიშვილის ჩათვლით, ქვედა რგოლში იყვნენ, ისინი ადეიშვილის გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.

სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში გაქცეულმა სააკაშვილმა ერთ-ერთი პირველი, ვინც წაიყვანა და დასავლეთის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით უკრაინის გენერალური პროკურორის მთავარ მრჩევლად დანიშნა,  ადეიშვილი იყო. ჰო, ადეიშვილის მითითებით  იმავეს კეთება დაიწყეს უკრაინაშიც და, სადამდე მივიდნენ ბოლოს,  ვნახეთ. უბრალოდ, ადეიშვილის მეთოდები დიქტატორებისთვის საუკეთესოა – დაშინებულია არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობა, არამედ დატერორებულია ბიზნესი, ჯიბეშია მედია, ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთთან ტელეფონით საუბრის, ძმა ძმას არ ენდობა… და ამ ყველაფრის შემოქმედი სწორედ ადეიშვილი იყო.

რა  დაგვანახვეს გერმანელებმა იმით, რომ რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს  დაკავების ნაცვლად  ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლეს? პირველ რიგში, ის, რომ ისინი არაფრად აგდებენ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი და ადეიშვილისნაირი  დამნაშავეები უნდა იყვნენ თუ არა ციხეში. ევროპასა და ამერიკას ნება რომ მისცე, ციხის კარს დღესვე გააღებდა და სააკაშვილსაც გაუშვებდა, რადგან მისი გარეთ ყოფნის შემთხვევაში უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ურჩი ხელისუფლება შეეცვალა და ისევ მორჩილი ხელისუფალი ჰყოლოდა ქვეყნის სათავეში; ისეთი, როგორიც თავის ხალხს დასავლეთის მითითებით გენოციდსაც კი მოუწყობდა, და ისეთი, როგორიც  ადეიშვილი იყო. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ შემთხვევაში იყო საჭირო –  არ გაუგზავნა გერმანიის საელჩოს საპროტესტო ნოტა; არ მოითხოვა, რომ ანალოგიურის განმეორების შემთხვევაში არა მხოლოდ  გერმანია, არამედ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა დაავალდებულოს, რომ ადეიშვილი დააკავოს და საქართველოს გადმოსცეს. ასე ყველა სხვა სახელმწიფო მარტივად შეაწმენდს ხელს უკრაინას (ისედაც მიჩვეულები და გაწაფულები არიან უკვე ამ საქმეში) და ყველა იტყვის: უკრაინის  დელეგაცია იყო, ჩვენ რა შუაში ვართო.

ჰო, უკრაინა ცალკე საკითხია – ამდენი ხანი ვეფერებით, საქართველოს 61 მოქალაქეც დაეცა მათთვის ბრძოლის ველზე, მაგრამ მათი გული მაინც ვერ მოვიგეთ. ვოლოდიმირ ზელენსკი არ აღიარებს არავის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გარდა. გულის სიღრმეში ეგებ არც უნდა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელსაც მასხარის როლში ყოფნისას   დასცინოდა და მიწასთან ასწორებდა, მაგრამ ახლა სხვა გზა  არ აქვს; ახლა თვითონ არის მიწასთან გასწორებული და,  მიწას რომ არ შეერიოს, იძულებულია, დასავლეთის დაკრულზე იცეკვოს.

მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ შემთხვევის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს იმ ადამიანთა სია, რომლებსაც ეძებს და, რაც მთავარია, ეს სია გაუგზავნოს იმ ქვეყნებს, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს. მერე მაინც ზუსტად გვეცოდინება, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. არა, ეს ახლაც ვიცით, მაგრამ მერე უკვე დოკუმენტურად, ზუსტად გავიგებთ. სანამ ამას არ გავაკეთებთ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს თითზე მწარედ კბენა და იმის ხილვა, როგორ არიან წამოსკუპებულნი სხვადასხვა ოფიციალურ უწყებაში ის ადამიანები, რომლებიც, წესითა და რიგით, ციხეში უჯდა ისხდნენ. ისე, წესითა და რიგით, მიხეილ სააკაშვილიც ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს, მაგრამ უკვე მეორე წელია,  ლუქს-პალატაშია  მისი სამყოფელი და არც „ბალანდის“ გემო იცის.

და ერთიც – ევროპის ყველა ქვეყანამ და ამერიკამაც სააკაშვილის მაგალითზე დაამტკიცეს, ინტერპოლის წითელი ცირკულარით კი არა, „თავებზე მონადირეებით“ რომ იყოს ძებნილი, ისეთი პირი, რომლის დაპატიმრებაც  მათ ხელს არ აძლევთ, გამორიცხულია, დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. მათ საკუთარი ინტერესი აქვთ და მერე რა, რომ ეს ინტერესი ხშირად   ჩვენსას არ ემთხვევა. აკი მოგვწერა გერმანიის საელჩომ: „ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“-ო და ამით დაასრულა. იმავეს იტყვიან ყველა ევროპული ქვეყნის საელჩო და ზედ ამერიკა, თუ ამის საჭიროება გაჩნდება და  საქართველოს ხელისუფლებას  გააჩუმებენ. ამ წინადადების გაპროტესტება ნიშნავს, რომ ურთიერთობა კარგი არ არის და… ეს საქართველოს ბრალი იქნება.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here