Home ახალი ამბები საქართველო ქალბატონო ელჩო,  აშშ-ის მიერ 30 წელიწადში გაღებულ 6 მილიარდსაც ვხედავთ და რუსეთისგან...

ქალბატონო ელჩო,  აშშ-ის მიერ 30 წელიწადში გაღებულ 6 მილიარდსაც ვხედავთ და რუსეთისგან ერთ წელიწადში მიღებულ 3,6 მილიარდსაც!

536
კელი დეგნანი

2022  წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 3,6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის ნახევარიც კი არ შემოსულა საქართველოში არც ერთი სხვა ქვეყნიდან, რაც  იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გასულ წელს საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო… 

არ გამართლდა ოპოზიციის შარშანდელი ვარაუდი, საქართველოში შემოსული რუსების უდიდესი ნაწილი რუსული უშიშროების თანამშრომლები არიან და ჩვენი ქვეყნის ანექსიას აპირებენო. არც ის გამართლდა, რუსეთის მოქალაქეები პროვოკაციებს მოაწყობენ, შესაძლოა, ერთმანეთიც დახოცონ და შემდეგ მათ დასაცავად რუსული ჯარი შემოვაო. მეტიც, ოპოზიციის არაერთი ლიდერი მიხვდა, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლიდან ხეირის ნახვა თვითონაც  შეეძლო და მათ ბინა თუ კომერციული ფართობი (ორივე ბევრი აქვთ) მიაქირავეს, თუმცა ისე, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდნენ, – აქაოდა, ჩვენ  პატრიოტები ვართ და რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, არც მაგათი მოქალაქეების მიერ დახარჯული ფული გვჭირდებაო. ჰოდა, მას შემდეგ, რაც არც ერთი ვარაუდი არ გამართლდა, ოპოზიციამ ეს თემა „ჩაკეცა“ და აღარ ახსენებს, რადგან შესაძლოა, ვინმემ ის ციფრები დაულაგოს წინ, რომელიც სწორედ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ აღირიცხა.

ოფიციალურად გაირკვა, რომ 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 3,6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის ნახევარიც კი არ შემოსულა საქართველოში არც ერთი სხვა ქვეყნიდან, რაც  იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გასულ წელს საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო. რა მოიტანა ამან? ის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა 10,1%, ანუ ორნიშნა იყო და ამით ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან თავს იწონებს. რუსეთთან პარტნიორობამ მოიტანა ფასების შემცირება პირველადი მოხმარების საგნებზე, საწვავზე, ეროვნული ვალუტის გამყარება როგორც დოლართან, ისე ევროსთან და   მოსახლეობის ერთ სულზე  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა.  მშპ-ის ზრდას მოსახლეობა ნაკლებად აღიქვამს, მაგრამ ეს არის ციფრები, რომლებსაც ვერსად გავექცევით.

რის ფასად მივიღეთ ეს ყველაფერი? რუსეთმა დაგვიმონა? დაგვამადლა ის, რომ პროდუქტსა და საწვავს უფასოდ გვაძლევს? წაგვიყენა რაიმე სახის პირობა: თუ ამას არ გააკეთებთ, ნავთობპროდუქტებს და პურპროდუქტებს გაგიძვირებთო? ანუ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იმოქმედებდა და, ამის მიუხედავად, ექსპერტთა უმრავლესობა და ხელისუფლების  ბევრი წარმომადგენელი ხმამაღლა ამბობს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა იღონოს რუსული ბაზრისგან ჩასახსნელად  და აქცენტი ევროპულზე გააკეთოს.

„კანონის უზენაესობას უყურებენ ინვესტორები, დონორი ორგანიზაციები. აქ რეფორმის აუცილებლობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ინდექსი მიუთითებს. ეს ეკონომიკური შინაარსის რეფორმაა. ეს რეფორმებია ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, უარის თქმა ბაზრის დამახინჯებაზე, ანუ სუბსიდირებაზე და სხვ. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ მთავრობამ უნდა „აიტკივოს თავი“ და აატკივოს ბიზნესსაც, რათა საბოლოოდ ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს და მოხდეს დივერსიფიკაცია“, –  ეს განცხადება IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მიხეილ კუკავას ეკუთვნის. გაგეცინებათ და, ბატონი მიხეილი იმასაც ამბობს, „რუსული ინიექციების“ გარეშე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა  ვერ გვექნებოდაო, ანუ ადასტურებს, რომ რუსული ბაზრის გარეშე, რუსეთიდან გადმორიცხული თანხებისა და შემოსული ტურისტების გარეშე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა  ნული იქნებოდა. ამის მიუხედავად, თურმე მთავრობამ თავი უნდა აიტკივოს, ბიზნესსაც აატკივოს და რუსულ ბაზარს ჩაეხსნას.

დავუშვათ, ეს  მართლა ასე მოხდა – ჩავეხსენით რუსულ ბაზარს, აქცენტი გავაკეთეთ მხოლოდ ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბაზრებზე. პრინციპში, ამერიკულზე ყველაზე ნაკლებად, რადგან სიშორის გამო პროდუქციის გატანა-შემოტანა, უბრალოდ, აზრს კარგავს, ისე ძვირდება ყველაფერი. დარჩა აზიური ბაზარი და ევროპული. აზიური ბაზრის უდიდესი მოთამაშე ჩინეთია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, ანუ მასთან ვვაჭრობთ ყველაფრით, რისი სურვილი და შესაძლებლობაც გვაქვს.  ჩინური პროდუქციით რომ არის ქართული ბაზარი გაჯერებული, თუ ვერ ამჩნევთ, სახლში  ელექტროტექნიკას დააკვირდით და დამამზადებელი ქვეყანა წაიკითხეთ. დარჩა ევროპული ბაზარი, რომელსაც არც ადრე ვჭირდებოდით და არც ახლა ვჭირდებით. საქართველო კი არა, უკრაინას გასულ კვირას მარცვლეულის შეტანა აუკრძალეს ევროპაში, იმიტომ, რომ ადგილობრივი ფერმერები არ დაზარალებულიყვნენ. როგორ გგონიათ, ქართულ პროდუქციას რას უზამენ? რაც მთავარია, ეს ყველაფერი იცის ყველამ და იცის წლებია, რომ დასავლეთში ქართული პროდუქცია არავის სჭირდება და  საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე  წინ  საქართველოს ინტერესებს არავინ დააყენებს. ამის მიუხედავად, მესამე ათეული წელია, ჯიუტად ვიმეორებთ, რომ უნდა ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს და ვიპოვოთ სხვა ქვეყანა ან ქვეყნები, რომლებშიც ჩვენს პროდუქციას გავყიდით, ხოლო  იქიდან შემოვიტანთ იმას, რაც ჩვენ არ გვაქვს. ასეც რომ მოხდეს, ქართულ პროდუქციას იმ ოდენობით, რამდენსაც რუსეთი ყიდულობს, არც ერთი ქვეყანა (ან ქვეყნები) არ შეიძენს და, რაც მთავარია, იმაზე იაფად, როგორც  რუსეთი გვაძლევს პროდუქციას, არავინ მოგვცემს. ამის შანსი რომ იყოს თუნდაც ერთი მიმართულებით, ოპოზიცია და ექსპერტები არ გაჩუმდებოდნენ, კონკრეტულ ქვეყანას დაასახელებდნენ, კონკრეტულ ციფრებს იტყოდნენ და საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებდნენ, – იაფი, ევროპული პროდუქციის ნაცვლად ძვირს და რუსულს ყიდულობსო. არ გვაძლევენ იაფად არაფერს და არ ყიდულობენ ჩვენგან არაფერს. ამის მიუხედავად, თითქოს ვალდებულება გვაქვს, რომ ყოველი გამოსვლა ექსპერტებმა, ოპოზიციამ თუ ხელისუფლებამ უნდა დაასრულონ ფრაზით:  „უნდა ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს და ავითვისოთ ევროპული ბაზარი“.

ვინ დაგიშალათ, ბატონებო? შედით, აითვისეთ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ევროპულ ბაზარზე ვერ შედიხართ, არ გიშვებენ, არავის აინტერესებს ჩვენი საშინაო პრობლემები, არავის აინტერესებს, საქართველოში ბენზინი 10-20 თეთრით ძვირი ეღირება თუ იაფი და მერე რა, რომ თუნდაც საწვავზე ეს 10-20 თეთრიანი სხვაობა, ათასობით ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პურის ფასი 10 თეთრით მეტი იქნება თუ ნაკლები, რა ეღირება ბურღულეული და ა.შ. ეს ყველაფერი დეტალებში იციან ექსპერტებმაც, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც, მაგრამ ყველა მაინც იმას ამბობს, რომ რუსულ ბაზარს უნდა ჩავეხსნათ და „სტრატეგიულ პარტნიორებთან“  სავაჭრო ურთიერთობა გავაღრმავოთ. რატომღაც გვგონია, რომ ეს მათ საამებლად ნათქვამი სიტყვებია, თორემ რეალურად ყველა ხვდება, რომ არანაირი გაღრმავება არ მომხდარა, არ ხდება და არც მომავალში მოხდება. რას ნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორი, თუ არა იმას, რომ გაჭირვებაში მხარში ამოგიდგეს, თუმცა ისევ უკრაინის მაგალითი ვახსენოთ – დღევანდელ ვითარებაში მყოფ უკრაინას წიხლი ბოლომდე დააჭირეს, იმიტომ, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესები  არ დააყენა და მართალიც არის. ჰო, უკრაინელები მართლები არიან და კარგი იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსების ამას მალე მიხვდებიან – მთავარი სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს და არა ის, რა ეწყინება ამერიკას ან ევროპის რომელიმე ქვეყანას.

რუსეთისგან მიღებული 3,6 მლრდ დოლარი დღევანდელი კურსით 9 მლრდ ლარზე მეტია, ანუ ლამის საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტის ნახევარია და ეს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობის შედეგად. ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამის ნახევართან კი არა, მესამედთანაც კი ვერ მოდის ახლოს; თანაც ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა დასავლეთი გვიკიჟინებს,  – რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტეთო; იმ პირობებში, როცა იმავეს იმეორებენ ქართველი პოლიტიკოსები. და სხვა გამოსავალი რომ არ არსებობს, ბიზნესი თავისი გზით მიდის, ვაჭრობაც „იძულების წესით“ გვაქვს თურმე ჩრდილოელ მეზობელთან და საქართველოს მილიონამდე მოქალაქეც  „იძულების წესით“ ცხოვრობს რუსეთში, იქ  ირჩენს თავს და აქ ნათესავებს არჩენს.

ვერ გეტყვით, რა მოხდება ხვალ, გავზრდით თუ არა ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვას, მივიღებთ თუ არა სტატუსს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ გუშინ, დღეს და ხვალ, ანუ უახლოეს პერსპექტივაში  რუსეთის გარეშე საქართველოს ეკონომიკა, უბრალოდ, არ იარსებებს, წინსვლას ვინ ჩივის, უკან წავალთ დიდი ნაბიჯებით და ვერც პროდუქტზე დავიჭერთ ფასებს, ვერც ეროვნული ვალუტის კურსს შევინარჩუნებთ და დაიწყება ეკონომიკური დაცემა, თანაც ისეთი, ბოლოდე რომ გაგვასწორებს მიწასთან. რა თქმა უნდა, დასავლეთი ამ დაცემას  ხელს არ შეუშლის, რადგან მერე, 5-10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ათასგვარ პირობას წამოგვიყენებს და იძულებული ვიქნებით, ამ პირობებს თუნდაც ქვეყნის ინტერესების საზინაოდ დავთანხმდეთ.

და ერთი, ძალიან საინტერესო რამ: არც ისე  დიდი ხნის წინათ კელი დეგნანმა ამაყად განაცხადა, – ბოლო 30 წელიწადში  ამერიკამ საქართველოსთვის 6 მილიარდი გაიღო და ამას დანახვა უნდაო. ჰოდა, ვხედავთ, ქალბატონო ელჩო, 30 წელიწადში გაღებულ 6 მილიარდს და ერთ წელიწადში მიღებულ 3,6 მილიარდს.

იქნებ  თქვენც დაინახოთ!

ლევან გაბაშვილი                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here