Home ახალი ამბები საქართველო ქალბატონ სანდუს შეახსენეს: მიშას გათავისუფლებას რომ გვთხოვ, ჯერ  შენი პრეზიდენტის გათავისუფლებაზე იზრუნე...

ქალბატონ სანდუს შეახსენეს: მიშას გათავისუფლებას რომ გვთხოვ, ჯერ  შენი პრეზიდენტის გათავისუფლებაზე იზრუნე და მერე გველაპარაკეო

საქართველომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ არც რუსეთისკენ მივდივართ, არც დასავლეთს ვეტენებით და, უბრალოდ, გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე

319

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ეს მაშინ,  როცა  თვითონ მოლდოვაში ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი ციხეში ზის და მის გამოშვებას სანდუ არ აპირებს.

სანამ თემას განვავრცობთ, ისიც ვთქვათ, რომ სანდუმ 2010 წელს ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი დაამთავრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამერიკის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა; ზუსტად ისე, როგორც ის ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებმაც განათლება ამერიკაში მიიღეს. სწორედ ამერიკული განათლება იყო გადამწყვეტი მაღალი თანამდებობის დასაკაველად  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში  და გამონაკლისი  არც სანდუ გახლდათ –  ამერიკელთა დახმარებით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყო პირველი ქალი პრეზიდენტი, გაეტარებინა ამერიკის ინტერესები და  ფეშქაშად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო. მოლდოვაშიც დაახლოებით იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც საქართველოში, და სცენარი ერთი ერთში მეორდება – სანდუ თითქოს აშენებს ქვეყანას, თითქოს მოლდოვის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რეალურად  ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც საქართველოში ნაცების მმართველობის პერიოდში – სასამართლოების მიერ გამოტანილი ლამის 100%-იანი გამამტყუნებელი განაჩენები, ოპონენტების საეჭვო და მოულოდნელი გარდაცვალებები,  ქუჩაში შემთხვევით დახვრეტილი ახალგაზრდები და მთავარი –  ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  მოსახლეობის ერთ სულზე გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობით. ჰო, მოლდოვის ციხეებშიც ზუსტად ისეთ გაურკვეველ ვითარებაში იხოცება ასობით ადამიანი, როგორც ჩვენთან იხოცებოდა ნაციონალების ზეობის პერიოდში.

ჰოდა, მართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქალბატონ სანდუს მ შეახსენა: ჩვენ რომ მიშას გათავისუფლებას გვთხოვ, ჯერ  შენი პრეზიდენტის გათავისუფლებაზე იზრუნე და მერე გველაპარაკეო. სავარაუდოდ, ასეთ ხისტ პასუხს არც სანდუ და არც მისი მფარველი დასავლელები ელოდნენ, ამიტომ მისი დაცვა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს და ყველაზე მწვავედ მაინც ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოვიდა:

„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს, თქვენი ნამდვილი მტერია… სწორია?“ – დაწერა კინზინგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ცნობისათვის: მხოლოდ სანდუმ კი არა, სააკაშვილის გათავისუფლებისკენ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც მოუწოდეს; განცხადება გააკეთა  ზელენსკიმაც,  რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა და ბედნიერია იმით, რომ  შტატები მის ქვეყანას 45 მილიარდ დოლარს გამოუყოფს (რა თქმა უნდა, სესხად) და, სავარაუდოდ, შვეიცარიელი და ავსტრიელი ექსპერტები კიდევ დაწერენ, რომ მათ ქვეყანაში უკრაინელი მაღალჩინოსნების ქონება იზრდება. ფრანგულმა გამოცემებმა უკვე დაწერეს, რომ ზელენსკის ცოლი, ოლენა ზელენსკა, საფრანგეთში იმისთვის იმყოფებოდა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის დახმარება ეთხოვა და უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაში დაერწმუნებინა. ჰოდა, სანამ სამშობლოში დაბრუნდებოდა, ოლენამ „წაიშოპინგა“ და ჩექმებში, ტანსაცმელსა და ჩანთებში 40 ათასი ევროც გადაიხადა, თუმცა მთავარი ის კი  არ არის, როგორ მდიდრდებიან ომის ფონზე უკრაინელი მაღალჩინოსნები, როგორ დაემატება რამდენიმე ოლიგარქი უკრაინას ომის დასრულების შემდეგ და, დავით კეზერაშვილის არ იყოს, როგორ მოუნდებათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება; საქმე ის  არის, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები აცნობიერებს  მისთვის „მომაკვდინებელ საფრთხეს“ და ამ საფრთხის თავიდან აცილებას აპირებს.

საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ბევრს მოსწონს, რომ მმართველი პარტიის ლიდერები და მაღალჩინოსნები  მონურად არ უჯერებენ ყველაფერს დასავლელ პარტნიორებს და მეტიც, როცა საჭიროა, აკრიტიკებენ და, რაც მთავარია, დასაბუთებულად ხსნიან, რატომ არ ასრულებენ ამა თუ იმ რეკომენდაციას.  პარალელურად, საქართველომ აქტიურად დაიწყო რუსული პროდუქციის შესყიდვა და, თუ აქამდე ეს ურთიერთობა თითქოს ცალმხრივი იყო, ანუ მხოლოდ რუსეთში გაგვქონდა პროდუქცია, იქიდან კი ნაკლები შემოდიოდა, ახლა მასშტაბები გაიზარდა. შესაბამისად, გაჩნდა  შანსი, რომ სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი შემდგარიყო თუნდაც კონკრეტულად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის და 21-ე საუკუნეში კი არა, ჩვენს წელთ აღრიცხვამდეც ველურ ტომებს შორის ურთერთობა აღებ-მიცემობით მყარდებოდა. ეს ნორმალურია და ნორმალურია თუნდაც იმის ფონზე, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა არ გაწყვიტა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და 80-მილიონიანმა თურქეთმა. ყველა ამ ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სჭირდება. ჰოდა, როგორც კი გაჩნდა იმის შანსი, რომ  საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები  შუამავლების გარეშე ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მაშინვე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც პირდაპირ  მოგვიწოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა (ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ) ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკოსო. ეს ნაცადი ხერხია და, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე ამართლებდა. რუსეთთან დიალოგის შანსი იყო მაშინ, როდესაც  ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გახდა პრემიერი. მერე შანსი ჰქონდათ კვირიკაშვილს, ბახტაძეს, გახარიას… მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქართველ პრემიერებს სწორედ დასავლელმა პარტნიორებმა შეუძახეს და აიძულეს, რომ კონკრეტულად პუტინი გაეკრიტიკებინათ და შეხვედრის შესაძლებლობაც მაშინვე ქრებოდა, პროცესი კი, საუკეთესო შემთხვევაში, 1-2 წლით გადაიწევდა, ურთიერთობების მორიგ დათბობამდე…

ახლაც ზუსტად ანალოგიურ  ვითარებაში ვართ. ურთიერთობები დათბა, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა საერთო ენა გამონახონ და შეხვედრა  აბაშიძე-კარასინის დონეზე  კი არ გაიმართოს, არამედ ერთმანეთთან პირისპირ დასხდნენ. როგორც წესი, ამის შანსი ყოველთვის დავოსის ეკონომიკური ფორუმის წინ არის ხოლმე, რადგან არაოფიციალურ გარემოში ძალიან ბევრი  შეხვედრა იმართება. ორიოდე წლის წინათ, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო გახარიასა და პუტინის  შეხვედრა, მაგრამ გახარია აიძულეს,  რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ ფორუმის მსვლელობისას გაეკრიტიკებინა და ყველაფერი ჩაიშალა.

ჰოდა, თუ ქართველ ხელისუფალს ეყოფა გონიერება, მივიღებთ ისტორიულ  შანსს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემაზე საუბარი დაიწყოს და დაიწყოს ხელისუფლების უმაღლესი პირების მონაწილეობით. კიდევ ვიმეორებთ:   არ ველოდებით, რომ ყველაფერი ხელის ერთი მოსმით დალაგდება, მაგრამ გაჩნდება  პრობლემის   ეტაპობრივად მოგვარების დაწყების შესაძლებლობა. რაც მთავარია, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ბევრი რამ და გამოჩნდება, რომ რუსეთთან ურთიერთობისთვის არანაირი შუამავალი და მესამე მხარე არ გვჭირდება, რომ მათთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით მომგებიანია, რომ ქართულ პროდუქციას არ უწესებენ ისეთ რეგულაციებს, როგორიც ეს ევროპასა და ამერიკაშია, როცა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია დახლამდე პროდუქციის მიტანა. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე და ეს იცის ყველამ – საქართველომ, რუსეთმა და დასავლეთმა. რუსულმა მხარემ შეხვედრისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა, ქართულ მხარეს შემხვედრი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, დასავლელი პარტნიორები კი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან,   შეხვედრა რომ შედგეს, და ვერ წარმოუდგენიათ, თუ ასე მოხდება, შეხვედრამ მათ გარეშე  ჩაიაროს. რატომღაც გვგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იმ დონემდე, ევროპისა და ამერიკის დიპლომატებს ბრმად არ აჰყვეს და მათ ნებისმიერ მოწოდებაზე დაუფიქრებელი მოქმედება არ დაიწყოს. სწორედ ამიტომ კინზინგერის ნათქვამის მშვიდად „გატარება“ შეიძლება და კიდევ ერთხელ მინიშნება იმაზე, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებებაც დამოუკიდებლად იღებს. რატომღაც გვგონია, რომ მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ახლაა მისაღები და ქართულმა მხარემ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ არც რუსეთისკენ მივდივართ, არც დასავლეთს ვეტენებით და, უბრალოდ, გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იქცევა ყველა სახელმწიფო და ეს ნორმალურია. ეს ჩვენ ვართ შავ დღეში, „განვითარებადი“ ქვეყნები, რომლებიც დასავლეთს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად სჭირდება და წლიდან წლამდე, რამდენიმე ათეულ მილიონს „დებს საქმეში“. მიზეზი ერთადერთია – ამ მილიონებმა რუსეთის საწინააღმდეგო საქმე უნდა გააკეთოს, თორემ, დასავლეთს არც ქართული, არც მოლდოვური და არც უკრაინული დემოკრატია რომ არ აინტერესებს, კარგად ჩანს. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ევროპელებმაც და ამერიკელებმაც ზუსტად, ციფრებით იცოდნენ, რას აკეთებდა სასამართლო, როგორ ტერორში ცხოვრობდა მოსახლეობა და ამ ყველაფერს უყურებდნენ, რადგან იმჟამინდელი ხელისუფლება მათი ყურმოჭრილი მონა იყო. იგივე ხდება ახლა მოლდოვაში და ამაზეც არაფერს ამბობენ. მაია სანდუ მათ მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს და ამიტომ მას ყველაფრის უფლება აქვს, იმისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ჰყავდეს და ამას არავინ აპროტესტებს, აღიარებენ, დამნაშავეაო. ანუ, მოლდოვის პრეზიდენტს შეიძლებოდა რამე დაეშავებინა, სააკაშვილს – არა. რეალურად, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ დასავლეთს სააკაშვილი საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის  ახლა გარეთ სჭირდება.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here