Home ახალი ამბები საქართველო პრელუდია არესტოვიჩის შესრულებით  საქართველოზე დასავლეთის გადამწყვეტი დარტყმის წინ

პრელუდია არესტოვიჩის შესრულებით  საქართველოზე დასავლეთის გადამწყვეტი დარტყმის წინ

უკრაინა გვემუქრება, ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, დასავლეთი კი დუმს. უკრაინის მაღალჩინოსანი დაუფარავად აცხადებს, სამხედრო გადატრიალებას მოგიწყობთო; დასავლეთი კი ისევ დუმს... ოპოზიციას კი არესტოვიჩის სიტყვები იავნანასავით ჩაესმის

308

„ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, ჩვენ მოგვიწევს ქართველების გადარჩენა., მოლდოვის, სომხეთის და ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა. მან სააკაშვილიც ახსენა და თანაც ძალიან საინტერესოდ: „ეს არის კატასტროფა; მითუმეტეს, პრორუსი მთავრობის გათვალისწინებით. ამ მთავრობას არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და ანადგურებს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუფციაშია ჩაფლული  პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება. ამას თვითონ  ქართველები ამბობენ…“

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სად ნახა არესტოვიჩმა ის ქართველები, რომლებიც ამას ამბობენ და, თუ უკრაინელთა ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგ ზურაბ ადეიშვილს გულისხმობს, არაა ეგ კაცი ქართველი, მაგ კაცს ეროვნება არ აქვს. და მაინც, რას ნიშნავს სიტყვები „ძალის პროეცირება“, რომლებიც ყველა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა, მაგრამ განმარტება, პრაქტიკულად, არავის გაუკეთებია. მაშ ასე, ძალის პროეცირება  არის სამხედრო, პოლიტიკური ტერმინი, რომელიც  ნიშნავს სახელმწიფს უნარს, შეიარაღებული ძალები განალაგოს თავისი ტერიტორიის მიღმაც სხვადასხვა მისიაში და უზრუნველყოს მათი მომარაგება და შენახვა.  რეალურად ეს არის სერიოზული და ამბიციური განაცხადი და ბევრი დიდი ქვეყანა ვერ აძლევს თავს „ძალის პროეცირების“ უფლებას.  მოდი, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ. იგივე რომ ეთქვა, მაგალთად, დიმიტრი პესკოვს,  წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? არაფერს ვამბობთ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების რეაქციაზე, რომლებიც ამ განცხადებას პირდაპირ ომის გამოცხადებად ჩათვლიდნენ (და სწორადაც ჩათვლიდნენ), ქართული ოპოზიცია ტანსაცმელს შემოიხევდა, მართლა ლეიბებზე გაწვებოდა, რუსეთი დამონებას გვიპირებსო. არადა, არესტოვიჩის სიტყვები იავნანასავით ჩაესმათ და ხმა არ გაუღიათ. სწორედ რომ ომის გამოცხადებას ნიშნავს ის, რაც არესტოვიჩმა თქვა. ეს არის მუქარა, ეს არის ხმამაღლა თქმა იმისა, რომ უკრაინა შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავს საქართველოში და ამაში „გამოცდილ, ნაბრძოლ გოგო-ბიჭებს დაიხმარს. არც ოპოზიციამ და არც დასავლელმა პარტნიორებმა ამაზე  ხმა არ ამოიღეს. ამერიკის ელჩმა დასმულ კითხვაზე მხრები აიჩეჩა, – მე რატომ მეკითხებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ჰკითხეთო. ქალო, შენ არც ქართულ კანონმდებლობას გეკითხება ვინმე და არც მოსამართლეების გადაწყვეტილების განსჯას, მაგრამ რატომ ერევი?

არესტოვიჩის განცხადების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ რამდენიმე ქართველს სანქციები დაუწესა  და ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები არიან. პირდაპირ ვთქვათ: უკრაინა ემზადება ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად და ეს, უბრალოდ, პრელუდია იყო გადამწყვეტი დარტყმის წინ.  უკრაინა გვემუქრება, ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, დასავლეთი  კი დუმს. უკრაინის მაღალჩინოსანი დაუფარავად აცხადებს, – სამხედრო გადატრიალებას მოგიწყობთო; დასავლეთი კი ისევ დუმს. სამაგიეროდ, დასავლეთი არ დუმს, როცა ოპოზიცია იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს  კუჭის მოქმედება ორი დღე არ ჰქონია.  ამ დროს ცალკე ევროპა და ცალკე ამერიკა ექსპერტებს გზავნის, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ისინი ექსპრეზიდენტთან შეხვედრას ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ითხოვენ; მერე შედიან, სინჯავენ, მოსაზრებას მოგაწვდითო, დაიბარებენ და ქრებიან. არადა, რად უნდა ამდენი წვალება?! როცა მიშა კუჭში ვერ გავა, უბრალოდ, უთხარით, რომ რუსულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა საავადმყოფოს თავზე და მერე ნახეთ გასვლებიც, გასმებიც და გაქცევებიც…

უკრაინა კი ღია დაპირისპირებაზეა გადასული. კიევი ოფიციალურად გვდებს ბრალს, რომ ირანულ თვითმფრინავებს ცას ვუხსნით, რომლებსაც რუსეთში დრონები გადააქვთ. არადა, ხომ ზუსტად ვიცით, რომ ქართულ ცას ამერიკელები და ევროპელები აკონტროლებენ; ზუსტად იციან, ვინ და სად მიფრინავს და, ეს რომ სიმართლე იყოს, აქამდე ფაქტებსაც დადებდნენ, მაგრამ არა, ხმას არ იღებენ, ხელს აძლევთ უკრაინის რიტორიკა,  მოსახლეობის მუდმივად ეჭვებში ყოფნა; ხელს აძლევთ  იმიტომ, რომ საქართველოსა და  უკრაინას შორის დაძაბულობა წყალს სწორედ დასავლეთის წისქვილზე ასხამს. რა მოხდება, უკრაინელებმა ხმამაღლა რომ თქვან: საქართველო რუსეთის სამხედრო პარტნიორია, ამიტომ უნდა ვებრძლოთო, და მეორე ფრონტი გაგვიხსნან. ჰო, უკრაინელებმა გაგვიხსნან მეორე ფრონტი.  ვიღაცას ეს, შესაძლოა, აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ ვინმე იფიქრებდით რამდენიმე თვის წინათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი სამხედრო გადატრიალებით  დაგვემუქრებოდა და გვეტყოდა, რომ გამოცდილი, ნაომარი, მილიონიანი არმიით შემოგიტევთ, რათა ჩვენი სამხედროები დავასაქმოთო?! იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინაში პრეზიდენტის ოფისი სიტყვას არ ამბობს ევროპა-ამერიკასთან შეუთანხმებლად. გამოდის,  დასავლეთმა ამ განცხადებას კვერი დაუკრა, მოიწონა და წააქეზა კიდეც.

ისე, ოპოზიციასა და დასავლეთს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დუმილიც გვაოცებს. მათ ზედაპირული განცხადებები კი გააკეთეს, მაგრამ არც ერთი საპროტესტო წერილი, არც ერთი სპეციალური ბრიფინგი მუქარაზე, რომელიც, კიდევ ვიმეორებთ, ომის გამოცხადების ტოლფასია, არ ყოფილა. აბა, გაბედოს საქართველომ და ნებისმიერ ქვეყანას შეუთვალოს, – ჩემი ნაბრძოლი ბიჭები შენს ტერიტორიაზე უნდა შემოვიყვანო და ხელისუფლება შევცვალოო, რა შედეგს მიიღებს. თუ „ოცნების“ ლიდერები ურთიერთობის გამწვავებას ერიდებიან, ამაზე მეტად გამწვავება წარმოუდგენელია, ამაზე მეტი თავხედობა უკვე საქართველოს საზღვრებთან იარაღით მოსვლაა. ოპოზიცია კი… ოპოზიციას, როგორც ჩანს, უკრაინული ჩექმა მოსწონს; მთავარია, ეს ხელისუფლება შეიცვალოს და მერე რა, თუ ხელისუფლების ცვლილების კამპანიის სათავეში ლგბტ თემის წარმომადგენელი და აქტიური (შეიძლება პასიური) წევრი არესტოვიჩი იქნება. პრინციპში, დღევანდელი ოპოზიცია მიჩვეულია ლგბტ თემის წევრთა ლიდერობასა და მითითებების მიღებას.

და ისევ დასავლეთი… ევროპა და ამერიკა  შეტევაზე  მხოლოდ რუსეთის მიმართულებით არ გადასულან.  ევროპა   მძიმე დღეშია, მისი ლიდერები მზად არიან, მსხვერპლად საკუთარი მოსახლეობაც კი შესწირონ… ამერიკის ინტერესებს, სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ, რადგან შტატებმა ბებერ კონტინენტს ისე ღრმად შეატოპინა, უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. არეულ-დარეული ევროპის ფონზე, სახეს თითქოს დიდი ბრიტანეთი ინარჩუნებდა, მაგრამ ორ თვეში ორი პრემიერის წასვლამ სახე ინგლისსაც დააკარგვინა. სამაგიეროდ,  ახალ მეფეს გაუჩნდება საქმე, პრემიერის დანიშვნას ხელი ხომ უნდა მოაწეროს?! ევროპის დაბნეულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ინგლისის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა, ევროკავშირში დავბრუნდეთო, საფრანგეთის დიდ ქალაქებში გამართულ აქციებზე კი მოსახლეობა ევროკავშირის დატოვებას ითხოვს. ისე გამოდის,  ინგლისში არ სჯერათ, ევროპელებსაც რომ შესცივდებათ ამ ზამთარს და ბუნებრივი აირი  თუ ელექტროენერგია გრაფიკით ექნებათ,  ევროპაში კი ინგლისელების შურთ.

სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც  აპირებს მონაწილეობას და ხელისუფლების სათავეში მეორე ვადით მოსვლას. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას ბაიდენი არ მართავს. რატომ?  80 წლის ბერიკაცი, რომელიც ბოლო თვეებია, სცენაზე ისე იბნევა, გასასვლელს ვერ პოულობს და სიტყვები ავიწყდება, 2024-ში  82 წლის იქნება, მეორე ვადის ამოწურვის დროს კი…  და, როგორ გგონიათ, დღეს ის რეალურად ახერხებს ისეთ რეჟიმში ცხოვრებას, როგორშიც დიდი ქვეყნის პრეზიდენტებს უწევთ? ჰოდა, კულისებიდან მართული ქვეყანა რა დღეშიც არის და როგორ გეგმავს მსოფლიო ბატონობას, კარგად გამოჩნდა.

მოკლედ, დადასტურებულად ვიცით, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უკრაინელები საქართველოში გეგმავენ ლაშქრობას. ისე, იქ მებრძოლი ქართველების  უმრავლესობას სოციალურ ქსელებში სააკაშვილთან გადაღებული ფოტო რომ უდევს და ისინიც იმუქრებიან,  ჩვენი იარაღით ჩამოვალთ, აქ რომ მოვრჩებით ბრძოლასო, ესეც კარგად მოგეხსენებათ. თუ ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები დროულად  არ მიიღო, თუ ლაგამი არ ამოსდო ცალკე უკრაინელებს და ცალკე იმ მებრძოლებს, რომლებიც აქ იარაღით აპირებენ სასურველი წყობილების დამყარებას,  სამოქალაქო ომამდე მივალთ. მერე უკვე რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა და, თუ ვინმეს არ ახსოვს, რა მოგვიტანა სამოქალაქო ომმა, უფროსებს ჰკითხეთ, ფოტო და ვიდეო მასალა ნახეთ, სასაფლაოებზე გაიარეთ, იმ წლებში დაღუპული ბიჭების საფლავები დაათვალიერეთ. ჰო, აქეთ მივდივართ და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს აძლევს  ოპოზიციას, დასავლეთს და უკვე უკრაინასაც. პრინციპში, არეულობის მოწყობა თუ დაწყება უკრაინელების ხელით რომ იგეგმება, უკვე გავიგეთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here