Home ახალი ამბები საქართველო პოლონეთის ელჩს  ჯერ ახსნა-განმარტება უნდა მოვთხოვოთ, შემდეგ ქეჩოში ხელი მოვკიდოთ და  ქვეყნიდან...

პოლონეთის ელჩს  ჯერ ახსნა-განმარტება უნდა მოვთხოვოთ, შემდეგ ქეჩოში ხელი მოვკიდოთ და  ქვეყნიდან გავაძევოთ

იმ ექიმს უჩუმრად რომ გაეტანა ის სინჯი, რომლის გატანასაც აპირებდა და განეხორციელებინა ჩანაფიქრი, შეიძლებოდა თუ არა ამას საქართველოში არეულობა მოჰყოლოდა და პოლონელ მედიკოსებს ბოლო ხმაზე ებღავლათ, – მიშას კლავენო? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა და, ჩვენი ღრმა რწმენით, მიზანიც სწორედ ეს იყო

272

უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს ელჩი  თბილისშია.  ის მუშაობას საგარეო საქმეთა სამინისტროში განაგრძობს  და უკრაინაში აღარ დაბრუნდება. ასეთი გადაწყვეტილება პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, რაც მისასალმებელია – არ არის აუცილებელი, უმადურ სახელმწიფოს კოჭი გავუგოროთ და კალთები დავახიოთ: არიქა, თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობა გვსურსო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მიმართ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. მისი გარემოცვა და უკრაინის უმაღლესი სახელისუფლო პირები კი მუდმივად იმეორებენ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ოპოზიციას რჩევებსაც კი აძლევენ, – ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეცვალეთო. ცალკე საკითხია ის, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების არცთუ მცირე ნაწილი პირდაპირ იმუქრება: აქ რომ მოვრჩებით ომს, თბილისზე წამოვალთ და ხელისუფლებას შევცვლითო. ეს არის სამხედრო გადატრიალების მუქარა, რომელსაც „ჩვენი მეგობარი უკრაინა“ ისე მშვიდად ატარებს, თითქოს არც არაფერი ხდება. ვერ გეტყვით, როდის იყო ან რაში გამოიხატებოდა უკრაინის მეგობრობა საქართველოსთან, მაგრამ ახლა ეს ქვეყანა ჩვენი მტერია, მტერი, რომელიც გვემუქრება სამხედრო გადატრიალებით, რომელმაც გაიწვია თავისი ელჩი, გამოაგდო ჩვენი ელჩი, ხოლო ოფიციალურად ელჩის გაწვევა და გამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება. ეგებ მიზანი ისიც არის, რომ საქართველოს ხელისუფალს წამოსცდეს, – უკრაინა პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაშია ჩვენთანო, რათა მერე თვითონ უკრაინამ და სრულიად დასავლეთმა ერთ ხმაში დაიწყონ ლაპარაკი: აგერ, საქართველო უკრაინას ეომება, ე.ი., მართლები ვიყავით, როცა ვამბობდით, რომ ის რუსეთის მხარესააო. არადა, ძალიან მარტივი მისახვედრია, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მხარესაა და მსოფლიო გადანაწილების პროცესში გადარჩენას ცდილობს…

გასულ კვირას არცთუ  მცირეხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ  მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები შევიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა სახელმწიფომ ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად ავადმყოფ პატიმარს შესთავაზა,  ნებისმიერი ქვეყნიდან მოეწვია  ექიმები მის შესამოწმებლად, რათა  როგორც ის, ისე სხვები დარწმუნებულიყვნენ, რომ მკურნალობა კონტროლს ექვემდებარება და  საშინელი არაფერი ხდება. კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმების შესვლაზე  პასუხისმგებლობა და თავდებობა პოლონეთის საელჩომ აიღო. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. იმის მიუხედავად, რომ პოლონელ ექიმებს ოფიციალურად  ჰქონდათ უფლება, აეღოთ ნებისმიერი სახის სინჯი, ჩაეტარებინათ ნებისმიერი  კვლევა და  გაეტანათ ნებისმიერი კვლევის ნიმუში ან საკვლევი მასალა (სისხლი, შარდი, თმა, ფრჩხილი), ერთ-ერთმა ექიმმა აღებული ნიმუშებიდან ერთ-ერთი ხელსახოცში გადაახვია და ფეხსაცმელში ჩაიდო. გასასვლელში ის პენიტენციარული დაწესებულების თანამშრომლებმა შეაჩერეს და ფეხსაცმლიდან  დამალული ნიმუში ამოუღეს.

როგორ გგონიათ, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე იმ საზოგადოებას, რომელიც ჯიუტად ითხოვდა პოლონელი ექიმების შეშვებას სააკაშვილთან? – არანაირი. ვითომც არაფერი მომხდარა, ვითომ ის ექიმები მათი ნდობით არ სარგებლობდნენ, ევროპარლამენტარებმა თუ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ამ თემას წაუყრუეს. სამაგიეროდ,  ოპოზიციამ თქვა საოცარი რამ – პოლონელმა ექიმმა ჩუმად იმიტომ გადაწყვიტა ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა, რომ ქართულ მხარეს არ ენდობიანო. ანუ, პოლონელმა ექიმებმა თვითონ აიღეს ნიმუშები, თვითონ დალუქეს,  შეინახეს სპეციალურ კონტეინერებში და… არ ენდობიან ქართულ მხარეს თუ საკუთარ თავს? რეალურად, ეს ყველაფერი კეთდებოდა  პროვოკაციისთვის –  შეიძლებოდა იმავე პოლონელ ექიმს კამერების წინ ამოეღო ნიმუში „ნასკიდან“ და ხმამაღლა ეთქვა:  ეს ის არის, რასაც ქართული მხარე გვიმალავდაო, და ატყდებოდა ერთი ამბავი.  იმ ექიმს, ალბათ, გმირად გამოაცხადებდნენ, მოხერხებას შეუქებდნენ და შემდეგ იმ ნიმუშში აღმოჩნდებოდა ისეთი რამ, რაც არ იქნებოდა ოფიციალურად აღებულ არც ერთ სინჯში. ეს იყო მთავარი მიზეზიც და მიზანიც, თორემ თვითონ პოლონელი ექიმის ახსნა, ჯიბეში არაფრის ჩადება არ მიყვარს, ყველაფერს ფეხსაცმელში ვინახავო, სასაცილოც არ არის. ანუ, გამოდის, რომ ის ექიმი მაღაზიაში როცა შედის, ფეხსაცმელს იხდის და წინდიდან იღებს ან საბანკო ბარათს, ან  კუპიურას, ან კიდევ  ხურდას, რომელსაც ასევე ფეხსაცმელში უნდა ინახავდეს, რადგან ჯიბეში არაფრის ჩადება არ ჰყვარებია.

გვაქვს თუ არა უფლება, პოლონეთის ელჩს ქეჩოში მოვკიდოთ ხელი, ქვეყნიდან გავაძევოთ და ახსნა-განმარტება მოვითხოვოთ ოფიციალურ დონეზე? ჰო, ახსნა-განმარტება მოვთხოვოთ პოლონეთის უმაღლეს ხელისუფალთ იმის გამო, რომ მათი ელჩი ჩართული იყო იმ პროვოკაციის მოწყობაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულში, რომელიც მათი ელჩის თავდებობით განხორციელდა. შეიძლებოდა თუ არა, იმ ექიმს უჩუმრად რომ გაეტანა ის, რის გატანასაც აპირებდა, და განეხორციელებინა ჩანაფიქრი, ამ ყველაფერს საქართველოში არეულობა მოჰყოლოდა და პოლონელ მედიკოსებს ბოლო ხმაზე ებღავლათ: მიშას კლავენო? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ჩვენი ღრმა რწმენით, მიზანიც სწორედ ეს გახლდათ, უბრალოდ, „პრადვინუტმა“ ევროპამ ვერ გათვალა, რომ ქართული მხარე  ასეთ დონეზე ყოფილიყო მზად და ნომერ პირველ პატიმართან ექიმები ისე არ შეეშვა, როგორც დოქტორი დოტი შედიოდა თავის დროზე მიშასთან.

„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“, – ეს განცხადება პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავეცკიმ სოციალურ ქსელში   გამოაქვეყნა. ანუ, საქმეში ჩართული იყო პრემიერიც და, რაც მთავარია, მორავეცკი სააკაშვილს არა ექს, არამედ პრეზიდენტად მოიხსენიებს, რაც ასევე არ არის შემთხვევითი. ეს გზავნილია ქართული ოპოზიციისთვის და, უწინარესად, თვითონ სააკაშვილისთვის, რომ დასავლეთი ფსონს ისევ მასზე დებს და ამიტომ მასთან შესული ექიმების ყველა მითითება უსიტყვოდ უნდა შეასრულოს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა სააკაშვილი, რომელიმე ქართველ ექიმს მისი ბიოლოგიური ნიმუში ფეხსაცმელში რომ დაემალა?!  მისი პარტია პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს ერთი-მეორის მიყოლებით ჩაატარებდა და იტყოდა, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს, რომ ნიმუშები ჩუმად გააქვს, ახლა კი… ახლა არც არაფერი, ვითომ ჩვეულებრივი ამბავია სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეს პოლონეთს და ეს იქნება პასუხი როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის. ყველამ უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ რეალურად სააკაშვილი არის არა პრეზიდენტი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო სასჯელი და ახლა ამ სასჯელს იხდის. აუცილებელია, რომ მიშა, როგორც კი ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას მისცემს (ჩვენ გვგონია, რომ უკვე შესაძლებელია), სასჯელის მოსახდელად დაბრუნდეს ციხეში და არ იყოს გამოჭიმული ხუთვარსკვლავიან პალატაში, კომფორტულ გარემოში და იყოს ისე, როგორც  რიგითი პატიმრები არიან. აგერ ხომ გამოვიდა ციხიდან მისი უახლოესი მეგობარი და გარემოცვის წევრი ნიკა გვარამია, ხომ თქვა, მოპყრობა ადამიანური იყო და ციხის ადმინისტრაციასთან სასაყვედურო არაფერი მაქვსო? ეს ხომ მიშას ციხე არ არის, რომელშიც მოხვედრა რიგ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენი იყო, რიგ შემთხვევაში – შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლი.

დასავლეთი ჯიუტად ცდილობს, საქართველოში ვითარება არიოს და ამისთვის პროვოკატორ მიხეილ სააკაშვილს აქტიურად იყენებს. მერე რა, რომ ის გისოსებს მიღმაა, მაინც ახერხებენ მასთან მისასვლელი გზების პოვნას და ცდილობენ, პროვოკაციაზე სახელმწიფო წამოაგონ. ეს კარგად იცის სააკაშვილმაც და ამიტომ ჯიუტად ითხოვს, მასთან რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიდეს. ამიტომ არის, ევროკავშირმა და ევროპარლამენტარებმა  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე რომ დაიკიდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ხომ ხვდებით, რა მოხდებოდა, სტრასბურგს ისეთი განაჩენი რომ გამოეცხადებინა, რომელიც სააკაშვილის წისქვილზე დაასხამდა წყალს? ევროპარლამენტარები და, პირველ რიგში, ამერიკის ელჩი ქადაგად დადგებოდნენ, დაგვანამუსებდნენ: როგორ ბედავთ და სტრასბურგის  გადაწყვეტილებას არ ასრულებთო. ახლა კი… ახლა ვითომც არც არსებობს სტრასბურგის სასამართლო და მისი განაჩენი, ჯიუტად იმეორებენ: მიშა სამკურნალოა და ქვეყნიდან უნდა გავიყვანოთო.

ვერ გეტყვით, რა დასკვნამდე მივა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, პოლონეთს პასუხი უმკაცრესად რომ უნდა მოეთხოვოს, ცხადია. არ უნდა ვაპატიოთ პოლონელებს ის, რაც გააკეთეს, და  თუ არ იციან, რას ნიშნავს თავდებობა, სისხლის სამართლის კოდექსს გადახედონ, იქ კარგად არის ახსნილი და შავით თეთრზე წერია, რომ, თუ პირი კანონს დაარღვევს, პასუხს მისი თავდები აგებს. ერთი მხრივ, პოლონელი ექიმების თავდები საელჩო იყო, მეორე მხრივ – პოლონეთის პრემიერი და ვაგებინოთ პასუხი!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here