პოლიტიკური კიბის საფეხურები

    46
    პოლიტიკური კიბის საფეხურები

    წინა სტატიაში ვწერდით რუსეთის სამხედრო დოქტრინაში შეტანილ ცვლილებებზე   ბირთვული შეიარაღების გამოყენების ნაწილში, რომლის ინიციატორადაც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. ბუნებრივია,  ამ ფაქტმა დასავლეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ეს იყო დასავლეთისა და ნატოს უმკაცრესი გაფრთხილება, თუ გნებავთ, მათთვის ანთებული წითელი შუქი, რომლის იგნორირებაც კატასტროფის მომასწავებელია. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს საკითხი მოგვიანებით  ასე განმარტა: ”რუსეთის ბირთვული დოქტრინის ბოლო რედაქტირება 2020 წელს მოხდა, მაგრამ ბირთვული შეიარაღების გამოყენების კრიტერიუმები არ შეცვლილა. ახლა კი სწორედ ეს კრიტერიუმები შეიცვალა, ამიტომ რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ, როგორც სიგნალი, როგორც გაფრთხილება იმ შედეგების შესახებ, რომლებიც რუსეთზე თავდასხმაში მათ მონაწილეობას მოჰყვება”.

    როგორი საკვირველიც უნდა იყოს, დასავლეთის პრესა ამ საკითხს თავშეკავებულად გამოეხმაურა. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის უპირველესი და უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მათ სიგნალი სწორად გაიგეს. მიხვდნენ, რომ ეს ის თემა არ არის, რომელზეც დასავლური პრესისთვის დამახასიათებელი უპასუხისმგებლო ხმაურის ატეხვა ღირს, ანუ ამ შემთხვევაში შიშმა სძლია სენსაციისკენ ლტოლვას და მჭექარე სათაურების კეთების ცდუნებას. მაგალითად: ”რუსეთი იარაღს აჟღარუნებს”; ”პუტინის მორიგი ბლეფი”; ”დასავლეთს პუტინის არ ეშინია”;  ”რუსეთს სურს, მსოფლიო ფერფლად აქციოს” და მრავალი სხვა, რომლის მსგავსი ათასობით გვინახავს და წაგვიკითხავს, მაგრამ ევროპულმა პრესამ ამჯერად სხვა ტაქტიკას მიმართა – ამჯერად  მოკლე საინფორმაციო შეტყობინებების გამოქვეყნებით შემოიფარგლნენ. წეღან ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო: შიშმა ქნა ეს. მართალია, დასავლეთისთვის ეს ის შიში არ არის, სიყვარულს რომ შეიქმს, მაგრამ ის შიში ნამდვილად არის, სუნთქვას რომ შეუკრავს მათ, ნიკაპს აუკანკალებს და სათქმელს ბაგეებზე შეაყინავს. დიახ, ასეთი შიში გამოდგა ეს, როგორც ევროპელებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის. ამერიკელებიც კი, რომლებიც ცინიზმითა და თავხედობით გაჟღენთილი პასუხებით გამოირჩევიან, ამ საკითხზე  მოკრძალებით გამოთქვამენ აზრს. ამერიკული მედიასაშუალებები მორიდებულად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება  არაბირთვული სახელმწიფოებიც კი დაბომბოს, თუკი მათ ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო მხარდაჭერა ექნებათ.

    The Washington Post-, რუსეთისა და პუტინის კრიტიკის ნაცვლად, მსჯელობს იმის შესახებ, თუ ამიერიდან რა შეიძლებმა რუსეთმა მასზე თავდასხმად შეაფასოს. გაზეთი შემოიფარგლა საკუთარი ხალხისა და მთავრობის მიმართ სიფრთხილისკენ მოწოდებით.

    Financial Times- მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი არის პირდაპირი პასუხი უკრაინის მიერ დასავლური შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიის შესაძლო დაბომბვაზე. გამოცემას მოჰყავს იმ ექსპერტთა მსჯელობა, რომლებიც საუბრობენ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში განხორციელებული ცვლილებების ყოველმხრივი ანალიზის აუცილებლობაზე, რადგან, მათი სიტყვებით, ეს ცვლილებები ახლა გაცილებით კონკრეტული და მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ყოფილა.

    New York Times-ი მკითხველებს ეუბნება, რომ მოსკოვმა ძალიან ნათლად აღწერა უკრაინის მიმართულებით ვითარების შესაძლო  განვითარება. კიევისთვის ბირთვული შეიარაღების გადაცემა რუსეთს უკვე ხელებს უხსნის, – აცხადებს გამოცემა და ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ სამხედრო დოქტრინაში განსახორციელებელი ცვლილებები რატომღაც ერთბაშად არ იქნა მიღებული; გამოცხადდა, მაგრამ იურიდიულად ძალაში ჯერ არ შესულა.

    Associated Press-ი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოქმედ დოქტრინასთან შედარებით ეს ახალი ვერსია მნიშვნელოვნად აფართოებს ბირთვული შეიარაღების გამოყენების საფუძვლებს, ამიტომ, გამოცემის აზრით, პუტინის ეს გადაწყვეტილება დასავლეთის სერიოზული გაფრთხილებაა: ”ახალი ფორმულირება, რომელიც იძლევა ბირთვული პასუხის შესაძლებლობას ნებისმიერ საავიაციო შეტევაზე, არის გაფრთხილება დასავლეთისა, რომ არ დაუშვას უკრაინიდან რუსეთზე დარტყმების განხორციელება”.

    მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გარდა, საინტერესოა პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა პოზიციები.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი: ”რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანა უპასუხისმგებლო ნაბიჯია”;

    ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელი პიტერ სტანო: ”ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამის გამო არ აპირებს უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას”.

    პოლიტიკური კიბის საფეხურები

    სახელმწიფო მოღვაწეთა ამ რეაქციისა და პრესის პოზიციის შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დასავლეთში ჟურნალისტები უფრო მეტ წინდახედულებასა და სიფრთხილეს იჩენენ, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწეები. ეს იმ დროს, როდესაც ჟურნალისტებს უფრო მიეტევებათ ზედმეტი სითამამე, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწეებს, ვინაიდან ჟურნალისტთა ფუნქცია შეკითხვების დასმითა და ანალიზის კეთებით შემოიფარგლება, სახელმწიფო მოღვაწეთა ფუნქცია კი გადაწყვეტილებების მიღებაა. საერთოდ, დასავლეთში არც ჟურნალისტები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, მაგრამ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა მხრიდან ისეთი ქარაფშუტული პოზიციის დემონსტრირება, როგორიც აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გვიჩვენეს, მართლაც საგანგაშოა, ვინაიდან ისინი მარტო არ არიან. აშშ-სა და ევროკავშირს თავიანთი აგენტურული ქსელი აქვთ მთელ მსოფლიოში, რომლებიც პოლიტიკას არიან მიტმასნილნი და ამ სფეროში ამინდსაც ქმნიან. ადვილი წარმოსადგენია, რა პასუხისმგებლობის მქონენი იქნებიან ისინი, როდესაც მათი შეფები ამერიკასა და ევროპაში ასეთ მიუტევებელ უპასუხისმგებლობას ავლენენ. ასე გაბატონდა პოლიტიკაში ზედაპირული აზროვნება, უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და ამორალიზმი.

    ამისი გამოძახილია ის, რასაც საქართველოში ვხედავთ. როგორ შეიძლება, არსებობდნენ ადამიანები (მით უმეტეს –  პარტია და პარტიები), რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეას მხარს უჭერენ და ამისთვის იბრძვიან, ეს ხომ საქართველოს დაღუპვაა?! საიდან მოდის ეს გულგრილობა? საიდან მოდის საკუთარი სამშობლოს ბედის მიმართ ასე შემაძრწუნებელი უპასუხისმგებლობა? საქმე ის არის, რომ დასავლეთი ეძებს და პოულებს კიდეც უსამშობლო მანქურთებს, რომლებსაც ამგვარი ”იდეის” მხარდაჭერაში ფულს უხდის, ისინი კი შესაბამისად იქცევიან, ამიტომაც მრავლდება სარეველასავით გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის ეს საშინელი ბაცილა, რომ იგი წახალისებულია, დაფინანსებულია და პრივილეგირებულია დასავლეთის ოფიციალური წრეების მხრიდან. სწორედ დასავლეთისა და მათი აგენტურული ქსელის ნამუშევარია ის, რომ მსოფლიო ახალი გლობალური ომის მიმართულებით მიექანება. ეს ისეთი ვერაგი ძალაა, რომ უკრაინაშივე შექმნა ამ ქვეყანაში მიმდინარე საშინელი პროცესების პოლიტიკური და იდეოლოგიური საყრდენი, ანუ უკრაინაშივე გააღვივა და ჩამოაყალიბა უკრაინის სრული განადგურებისა და უკრაინული გენოფონდის გაჟლეტვის სულისკვეთება. სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მათ მიერვე მოყვანილ ფაშისტებზე არ მაქვს საუბარი, ხალხში გაჩენილ სულისკვეთებაზე ვლაპარაკობ, რომელიც შიგნიდან ღრღნის უკრაინას. ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ საქართველოშიც. როდესაც ვხედავთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში რეიტინგით მეორე პარტიაა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ”უკრაინული სულისკვეთება”, რომელმაც შიგნიდან უნდა გამოღრღნას ქვეყანა, საქართველოსაც გადმოედო. უგულავას ბღავილი (”ომიც მოსულა, მოსულა!”) ამისი საუკეთესო დასტურია; ამისივე დასტურია დასავლეთის “მეხუთე კოლონის” მიერ საქილიკოდ ქცეული თემა: ”აბა, ომი გინდათ?!” ამისივე დასტურია ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეფის მიმართ დამცინავად ნათქვამი წინადადება: ”ისიც ამას ამბობდა, აბა ომი გინდათო?!” ეს ქართული ეროვნული ცნობიერების ხნულში ხელოვნურად ჩაყრილი სარეველას თესლია, რომელიც სწრაფად იზრდება და მრავლდება. თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე გარემოებასაც, რომ ამ სარეველას დიდი გასაქანი აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფრო სწორად, სარეველას თესლის გამღვივებელი მედიასაშუალებები წინასწარ არის მომრავლებული, ვითარება მძიმდება. ყველა რგოლი მოსყიდული და დაფინანსებულია; ყველა რგოლი სინქრონულად და გამართულად მუშაობს; ყველა რგოლი დამღუპველი უკრაინული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. ახლა მათთვის უმთავრესი ისაა, რომ არ დაუშვან საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების დამთხვევა, რომლის აშკარა ნიშნებიც იკვეთება. ამის დასტურია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადება: თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის“. ეს ხომ ის განცხადებაა, რომელიც, შესაძლებელია, შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ბაზად ვაქციოთ, მაგრამ შეხედეთ ე.წ. ოპოზიციას, რა ალიაქოთი აქვს ატეხილი ამ საკითხზე  და დარწმუნდებით, რომ მათი უმთავრესი ამოცანაა,  საქართველოსა და რუსეთს შორის შეხების წერტილები არ გაჩნდეს, თუნდაც ამას საქართველოს ერთიანობის იდეა შეეწიროს. მაგალითად, აი, რას აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ვინმე სერგო ჩიხლაძე: „ეს არის მორიგი დაცინვა! ურთიერთობების დალაგება, საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ევროპის კავშირზეა დამოკიდებული. ჩვენ გავხდებით ევროპის კავშირი და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს არის დაცინვა! ის იყენებს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისანტიქართულ განცხადებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს. ისინი ამით კმაყოფილი არიან. ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“.

    როგორ ფიქრობთ, უნდა ამ კაცს (მის პარტიას) საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება? არა, იგი სწორედ უკრაინული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი და რუსეთთან ომი უნდა. ეს სულისკვეთებაა ამოსაძირკვი და ამოსაშანთი ქართული ცნობიერებიდან. სანამ უკრაინის დროშისფერი ზეწრები კიდევ ფრიალებს ქართულ აივნებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ”უკრაინული სულისკვეთების” ბაცილა კიდევ არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა ჯერ კიდევ მოქმედებს. აი, ამას უნდა დაუსვას წერტილი კარსმომდგარმა არჩევნებმა.

    ეს ყველაფერი ერთიანი პოლიტიკური კიბეა. რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები, დასავლური ნეოფაშიზმის განადგურება, ლავროვის განცხადება, საქართველოში უკრაინული სულისკვეთების დაძლევა და მშვიდობის შენარჩუნება ამ კიბის საფეხურებია. ეს კიბე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აგვიყვანს.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here