Home ახალი ამბები საქართველო ოდესმე გსმენიათ, რომ საქართველოს  ეკონომიკა დიდწილად  რუსეთში გატანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული?

ოდესმე გსმენიათ, რომ საქართველოს  ეკონომიკა დიდწილად  რუსეთში გატანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული?

სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ახსენებს, რომ 787,5 მლნ დოლარიდან 600 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში გავიდა. არ ახსენებს იმიტომ, რომ დასავლეთს არ ეწყინოს, იმ დასავლეთს, რომელიც ქართულ პროდუქციას დღემდე წარმატებით უკეტავს გზას და ყველაფერს აკეთებს, ევროპაში რაც შეიძლება ნაკლებად რომ გავილაღოთ

299

ოპოზიცია თვეში ერთხელ აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ახალი კომპანია საქართველოში,  რამდენმა გადმოკვეთა საზღვარი და რამდენი უძრავი ქონება შეიძინეს. შემდეგ ამ მონაცემებს აფრიალებენ და გაჰკივიან: ეს უნდა დასრულდეს, რადგან რუსეთი მტერია და მისი მოქალაქეები ასე ადვილად ვერ უნდა მკვიდრდებოდნენ საქართველოშიო. ჰო, ოპოზიცია არ ამბობს იმას, რომ, თუ საქართველოში  რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე ჩამოვიდა ბოლო წელიწად-ნახევარში და ბიზნესი დაიწყო, ათეული წლებია, რუსეთში საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, ბიზნესიც აქვს, ფულსაც აკეთებს, საქართველოშიც აგზავნის და, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ამ ადამიანებმა საქართველოში დაბრუნებაზე იფიქრონ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ, როცა ქართული ეკონომიკა წელში გაიმართება, როცა ადამიანებს ღირსეული ხელფასი ექნებათ და, რაც მთავარია, სამსახური სანთლით საძებარი არ გახდება, მერე არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან უნდა დაბრუნდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, თორემ ძალიან მალე  საქართველოში ქართველები  უმცირესობაში აღმოვჩნდებით,  ჩვენს ადგილს კი, ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები დაიკავებენ.

ახლა რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, ანუ რას მალავს ოპოზიცია…

2023 წლის მონაცემებით, პირველ შვიდ თვეში საქართველოდან 787,5 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27,7%-ით აღემატება და ძალიან კარგია. აღნიშნულ აგროპროდუქტებში შედის ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მოცვი, ცოცხალი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხილი, ბოსტნეული, ლოკოკინებიც კი – ყველაფერი, რასაც სოფლის მეურნეობასთან აქვს შეხება. ჰოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სიხარულით გვამცნობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქცია შარშანდელზე მეტი გავიდა და ზუსტად 89 მლნ დოლარი შეადგინა (შესადარებლად: საერთო მოცულობაში მხოლოდ ღვინის წილი 150 მლნ-ია). 50 მლნ-ის ცხვარ-ძროხა გავყიდეთ  და 368 ათასი დოლარის  ლოკოკინა. ამ პროდუქციაზე აქცენტი იმიტომ გავაკეთეთ, რომ რუსეთის ფედერაციაში არ გადის არც ცხვარ-ძროხა (ცოცხალი სახით) და არც ლოკოკინა. ანუ, 787,5 მილიონიდან, უხეში დათვლით, ევროკავშირის ქვეყნებმა აითვისეს 89 მილიონი, აზიის ქვეყნებმა –  50 მლნ, ანუ მთლიანობაში, ყველა დანარჩენმა ქვეყანამ (მინუს რუსეთი) 787,5 მლნ-დან 140 მილიონის პროდუქცია შეიძინა,  600 მლნ-ზე მეტი კი რუსეთზე მოდის, მაგრამ…

სოფლის მეურნეობის სამინისტრო  არ ახსენებს, რომ 787,5 მლნ დოლარიდან 600 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში გავიდა. არ ახსენებს იმიტომ, რომ დასავლეთს არ ეწყინოს, იმ დასავლეთს, რომელიც ქართულ პროდუქციას დღემდე წარმატებით უკეტავს გზას და ყველაფერს აკეთებს,  ევროპაში რაც შეიძლება ნაკლებად რომ გავილაღოთ. ეს ყველაფერი გადასარევად იცის ოპოზიციამაც, მაგრამ ოდესმე გსმენიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად სწორედ რუსეთში გატანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული?

ახლა ფულადი გზავნილები ვთქვათ: 7 თვის მონაცემებით, საქართველოში 2,6 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, ანუ ქართულ ეკონომიკაში 2,6 მილიარდი დოლარი „ჩაესხა“ და ამის ბრალიც უნდა იყოს, ეროვნული ვალუტა, ასე თუ ისე, სტაბილურობის შენარჩუნებას რომ ახერხებს. არც ერთი ექსპერტი არ მალავს, რომ უცხოეთიდან გადმორიცხვები მარტივად ანაცვლებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტიციების სიმცირის პირობებში ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფულადი გზავნილებიდან 1,2 მილიარდი რუსეთზე მოდის, დანარჩენი 1,4 მილიარდი კი 20-მდე ქვეყანაზე ნაწილდება. ანუ, რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან, გზავნილებს იღებენ სამშობლოდან და, ამასთანავე, არც ისე  მცირეა წილი რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც აქ დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უგზავნიან თანხებს. პარალელურად, ოპოზიცია ანგარიშობს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 7 ათასზე მეტი ახალი კომპანია დააარსეს და ბიზნესის წარმოება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ისინი არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ამ კომპანიების უდიდეს ნაწილში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა და ყველა აღიარებს, რომ რუსეთის მოქალაქეები გაცილებით კარგად იხდიან, ვიდრე თუნდაც ქართული კომპანიები და აზიური, თურქული, ევროპულიც კი.  როგორ გგონიათ, სად მიდის აღნიშნული კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები? ვის ჯიბეში მიდის იმ ოფისების ქირა, რომლებშიც აღნიშნული კომპანიები არიან განთავსებულნი?! სამშენებლო სექტორს რომ უხარია, – საწყის შვიდ თვეში 250 მლნ დოლარის ბინა გაიყიდაო,  ოპოზიცია წუწუნებს, – შვიდ თვეში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა 4 ათასამდე ბინა შეიძინესო. თითო ბინა 50 ათას დოლარად რომ ვიანგარიშოთ, 200 მილიონი გამოდის, ანუ სამშენებლო ბიზნესსაც მაშველი რგოლის სახით სწორედ რუსული კაპიტალი და რუსეთის მოქალაქეები ჰყავს.

ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა შემოდგომა მოდის და საქართველოში მთავარი აგრარული მოვლენა იწყება – რთველი. ღვინისა და, ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების გასაღების მთავარი ბაზარი, ათეული წლებია, რუსეთია. რუსეთში გადის ნედლი, გადაუმუშავებელი ყურძენიც და, ამის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები და მსხვილი კომპანიები ისევ დაიწყებენ საუბარს, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდნენ, რომ ბრიუსელში ვიღაცამ დახლიდან ორი ბოთლი ქართული ღვინო აიღო და ეს მიღწევაა. ადრეც გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ: იმ ოდენობის ქართულ ღვინოს, რამდენსაც  ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა ყიდის წლის განმავლობაში,  ერთი  სუპერმარკეტი ყიდის მოსკოვში. ჰო, ერთი რუსული მაღაზია კონკურენციას უწევს ევროკავშირის ერთ ქვეყანას და ეს ყველაზე კარგად მწარმოებლებმა იციან, მაგრამ აქცენტს მაინც კონკრეტულ ქვეყანაზე აკეთებენ და ჟურნალისტებს შთაგონებული სახით უყვებიან, როგორ „დაიპყრეს“ ევროპული ბაზარი და როგორ გადაირია ვიღაც ევროპელი ქართულ ღვინოზე. ისე, უცნაურად არ გეჩვენებათ, ბერლინში, ლისაბონსა და სხვ ქალაქებში გამართულ ღვინის ფესტივალებზე ქართული ღვინოები პირველ ადგილს იკავებენ, ოქროს მედლებით ბრუნდებიან, მაგრამ შემდეგ  ეს ოქროსმედალოსანი ღვინოები არავის სჭირდება და მაინც რუსეთში იყიდება? ოდესმე ვინმეს უთქვამს, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში გამართულ ღვინის ფესტივალზე (არადა, იმართება) წავიღე ქართული ღვინო და პირველი ადგილი დაიკავაო? არა, რადგან ბედის ირონიით, რუსულ ფესტივალებზე ქართველები არ დადიან, მაგრამ ყველაზე მეტს სწორედ რუსეთში ყიდიან.

ხელისუფლების დუმილზე აღარაფერს ვამბობთ. როცა ერთი კონკრეტული ქვეყნიდან 7 თვეში შემოდის ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ზე მეტი თანხა და დუმხარ, უბრალოდ, სასაცილოა. 1,2 მილიარდი დოლარი 3 მლრდ ლარზე მეტია, ანუ საქართველოს ბიუჯეტის 10%-ზე აშკარად მეტი და ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ამის მეათედს რომ აკეთებდეს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? მინისტრები ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავდნენ, – არიქა, ევროპული ქვეყანა ჩვენს ეკონომიკას ასულდგმულებსო. ახლა კი ჩუმად არიან, მაგრამ სიმართლე ჩვენზე უკეთ იციან.

იცოდით, რომ მიმდინარე წლის საწყის 7 თვეში საქართველომ რეკორდულად ბევრი შოკოლადი შეიძინა? საუბარია 34,2 მლნ დოლარზე და, აბა, გამოიცანით, რომელი ქვეყანაა მთავარი იმპორტიორი? სწორია – რუსეთი და არა, მაგალითად, ბელგია, რომელიც მსოფლიოში შოკოლადის წარმოებით არის განთქმული. რუსული შოკოლადი გაცილებით  იაფი ჯდება და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. ძველი თაობის წარმომადგენლები დაგვეთანხმებიან, რომ რუსული ნუგბარი მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და გემრიელია. ჰო, არც შოკოლადის მწარმოებლები ამბობენ, რომ ძირითადად რუსეთიდან შემოტანილ შოკოლადს იყენებენ, იმიტომ, რომ „ტეხავს“, ემანდ ევროპას არ ეწყინოს.

რეალობას, რომელსაც რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ჰქვია, დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ევროპა არასდროს  მოისურვებს, რომ ქართული პროდუქცია მათ ბაზარზე დომინანტი გახდეს და ქართველმა ფერმერებმა ჭარბი პროდუქტი სწორედ ევროპაში გაყიდონ, ამიტომ, უნდათ თუ არა, მსხვილი თუ წვრილი ფერმერები იძულებულნი არიან, სწორედ რუსული ბაზრის იმედად იყვნენ, უბრალოდ, ამის აღიარება უნდა ისწავლონ და  მიხვდნენ, რომ მადლობის თქმა იმ ქვეყნისთვის, რომლიდანაც ლამის მოსახლეობის 80% იკვებება, ცუდი არ არის და არ ტეხავს. ჰო, ლოკოკინების მწარმოებლები ამბობდნენ ამას წინათ: ნეტავ, რუსები ლოკოკინების ჭამას მიეჩვიონ, პროდუქციას იქ გავიტანდითო. სავარაუდოდ, ეს მაშინ მოხდება, როცა ევროპა და ამერიკა რევოლუციონერი კამოს „ნუგბარის“ ჭამას გადაეჩვევიან.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here