Home ახალი ამბები საქართველო ოცი ადამიანი  რესტორნებში სირბილს რომ აპირებს,  რათა მოქალაქეები შეურაცხყოს  და ხინკლის  ჭამა...

ოცი ადამიანი  რესტორნებში სირბილს რომ აპირებს,  რათა მოქალაქეები შეურაცხყოს  და ხინკლის  ჭამა აუკრძალოს, ჩვეულებრივ ამბად  უნდა აღვიქვათ?

ბელგიაში ვეგეტარიანელები რესტორნებში შეცვივდნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც ხორციან კერძებს მიირთმევდნენ, მაგიდიდან თეფშები გადაუყარეს. იგივე მოხდა პარიზის ერთ რესტორანში. ახლა ქართველი აქტივისტებიც იმუქრებიან: თუ უახლოეს მომავალში ხორცის მიღებას ოფიციალურად არ აკრძალავთ და სახინკლეებს არ დაკეტავთ, ჩვენც ასე მოვიქცევითო.

332

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დაუდგეს და ის  ციხიდან გაუშვან, რადგან „მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს“.

„ 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი  არ არსებობს“, – ეს  განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და ისე ჩანს, ხაბეიშვილს ინგლისურთან ერთად არც სამართალი სცოდნია. 21 წლის გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა სამართალდამცველებს, რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, მკვლელობის მცდელობაა, დაწვა პოლიციის ავტომობილი, ანუ გაანადგურა სახელმწიფო ქონება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და, ეს „ბავშვი“ მაშინ რომ დაესაჯათ, მამამისს დუნდულებში დანა რომ გაუყარა, ეგებ ახლა უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო.  21 წლის ლაზარეს ცხოვრებას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას აგრესიისადმი მიდრეკილება აქვს და ახლა, თუ დაუსჯელობის სინდრომს დავუმატებთ, შეიძლება ქუჩაში ხალხის დახვრეტაც  დაიწყოს…

გასულ კვირას ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქსა  და ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში, საინტერესო აქციები გაიმართა. ქუჩაში გამოვიდნენ ვეგეტარიანელები და ხორცპროდუქტების მომხმარებელთა წინააღმდეგ გაილაშქრეს. სიმართლე გითხრათ, მეც მყავს მეგობრებში ერთი ვეგეტარიანელი, რომელიც, აგერ უკვე მეოთხე წელია, ხორცსა და თევზეულს არ ეკარება და ამით არავის აწუხებს, ამბობს, რომ ასე მიაჩნია სწორად და ცხოვრობს თავისთვის მშვიდად. ანალოგიური აქცია გაიმართა საქართველოს დედაქალაქშიც.  ოცამდე ვეგეტარიანელი შეგროვდა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ცხოველებისა და თევზების დახოცვა  საკვებად გამოსაყენებლად ცუდია.  ვიღაცამ მოისმინა, ვიღაცამ – არა და მოდი, ვაღიაროთ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია –  სადღაც გველებს, ბაყაყებს, ძაღლებსა და ვირთხებს ჭამენ და ეს იქ ნორმალურია; ქართული ტრადიციული სუფრა ხორცის გარეშე წარმოუდგენელია და ესეც ნორმალურია.  ვიღაცას მოსწონს ეს ყველაფერი, ვიღაც წინააღმდეგია, მაგრამ…

ბელგიაში ვეგეტარიანელები რესტორნებში შეცვივდნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც ხორციან კერძებს მიირთმევდნენ,  მაგიდიდან  თეფშები  გადაუყარეს. იგივე მოხდა პარიზის ერთ რესტორანში. ახლა  ქართველი აქტივისტებიც იმუქრებიან: თუ უახლოეს მომავალში ხორცის მიღებას ოფიციალურად არ აკრძალავთ და სახინკლეებს არ დაკეტავთ, ჩვენც ასე მოვიქცევითო.

ანუ შესაძლოა, როცა  მეგობრებთან ერთად ხინკალს მიირთმევთ, ვინმე შემოვარდეს და მაგიდიდან ყველაფერი იატაკზე გადაგიყაროს. არადა, ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სააღდგომო მარხვა დასრულდა. ბევრმა იმარხულა, ბევრმა ეს ვერ მოახერხა, მაგრამ სადმე გსმენიათ, ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელი გამოსულიყოს და ეთქვას: მარხვის პერიოდში რესტორნების მენიუდან ხორცპროდუქტები ამოიღეთ ან ხინკალი არ გაყიდოთო? არა. ეს იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, ძალით ვერ იმარხულებ, ვერ ეზიარები და, საერთოდ, ძალით არაფერი ხდება. აი, დასავლელ პარტნიორებს კი მიაჩნიათ, რომ ძალით შეიძლება ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიღება, აღლუმის ჩატარება (17 მაისი მოდის), ვეგეტარიანელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს ყველაფერი ისე ჩანს, რომ დასავლელები რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ, ცდილობენ, ფიქრობენ, როგორ შეიძლება არარსებულ პრობლემებზე აქცენტის გაკეთება, როგორ შეიძლება, მოსახლეობას ყურადღება გადაატანინო თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, ისეთზე, რომელიც თითქოს პრობლემად არ ჩანს, მაგრამ შემდეგ ისე იზრდება და ისე იხლართება, მის მოგვარებას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და ამ ყველაფერში მიდის როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი. ახლაც, ოცი კაცი (თუ ქალი)   რესტორნებში სირბილს რომ აპირებს,  რათა მოქალაქეები    შეურაცხყოს  და ხინკლის  ჭამა აუკრძალოს, ჩვეულებრივ ამბად  უნდა აღვიქვათ და რომელიმა მათგანს რიგითმა ადამიანმა წინააღმდეგობა რომ გაუწიოს, ეს მათი უფლებების დარღვევა იქნება – გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა?! არადა, ზიხარ შენთვის, მიირთმევ კერძს  და ვიღაც შენს თეფშს იატაკზე აგდებს, იმიტომ, რომ არ მოსწონს, რასაც ჭამ.  ამ შემთხვევაში ჩვენი უფლებები არ ილახება? არა, რადგან ჩვენ არ გვაფინანსებენ დასავლური ინსტიტუტები და ჩვენ არ ვიღებთ მსუყე გრანტებს. ჩვენ რიგითი მოკვდავნი ვართ დასავლეთის თვალში, ხოლო ისინი, ვინც ქუჩაში გამოდიან,  თავისუფლად მოაზროვნენი.

გასულ კვირას ერთ-ერთ გადაცემაში ახალგაზრდა, ცხვირმოუხოცავმა გოგონამ ვიღაცაზე პირდაპირ ეთერში თქვა, –  „ეგ მაგარი თესლია“-ო. იქვე იჯდა მამამისი, ცნობილი (საქართველოს მასშტაბით მაინც) მუსიკოსი და ამაყად იღიმებოდა, – ჩემი შვილი თავისუფალია, „ჯენ-ზი“ თაობის წარმომადგენელი და ამიტომ საუბრობს ასე თამამადო. არადა, ეს თავისუფლება კი არა, უზრდელობა გვგონია, თავხედობის პიკი და თანაც ამ ყველაფერს მშობელი რომ იწონებს და ტაშს უკრავს, უკვე პრობლემა მშობელსაც აქვს.  პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ვიდრე აღვიქვამთ.

თითქოს ძალიან მარტივად აღსაქმელია ის, რასაც დასავლეთი გვაძალებს და ცხვირში გვტენის, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს იდენტობასა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება. არ არის ეს ქართული, არ ჯდება ჩვენს მენტალიტეტში და არ ჯდება  წინაპართა მიერ დატოვებულ  იმ მორალში, რომლითაც ასე ვამაყობთ და რომელსაც თითქოს ძალიან ვუფრთხილდებით. რა გამოდის? დასავლეთმა იცის, რომ ეს ყველაფერი არ არის ჩვენთვის კარგი და მაინც გვაძალებს? მიზეზი? ალბათ, ის, რომ ყველა პატარა  ქვეყანა, რომლებსაც დიდი ქვეყნები არაოფიციალურად იმონებენ, ერთ თარგზე უნდა იყვნენ მოჭრილი, ერთი და იგივე პრობლემები უნდა ჰქონდეთ, ერთნაირად უხაროდეთ და სწყინდეთ და, რაც მთავარია, არ უნდა შერჩეთ არაფერი წმინდა. მამამ ტაში უნდა დაუკრას შვილის გინებას, შვილმა არ უნდა გაითვალისწინოს მშობლის რჩევა, მოძალადე ახალგაზრდა გმირად უნდა გამოცხადდეს, რადგან  ასეთი ადამიანების მართვა გაცილებით მარტივია, მარტივი და იაფი, რადგან ეს ყველაფერი აქამდე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიტანეს, რომლებიც ფინანსებს დასავლეთისგან იღებენ და რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტს არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რადგან მათ ნიღაბი ჩამოეხსნებოდათ და ყველა მიხვდებოდა, ვინ ვის უკან დგას და რა არის მათი რეალური მიზანი.

გადავხედოთ ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ მცირერიცხოვან (20-30 ადამიანი) აქციებს, რომლებსაც თვეში ერთხელ მართავენ ხოლმე, ვიდეოს იღებენ და, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციებს ხმაური არ მოჰყვება, დასავლეთში გზავნიან, იქიდან კი თანხებს იღებენ. სწორედ ამ აქციებზე ისმის „თავისუფლება ძუძუებს“, „ჩემი ფუჩუ ჩემია“, „აბორტს ვერავინ დამიშლის“, „მე ვარ მამაკაცი და მიყვარს მამაკაცი“, „ოჯახი არ არის მხოლოდ ქალის და კაცის ერთობა“…  რა უნდა ამ ხალხს, რისთვის იბრძვის? ხანდახან გვგონია, რომ მათი  უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ სხვა სფეროში საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახერხა, დაიკავა ხელში პლაკატი მამაკაცის ან ქალის სასქესო ორგანოთი და საღამოს ეს ყველაფერი ტელეეკრანზე  ნახა, მოეწონა ტელევიზორში გამოჩენა და უფრო აქტიურად დაიწყო პლაკატის ქნევა, მერე კი მოთხოვნა აგრესიაში გადაუვიდა და, ვინც  არ ეთანხმება, უბრალოდ, მტრად იქცა. არადა, მათ არ ეთანხმება მოსახლეობის 99%-ზე მეტი და სწორედ ეს  99%-ზე მეტია მათი მტერი, ანუ ირგვლივ ყველა მტერია, გარდა იმ 15-20 ადამიანისა, რომლებიც მასთან ერთად აქციებს აწყობენ.  ასე გრძელდება დაუსრულებლად და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანების ერთობა მცირერიცხოვანია, თითქოს ყურადღებას არ ვაქცევთ, თითქოს პრობლემა არ არის, მაგრამ მერე ვიღაც გამვლელს არ მოეწონება, რამეს ეტყვის და მთელი დიპლომატიური კორპუსი საქმეში ერთვება, აქაოდა,  ეს დასავლური ღირებულებები არ არის, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია და ხელი არ უნდა შეუშალოთო. სამაგიეროდ, რიგითმა ადამიანებმა, იმ 99 %-მა, აქცია რომ გამართონ თავიანთი უფლებების დასაცავად, ჰომოფობიად აღიქმება და იგივე დიპლომატიური კორპუსი უკვე მათ დაადანაშაულებს, ქუჩაში რატომ გამოდიხართო.

უკვე დაწყებულია 17 მაისისთვის მზადება. ეს არის დღე, რომელიც ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, და დღე, როცა ლგბტ თემი ცდილობს, რუსთაველზე  20-30-კაციანი ე.წ აღლუმი გამართოს. ტელევიზიების ნაწილი სწორედ ამ მცირერიცხოვან მსვლელობას აშუქებს თავიდან ბოლომდე და ათიათასობით ადამიანს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ოჯახებს, რომლებიც ლოცვით მიემართებიან ეკლესიებისკენ  საერთოდ  არ აჩვენებს. რატომ?! იმიტომ, რომ მსოფლიომ ნახოს, რომ აქ ლგბტ თემის აღლუმია, რომელსაც ხალხი მიესალმება, და არა ოჯახის სიწმინდის დღე.

ბესო ბარბაქაძე  

                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here