Home ახალი ამბები საქართველო ნუკრი შოშიაშვილი: უამრავი დანაშაული აქვს კაპიტალიზმს ჩადენილი საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ ვარქმევთ...

ნუკრი შოშიაშვილი: უამრავი დანაშაული აქვს კაპიტალიზმს ჩადენილი საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ ვარქმევთ მას თავის სახელს, გვირჩევნია, ეს ან რომელიმე ადამიანს დაბრალდეს, ან მთავრობას

“საზოგადოება და სახელმწიფო გადაწყვეტილებებში მეცნიერებას უნდა ეყრდნობოდეს, სამეცნიერო დარგები სხვადასხვა სფეროში აქტიურად უნდა იყოს ინტეგრირებული”

486
ნუკრი შოშიაშვილი

7 ივლისი გლოვის დღეა. 3 აგისტოს საზარელი სტიქია დაატყდა თავს ონის რაიონის კურორტ შოვს, დაიღუპა 18 ადამიანი, კვლავ მიმდინარეობს დაკარგულთა საძიებო სამუშაოები. ე.წ. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, სტიქია ვერ გათვალესო. ლეშიჭამიებივით გამოიყურებიან სატელევიზიო ეთერებში, ქულებს იწერენ ტრაგედიის ფონზე დესტრუქციული ძალები… სხვადასხვა ვერსია ვრცელდება სტიქიაზე: ზოგი ამბობს, სამი დღით ადრე ვიცოდით და არ მოგვისმინესო… გულგრილობაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას…

ანალიტიკოსი და გეოლოგი, ახალგაზრდა ქალბატონი სოფიკო სოხაძე წერს: “უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახალმოპოვებულ სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში აღინიშნა 2014 წლის 17 მაისს მყინვარ დევდორაკზე. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია “მუდმივ მზრალობასთან”. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას, ე.ი., განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს. ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1) თავისით, 2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, 3) მცირე მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაში (რომელსაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება).

მრავალ მოსაზრებათაგან ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის მოსაზრება:

_ გეოლოგიური დეპარტამენტი დიდი რეფორმების დროს გაუქმებულა, 2007 წელს. ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათი _ შოვში ყველა საბჭოთა შენობა გადარჩა. იმხანად მეცნიერებას ეყრდნობოდნენ, სანამ რამეს ააშენებდნენ. კაპიტალიზმის დროს, რადგან მთავარია მოგება, უგულებელყოფილია მეცნიერება, სტანდარტები და, მოგების ლოგიკით, ყველაფრის ამოწურვა უნდათ. ჩვენი დედაქალაქი ამის კარგი მაჩვენებელია. ღმერთმა არ ჰქნას, რაიმე სტიქიური მოვლენა დაგვატყდეს თავს, თორემ იმწუთასვე გამოჩნდება საბჭოთა კავშირის პერიოდის შენობებსა და მას შემდეგ აშენებულ შენობებს შორის განსხვავება.

პერიფერიული კაპიტალიზმი ასეთია, თუ მას ყურს არ აუწევ, თუ თავისუფლებას მისცემ, ყველაფერს შეჭამს, ყველაფერს გაანადგურებს.

ნორმალურ სიტუაციაში ოპოზიცია და ხელისუფლება, საზოგადოების დიდი ნაწილი დასხდებოდნენ და რაღაც სტანდარტებს შეიმუშავებდნენ, რათა კაპიტალისტური ბუნება შეეზღუდათ, უსაფრთხოება გაეზარდათ, გადაწყვეტილებებში მეცნიერება ჩაერთოთ და ა.შ. ამის ნაცვლად ნეკროფილური ვნებებით აღზნებული ე.წ კრიტიკული მედიასაშუალებები საზიზღრობებს სჩადიან.

ჩემთვის ეს ტრაგედია არის კაპიტალიზმის დანაშაული. უამრავი დანაშაული აქვს კაპიტალიზმს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ ვარქმევთ მას თავის სახელს, გვირჩევნია, ეს ან რომელიმე ადამიანს დაბრალდეს, ან მთავრობას და ა.შ. ოღონდ კაპიტალიზმს, მის ფუნდამენტურ ქცევასა და ჩვევებს არა. თავს კი ვიმშვიდებთ _ აი, ნამდვილი კაპიტალიზმი არის განვითარებულ აშშ-ში და იქ ხომ არ ხდება ასეთი რამ? არადა, იქაც ხდება, მაგრამ პერიფერიულ და ცენტრის კაპიტალიზმებს შორის ყოველთვისაა განსხვავება კეთილდღეობის ხარისხში და ეს ხარისხი გვხიბლავს.

პერიფერიული კაპიტალიზმი განსაკუთრებით მოითხოვს სამეცნიერო რეგულაციების მოხსნას, სამუშაო უფლებების მოხსნას (გაიხსენეთ ბენდუქიძის რეფორმები), მოითხოვს მკვეთრ უთანასწორობას და ისეთ პოლიტიკას, რომ ღარიბ უმცირესობას უნდა უმტკიცოს: სიღარიბე მისი ბრალია. ის რომ ნიჭიერი იყოს და ჭკვიანი, არ იქნებოდა ღარიბი, მოკლედ, უკიდურესად ცინიკურია, რადგან მისგან გამოწვეულ პრობლემებს რიგით ადამიანებს აბრალებს.

საზოგადოების სწორი განვითარებისათვის საჭიროა კაპიტალიზმის შეზღუდვა. იმისათვის, რომ სწორად განვვითარდეთ, სახელმწიფო უნდა იყოს გამიჯნული კაპიტალიზმისგან და ჰქონდეს მაკონტროლებელი ფუნქცია. საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს გადაწყვეტილებებში მეცნიერებას, სამეცნიერო დარგები სხვადასხვა სფეროში აქტიურად იყოს ინტეგრირებული, მათ შორის სამშენებლო, საწარმოო და ეკონომიკის სხვადასხვა სტრატეგიულ დარგებში.

მხოლოდ ასე შეიძლება განვითარება, მხოლოდ კაპიტალიზმის შეზღუდვით მოდის კეთილდღეობა და სტაბილურობა.

_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რატომ აბრალებთ ყველაფერს კაპიტალიზმს? კაპიტალისტურ ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, თითქოს ყველაფერი კარგია, მისაბაძია, შესაშურია…

_ ბევრმა გააპროტესტა, ეს კაპიტალიზმის ბრალი კი არა, კანონი რომ არ სრულდება, იმის ბრალიაო…

პერიფერიული კაპიტალიზმი, რადგან მცირე რესურსი აქვს და მისი შემოსავლის წყარო არ არის განვითარება, ხანგრძლივ ინვესტიციებს არ აკეთებს. მისი მიზანია, მოკლევადიანი პროექტით მაქსიმალური მოგება ნახოს, ამიტომ მისთვის ხელის შემშლელია ყოველგვარი რეგულაცია. პერიფერიული კაპიტალიზმის პროდუქტია ის, როდესაც კორპუსს გვერდზე კორპუსს უდგამენ, ანუ ის, რაც, მაგალითად, სპორტის სასახლის უკან ხდება. თუ ფულის შოვნის წყარო გაჩნდა, მაქსიმალურად უნდა ამოვწუროთ, არ დავტოვოთ სივრცეები, არ დავხარჯოთ რესურსი არც გეოლოგიური კვლევისთვის, არც ჯანმრთელი გარემოსთვის და უნდა ავაშენოთ, ფული გავაკეთოთ, მერე კი სადმე სხვაგანაც იგივე გავაკეთოთ…

პერიფერიულ კაპიტალიზმს არ შეუძლია წარმოების შექმნა, არ შეუძლია ხანგრძლივი, განვითარებასა და საყოველთაო გამდიდრებაზე ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა. ის თავისი ბუნებით პარაზიტულია, უნდა მიეკედლოს ეკონომიკის რომელიღაც სფეროს, ამოწუროს იქიდან ყველაფერი და შემდეგ სიცოცხლისთვის შეუძლებელი გარემო დატოვოს, თვითონ კი სხვაგან გადაინაცვლოს. პერიფერიული კაპიტალიზმი ქვეყნის რესურსების ამოწურვაზე მუშაობს. მისთვის, როგორც საზოგადოებრივი, ისე ეკოლოგიური სივრცის განახლება-სტაბილურობა არ არის პრიორიტეტული.

ამ სისტემაში სახელმწიფო ან ხელს უწყობს ასეთი ეკონომიკის განვითარებას (როგორც, მაგალითად, ბენდუქიძის დროს იყო, როდესაც ყველა ბარიერი მოხსნეს და გზა გაუხსნეს), ან უწევს მისგან გამოწვეულ ზარალთან გამკლავება და მეხანძრის ფუნქციის აღება, როგორც ახლაა.

ეს გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ამ კაპიტალიზმის ისეთ ჩარჩოებში მოქცევა, რომელშიც შესაძლებელი იქნება მისით გამოწვეული კატასტროფების თავშივე აღმოფხვრა. ეს კი ნიშნავს, მისი ხასიათის ცვლილებას და მისი პარაზიტული ბუნების მაქსიმალურად დათრგუნვას.

ეს რომ გააკეთოს სახელმწიფომ, საჭიროა, ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ის აზრი, რომ ბიზნესი გადაგვარჩენს, ხოლო სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში საგრძნობლად გაიზარდოს, სახელმწიფო გახდეს პასუხისმგებელი ეკონომიკაზე და ბიზნესს არ გადააბაროს პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე. ბიზნესს ჰქონდეს თავის ადგილი, მაგრამ სახელმწიფო იქცეს მთავარ ეკონომიკურ ფაქტორად, როგორც ეს თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოშია, დაწყებული გერმანიით, დამთავრებული სკანდინავიით. აღმოსავლური ვარიანტი _ ჩინეთი, იაპონია, კორეაც ამ მოდელზეა.

თუ გამოსავალს ვეძებთ და არა განტევების ვაცს, მაშინ გამოსავალი ესაა. თუ განტევების ვაცს ვეძებთ, ვინმე საცოდავს დასჯიან და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here