Home ახალი ამბები “ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა”

“ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა”

1193
ვიღაც იამაიკელ მომღერალს მარიხუანა ჩაატანეს საფლავში – ეს ახალი ამბავი ამ დილით გვაცნობა ერთმა ქართულმა ტელეარხმა, რომელიც კი ითვლება სამი საერთორესპუბლიკური ტელეკომპანიიდან ერთ-ერთ ცენტრალურად, მაგრამ ზოგჯერ ორღობის ისეთ შეზღუდულობას ავრცელებს, გურიაში რომ იტყვიან, ვერაა მაი კაი ამბავიო.

განსაკუთრებული გართულება მარიხუანას პროპაგანდაზე აქვს. ეტყობა, ამათ სარედაქციო კარაბადინში წერია, რომ როგორც “ხონისა და ვანის გავლით უნდა გავწიოთ ევროპისკენ”, ასევე, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციით შევძლებთ თანამედროვე ცივილიზაციის გლობალურ სამოთხეში შებრძანებას.

ორი დღის წინათ ამ არხის საკვირაო გამოშვებაში მარიხუანას ისეთი პროპაგანდისტული ოპუსი შემოგვთავაზეს, “გირჩს” შეშურდებოდა.

თავდაყირა დააყენეს სინამდვილე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებული დოკუმენტის, რბილად რომ ვთქვათ, სუბიექტური ინტერპრეტაციით.

რა თქვეს, ამის გარჩევას არ შევუდგებით. ვნახოთ, რას გვეუბნებიან მეცნიერები, რომლებსაც ნარკომანიის პრობლემა ღრმად და ყოველმხრივ აქვთ შესწავლილი.

გავიხსენოთ, რომ ოფიციალური (დარეგისტრირებული) მონაცემებით დღეს საქართველოში 54 ათასი ინტრავენური ნარკომანი გვყავს.

არაოფიციალურად – რამდენჯერმე მეტი.

ნარკომანიის პრობლემების შემსწავლელი ავტორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ დადგენილია, რომ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები უვითარდება მარიხუანის მწევლების 30 პროცენტს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ყმაწვილი მარიხუანის მოხმარებას სრულწლოვანების მიღწევამდე დაიწყებს, ალბათობა იმისა, რომ “თეთრი სიკვდილი” ხელს დარევს, 4-5-ჯერ იზრდება.

ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ევროპის კლინიკებში სამკურნალოდ მოთავსებულ პაციენტთა შორის უმრავლესობა ჰეროინის მომხმარებლებია, მეორე ადგილზე – მარიხუანის მომხმარებლები არიან.

ნარკომაინის წინააღმდეგ ბრძოლის ორი გზა არსებობს: ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შემცირება და სოციალური ფაქტორების ამოქმედება – პროფილაქტიკა, პრევენცია, მკურნალობა. მათ შორის, ფიზკულტურასა და სპორტში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა, რასაც ამერიკისა და ევროპის სასწავლებლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა “დასავლეთის გზით” მიმავალ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

მარიხუანა არ არისო მძიმე ნარკოტიკი?! კი, ასეა. მაგრამ ბევრი უცხოელი სპეციალისტის აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ჩამორჩენილი რეგიონია იმის გამოც, რომ იქაური მოსახლეობა დიდი რაოდენობით ეწეოდა და ეწევა მარიხუანას, რაც არხეინობის განცდას იწვევდა, კლავდა და კლავს მიზნის მიღწევის, დაბრკოლების გადალახვის სურვილს.

მეცნიერ-ექსპერტები გვისაბუთებენ, რომ მარიხუანის (ნედლი იქნება თუ გამომშრალი) ნარკოგენულ ეფექტს განსაზღვრავს მასში არსებული წამყვანი (სხვაც ბევრია) ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ).

2005 წლამდე ამ ნივთიერების ბუნებრივი შემცველობა მარიხუანაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMჩDDA) მონაცემებით, საბაზრო მარიხუანაში ტჰკ-ის შემცველობა მერყეობს 5-დან 28 პროცენტამდე. ამასთან, სელექციის გზით (არსებობს მინიშნებები) ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ასეთი პერსპექტივა დროზე შენიშნეს ნიდერლანდებში და ტჰკ-ის მაღალი პროცენტული შემადგენლობის მარიხუანა გაუთანაბრეს კოკაინს (იმ ნარკოტიკს, რომლის მოხმარება ნარკომანიის საფუძველთა-საფუძველია).

ცრულიბერალური ლოზუნგებით ადამიანების შეცდენის მცდელობა, ნარკომანიის გამართლება იმით, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანს არჩევანის უფლება აქვს, მათ შორის, პიროვნების დეგრადაციის უფლებაც, სიყალბე და მავნებლობა.

არმაზ სანებლიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here