Home ახალი ამბები მსოფლიო ნარენდრა მოდი: ჩვენი ერა არ უნდა იყოს ომების ეპოქა

ნარენდრა მოდი: ჩვენი ერა არ უნდა იყოს ომების ეპოქა

ინდოეთის პრემიერმინისტრმა “კომერსანტში” სტატია გამოაქვეყნა

126

დღეს, 1 დეკემბერს, ინდოეთი იწყებსოცეულის ჯგუფის” (G20-ის) თავმჯდომარეობას. წინა 17-მა თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, საერთაშორისო დაბეგვრის რაციონალიზაციაში, ვალის ტვირთის შემცირებასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში. G20-ის თავმჯდომარეობისას ჩვენ დავეყრდნობით ამ მიღწევებს, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ”, _ წერს ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი  გამოცემაკომერსანტისთვისშექმნილ სტატიაში.

პირობებში, როდესაც ინდოეთი თავის თავზე იღებს “ოცეულის ჯგუფის” თავმჯდომარის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, ვსვამ კითხვებს _ შეუძლია თუ არა G20- უფრო შორს წასვლა? შეგვიძლია თუ არა, დავაჩქაროთ აზროვნების ფუნდამენტური ცვლილება იმისთვის, რომ სარგებელი მოვუტანოთ კაცობრიობას? დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ძალგვიძს. ჩვენი ყოფა აყალიბებს ჩვენს ცნობიერებას. თავისი არსებობის განმავლობაში კაცობრიობა გამუდმებით განიცდიდა რაღაცის ნაკლებობას. ჩვენ ვიბრძოდით შეზღუდული რესურსებისთვის, გადარჩენა ხომ დამოკიდებული იყო სხვების უარზე, გამოგვეყენებინა ეს რესურსები. იდეებს, იდეოლოგიებსა და პიროვნებებს შორის კონფრონტაცია და კონკურენცია ნორმად იქცა. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი აზროვნების მძევლები ვართ. ჩვენ ამას ვხედავთ, როდესაც ქვეყნები იბრძვიან ტერიტორიების ან რესურსებისთვის; ამას ვხედავთ, როდესაც ძირითადი პროდუქტების მსოფლიო მიწოდება გამოიყენება იარაღად; ჩვენ ამას ვხედავთ, როდესაც ვაქცინებს მალავს მოსახლეობის მცირე ნაწილი, მაშინაც კი, როდესაც მილიარდობით ადამიანი დაუცველია. ზოგიერთმა შეიძლება გააპროტესტოს და თქვას, რომ კონფრონტაცია და სიხარბე ადამიანის ბუნებაა. მე არ ვეთანხმები ამას. თუ ადამიანები ბუნებით ეგოისტები იყვნენ, როგორ შეიძლება ავხსნათ საუკუნეების განმავლობაში ხალხში უამრავი სულიერი ტრადიციის პოპულარობა, რომლებიც ყველა ჩვენგანის ფუძემდებლურ ერთობას იცავს? ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია ინდოეთშია პოპულარული. ამ ტრადიციის მიხედვით, ყველა ცოცხალი არსება და თუნდაც უსულო საგანი შედგება ერთი და იმავე ხუთი ძირითადი ელემენტისგან. ესენია: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და სივრცე („პანჩა ტატვა“, ხუთი ელემენტის კონცეფცია). ამ ელემენტებს შორის ჰარმონია _ ჩვენს შიგნით და ჩვენ შორის _ აუცილებელია ჩვენი ფიზიკური, სოციალური და ეკოლოგიური კეთილდღეობისთვის. G20-ის თავმჯდომარეობის მეშვეობით ინდოეთი იმუშავებს ერთობის ამ ზოგადსაკაცობრიო განცდის ხელშესაწყობად. ჩვენი თამჯდომარეობის თემა იქნება ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“.  ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. დღეს ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, ვაწარმოოთ იმდენი, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა ადამიანის ძირითადი მოთხოვნები მსოფლიოში. დღეს ჩვენ არ გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის; ჩვენი ერა არ უნდა იყოს ომების ეპოქა!

ყველა მთავარ გამოწვევას, რომლებსაც ამჟამად ვაწყდებით _ კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი, პანდემია _ შეიძლება ვუპასუხოთ არა ერთმანეთთან ბრძოლით, არამედ განსაკუთრებული მშვიდობიანი საშუალებებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას კაცობრიობის მასშტაბით. ვირტუალური სამყაროები, რომლებშიც დღეს ვცხოვრობთ, აჩვენებს ციფრული ტექნოლოგიების უზარმაზარ პოტენციალს. ინდოეთი, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის მეექვსედს და აქვს ენების, რელიგიების, ტრადიციების უზარმაზარი მრავალფეროვნება, სამყაროს მიკროკოსმოსია. ინდოეთს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების მსოფლიოში უძველესი ტრადიციით თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის დნმის ფუძემდებლურ უჯრედებში. ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის აკვანი, ეროვნული კონსენსუსი ყალიბდება არა დიქტატით, არამედ მილიონობით თავისუფალი ხმის ერთ ჰარმონიულ მელოდიაში აჟღერებით. დღეს ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. მოქალაქეზე ორიენტირებული ჩვენი მმართველობის მოდელი ზრუნავს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებზეც; ამასთანავე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს  ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი გენიის განსავითარებლად. ჩვენ ვცდილობთ, ეროვნული განვითარება ვაქციოთ არა ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბების, არამედ „სახალხო მოძრაობის“ პროდუქტად, რომელსაც თვითონ მოქალაქეები უხელმძღვანელებენ. ჩვენ ტექნოლოგიებს ვიყენებთ ციფრული საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად, რომლებიც უნდა იყოს ღია, ინკლუზიური და ურთიერთშემცვლელი. ამან უკვე გამოიწვია რევოლუციური პროგრესი სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა სოციალური დაცვა, ფინანსური ინკლუზიურობა და ელექტრონული გადახდები. ამ მიზეზთა გამო, ინდოეთის გამოცდილებას შეუძლია, შეგვიქმნას წარმოდგენა შესაძლო გლობალურ გადაწყვეტილებებზე. G20-ის თავმჯდომარეობისას ჩვენ წარმოვადგენთ ინდოეთის გამოცდილებას, ცოდნასა და მოდელებს, როგორც შესაძლო მოდელებს სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების გამოსაყენებლად. G20-ის ხელმძღვანელობისას ჩვენი პრიორიტეტები ჩამოყალიბდება კონსულტაციების შედეგად არა მხოლოდ  G20-ის პარტნიორებთან, არამედ ჩვენს “თანამგზავრებთან” გლობალური სამხრეთიდან, რომელთა ხმა, ჩვეულებრივ, არ გვესმის ხოლმე. ჩვენი პრიორიტეტები კონცენტრირებული იქნება ჩვენი “ერთი დედამიწის” განკურნებაზე, ჰარმონიის შექმნაზე ჩვენს “ერთ ოჯახში” და ჩვენი “ერთი მომავლისთვის” იმედის მიცემაზე. ჩვენი პლანეტის განსაკურნავად ხელს შევუწყობთ მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომელიც დაფუძნებულია ბუნებაზე „ზრუნვის“ ინდურ ტრადიციებზე. ჩვენს ზოგადსაკაცობრიო ოჯახში ჰარმონიის ხელშესაწყობად შევეცდებით საკვების, სასუქებისა და სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების გლობალური მიწოდების დეპოლიტიზაციას, რათა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ არ გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი. ისევე, როგორც ჩვენს ოჯახებში, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, უწინარესად უნდა მივაპყროთ ყურადღება. მომავალი თაობების სიცოცხლისთვის ჩვენ წავახალისებთ გულწრფელ საუბარს ყველაზე ძლიერ ქვეყნებს შორის, რათა შევამციროთ მასობრივი განადგურების იარაღით გამოწვეული რისკები და გავაძლიეროთ გლობალური უსაფრთხოება.

G20-ში ინდოეთის დღის წესრიგი იქნება ინკლუზიური, ამბიციური, გაბედული და მოქმედებებზე ორიენტირებული.  მოდი, გავერთიანდეთ და ინდოეთის თავმჯდომარეობა  G20-ისა ვაქციოთ განკურნების, ჰარმონიისა და იმედის თავმჯდომარეობად.

ერთად ვიმუშაოთ ახალი პარადიგმის, ადამიანზე ორიენტირებული გლობალიზაციის შესაქმნელად. 

ლუკა მაისურაძე  

https://www.kommersant.ru/doc/5694436

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here