Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: დროშის დაწვა, თუ ის შენი ქვეყნის არ არის, არც ერთ...

ნანა კაკაბაძე: დროშის დაწვა, თუ ის შენი ქვეყნის არ არის, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება

“უვიცობაა ადამიანის დაპატიმრება კავშირის დროშის დაწვისა და იმის დაბრალებისთვის, რომ მან რომელიღაც ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა... ლაშა შარუხიამ დროშის დაწვით გვითხრა, რომ მისთვის ევროკავშირი მიუღებელია და ეს ნორმალურია”

280
ნანა კაკაბაძე

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს მოქალაქე ლაშა შარუხია, რომელმაც 16 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა. შარუხიას თავისი აზრის გამოხატვა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაუთვალეს. მომხდარმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია _ სოციალურ ქსელში შარუხიას მხარდასაჭერად და ხელისუფლების ქმედების გასაპროტესტებლად უამრავმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში ევროკავშირის დროშა დაწვა… როგორც ჩანს, ქვეყანაში ევროკავშირის წევრობის მომხრე არც იმდენი ადამიანი ყოფილა, როგორც ამას სოციოლოგიური კვლევებით გვარწმუნებენ…

უნდა დაეპატიმრებინათ თუ არა ლაშა შარუხია, მიუხედავად იმისა, რომ მან ევროკავშირის დროშა სახელმწიფო შენობიდან ჩამოხსნა და დაწვა?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ლაშა შარუხიამ ევროკავშირის დროშა მცხეთის მერიის შენობიდან ჩამოხსნა და დაწვა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მომხდარის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელს, სულიკო კედელაშვილს, ვესაუბრე, რომელიც გმობდა შარუხიას ქმედებას; წერდა, “მარტის მოვლენების” ტოლფასი დანაშაულიაო. ავუხსენი, რომ დროშის დაწვა, თუ ის შენი ქვეყნის არ არის, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში დანაშაულად, თანაც, სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ითვლება, ეს გამოხატვის თავისუფლებაა. ევროკავშირის დროშა არ არის რომელიმე ქვეყნის დროშა, ის კავშირის დროშაა. ასეთივე დროშა იყო საბჭოთა კავშირის დროშაც, რომელსაც ჩვენ, დისიდენტები, ვწვავდით და ამის გამო კომუნისტები არ გვსჯიდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ ვინმეს დასჯა. რომელიმე კავშირის დროშის დაწვა არ გამოხატავს მასში შემავალი ქვეყნების უპატივცემულობას. საბჭოთა დროშას რომ ვწვავდით, იმ კავშირის შემადგენლობაში საქართველოც შედიოდა, ჩვენ საქართველოს კი არ შეურაცხვყოფდით, არამედ “კავშირის” არსებობას ვაპროტესტებდით. უვიცობაა ადამიანის დაპატიმრება კავშირის დროშის დაწვისა და იმის დაბრალებისთვის, რომ მან რომელიღაც ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა. ეს პიარია იმისა, რომ რაღაც შექმნან…

ლაშა შარუხიამ დროშის დაწვით გვითხრა, რომ მისთვის ევროკავშირი მიუღებელია და ეს ნორმალურია.

საქართველოს კანონმდებლობით, შარუხიას ქმედება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, რადგან მან დროშა სახელმწიფო შენობიდან ჩამოხსნა, მაგრამ მას წაუყენეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლიც, გადაუკვალიფიცირეს დანაშაული _ ქსოვილის ნაგლეჯი გამოაცხადეს ქონებად. მცხეთაში ქსოვილის ნაგლეჯში რამდენი ფულია გადახდილი, ქონების გაფლანგვა რომ უწოდეს, აი, ესაა გასარკვევი. რისთვის იხარჯება ფული მცხეთის მერიაში, რა თანხადDაფორმებენ ქსოვილის სამმეტრიან ნაჭრებს _ ეს გაარკვიონ და ამას მიხედონ, ჯობია.

შარუხიას აპატიმრებენ შეთითხნილი ბრალდებით, მაშინ, როდესაც პარლამენტში სხედან მოლოტოვის კოქტეილებით ხანძრის გამჩენები, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლები, სამოქალაქო პირებისთვის კერძო მანქანების გამანადგურებლები, ქაშუეთის ეკლესიის კედლების დამმახინჯებლები, საპატრიარქოს შეურაცხმყოფელები. ეს ადამიანები არავის დაუსჯია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის.

_ საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს სჩვევიათ, რომ ევროსტრუქტურებიდან წამოსული დავალებები “გადაჭარბებით” შეასრულონ _ ერთ დავალებას თუ აძლევენ, ესენი სამს ზედმეტად ასრულებენ…

_ ეს ძალიან ცუდი სიგნალია. დასავლეთიდან წამოსული დირექტივის შეუსრულებლობის ეშინიათ… ხალხის წიაღიდან წამოსულ პროტესტს კი ვერ ხედავენ, ევროპელების დასანახავად სჯიან ადამიანებს, თანაც ისეთი სიმკაცრით, როგორსაც ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ერთი შეხედვით, თითქოს გავთავისუფლდით ევროპელების წნეხისგან და ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედისგან განსხვავებით, აღარ ემორჩილება ქვეყნის გარედან წამოსულ მითითებებს, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს… საქმითა და ქმედებით ყველაფერი სხვაგვარად ჩანს…

_ საქმე ისე მიდის, შეიძლება საქართველოში პარტიების აკრძალვაც დაიწყონ. მსგავსი პრეცედენტი უცხოეთში უკვე არის. მაგალითად, ძალიან იზღუდება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პარტიისა და მომხრეების მოღვაწეობა… ისე, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხალხი “ქართულ ოცნებაზე” ამბობდა: არ გაუჭირდეთ, თორემ სააკაშვილზე უარესებს ჩაიდენენო…

_ ძალიან ცუდი ტენდენციაა. ლაშა შარუხია არ არის “ალტ-ინფოს” წევრი, ის, უბრალოდ, მათი თანამოაზრეა ევროკავშირის საკითხში, მაგრამ რატომღაც ამ გუნდს დაუკავშირეს მისი აზრის გამოხატვა…

რაც შეეხება იმას, “ნაცებზე” უარესს იზამს “ოცნებაო”, არ მგონია, მაგრამ, რაც გააკეთეს, ძალიან ცუდი მესიჯია საზოგადოებისთვის. ეს ქმედება ცუდად აისახება არჩევნებზე, ამიტომ სჯობს, დროულად გამოასწორონ დანაშაული და გაათავისუფლონ შარუხია _ ადმინისტრაციული სასჯელი განუსაზღვრონ და გამოუშვან. აქვე აგვიხსნან, რატომ არ სხედან ციხეში ის ადამიანები, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ შარუხიას დასჯა სერიოზული შეცდომა იყო. ხელისუფლების მომხრეებიც კი უარყოფითად უყურებენ ამ ფაქტს.

_ ევროკავშირში გასაწევრებლად საქართველომ კიდევ ბევრი რამ უნდა შეასრულოს. საინტერესოა, რა სიურპრიზები გველოდება…

_ მაგ პერიოდისთვის, როდესაც საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, თვითონ ეს გაერთიანება სად იქნება, კაცმა არ იცის. ამერიკაში არჩევნების დასრულდების შემდეგ ევროპა გათავისუფლდება ამერიკის წნეხისგან და ევროპის ქვეყნები ნეიტრალურები იქნებიან თუ რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან, ჯერ არავინ იცის. ამერიკის წნეხის ქვეშ რომ აღარ იქნებიან, ეს გამოკვეთილია.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, უნდა ხვდებოდნენ, რომ ევროპის წნეხის ქვეშ აღარ და ვეღარ იქნებიან. გარდა ამისა, ევროპა და მათი დათქმები ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისთვის მიუღებელია, თვით დასავლეთშიც კი მიუღებელი ხდება ეს ყველაფერი და ლიბერალების იდეები მეორე, მესამე ფლანგზე გადადის. უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ მსოფლიოში რა მოცემულობა იქნება, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ევროპის ნაცვლად რუსეთისკენ მოუწიოთ ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონონ, ფეხი აუწყონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here